Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივლისი » 3 » რაა მამული?
12:29 PM
რაა მამული?
სამშობლოს შეგრძნება ტერფებით იწყება და ტანით სრულიქმნება.
შიშველი ტერფებით ფეხიდან ამოკრეფილი სილბო შადრევნის წნევით ამოიფრქვევა სხეულში.დედამიწაზე არ დგას ოკეანე,რომლის სიღრმე სამშობლოს ცვარის სიღრმეს უტოლდებოდეს.ოკეანის სიღრმეს რაღაც მანქანებით დააღწევ კაცი თავს.ამ ცვარს კი ვერაფერს მოუხერხებ.მისგან ამოსვლას კი არც უნდა ეცადო.მართლა ფეხისგულებს ქვეშ კი არ იმცვრევა,არამედ ყველა მდგომარეობაში თავზე გადაგვდის.
სულ მცირე ოთხი ათასი წლის მანძილზე ასე სჭვრეტდა ქართველი კაცი თავის მამულს.მამულის სხეული ჯაჭვური რეაქციაა.სიმშვიდეში ერთიანდება ხორცი და ძვალი,სისხლი და ცრემლი.მასში იმდენი სითბო და ალერსია ჩაფენილი,კაცი რომ ვერ აუთავდები.ეკლიან ბუჩქებზე შარვალი უნდა გადაიხიო,წვეტიან ქვაზე ცერა თითი გადაიგლიჯო,სისხლმა უნდა იგრძნოს ეს ყველაფერი.
ადამიანი ტყეში არ შედის.ის უბრალოდ შეერევა ხეებს.შეერევა და მისიანი ხდება.არსებობს ქართული მუხა! ტყე სულ ქართული ხეებით არის მოფენილი.რამდენი ჯიშის ხეა ქართულ ტყეებში,იმდენი ზრაპარი გვაქვს ქართველებს.უღრან ტყეს ჰყავს ქართველი კაცის ხასიათი.რას ჰგავს ქართული ხე,რატომ ჭარბობს კორძიანი,ხორკლიანი,დიდ სიღრმეზე გადგმული ფესვები.თითქოს მიწიდან კი არ ამოზრდილა,მიწას ჩაფრენია არწივის კლანჭებით ვეებერთელა ფრინველი - მუხა,რომელსაც შეუძლია ოკეანესავით იგრიალოს ქარში.სრულიად განმარტოებით მდგომს მთელი ტყის სიმფონია შეუძლია მოგასმენინოს.დაღლილი ზურგით მიყრდნობიხარ ან გაუცნობიერებლად ხელისგულებით მიფერებიხარ მის დახეთქილ ჯავშანს,ხოლო თუ სულითხორცამდე შეყვარებულს სხვებისაგან შეუმჩნევლად მის თბილ ხაოში ჩაგირგავს სახე,ყველაფერი დამთავრებულია.ეს იგივეა ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა რომ გაიარო.(ავტორი გენია.ჯი)
ვენახს ჩვენ ცას ვუხსნით,მაგრამ თვითონ ვენახი ჩვენი ცის გახსნაა.სანამ ჭიგოს შეუყენებდე,დახუნძლულ ვენახს უნებურად მუხლს შეაშველებ,ძველი კანი ცვივა ასეთ დროს, - ჩვენ ერთად გადაგვიტყავდა მუხლები შრომაში! ვენახზე დიდი ტვირთი არავის უზიდია,მაგრამ როდესაც ჯაფით გახეშეშებული კანი ცვივა,მისი თვალისმომჭრელი ვარდისფერით ახალისებს ჩვენს ყოფას.
ვაზისა და ქართველი კაცის ცრემლი - ამაზე უფრო დიდი მსგავსება ბუნებაში არ შეგვხვდება.
ასფალტი კოსმოპოლიტია,სადაც დააგებ,ადვილდება გავლა.თუ ტყესაც გავკაფავთ,იქაც ადვილი იქნება გავლა.მხოლოდ ეგ არის,როცა ტყეს კაფავ - საკუთარ სულს კაფავ და უდაბნოში გადიხარ.განსხვავებას ფეხისგულები გრძნობენ.აკაკი წერეთელმა მუდარაში ჩააქსოვა: "დედაშვილობამ,მეტს არ გთხოვ,შენს მიწას მიმაბარეო".სინამდვილეში ამით დიდმა მგოსანმა ყველაზე დიდი და ძვირფასი რამ სთხოვა სამშობლოს.საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი ქართველი - ექვთიმე თაყაიშვილი ჭკუას ჰკარგავდა ამ სტრიქონების გახსენებისას საფრანგეთში.

ღვთაებრივი ღვინით სავსე ქვევრი შეგიძლია ანდო აყალო მიწას,ისე ჩაიხუტებს,ნამს არ მიაკარებს.განა შესაძლებელია ამაზე დიდი ნდობა და ამაზე დიდი ერგულება? თუკი სიყვარულსა და მეგობრობაში აყალო გაერია,იმ სიყვარულსა და მეგობრობას დაშლა არ უწერია.ვიაროთ,ვიაროთ შიშველი ფეხისგულებით აყალო მიწაზე,ამით თვალნათლივ დავინახავთ თიხიდან როგორ ამოყავხარ ვიღაცას - ლეგენდების ჩხრეკა რად უნდა ჭეშმარიტების დადგენას,ეს ხომ ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება.
მინდიას სმენა არ არის საჭირო საიმისოდ,რომ გაიგონო ქართული მიწის სიმღერა.
ჩვენს სამშობლოში ყველაფერი ქართულია - ცაც ქართულია და ჩემი აზრით უპირველეს ყოვლისა ცა არის ქართული.ჩვენი ოცნება ხომ ცის შვილია,ისეთივე ალალი და ისეთივე სუფთა.რა დარდიანია ქართული ცა! დარდში იძირება ხოლმე ჩვენი მზერა,როგორც უსასრულობაში.გაუმხელელი ქალის სიყვარულის სიწმინდეა ქართული ცა და სწორედ ამიტომ არის იგი ასე აუმღვრეველი.
ქართული ცის სიღრმეს მხოლოდ ქართული მიწის სიღრმე უტოლდება.ალბათ სწორედ ამიტომაცაა რომ მათ შორის ბალანსი არასოდეს ირღვევა ქართველი კაცის სისხლსა და ხორცში.
ადამიანის გულს სრულქმნილი გონების შუქზე რომ გახედო,აუცილებლად მამულს დაინახავ.(ავტორი გენია.ჯი)
გულისა და მამულის განუყოფლობა ამომწურავად ნოსტალგიაში წაიკითხება.სამშობლოდან გულის გამოყოფა არ ხერხდება,იგი ერთი მთლიანობა და ერთი მასაა! მათ შორის ვერანაირ ფუფუნებას ვერ ჩააფენ,ვერც დროს გადაჭიმავ,ულმობელ ბედისწერას შეუძლია მხოლოდ ააგლიჯოს გული იმ მთლიან მასას,რის შემდეგაც გული იწყებს ჭკნობას.როცა გულიდან გასცქერი,მამული სულ მთლად გრძნობაა.
სამშობლოს ცა,მთა და ბარი მარადიულად ერთ ადგილას დგას.
მამულის სიყვარული ყველაზე თავმდაბალია: მხოლოდ ეს არის,მისი სიყვარული განუმეორებელია.
ქართული სიყვარული მხოლოდ ქართული სიყვარულია,დედამიწის ზურგზე არ მეგულება უფრო მშვენიერი არსება,ვიდრე ქართველი ქალია.

და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით,ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად,ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამ-ქალწულები აქ,ამ წარმტაც ქვეყანაში.

გალაკტიონის ამ უკვდავი ლექსის მოსმენა დღემდე ჟრუანტელს ჰგვრის ქართველ კაცს.ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით,ქართველი ქალის განრისხებული მშვენიერება ბევრად გადაფარავს ალერსად დაღვრილ უცხო ქალების მდინარეს.საქართველო ქართველი ქალივით ლამაზია!
გული გრძნობს,რომ სამშობლო ტკივილში გახსნილი სიყვარულია.მამული მარტო რეალობა და რეალური საგნების ჯამი არ არის.მამული ოცნებაა - დედამიწის ატმოსფეროსავით სრულქმნილი და მარადგაუფანტელი.
ისტორიის დღეებს ალესილი ნაჯახითაც ვერ აათლი ერთიმეორეს.უკვე ერთმანეთში გადაზელინან,ქართული წარსული,აწმყო და მომავალი.საქართველოს რომ გაიხსენებ,იმ წუთასვე თვალწინ წარმოგიდგება ის ღირსეული ქართველები,რომელთაც "გააბრწყინეს" არა მარტო თავიანთი სახელი,არამედ სამშობლო - შოთა რუსთაველი,დავით აღმაშენებელი,თამარ მეფე,გურამიშვილი,ბარათაშვილი,ილია,აკაკი,ვაჟა და ჩვენდა საბედნიეროდ სხვა მრავალი მამულიშვილი.
"შენ ხარ ვენახი" ვიგალობეთ! თუმცა მანამდეც გალობდა ქართველი კაცი.
სამშობლო - ჰიმნია! "შენ ხარ ვენახი" შეუდარებელია! ამ ჰიმნს ვერ დაანაწევრებ.საქართველო გიგანტური ციური სხეულივით ირწევა ზესკნელსა და ქვესკნელს შორის,მისი დალოცვილი ყელიდან კი მარადიულად იფრქვევა ქართული ჰიმნი. (ავტორი გენია.ჯი)
ვიაროთ ფეხშიშველებმა,შიშველი ფეხისგულებით ქართულ მიწაზე,ამ მიწაზე ხომ მრავალ ქართულ თაობას გაუვლია და გაიარს აწიც.ვუყუროთ იმ ქართულ ცას,რომლის დარსაც ვერსად უცხო მხარეში ვერ ვიხილავთ და რომელსაც დიდებული ლექსი მიუძღვნა ბრწყინვალე ქართველმა პოეტმა ქალმა - ანა კალანდაძემ:

"შენ ისე ღრმა ხარ,ისე ღრმა ხარ,
ქართულო ცაო!"

გვიყვარდეს ერთმანეთი ქართული სიყვარულით,ალალ-მართალი და სუფთა გრძნობით.გვიყვარდეს თავისი კდედამოსილებით სავსე ქართველი ქალი.გვიყვარდეს და პატივი ვცეთ უფროს თაობას,რომელთაც ჩვენზე ბევრად მეტად შეუგრძვნიათ თავისი სამშობლოსა და ერის სიყვარული.გვიყვარდეს მომავალი ქართული თაობები,მათ ხომ საქართველო ხელში ატაცებული ბავშვივით უნდა გადასცენ,მათ შემდგომ თაობებს,ისევე,როგორც ჩვენ გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა.გვიყვარდეს სარწმუნოება ჩვენი.გვიყვარდეს ჩვენი წარსული,აწმყო და მომავალი.თვალი გავუსწოროთ ყოველივე ქართულს და გავიხსენოთ,რომ ვერც ჩვენ გავძლებთ უმამულოდ და ვერც ჩვენი მამული გაძლებს უჩვენოდ!
გვახსოვდეს მუდამ რომ:
"სამშობლო" - გარდასულ საფლავებზე მოგიზგიზე მარადიული ცეცხლია!

წყარო : გენია.გი
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 1156 | დაამატა: balu | ტეგები: saqartvelos, რაა მამული?, ra mamuli, mamuli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.