Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » იგავები

ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1391/თარიღი: 2013-05-01

" - როგორ თუ რამ დასცაო ჩვენი მამული,შემომკივლებს ვინმე ცრუპატრიოტი,იმან დასცა,რომ პატარა ხალხი ვიყავით, და დიდრონები შემოგვესიაო.ვერ გაუძელით, და ის იყოო ჩვენი დაცემის მიზეზი! მოითმინეთ,ბატონო,პატარა,ძლიერ პატარა ხალხი იყო საქართველოს ხალხი,სპარსელებთან შედარებით,მაგრამ ხომ ვერ დასცა ჩვენი მამული დიდმა სპარსეთმა? დიდრონი ხალხი გახლდნენ ის ხალხნი,რომელნიც ჩვენს ქვეყანას მურვან-ყრუმ,ჩინგის-ყაენმა ან თ...


ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1104/თარიღი: 2013-04-30

1. - თვენ ვინ ხართ?
- მე,უბრალო ადამიანი ვარ.
- ესეიგი გამოდის,რომ არავინ ყოფილხართ.
"თვითმკვლელები"
2. როგორ გინდა ადამიანს წაართვა ზეცა? ის ხომ ყველასათვის საერთოა?!
"თვითმკვლელები"
3. ომები ...


ფრანგი ბრძენის გამონათქვამი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1051/თარიღი: 2013-04-27

"მე,საფრანგეთის მეფე ლუდოვიკოს ბევრად აღვემატები,რადგან ყველა ჩემი წინაპარი,მისგან განსხვავებით გლეხი იყო".


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XVIII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1446/თარიღი: 2013-04-21

მეფის ანდერძი

იყო მეფე ერთი და, რა მოიწია დღე სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძესა თვისსა და უთხრა: სხვას ანდერძს არას გეტყვი, ოღონც ეს ათავო: ქოსა კაცი შენს საბრძანებელში ნუ გინდაო!
მოკვდა მეფე, და გამეფდა ძე მისი. ასრე სძულდა ქოსა კაცი, მის სახსენებელს ვერავინ ახსენებდა.
დღესა ერთსა ერთმან ქოსამან ყვავილი მოუძღვნა. იწყინა, მიუშვა ხელარგნოსანი კაცი, ეგოდენი ჰკრეს, შებნდა. შეეცოდა მეფესა და თქვა: ნუ მოკლავთ, ბრალია, ერთს სახლში შეიყვანეთ, ეგება არ მოკვდეს და გააძეთო!
მზარეულთ-უხუცესმა წაიყვანა. ქოსა ეშმაკობით იქმოდა და მორჩა. ასეთი საჭმლის კეთება დაიწყო, მეფე მის მეტს აღარას სჭამდა.
შეუყვარდა მზარეულთ-უხუცესს და აპატივა. დაიწყო ამხანაგებში ჭადრაკის მღერა და ასეთი არავინ გამოჩნდა, მისთვის ეჯობნა.
ესმა ვაზირსა, დია უყვარდა ჭადრაკის მღერა და კარგადაც იცოდა. მიიყვანა ვაზირმან, მღერა დაუწყო, მასცა აჯობა.
მის ქოსის ქებამ მეფემდის მიაწია. მიაყვანინა მეფემან, ვაზირსა და მას ჭადრაკი ამღერა. აჯობა ვაზირსა და დიდად შეუვიდა მეფესა.
გამოხდა ხანი. მას ვაზირსა ვაზირობა წაართვა და ქოსას მისცა. ასეთი ყმა შეიქმნა ქოსა, მის გარდავლილს არას იქმოდის მეფე.
მოუხდა მტერი. ვეღარ გაუმაგრდა. რაც ეზიდებოდა ორს ცხენს, თვალ-მარგალიტი აჰკიდა, ერთზე თვით შეჯდა, ერთზე ქოსა ვაზირი შესვა და გარდაიხვეწნენ.
მივიდნენ სხვას სამეფოსა. ვაზირმან ურჩივა: შენ ყმა კაცი ხარ და მე ხანდაზმული ვარ. აქ რომ შენ პატრონობა სთქვა და მე ყმობა, არამც სირცხვილი იყოსო და პატივი არ დაგვდვანო. თუ დამიჯერებ, შენ ჩემი ყმობა თქვი და მე შენს პატრონობას ვიტყვიო.
მეფემ უთხრა: ეგეც აგრე იყოს: რასაც კაცს მამის ანდერძი არ დაუსწავლია, უარესიმც დაემართებაო!
- ვიცი, შენც მას ქოსასავით ხომ ქოსა ხარ და კარგსიტყვა და ენიანი; ასეთსაც იტყვი, კაცი დააჯერო. მას ქოსასავითაც გინდა ჰქმნა, თუ დრო დაიეც.
თქვა რუქამ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XVII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1303/თარიღი: 2013-04-21

ანჩხლი ცოლის პატრონი
ერთი კაცი იყო საბრალო და მართალი. ერთი ანჩხლი ცოლი ჰყვა. ეს კაცი, რა პურს აიღებდის ჭამად, მდინარის პირს დაჯდის, ზოგი თვით სჭამის და ზოგი მდინარეში ჩაყარის.
გამოხდა ხანი. მდინარიდამ ერთი კაცი გამოვიდა და უთხრა: ესოდენი ხანია, რომ შენი საზრდოთი მზრდი. აწ პირში ენას გამოგავლებ და ყოვლის სულიერის ენას ისწავლიო. ამას შემოგზღავ და თუცა ეტყვი ვისმე, მაშინვე მოკვდები უცილოდო.
გამოავლო ენა და ისევ მდინარეში ჩავიდა და წავიდა.
მოვიდა კაცი იგი, სოფლის პირს დაწვა. საბძელზე ყვავი შემოჯდა. მისი ბახალა თან მოჰყვა.
ბახალამ დედას უთხრა: კაცი იგი მკვდარია და წავალ თვალებს ამოვჭამო.
დედამ უთხრა: ნუ შვილო, ადამის ტომი ხრიკიანია, არ შეგიპყრასო!
ბახალამ უთხრა: მივალ, ფეხზე ნისკარტს დავჰკრავ, თუ გაიძრა, გავფრინდები, თუ არა და გულზე დავკრავ, თუ კიდევ არ გაიღვიძა, მკვდარი იქმნება და თვალებს დავთხრიო.
კაცს ყველა ესმოდა. ჩავიდა ბახალა, ფეხზე ნისკარტი დაჰკრა, არ გაიჩუჩუნა, რა გულზე დააჯდა, მისწვდა და შეიპყრა.
ბახალამ დედას დაუძახა: მიშველეო!
დედამ უთხრა: რა ვქმნა, გიშალე და არ დაიშალე. ახლა მაგ კაცმა თუ ჩემი ენა იცოდეს, მალე მოგარჩენ, მაგრა რა გიშველო?
მან კაცმან დაუძახა ყვავსა: რა გინდა, შენი ენა ვიციო!
ყვავს იამა და წაუძღვა. ერთს კაცს მრავალი განძი დაეფლა, აჩვენა და ბარტყი მოარჩინა. წამოვიდა კაცი იგი, შინ მოვიდა.
ერთს დღეს საცაღა ლოცვა მოუნდა. ცოლმან დაუჟინა წაყვანა. რა აღარ დაიშალა, ერთი კვიციანი მაკე ცხენი შეუკაზმა. დიაციც ორსულად იყო. შეჯდა, ერთი მარტვილი უკან შემოისვა, საგზალი გარდაიკიდა და წავიდა.
რა პირშეღმართ შეუდგეს, კვიცი დავარდა და დედას დაუძახა: მომიცადეო!
დედამ დაუძახა: მე ერთი მუცელში მიძს და სამი თავისის ნუზლით ზურგსა მკიდია. თუ მე ვიარები, შენ რა დაგემართა, რატომ დავარდიო?
მან კაცმან რა მოისმინა, დიდად გაიცინა.
ცოლმან უთხრა: რაზედ იცინი, მითხარო?
მან უთხრა: ვერ გეტყვიო.
ცოლი არ მოეშვა.
ქმარმან შეჰფიცა: თუ ვთქვი, მოვკვდებიო.
არ იქმნა, ცოლმან დია შეაჭირვა.
ქმარმან უთხრა: არ დამეხსენ, წავიდეთ, ვილოცოთ, შინ მოდი, ჩემი აღაპისა და სუდარის საქმე გამირიგე და გეტყვიო.
დიაცს იამა, სწრაფით მივიდა, ილოცა, გამობრუნდა, აღაპი და სუდარა დაუმზადა და თქმას დაუჟინდა.
მას კაცს ერთი ციბა ჰყვანდა. ტირილით კარში გამოვიდა. კარზე მამალი დაჰხვდა. ჰკითხა ციბას: რა გატირებსო?
მან ყოველი უთხრა: პატრონს დიაცი მიკლავს და ის მატირებსო.
მამალმან უთხრა: შედი შენი პატრონი გამომგვარეო!
ვირემდის კაცი გამოვიდოდა, სოფლის დედლები სულ შემოიგროვა და მამალი შუა დაუდგა.
კაცს ჰკითხა: რატომ იკლავ თავსაო?
მან უთხრა: ცოლი არ მეშვება და რა ვქმნაო?
მამალმან მას ქათმებს რაღაც უთხრა და შემოურბინა. ყველანი გაინაბნენ. მერმე კაცს უთხრა: მე სამოცი ცოლი მყავს, ვინძლო უჩემოდ ერთმან საკენკი აიღოსო, და შენ ერთის ცოლის ხელით ჰკვდებიო.
კაცმან ჰკითხა: მაშ რა ვქმნაო?
მამალმან უთხრა: ერთი შინდის ჯოხი მოსჭერ, რა გითხრას თქვიო, მისდეგ, ეგოდენი ჰკარ, რომ მიამკვდარო და აღარ გკითხავსო.
დაუჯერა მამალსა. რა ცოლმან თქმა უთხრა, მუნამდის სცა, ვირემდის სულობას მიდგებოდა, და მორჩა კაცი იგი სიკვდილსა.
- მის მსგავსად, ვირემდის შენთვისაც შინდის ჯოხს არ მოსჭრიან, შენს მანკიერს ენას ვერავინ დაადუმებს.
უთხრა პასუხად რუქამ არაკი


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XVI

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1315/თარიღი: 2013-04-21

მაგისტროსი კეისრისა
იყო მაგისტროსი ერთი, დია კარგი და სახელოვანი ჭაბუკი, ყმა კეისრისა. და გაგზავნა კეისარმან მოციქულად საფრანგეთს. დია ქველის მოქმედი კაცი იყო, უფროსად ფარულად იქმოდის.
წავიდა. რა გზა განვლო, ნახა, ერთს ადგილს ერთი შიშველი მკვდარი კაცი გდია. წავლო პაშტა ადგილი, მოსამსახურეთ უთხრა: თქვენ წადით, მე ნუ მელითო!
რა ისინი გაიცალა, დაბრუნდა, ტანს გაიხადა, ორი პერანგი ეცვა, ერთი მას მკვდარს წახურა. ჩაიცვა აგრევ და მსახურთ მოეწია.
მივიდა ქალაქსა ერთსა. ნახა, ფოლორცში მწვირე დგას და შიგ საპყარი გლახა ეგდო. არცავინ ამომყვანი პყვანდა და არცავინ მიმცემი რისამე. თვით მაგისტროსი ჩამოხდა სახედრით და ამოიყვანა საპყარი, ხმელზე დასვა და ერთი ფლურიც მისცა.
წავიდა საფრანგეთს, ჩაჯდა ნავში, ზღვა აუღელდა, ნავი დაემსხვრა და მაგისტროსი უფსკრულში დაინთქა.
მოუხდა კაცი ერთი, მოჰკრა ხელი და ხმელზე გამოიყვანა და უთხრა მაგისტროსს: მე ის გლახა ვარ, შენ რომ წუმპით ამომიყვანე; მე მის მაგიერ ეს მიქნიაო!
წავიდა საფრანგეთს, ყოველი კეისრის ბრძანებული გაასრულა, მობრუნდა, მოვიდა კონსტანტინეპოლედ. მოედანზე ცხენი გამოაჭენა, წაექცა, წვივი სრულებით დაილეწა. გამოვარდა მეფე და სრული ჯარი. აიყვანეს მაგისტროსი, შეიყვანეს, დააწვინეს, მკურნალნი დააყენეს. ვერა უწამლეს რა.
მაგისტროსს ერთი გულითადი მონა ჰყვა, სულ საწოლს უწვის, იგი შეუყენა დასტაქართა: ჩემთვის რას იტყვიანო? დასტაქარნი გავიდენ, მონა გაჰყვა, დასტაქართ თქვეს: ხვალ მოვიდეთ, თუ მუხლში მოგვაჭრევინოს, უწამლოთ, და კიდეც მორჩება, თვარა მოკვდება და ხელს ნუ მივყოფთო!
მივიდა მონა და ყველა უამბო.
რა მაგისტროს მოისმინა, ასე თქვა: მე ცალფეხს სიცოცხლეს, მოვკვდე, დია მიჯობსო!
მრავალი იტირა და მიეძინა. და მონა იგი ფერხთით უწვა.
შუაღამისას შემოვიდა კაცი ერთის სარკმლიდგან, თეთრი პერანგი ემოსა, დაჯდა. მაგისტროს მოიკითხა და ფერხის ამბავი ჰკითსა. მერმე უთხრა: მაჩვენე ფერხი, რა რიგად გაქვსო?
გაუხსნა და უბეთა ერთი მოთხე ედვა, ამოიღო. მას შიგან წამალი რამ იდვა, ამოიღო, თითი დააწო და ფერხი დაუზილა. უთხრა: გაიძარო! არ მოეხსნა და გააძვრევინა. ფერხი კარგა გაიძრა.
მეორედ კიდევ წასცხო წამალი და უთხრა: ადეგ, მამეყრდენო! მაგისტროს კიდევ უარი თქვა და არ მოეხსნა, აღადგინა და მიიყრდნა.
დააწვინა და მესამეც წასცხო და უთხრა: აღდეგ, წარვლე, მორჩიო!
წარვლო, მთელი კაცი შეიქმნა. უთხრა: მე იგი მკვდარი ვარ, შენ რომ გზაზე მნახე და პერანგი წამხურეო. მე მის სიკეთის პასუხი ეს მიქნიაო!
- აწ, ძმაო რუქავ, დიდმან იცის და მცირემან კარგისათვის კარგი პასუხი. გლახაკმან და ვაჭარმან, მკვდარმან და საპყარმან ესე ქმნა და შენ რად იტყვი კარგისათვის ავსა და მაგიერის უქმნელობასა?
თქვა რუქამ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XV

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1333/თარიღი: 2013-04-21

გლახაკი და ფლური
ერთი კაცი დია გლახაკი იყო. დღე ყოველ ღმერთს გამდიდრებას ევედრებოდა.
გამოხდა ხანი, და მას კაცს მუცლის ტკივილი და ყვანა დაემართა. რა კარში გავიდის, ტკივილი დაუწყის. აზომ შეწუხდა, მიწას გლეჯა დაუწყო. რა მიწა მოგლიჯა, ერთი ქილა ფლური ჰპოვა.
მან კაცმან ღმერთს მადლი მისცა და თქვა: დიდად მოწყალ ბრძანდები, მაგრამ ვირემ კაცსა სისხლს არ დაანთხევინებ, არას მისცემო!
- ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, რომ ლეონ ვირემდის სამჯერ-ოთხჯერ სიკვდილად არ წააყენე, არ მოეხმარე და აწ წყალობა უყავ!
ლეონ უთხრა ჯუმბერს:
- ძეო მეფისაო, ყრმა ხარ და მოხმარებას ჰგონებ, თვარა აწ დამკლა სრულიად. მტერი რა კაცსა მტერობით ვერას დააკლებს, დაემოყვრების და მით გაუსრულებს მტერობას.


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XIV

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1181/თარიღი: 2013-04-21

შავარდენი და წერო

წეროს შავარდენი მოვუტივე. შეიპყრა და ქვე ჩამოიღო. მიველ, ვნახე: შავარდენს თავი აღარ ება. ვთქვი: ნუთუ წერომ მოსწყვიტა-მეთქი! ვძებნე და ვერ ვპოვე. რა შავარდნის ქუდი ვნახე, შიგ იდვა. თურე მოტევებაში ქუდის საფხუწი ვერ მოვუფონე და ძლიერ გამექნივა; გაგდებაში თავი მომეწყვიტნა. შავარდნის სიკეთემ ეგოდენი მისტანა, უთავომ წერო შეიპყრა და მერმე მოკვდა.
თქვა სხვამან:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XIII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1178/თარიღი: 2013-04-20

იტალიელი მხატვარი
წამოველ მუნით და მოველ ქალაქსა იტალიისასა. მნახა მხატვარმან ვინმე და მაწვია. ყოველთა მხატვართა უხუცესი იყო. მასთან ერთი თვე დავყავ. რომელი მხატვარი მას აწვევდა, მეც მაწვევდა ხოლმე.
ერთმან მხატვარმან გვაწვია. ერთს სარკმელში ერთი საწერელი დაეხატა, გაშლილი კალამი რომ შიგ იდვას, მის მსგავსად, კაცს ეგრე ეგონებოდა, გაშლილი საწერელი ძესო. ერთი სხვა დია კარგი მხატვარი იყო, ხელოვნების მჩემებელი. მას უთხრა მასპინძელმან: ადეგ, ძმაო, ეგ საწერელი მომეც და მერმე მე გემსახუროო!
ზე ადგა იგი მხატვარი, საწერელი ეგონა. რა ხელი მიჰყო, კედელი დაჰხვდა, მეტად შერცხვენდა. ჩვენ გაგვეცინა.
მეორეზე მან გვაწვია. ამა უწინდელს მასპინძელს საწერლის საქმე დავიწყებოდა და მას კედელსა ზედა ერთი გაღებული კარი გამოესახა. ეგრე ეგონებოდა კაცსა, შესავალი სახლის კარიაო. ღვინოს ვსმევდით და ერთსა სიტყვასა ზედა შეიცილნენ.
მასპინძელმან საწერლის მხატვარს უთხრა: ნუ ცილობთ, ჩემს წიგნში მართალი სწერიაო!
მან ჰკითხა: იგი წიგნი სად არისო?
მასპინძელმან კარი აჩვენა: მას სახლში ძეს და გამოიღეო და ნახეო!
ადგა, სწრაფით შესვლას ლამოდა და კედელს თავი შეატაკა და გაიხეთქა.
მასპინძელმან უპასუხა: ავად გიმასპინძლე, მარა მისთანა საწერლის ხატვას, მაგისთანას სახლში ისწავლიანო.
ღვინო ვსვით და გავიხარენით.
სხვამან გვაწვია მხატვარმან. ჩვენ დაგვსხა და, სადა ჩვენ ვსხედით, იქ გვერდით სხვა სახლი ედგა. მას შიგ ერთი რკინის აუზი გაეკეთებინა. მნახავს მდგარი წყალი ეგონებოდა.
თვითო-თვითო მხატვარი მოიწვივის, მისცის ჭიქა, უთხრის: ძმაო, შევედ, მანდ წყალი დგას, ამოიღე და გამოიტანეო!
შევიდიან, წყალი ეგონისთ, ატაკიან ჭიქა, გატეხიან და სხვით გზით გაიპარიან და სირცხვილეულნი წარვიდიან.
ერთი ბრძენი მხატვარი იყო. რა იგი აწვია, მოვიდა. ჭიქა მისცა და შეგზავნა. ნახა. აგრძნა, ხრიკი რამე არისო. ხელი მიჰყო, რკინა იყო. სამხატვროს საწერელი. მუნ მზა იდვა. მას რკინაზე ერთი მყრალი ძაღლის მძორი გამოხატა, რომე შიგ ჩავარდნილს ჰგვანდა. გამოვიდა და უთხრა: ვინღაცას ძაღლის მძორი ჩაუგდია, იგი აღარ იხმარების და აღარ ავავსეო.
შევედით, ვნახეთ, გვიამა, ღვინო ვსვით. დია მომეწონა მათი ხელოვნება.
სხვამან გვაწვია. მეორისა ამხანაგისა ცოლი თურე ენახა და მისი სახე გამოესახა, სრულად მას ამსგავსა. ჩვენ დავსხედით მას სახესთანა. მერმე იგი კაცი აწვია. შემოვიდა, ნახა ჩვენში მჯდომელი. ფიცხელი კაცი იყო. მას მართლა მისი ცოლი ეგონა. მეტის ჯავრისაგან ვეღარა გაიგნო რა. მოუხდა, ცემა ენება. რა მჯიღი შემოჰკრა, კედელი დაჰხვდა.
დიადი ვიცინეთ და ესრეთ დავლიეთ თვე იგი მუნ.
წამოველ მუნით, მოვხვდი კაცთა ვისმე სამთა. მინდვრად სხდეს მებოძირთა გზათა თანა. იგინიცა მას დღესა შეყრილიყვნენ, ძმათა სტიროდენ და ცოლებს აგინებდენ. მიველ, ვკითხე: რა წაგკიდებიათ-მეთქი!
მითხრეს: ცხენით გარდამოხედ, დაჯედ და გეტყვითო!
ერთმან თქვა:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XII

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1150/თარიღი: 2013-04-20

ყადი და ეშმაკი
ორნი კაცნი გზასა მივიდოდნენ. ერთმან ქვას ფეხი წამოჰკრა და ეშმაკს აგინა. მეორემ უთხრა: რა გაწყინა, მან ხომ არ გირჩია, ყოველნი ეგრე უბრალოდ აგინებთო?
რა იგი ამხანაგი გაეყარა, მივიდა ეშმაკი და მოსარჩლე კაცს უთხრა: რადგან შენ მე მომეხმარე, მეც შემოგზღავ. ერთს გვარიანს ჯორად ვიქცევი, შემჯექ, ჰალაბის ქალაქს ჩადი; მუნებური ყადი ქაბას მივა, ჯორს ეძებს სასყიდელსა, ვირემ ასი ფლური არ მოგცეს, ნუ მიმყიდი და შენ შენდა წადიო!
იქცა ჯორად. შეჯდა კაცი იგი და ყადის კარი ჩაიარა. დია მსუქანი, ჭრელი და თოხარიკი ჯორი იყო. ყადის მსახურთ ჰკითხეს. მან გასასყიდლობა უთხრა. შევიდნენ მაშინვე, ყადს მოახსენეს. მისცეს ასი ფლური და ჯორი გამოართვეს. ყადმან დიდად მოიწონა. მეტის სიყვარულით წინ დაიბა.
რა ორი-სამი დღე გამოვიდა, მოსამსახურენი საქმეზედ გავიდნენ. ყადი შეფრფინვით შესცქეროდა, ჯორმან ავშარა წაიყარა და აეშვა. მუნ ხელსაბანი კუმკუმა იდგა, მას შიგ ჩაძვრა.
დაიწყო ყადმან ძახილი. მსახურნი მოვიდენ, მათ ყოველი უამბო. ეგრე თქვეს: დაფეთებია რამე და შეშლილია, თვარა რას როტავს, კუმკუმაში ჯორი ვით ჩავა, ან როგორ დაეტევაო!
დაიჭირვს ყადი, ბევრი ტანჯეს და დააბეს. ფიცავს ყადი: ხელი არა ვარ, მართალს ვიტყვიო!
ვინ მოუსმენდა?
ორმოც დღეს არ დააძინეს, ხან აროკებდენ და ხან რჯიდენ. რა ღონე მოსწყდა, თქვა:
- ახლა მოვრჩი, აღარა მჭირს რა!
გაუშვეს. მარტო ჯდა. კუმკუმის პირიდამ თავი ამოჰყო ჯორმან და ყურები გაიბერტყა. დაიძახა ყადმან: აქავ არის, მიშველეთო!
მოვიდენ იგი კაცნი, კიდევ შეიპყრეს და უარესი ჭირი დამართეს. კიდევ, საქმე რომ გაუჭირეს, თქვა: მოვრჩი, აღარა მჭირს რაო!
კიდევ გაუშვეს და ყადი ჭკვიანად ჯდა. კიდევ კუმკუმის პირიდამ თავი ამოყო ჯორმან და ყურების ბერტყა შექმნა. ყადმან უთხრა: დიახ გხედავ, მანდა ხარ, მაგრა შიშით ვერ ვიტყვი, ტანჯვისა მეშინიანო.
- იგი ყადი მართლა ამბობდა, ხედვიდა და არავინ უჯერებდა. მე მასავით ვხედავ, მართალს ვამბობ, არავინ მისმენთ და რა ვქმნა?
თქვა ჯუმბერ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XI

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1272/თარიღი: 2013-04-20

სამნი ცოლ-ქმარნი და მდინარე
სამნი კაცნი უმეცარნი ერთის დიდის მდინარის კიდესა შეიყარნენ. სამთავ ცოლები ჰყვა თანა. მუნ წყალში ერთი მცირე ნავი ჰპოვეს, ორის მეტი კაცი ვერ დაეტიოდა. ამ მდინარესა ეს ექვსი იმიერ ასე გაიყვანე, რომ ერთმან მეორის ცოლი ვერ იხელთოს!
რა გასინჯა რუქამ, ძნელი იგავი იყო, დია დაჭმუნდა და ვერა გაიგნო რა. შეიქმნა დიდი თქმულობა მეფესა, ვაზირსა და რუქას შორის: არა ასრეა, არა ესე უნდა იყოსო. ვერა რომელმან დაასკვნა.
რუქამ ჰფიცა: ცუდი, უგვანი მოიგონა, თვარა არა ბრძნისაგან არ გაიყვანებაო.
უთხრა ჯუმბერ:
- ჰე, ნადირში კურდღელო და მფრინველში ძერაო, და კაცთა შიგან შენვე იცი, რაცა ხარ, არ გასცუდდებია!
რუქამ იგივე თქვა.
ლეონ აფიცა ჯუმბერს:
- შენვე გაიყვანე ეგენი, თუცა ფიცი არ გატეხოს!
რუქამ ნება დართო. ჯუმბერ თქვა:
- სამთა მათ კაცთა სახელები ესე არს: მელას, მეტურ და მარასან. მოიღო მელას ნავი და ჩაჯდა, ჩაისვა ცოლი თვისი და გაჰხდა გაღმართ, გარდასვა ცოლი თვისი და გამოჰხდა ამიერ. ჩასხეს მათ ორთავ ცოლები და გაჰხდნენ მას ქალთან. ჩაჯდა მელას ცოლი, გამოიტანა ნავი და მოვიდა ქმართან. ჩასხდნენ მეტურ და მარასან და გაჰხდენ თვითოს ცოლთან. ჩაჯდა მეტურ, ჩაისვა ცოლი თვისი და გამოჰხდა მელასთან. მეტურ და მელას ცოლნი იმიერ დაუტევნეს და თვით მარასანთან გაჰხდენ. ნავში მარასანის ცოლი ჩაჯდა, გამოჰხდა და მელას ცოლი გაიყვანა. მერმე ნავი მეტურ გამოართვა, თვისი ცოლი გაიყვანა და წავიდნენ.
გაეცინა მეფესა და თქვა:
- არა ვგონებდი ამა ქალთა წყალთა გახდომასა.
მოახსენა ვაზირმან სედრაქ:
- ამით ავი კაცია ლეონ, ნუ გინებს სიცოცხლე მისი და მოკალ! შენი ძე უმეცარი გაუზრდია.
მამამან შვილი შვას ესეთი და მზრდელმან აღზარდოს მსგავსი ამისი: სიმდაბლით თხოვილი, წყალობით შოვილი ძე და ჩვენებით ნახული, სიბრძნით დასახული ლეონ. არცა ჯუმბერ ულეონოდ და არც ლეონ უჯუმბეროდ!
მოჩივარნი ძმანი
ამაზედან მოვიდენ მოჩივრად სამნი ძმანი წინაშე მეფისა, რომელნი გაყრილიყვნენ ძმობისაგან. ყველა გაეყოთ და ოცდაათი თხა ჰყვათ, იგი ვერც გაეწილათ და ვერცა რიგდებოდენ.
მოახსენეს მეფესა თხათა მათთათვის:
- ათსა თხასა თითო თიკანი ჰყავს, ათსა ორ-ორი და ათსა - სამ-სამი: ესრეთ გვინებს გაყოფა, არცა რომელმან ძმამან ძმაზე მეტი აიღოს და არცა თიკანი დედას მოსწყდეს.
შეიქმნა ცილობა და თქმა. ვერა რომელმან გაყო. ჰკითხეს ჯუმბერს, ძესა მეფისასა, და მან თქვა:
- ოცდაათი თხა არის და სამოცი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა ორ-ორი თიკანი ჰყავს, მიეცით უხუცესსა, რომელ არს ათი თხა და ოცი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა ჰყავს სამ-სამი თიკანი, ხუთი თხა საშუალს მიეცით და ხუთი მრწემსსა, რომელი იქნება ხუთ-ხუთი თხა და თხუთმეტ-თხუთმეტი თიკანი. იგი ათი თხა, რომელსა თითო ჰყავს, იგიცა ხუთ-ხუთი მიეცით მათ ორთავე, რომელი იქნება ათ-ათი თხა და ოც-ოცი თიკანი, არცა ძმასა ძმაზე მეტი მიჰხვდეს და არც თიკანი დედასა მოსწყდეს.
რა ესრე გაჰყვნა, მეფესა დიდად იამა, ლეონს მადლი უბრძანა სამეფო სამოსელი შეჰმოსა და თავისსა სახედარსა ტაიჭზე აღსვა, და ფრიადი საუნჯე მიანიჭა.
რუქამ თქვა: თხათა და ცხვართა გაყოფა უსწავლებია და ესოდენი დიდება მიანიჭა, თუცა სამეფო წესი და ჭაბუკთ ზნენი ესწავლებინა, თავის სამეფოს მისცემდაო!
თქვა რუქამ არაკი:


სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი X

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1151/თარიღი: 2013-04-19

ღვინის ძალა
სულთან სალიმ ჰკითხა ვაზირსა მისსა: ვინცავინ კაცნი ღვინოს რად სმენ, რომე ყოველი ავი სიმთვრალეს მოაქვსო?
ვაზირმან მოახსენა: ღვინოს ავისაგან კარგიც უმრავლესი შეუძლიან. ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო.
მოასხმევინა სამნივე ხეიბარნი ფადიშაჰმან და პირისპირ დასხნა და ასვეს ღვინო. რა დაითრო, თქვა ბრმამან: ღმერთო, ადიდე ხელმწიფე, რა კარგსა და წითელს ღვინოს გვასმევსო!
საპყარმან უწყინა და უთხრა: ვისთან უბნობ? ხელმწიფის მზემან, ესრეთს წიხლს ჩაგაზელ, გვერდი მოგტეხოო!
გლახაკმან უთხრა უპოვარმან: მოჰკალ და სისხლს მე გარდვიხდიო!
ვაზირმან მოახსენა:
- აჰა, ბედნიერო ხელმწიფეო, ღვინოს ესე ყოველი შეუძლია. ან მან რით ნახა, ან იგი რით გალახევდა, ან ეს სისხლს რით მისცემდა?
- ჰე, შენ, რუქავ! შენც ხომ მათსაებრ ხეიბარი ხარ და ღვინოც, ვეჭვობ, გესვას, თვარა ეგრეგვარსა რა გამბობინებს?
თქვა რუქამ არაკი:


1 2 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.