Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 11

თუთიყუში , თუთიყუშისნაირები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 738/თარიღი: 2013-04-11

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: თუთიყუშისნაირნი
თუთიყუშისნაირნი (Psittaciformes), ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 მ-მდე მერყეობს, წონა 10 გ-იდან 1 კგ-ზე მეტი, შეფერილობა მკვეთრია, ჭარბობს ღია მწვანე ფერი. აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები, მე-4 თითი უკანაა მიბრუნებული და ძლიერ მოქნილია. ფრთები გრძელი და წვეტიანია. რიგში 315 სახეობაა.

თუთიყუშისნაირებს ყოფენ 2 ოჯახად:
ლორები ანუ ფუნჯიანები (Loridae), რომელთა ენის წვერი შეიცავს მრავალრიცხოვან ძაფისებრ დვრილს. ოჯახში 60 სახეობაა.
გლუვენიანები ანუ ნამდვილი თუთიყუშები (Psittacidae) აერთიანებს 255 სახეობას.

თუთიყუშისნაირნი გავრცელებული არიან მეტწილად ტროპიკულ სარტყელში, თუმცა ამერიკაში აღწევენ ჩრდილო განედის 42°-სა და სამხრეთ განედის 54°-ს. თუთიყუშისნაირთა უმეტესობა მეხეურია. ერთეულები (ნესტორი, ციანორამფუსი და სხვა) ცხოვრობენ ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ზოგიერთ თუთიყუშისნაირს (ახალზელანდიური კაკაპო ანუ ბუსებრი თუთიყუში) დაკარგული აქვს ფრენის უნარი. თუთიყუშისნაირნი მონოგამური ფრინველებია. ბუდეს იკეთებენ ხის ფუღუროებში, ქვებს შორის ნაპრალებში და სხვა.

დედალი დებს 2-3 ან 5-8 თეთრ კვერცხს. კრუხობს მეტწილად დედალი. ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე. ბარტყი იჩეკება შიშველი და თვალაუხილავი. თუთიყუშისნაირნი იკვებებიან მცენარეული (ნაყოფი, თესლი, ნექტარი), იშვიათად ცხოველური (მწერები) საკვებით. ახალ ზელანდიაში ნესტორი ხანდახან თავს ესხმის ცხვრებს. ზოგი თუთიყუშისნაირნი (არა, ჟაკო) მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეურნეობას.თუთიყუშისნაირნი ავადდებიან ფსიტაკოზით (ორნითოზით), რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს. ლამაზი კაშკაშა შეფერილობისა და ხმის მიბაძვის უნარის გამო თუთიყუშისნაირნი ხშირად ჰყავთ გალიებში.


დინოზავრები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1229/თარიღი: 2013-04-11

დინოზავრები (Dinosauria) — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში (ქუთაისის მახლობლად).
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: Sauropsida
ქვეკლასი: Diapsida
ინფრაკლასი: Archosauromorpha
ზერიგი: დინოზავრები


კუ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 788/თარიღი: 2013-04-11

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: კუები
კუები (Testudines) — ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი. ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), არგეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კუების ზღვის ფორმები (სიგრძე 2 მ, მასა 400 კგ აღწევს). თანამედროვე კუებს ყოფენ 4 ქვერიგად და 250-მდე სახეობად. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 7 სახეობა: შორეულაღმოსავლური კუები (Trionyx sinensis), კასპიური კუები (Clemmys caspica), ჭაობის კუები (Emys orbicularis), ხმელთაშუაზღვის კუები (Testudo graeca), შუააზიური კუები (Testudo harsfieldi). ამათგან საქართველოში 3: ხმელთაშუა ზღვის კუები — გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუები — გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში, კასპიური კუები - ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად).

კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). ყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კუების ნარილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის ფორმის შებრტყელებული კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა ნახევრად წყლის ცხოვრების ნირს ეწევა. ხმელეთის კუები იკვებება ძირითადად მცენარეულობით, წყლის ფორმები — ცხოველებით (უხერხემლოები, თევზები). ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 კვერცხს. კუები დიდხანს ცოცხლობს, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.


ზებრა ზებრები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 920/თარიღი: 2013-04-11

ზებრები, ცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე მინდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga). ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ დასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.
სამეფო: ცხოველები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: კენტჩლიქოსნები
ოჯახი: ცხენისებრნი


მგელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1047/თარიღი: 2013-04-11

მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.[1]
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: ძაღლისებრნი
გვარი: ძაღლი
სახეობა: რუხი მგელი


მურა დათვი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 836/თარიღი: 2013-04-11

მურა დათვი (Ursus arctos), მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის" სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს.


დაუნის სინდრომი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3627/თარიღი: 2013-04-11

დაუნის სინდრომი — ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი.


9 აპრილის ტრაგედია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 850/თარიღი: 2013-04-11

9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.


მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი შენობა სინგაპურში შენდება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 864/თარიღი: 2013-04-11

სინგაპურის უბან კალანში, უზარმაზარი სპორტული კომპლექსი ჯერ კიდევ შარშან უნდა აშენებულიყო, მაგრამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, მშენებლობის დასრულება კი არა, დაწყება შარშან ძლივს მოხერხდა. კომპლექსი 35 ჰექტარ ფართობს დაიკავებს და ის მწყობრში 2014 წელს ჩადგება.

ეს კომპლექსი იმითაა გამორჩეული, რომ მის მთავარ ნაგებობას – ეროვნულ სტადიონს, მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი სტრუქტურა ექნება.

სინგაპურის ეროვნული სტადიონის პროექტი, მულტინაციონალურმა კომპანია "არუპმა” შეიმუშავა, რომელსაც მთავარი ოფისი ლონდონში აქვს. მისი ტრიბუნები 55 000 მაყურებელს დაიტევს. ნაგებობის გუმბათოვანი სახურავი ნაწილობრივ გასაშლელია, გუმბათის გრძივი გარსშემოწერილობა 310 მეტრს აღწევს, მთლიანი ფართობი კი 20 000 კვადრატული მეტრია


Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.