Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ბუნება და ადამიანი
10:21 PM
ბუნება და ადამიანი
დღეს ჩვენ მომხმარებლურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მთავარი სწორება ფულზე გვაქვს. იმით ვაფასებთ ყველაფერს, რა ღირს ესა თუ ის და გავწვდებით თუ არა მის ყიდვას. ძალიან ცოტა თუ უფიქრდება რეალურად რა ღირს ეს ნივთი და იმისთვის ვიხდით თუ არა, რისთვისაც უნდა გადავიხადოთ.
ჩვენ გავჩნდით ამ სამყაროში, დედამიწაზე, და თან არაფერი მოგვიტანია, ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა და ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მისი მოხმარება.
ცნობილია, რომ ძველი ცივილიზაციები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებას კი მოჰყვა ბუნების, როგორც მოხმარების საგნის აღქმა და მისი მოთხოვნილებების უგულებელყოფა. მთავარი აქცენტი ადამიანის მოთხოვნილებებზე გაკეთდა, რადაც არ უნდა დამჯდარიყო მათი დაკმაყოფილება. წარმოიდგინეთ სასწორი, მის ერთ მხარეს ბუნებაა, მეორე მხარეს ადამიანი. ადრე ორივე მხარე გაწონასწორებული იყო, შემდეგ ადამიანმა გადაწონა.
თუ საკმარისი ფული გვაქვს, შეგვიძლია იმდენი მოვიხმაროთ, რომ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აღარაფერი დარჩეს. და ეს არა მხოლოდ მოხმარებად რესურსებს ეხება. ბუნებას აქვს თვითგანახლების უნარი, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუ ჩვენ იმაზე უფრო სწრაფად მოვიხმარეთ, ვიდრე ბუნება მის აღდგენას შეძლებს, ჩვენ განახლებადი რესურსების გარეშეც ისევე დავრჩებით. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ წყალი, ტყეები, ჰაერი…
ყველაფერი რასაც მოვიხმართ, არა რომელიმე მწარმოებლისგან, არამედ ბუნებისგან მოდის. ადამიანის მიერ დახარჯული შრომა მხოლოდ ნაწილია საგნის ღირებულებისა. გადახდილი ფული კი მხოლოდ ადამიანს უნაზღაურებს შრომას და არა ბუნებას. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა გადავიხადოთ, ამით ბუნებას არაფერი შეემატება.
ერთადერთი გამოსავალია, მოვიხმაროთ გონივრულად – მხოლოდ ის, რაც გვჭირდება და არ დავაზარალოთ ჩვენი მოხმარებით ბუნება, ის, ვისგანაც ყველაფერს ვიღებთ და ძალიან ცოტას ვუბრუნებთ.
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც რაიმეს ყიდვას დავაპირებთ, არ შევხედოთ ნივთის ფასს, არამედ იმ ღირებულებას, რაც ბუნებამ გაიღო მის შესაქმნელად. თუ რაიმე იაფია და უხარისხო, იქნებ არ ღირს მისი ყიდვა, რადგან მალევე გაფუჭდება და ახლის ყიდვა გახდება საჭირო. იქნებ ჯობია, უფრო ძვირის, თუმცა ხარისხიანის ყიდვა, რადგან ის უფრო დიდხანს გაძლებს, ბუნება კი ნაკლებად დაზარალდება.
რაც გვაქვს, იმას კი უნდა მოვუფრთხილდეთ. იმიტომ, რომ ამით ბუნებას ვუფრთხილდებით. ადამიანიც ბუნების ნაწილია და ბუნების განადგურებით ჩვენ საკუთარ თავს ვანადგურებთ.
და უნდა მოვუფრთხილდეთ არა მარტო ნივთებს, არამედ ყველაფერს, რაც გვაქვს, რადგან მხოლოდ შეძენა არაა საკმარისი, იმისთვის რომ ის გვქონდეს. და თუ დავკარგეთ, შეიძლება აღარ მოგვეცეს იმის საშუალება, რომ ის აღვადგინოთ.
კატეგორია: ბუნება | ნანახია: 844 | დაამატა: balu | ტეგები: ბუნება და ადამიანი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.