9:47 PM სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი X | |
უნებლიე მკითხავი ერთი საბრალო კაცი იყო, ერთი ანჩხლი რძალი ჰყვა. აგინებდა რძალი იგი და ეტყოდა: წადი იქურდე, იშოვნე და მომიტანეო! ეხვეწებოდა იგი კაცი და დიაცი არ მოეშვა. დღესა ერთსა ნამტირალევი, რძლისაგან ნაცემი, ვლიდა. ნახა შვიდი აქლემი, აბრეშუმით დატვირთული. უპტრონონი იყვნეს, წაასხა და ერთს ტყეში დამალა და მოვიდა მუნვე. მის აქლემების მაძებარი კაცი შემოეყარა, ჰკითხა: - შვიდი აქლემი დავკარგე, და თუცა რამ მისი გამიგო, ერთსა რაც ეკიდოს, მოგცე! მან კაცმან ეგრე უთხრა: მე არ მინახავნ, მაგრამ ასეთი მეცნიერი ვარ, რომე ჩემისთანა მოგვი არ იქნებაო. თურე ერთი ცუდი წიგნი ეპოვნა და უბეთა შიგან ეპყრა, გამოიღო და ჩახედა, ეგრე უთხრა: შევიგენ და სხვის გზით წარუძღვა და ეტყოდა: აჰა, კაცთა მიჰყვანანო. ზოგჯერ რა უთხრა და ზოგჯერ რა. რა მას ადგილს მიახლოვდა, უთხრა: - მათ კაცთა ალღო აგვიღეს და აქლემნი დაუტევეს და თვით გაიქცნენ: ჩემმან სამისნომ ეს მამცნო. მიიყვანა, აქლემები აჩვენა და ერთი ტვირთი აბრეშუმი მისცეს. მოიტანა შინ. რძალმან დია დაუმადლა და ეგრე უთხრა: კეთილი მაზლი ხარ, ეგრე ჰყოფდეო! მას ჟამსა თურე მეფეს ერთი უსასყიდლო თვალი დაჰკარგოდა და იყო დიდი გამოძიება და ძებნა-კითხვა. მივიდა მასთანა იგი მეაქლემე და მოახსენა: - ძოღან თქვენი აქლემები დავკარგე და ერთი მისანია, მან მიპოვნა. გაგზავნეს კაცი და მსწრაფლად მოიყვანეს. დიდსა სეფესა შიგან მრავალი მისანი სხდა და ბოლოს კერძ იგი უწიგნო ახალი მისანიც დასვეს. ერთსა მონასა ოქროს კროჭითა რაღაც დაქონდა და იტყოდა: რომელიც ამას გამოიცნობს, ამასა შიგან რა ძეს, იგი პოვებს თვალსა მასო? შეიქმნა თქმულობა: ზოგმან თვალი თქვა, ზოგმან მარგალიტი, ზოგმან სხვა რამე. რა მას ახალს მისანთან მივიდა, მან საწყალმან არა იცოდა რა, ამოიოხრა და თქვა: ვაი, ჩემო რძალო, რა უბრალოდ მომკალიო. მან გულის მართლით თქვა და მეფეს გაეცინა: იგავით თქვაო! შიგ თურე მკალი იჯდა და ზმად ჩამოართვეს კაცსა მას. გაიყვანეს და სამეფო სამოსელი შეჰმოსეს, მეფის საწოლს დააწვინეს და მეფისავე ცხედარი დაუგეს და გარს სეფეწულნი მოუყენნეს, ესრეთ დიდი პატივი დასდვეს. იგი მისანი ამას სცდილობდა, თუცა სეფეწულთ დაეძინოსთ და მე გავიპაროო. თურე იგი თვალი ერთს სეფეწულთაგანსა მოეპარა და, რა სხვათ დაეძინათ, იგი მომპარავი ფერხს მოეხვია: მე მოვიპარე და ნუ გამამხელთო! მას კაცს დია იამა და აგრე უთხრა: მე დილასავე ვცან, მარა ჭაბუკობა შენი შემბრალდა და არა ვთქვიო. აწ წადი, მეფის საბატესა შიგან ერთსა ღერღეტსა ჩაანთქი და მხარი მოსტეხე, და შენ შენდა განისვენეო! რა გათენდა, ახალი მისანი მხიარულად ასპარეზსა შიგან დადგა. გამოვიდა მეფე და ჯარი. ჰკითხეს თვალისა. გამოიღო წიგნი, ნახა და თქვა: რაც მეფის ღერღეტნი იყვნეს, მოასხითო! რა მოასხეს, ნახა, იგი ნიშანი არ იყო, თურე მუნვე გაეშვათ. უთხრა მათ მომყვანთა კაცთა: ერთი მხარმოტეხილი აკლიაო. გაუკვირდათ ყოველთა და იტყოდენ მისთვის ქებასა . მოიყვანეს იგიცა. უთხრა: გაუპეთ უპე, მაგას ჩაუნთქავსო. გაუპეს და თვალი გამოუღეს. იამა მეფესა და მრავალი საბოძვარი მიანიჭა და ერთი თავისი სახედარი ცხენი, ოქროთ აკაზმული, მისცა. ეს კაცი თავის გაზრდაში ცხენს არა მჯდარიყო და იგი ცხენი ჩვეული იყო, რა მოედნის აქათ გამოვიდის, მეფე იქითვე თურე გაარბევდის. რა შეჯდა და გამოვიდა ამ თავსა, გაბრუნდა ცხენი იგი და გაჭენდა. მან კაცმან თავი ვეღარ დაუჭირა, შეშინდა და შექმნა ძახილი: მიშველეთ, მიშველეთო! რა საჯინიბოსთან მივიდა, საჯინიბო დაიქცა და მეფის ცხენები სრულიად დახოცა, და ეს ცხენიც დადგა. მერე მან ახალმან მისანმან თქვა: მოედანს იქით რა გაველ, ეს საქმე ვცან და ვიძახდი მიშველებასა და არავინ მიეშველენითო. იგი ცხენი მეფესავე მიართვა და მეფემან სხვა ურიცხვი საქონელი უბოძა. რა შინ მივიდა, აიყარა და გარდაიხვეწა. იცოდა ბოლოს მისი სიმტყუვნე სააჯმნოდ შეიქმნებოდა და მით მორჩა. - აწე, ძეო მეფისაო, შენი ლეონ აწვე გაიპაროს, იგი უჯობს, თვარა მაგის სიცრუვესა სცნობთ და არ უჯობს. თქვა ჯუმბერ არაკი: ცრუ და უმეცარი იყვნენ ორნი ძმანი. ერთი მეფეს ახლდა და ერთი შინ იჭირვოდა. მეფეს რომელი ახლდა, ცრუ იყო და მრავალს აძლევდა. შინ რომელი იყო, უცოდინარი იყო და ძმას ეტყოდის: - მე შენის ტყუვილის თქმით დარჩომას არა ვჯერვარ; თუცა შენ გაძლევს მეფე, განა მე ტყუვილს ვერ მოვიგონებ - მეფესთან ვთქვა და მეც მომცეს წყალობა? ცრუ ძმა ეტყოდა: მე რასაც ვიტყვი, იამება და შენ ბევრს გიზიდავ და არას განაღვლებ და არა გყვედრი, შენდა იყავო! მან არ დაისულა, მივიდა მეფესთან და მოახსენა: - ჰაერთა შიგან ძაღლთა ყეფა მესმის! ენება მეფესა მოკვლა მისი: ესეთი ტყუვილი ვით მკადრაო! მოვიდა ძმა მისი მტყუვარი და მოახსენა: - ეგე, ძმა ჩემი, მწყემსია და ბრიყვი, თვარა ტყუვილი არ იქმნება, ამად რომე არწივი ძაღლის ლეკვს აიტაცებდა ჰაერთა სიმაღლეთა შინა და მისი წკავწკავი შემოესმოდა. სიბრიყვითა მას ვერ გაუსინჯავს და ძაღლის ყეფად მოგახსენა. იამა მეფესა, აღარ მოკლა და კაბა ჩააცვა. მოვიდა, ძმამ უთხრა: სიკვდილს მოგარჩინე, აწ შინ წადი, სამეფო სიტყვა არ იციო! მან რა კაბა ჩაიცვა, უდიდესი ტყუვილი მოინდომა. მოვიდა მეფესთან და მოახსენა: - ერთს ირემს ისარი შევსტყორცე, ყური და ფერხი წარვკვეთე, დაეცა, მჟავით გარაოდ შეიწვა და ვჭამე. ბრძანა კიდევ მოკვლა მისი მეფემან, დიდად იწყინა ტყუვილი იგი. შეეწყალა ძმასა, წარსდგა და მოახსენა: - ძოღანვე მეფობასა თქვენსა ვკადრე, უცოდნელი და ავმთქმელია-მეთქი. ისარი კარგად იცის. ირემი ყურს თურე იფხანდა, ისარი ესროლა და ორივ წარკვეთა. ირემი დაეცა. ისრის პირი ბასრისა იყო. თურე მუნ ტალი დებულა, ისრის პირი სცემია, ცეცხლი დაუკვესებია, ჩალას მოსდებია, ირემი გაურუჯავს; მუნ მსხმოიარე მოცხრის ხე მდგარა, ის ზედ დასჭყლეტია, იგი უჭამია, მჟავვ გარაო ჰგონებია. მოარჩინა ძმა და განუტევა. - ეს ლეონ ცრუა თუ არა, ამისი სიტყვა მეფეს იამების და შენ რას ჰშლი? არაკად თქმულა: პატრონსა შენსა უყვარდეს გველი, შენგან უბესა ჩასმას ველიო. მეფეთა თანა მყოფთა სამნი საქმენი უნდა სჭირდეთ: პირველად: რომელიც კაცი უყვარდეს, იგი არ შეასმინოს, თვარა სიყვარულით არ შეისმენს და შენ დაზიანდები; მეორედ: ვისიც სიტყვა იამება, შენც უქო, თვარა თუ უძაგო, არ ეძაგება და შენ გასცრუვდე; მესამედ: ამას სცდილობდე, რომელიც მისი გულითადია, იგი გაიერთო, თვარა დღე დაგიმოკლდება. თქვა რუქამ არაკი: სამნი ამხანაგნი სამნი ამხანაგნი შეიყარნენ: ერთი ისპაანელი, ერთი გილანელი და ერთი განჯელი. ერთმანერთს თავიანთი თემი უქეს. ისპაანელმან კაცმან თქვა: - ჩემი თემი ისეთია: ძველი და ახალი ნესვი ერთად დასდვა, ვერა სცნობ, რომელი წლეულია და რომელი შარშანდელი. გილანელმან თქვა: - ჩემი თემი ესეთია: ცოცხალი კაცი და მკვდარი ერთს საგებელში დააწვინო, თუ ცოცხალსა ძინავს, ვერა სცნობ, რომელი მკვდარია და რომელი ცოცხალი. განჯელმან თქვა: - ჩემი თემი ესეთია, რა კაცი მოკვდება, ექვს თვე ფეხზე ვალს და მეშვიდეს თვეს სამარედ ჩავალს, გაზაფხულ ცხელებას დაუწყებს და შემოდგომაზე მოკვდება. არც ერთის თემი ვარგიყო, მაგრამ მათ მოსწონდათ. - ეგ შენი ლეონც დია ავი კაცია, მაგრამ მისი ავი და კარგი, ორივ კარგა გიჩნს, რასათვის მას არ მაუბნებ და შენ მეუბნები? ჯუმბერ უთხრა: - შენ რომ ასონი დაგკვეთეს, რასათვის ულვაში და წვერი გაგცვივდა და მის გარშემო არა? უთხრა რუქამ: - ლეონ მხიბლავია და შეუგრძნებიხარ. თქვა ჯუმბერ არაკი: თვალხილული და უსინათლო თვალხილული კაცი ვინმე მოვიდოდა გზასა და ოცი მარჩილი თან აქვნდა. გზასა ზედა ერთი უსინათლო და უწინამძღვრო გლახაკი შემოეყარა, რომე არგნის ცეცებითა ჰპოვებდა გზასა. თქვა თვალხილულმან: გამოვსცადო ბრმა ესე, ვითარი კაციაო? წავიდა მის პირისპირ და ზედ შეეტაკა და დაიძახა: ვინ მეძგერე ბრმასა ამას, რომელსა წინამძღვარიც არა მყავს და დამარეტიანე, ღვთისა არა გეშინოდა, რომ ესე მიყავო? მან ბრმამან უთხრა: მეც ბრმა ვარ და ჯოხით ვალ, უცნაურად გეტაკე, ნუ მაბრალებო! დასხდენ და საუბარი რამე დაიწყეს და ალერსობდენ. უთხრა თვალხილულმან: მე ნათხოვნი ოციოდე მარჩილი მაქვს და არ ვიცი, რომელი წმინდა ვეცხლია და რომელი შერყვნილიო? ბრმამან უთხრა: მე ვიდრე თვალი მედგა, ვეცხლის მუშა ვიყავ და მე ვჭრიდი. მომეც, განვიხილავ, ყველას ხელით ვიცნობ და მე გაუწყებო! მისცა ყოველი და მან ბრმამან სარტყელსა გაიხვია, გაეპარა და ხნულში ჩაწვა, დამალვა ეგონა. რა ხანი დაიგვიანა, თვალხილულმან ზახილი დაუწყო: - რა ჰქენ და რა უყავ, რად დაიგვიანე? დაუწყო ვედრება: - ნუ წამიღებ უსინათლოსა, მრავლითა ჭირითა და სლვითა მიშოვნია, ჩემი ბრალი ნუ გინდა! მას ბრმას დასტურ ბრმა ეგონა და იმალვოდა. თვალხილულმან ვედრება დაასრულა, აიღო ერთი ქვა და თქვა: ღმერთო, თუცა იგი კაცი არ მემართლებოდეს წართმევასა, ეს ქვა ფერხთა ზედან ვჰკრაო. გაუშვა ქვა და ფერხთა ზედან დასცა. ბრმა იგი მუნით ადგა და სხვაგან დაწვა, გაპარვა ეგონა. აიღო მეორე უდიდესი ქვა და ევედრა ღმერთსა: მე უსინათლოსა ესოდენი ნასულთქმი მომპარა, თუცა ვემართლებოდე, ბეჭთა ზედან ვჰკრაო. სტყორცნა და ბეჭთა ზედა დასცა. ბრმამან იგიცა გასძლო და ხმა არ გასცა. მუნითაც გაიპარა და სხვაგან დაწვა. მესამე აიღო და თქვა: ღმერთო ეს ქვა შუბლსა ვჰკრაო. მან ბრმამან ესრე თქვა: ორი სადაც დამინიშნა, მკრა და იმასაც თუ შუბლთან მკრავს, მოვკვდები და ეს ვეცხლი ვის დარჩეს? უყივლა: ძმაო, რას სწუხ, გამორჩევა მნებავს ავ-კარგთა და მოგცემო. მან თვალხილულმან აგინა და ეგრე უთხრა: ბოროტ ხარ! მე თვალხილულსა შენ ბრმა ვეცხლსა მპარავო! - მის მსგავსად, შენც გონების თვალით ბრმა ხარ და ყოველი შენებრ გგონია. რუქამ უთხრა: - შენ მარტვილი ხარ და უგუნური და ლეონის მაცდურს სიტყვას აყოლილხარ, არ გასინჯავ და გაუსინჯავი კაცი უღონიოდ ფათერაკს დაებმის. თქვა რუქამ არაკი: ვირი, ვეფხი, მელი და მგელი ერთი ვირი გლახაკისა კაცისა, მიჭირვებული და მჭლე, გაეპარა პატრონსა თვისსა და წავიდა, ერთსა მაღალსა ადგილსა დაისადგურა. ესეთი ადგილი იყო: დიდი წყალი ჩადიოდა და წყალთა პირსა ხენი შვენიერნი იდგნეს, დიდნი კლდენი მოსცემდენ, კორდნი - მწვანენი, ყვავილოვანნი. თურე ვეფხის სამკვიდრო იყო და მუნ დადგა. ვეფხი ნადირობად იყო. მოვიდა, ნახა, დიდად ეუცხოვა და დიდად შეშინდა. რა ვირმან ვეფხი ნახა, თავისის სიკვდილის მოციქული ეგონა, ყურნი წაიცქვიტნა და დიდი დაიყვირა. ვეფხს ესეთი შიშის ზარი ეცა, გზათა კვალი ვეღარ გაიგნო, კლდეზედ გარდაიჭრა და გაიქცა. მიმავალს მელი შემოეყარა. სცნა შეჭირვებული მივიდოდა, თაყვანი სცა და მოახსენა: ნადირთ მეფეო, სად მიბრძანდები, ანუ რად დაგიღრეჯიაო? მან უთხრა: ჩემსა სამეფოსა ერთი უცხო ბუმბერაზი მოსულა, მისის შიშით ვეღარ დავდეგ და გამოვეცალე, მით დამიღრეჯიაო! ჰკითხა მელმან მისი ამბავი. მან ყველა უამბო: სახე მისი, ოთხფერხობა, ყურდიდობა და ხმამაღლიობა, ფერი და, რაც რამე სჭირდა, ყველაყა. მელმან მოახსენა: - ეგე ვირია, ნუ მირბი, მე მას გავაძებ და თქვენ უზრუნველად განისვენეთ! ვეფხმან არ მოუსმინა; მელიც თან გაჰყვა, წავიდნენ. შემოეყარათ მგელი, თაყვანი სცა და მერე მელს ჰკითხა: - რად შეჭირვებულა, ანუ სად მიბრძანდება? მელმან მგელს ყოველივე უამბო: ვირის გამოქცეული მირბისო, ვუშალე და არ დაიშალაო. მგელმან მოახსენა: ნუ სწუხხარ, ჩემი სადილია, დია მშიან, შეიქეც, მის საქმეს მოგახსენებო! ვეფხმან ეგრე უთხრა: თუ ჩემი ღალატი არ გნებავსთ და მართლა მეტყვით, ერთი თოკი მოიღეთ, შუა მე მოვებმი და აქათ ერთი მომებით და იქით მეორე. ერთად მივიდეთ და რაღაცა დაგვემართოს, სამთავ სწორად დაგვემართოსო! წავიდა მელი, თოკი მოიპარა, მოიტანა. სამნივ გამოებნეს და ერთად მივიდნენ. რა ვირმან ესენი ერთად მისულნი ნახა, ვაება გაუმრავლდა, შექმნა ყვირილი და ზახილი. ვეფხი შეშინდა, მრჩევლებს აღარა უსმინა რა, თოკს მოზიდნა და ორნივე დაარჩო, თვით გარდაიხვეწა. უკანის თქვა: თუ არ მას ადგილს ჩემი დარჩომა არსად არ იქმნება, წავიდე და მას ბუმბერაზს ვეყმოო, ეგება დამინდოს და ჩემსა ალაგსა კიდევ ვნახევდე ხოლმეო. მივიდა ვირთან დიდის კრძალვით, შეეხვეწა და ეყმო. ვირს მისგან ეშინოდა და მას უფრო ვირისაგან. უბრძანა ვირმან: - რადგან მეყმევ, კარგად დაგარჩენ, ჩემის სახლის უხუცესობას მოგცემ, ორს შეცოდებასაც შეგინდობ, და მესამეს ერიდე! იყვნენ და განისვენებდენ. გამოხდა ხანი. ვირს ეძინა. ვეფხს ნავარდი მოუნდა და წყალს გახლტა, მჭავლს კუდი დაჰკრა, ვირს წუნწკლი შეასხა; გაიღვიძა, იწყინა და დიდად დატუქსა. მეორეზე ვირი წყალში ჩავიდა, წყალი დიდი იყო, ვირი წააქცია და დაღუპა. შეიჭრა ვეფხი, ვითამ ბატონს მოეხმარა, და გამოიყვანა. ვირი მიზეზს ეძებდა, თუცა გავიცალოო, არა ამიტეხოს რაო. გაუწყრა: მე კალმახს ვნადირობდი, შენ რად გამომიყვანეო? ვეფხს მესამის შეცოდების რიდი ჰქონდა და გარდაიხვეწა, იგი ადგილი ვირმან დაიმკვიდრა. - ძეო მეფისაო! ესე არაკი ამად მოგახსენე, მას ვეფხივით მრჩევლებს ნუ დაარჩობ, უგვანს ნუ დაენდობი, გაუსინჯავად საქმეს ნუ იქმ, თვარა ბოლოს დაინანებ. თქვა ჯუმბერ არაკი: მეფე და დალაქი ინდოთ მეფე აბანოს იბანებოდა და დალაქი თავსა პარსავდა. რა ყელთან სამართებელი მიიღო, მეფეს უთხრა: შენი ასული შემრთეო. გაუკვირდა მეფესა და მიცემას დაჰპირდა. გამოვიდა აბანოდამ, ვაზირთა ჰკითხა: ვით შემომდვა ქალის თხოვაო? მათ მოახსენეს: ფერხი სალაროსა ზედა სდგმია და მას უთქმევინებიაო. მოთხარეს აბანოს ძირი და სულ ოქროთა და ვეცხლითა სავსე იყო. - ჰე, შენ, რუქავ! შენც ფერხი ან განძთა ზედან გიდგას და ანუ ღმერთს გაუწირავხარ სიკვდილად, თვარა ესრეთსა უბრალოსა რას უბნობ? თქვა რუქამ არაკი: მხვნელი, ფეიქარი და მკერვალი სამნი ძმანი იყვნენ: ერთი მხვნელი, ერთი ფეიქარი და ერთი მკერვალი. უხუცესი მხვნელი და ბერი კაცი იყო. ცოლი მოუკვდა და სხვის შერთვა მოინება. ძმათ უშალეს და არ დაიშალა. რა არ იქმნა, ერთი ხანდაზმული ბებერი დიაცი მოჰგვარეს, ვითა მას ჰფერობდა და ქორწილი უყვეს. მასვე ღამესა ერთი აქლემი, აკიდებული განძითა, კარსა მიადგა. მათ მექორწილეთ აქლემი მოკლეს, ორმოში ჩააგდეს და ტვირთი დამალეს. პირი შეკრეს: თუცა მაძებარი მოვიდეს, სხვა სიტყვა უთხრან. ქორწილობა გარდაწყდა. აქლემის პატრონიც მოვიდა. უხუცესი სახვნელითა ხვნიდა, მუნ მივიდა, სცნა აქლემის პატრონობა. უთხრა მეაქლემემ: ჯილღას გამარჯვებაო! მან მხვნელმან უთხრა: ასლსა ვთესავო. გაუკვირდა მეაქლემეს და ჰკითხა: აქლემი დავკარგე, თუ იცი, მითხარ და ბევრი მოგცეო. მან უთხრა: თუ ზაფხული იყოს, დიდი ანეული მოიხვნისო. მეაქლემემ უთხრა: აქლემისასა გკითხავ, ხვნისას არაო. მან უთხრა: ზანგელა ხარი უარშიოობსო. შემოსწყრა მეაქლემე და წავიდა. მივიდა სოფლის ბოლოს. ფეიქარი ნასთსა ქსელავდა. მასთან მივიდა, მასცა ჰკითხა: აქლემი დავკარგე, მისი რამ მაცნობე და ბევრს მოგცემო. ფეიქარმან უთხრა: ჩქარი მქსოველი ვარო, დღივ ორს მოვქსოვო. მეაქლემემ უთხრა: აქლემსა გკითხავ, განა საქსოვარსაო. ფეიქარმან უთხრა: ძმაო, სხვისაა, თვარა მოგყიდდიო! მეაქლემე შეწუხდა და იტყოდა: რას ხელს თემს ჩამოვვარდიო! და წავიდა. მივიდა სოფლად, მკერვალს ჰკითხა. მან ეგრე უთხრა: ჩემი ხელფასი ექვსი შაურიაო. მეაქლემემ უთხრა: ვაჟო, აქლემს ვიკითხავ, აქლემსაო! მკერვალმან უთხრა: დია მესწრაფება, შენ სხვას შეაკერვინეო! გაუშვა იგიცა და წამოვიდა. რა წყალზე ჩამოვიდა, იგი ახალი ნაქორწილევი ბებერი დახვდა. მას ჰკითხა. მან ყველა უთხრა, ანიშნა: - ერთი ამისთანა აქლემი მოვიდა. ჩემმან ქმარმან და მაზლებმან დაკლეს და ქონება დამალეს. მეაქლემემ ჰკითხა: როდის იყოო? ბებერმან უთხრა: სწორედ ჩემის ქორწილის ღამესაო. მან კაცმან თქვა: ამ თემის კაცი და ქალი სულობით შემცდარნი ყოფილანო! მე გუშინ დამეკარგა და ეს ბებერი თავისი ქორწილის ამბავს მიამბობსო! მუნითაც წავიდა შინ ცარიელი. მან ბებერმან მართალი თქვა, მაგრამ მან კაცმან არ დაუჯერა. - მე მართალს გეტყვი, მაგრამ ჩემი მართალი ტყუვილის უმტყუვნესად მიგაჩნია: ჩემი სიტყვა კარგი ავის უარესად გესმიან. ყრმა ხარ და სიბრძნეს ჩემობ. პატრონი ხარ და საჭურისნი გძულან. მეფის ძე ხარ და ერთის მეტი კაცი არ გინდა. რადგან ესრეთ ბრძნობ, იგავს დაგიდგამ, და იგი ჰქმენ შენ და შენმან ლეონ. ჯუმბერ უთხრა: რაო? რუქამ უთხრა: მგელი, თხა და თივა ერთს ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ხორომი თივა ესრეთ თითო-თითო გაიტანე, მგელმან თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოს. დაჰყვა ძე მეფისა. გადვა რუქამ წანწალა. მოასხნა მგელი და თხა და ერთი ხორომი თივა მოიღეს, მოვიდა ჯუმბერ, აიყვანა თხა, გაჰხდა ხიდსა და დასვა მუნ. გამოჰხდა, აიყვანა მგელი, გაჰხდა ხიდსა, მგელი მუნ დაუტევა და თხა ამიერ გამოიყვანა. თხა დასვა, თივა აიღო, გაჰხდა ხიდსა და თივა მგელთან დადვა. გამოჰხდა, თხა აიყვანა, გაიყვანა იგიცა იმიერ. და უთხრა რუქას: - აჰა შენი სიბრძნის იგავი, და აწ შენ ჩემი იგავი სცან. მე ხელით მიქნია და შენ სიტყვით ჰყავო. უთხრა რუქამ: - რომელი? უთხრა ჯუმბერ: - რადგან საჭურისი ხარ, ცვისათვის დიაცისა შეუქმნიხარ და მისი ქმნა შენი ხელია. | |
|