1:24 PM სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XVII | |
თხა და მელი ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ბზე ცალკერძ. მელმან უთხრა თხასა: ხვავი მე და ბზე შენაო. თხამან უთხრა: არა, სამართალი ასეა, ორივ შუა გავიყოთო. მელმან უთხრა: მაშ მე წავალ, ბიძაჩემს მოვიყვან და მან განგვიყოსო. ვირემდის მელი ბიძას მოიყვანდა, თხა წავიდა, ცხვრიდამ ორი დიდი ქოფაკი მოიყვანა და ბზეში დამალა. მოვიდა მელი, ერთი ასეთი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა. უთხრა მგელმან თხასა: ჩემს დისწულს რატომ აჩივლებო? თხამ უთხრა: მაშ რადგან მოწმად მოყოლიხარ, მეც მამა-ბიძანი აქ მისაფლავიან, მათ საფლავზე შედეგ, დაისულე და მართალი მოწამე იქმნებიო. მგელმან თხის შეჭმის ნდომით ვეღარა გაიგო რა. ბზეზე რომ შედგა, წამოუცვივდნენ ძაღლები. მელი და მისი მოწამე ისე გახადეს, შარშანდელიც დაავიწყეს, არამც თუ წლეული ეშოვნათ. - თქვენ რომ ორნი-სამნი გაბიძამამიდებულხართ, თუ ერთი მისთანა მომხმარო მეც მყვანდეს, შინდის ჯოხებს არა და უზნისასაც გაგითლი, მაგრამ მარტოკამ რა ვქმნაო. თქვა ლეონ არაკი: მუშა კაცი და ბედი იყო ერთი უცხო მუშა კაცი სოფელსა ერთსა და ქონებისა მისისა რიცხვი არ იცოდა. დღესა ერთსა დილაზე დაიძახა: კაცი ვინც მოვა ჩემთანა, რომ ჩემს ბედთან გავგზავნო და ჩემი ამბავი მიუტანოს, ასს ფლურს მივსცემო. არავინ გამოჩნდა. შუადღისას დაიძახა კაცი და ოცი ფლური უქადა. არავინ იპოვა. საღამოს ჟამს ერთი ფლური უქადა. ერთი გლახაკი კაცი გამოჩნდა და უთხრა: მე წავალო. კაცმან მან არა რა იცოდა, არც ვაჭრობა, არც მუშაობა; ორძალი კარგა იცოდა და უკრევდის ხოლმე და იმღერდის. გაგზავნა მან კაცმან კაცი მეორძლე და ასწავლა: ამა და ამ ალაგს მრავალნი კარავნი დგანან და მუნ კაცნი ურიცხვნი და ერთი დიდი კარავია. მუნ მყოფი კაცი მე მგავს და ესრე მუშაობს, ოფლი ჩარცხის. მას ჩემ მაგიერ უთხარ: ღმერთმან მადლი მოგანიჭოს, ნუღარ იჭირვი, მე სამყოფი მაქვს, აწ შენც მოისვენე, და მეც მომასვენე-თქო. ერთი ფლური მისცა და წავიდა. მივიდა, ადგილი იგი პოვა. კაცი იგი ნახა და დაბარებული უამბო. იამა კაცსა მას და მადლი უთხრა. მას ღამეს გაასვენა. მეორეს დღეს მან კაცმან მისი ბედი იკითხა: რომელიაო? უთხრეს მას: ასკილის ძირს მეორძლე კაცი რომ ზის, იგიაო. მივიდა, მოემშვიდობა, ჰკითხა: ჩემი ბედი შენ ხარო? მან უთხრა: მე ვარო. უთხრა: დილაზე ასი ფლური რომ მიქადეს, რად არ მაცნობეო? ბედმან უთხრა: მაშინ ორძალი გამიტყდა და ვაწებებდიო. კაცმან უთხრა: ოცი ფლური რომ მიქადეს, მაშინ რას იქმოდიო! ბედმან უთხრა: ახალ ალყას ვაბამდიო. კაცმან უთხრა: საღამოს ერთს ფლურზე რაღას იქმოდიო! ბედმან უთხრა: მაშინ გავმართე და გაშოვნინეო. მან კაცმან ორძალი სთხოვა: მომეც, მეც დავუკრაო. გამოუღო, დაჰკრა თავში და დაალეწა. ბედმან უთხრა: რას მირისხდები, რაც მე ვიცოდი, შენც გასწავლე და მეტი რა მექნაო. შეუძლებელს ღმერთიც არ მოუდებს კაცთაო. - აწ შენს უამხანაგობას ჩვენ რას გვაბრალებ? ჩვენს ბედს სიმარტოვე სძულს და მოყვასნი უყვარან. და შენი ბედი შენისთანაა და რაც მას სჭირს, შენც იმას გაძლევს. უთხრა პასუხად რუქამ არაკი: მეფე და მებაღე იყო მეფე ერთი და აქვნდა წალკოტი, ვითა ჰშვენოდა. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა: - ვარდსა შიგან ბულბულს ბუდე დაუცს. მეფემ უბრძანა: - არა შერჩეს ბულბულსა მაგისი ქმნა! გამოხდა ხანი. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა: - ბულბულმან ბარტყნი დაჩიკნა; მოვიდა გველი, ბულბულიც შეჭამა და ბარტყებიცა. უბრძანა მეფემა: - არცა გველს შერჩეს მაგისი ქმნა! კიდევ მოვიდა მებაღე და მოახსენა: - შამბსა ვთიბდი და გველი შემომაკვდა, მანგლით დავჭერ. უბრძანა მეფემან: - არც შენ შეგრჩეს! მეფემ დაითხოვნა კაცნი და ჯალაბეურ წალკოტში ლხინი მოინება. მებაღე ერთს ხეზე გავიდა და დაიმალა, სცნეს ხადუმთა, პოვეს და მეფეს მოგვარეს. მეფემ სიკვდილი ბრძანა. მებაღემ მოახსენა: ვითა ჩვენ არ შეგვრჩა ბრძანებისაებრ შენისა, აღარც შენ შეგრჩეს სიკვდილი ჩემიო! გაეცინა მეფესა და აღარ მოკლა. - ღვთით, იმედი მაქვს, არც თქვენ შეგრჩესთ ჩემი წახდენა, თვარა ჩემს საქმეს მე ვხედავ, რაც მაცან თავსაო. თქვა ჯუმბერ არაკი: განშორებული და მარტვილი იყო ერთი წმიდა კაცი, განშორებული. მოინება სოფლად გამოსვლა. გამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა, შევიდა კაცისა დიდებულისასა. დია კარგა დაჰხვდა. ვითა ჰმართებდა, გაასვენა. დიდებულს ერთის რვის წლის მარტვილი ჰყვანდა, უხაროდა. გამოხდა ჟამი. კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიაქვნდათ. უთხრა მამამან: - გადი, შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე: წარწყმდა, თუ ცხონდა? გავიდა მარტვილი. მოვიდა და მოახსენა სიხარულით: ცხონდაო! მეორეზე სხვა მკვდარი გამოატარეს. გაგზავნა კიდევ. მარტვილი მერმე მწუხარებით შემოვიდა: ეს კი წარწყმდაო! თქვა მან განშორებულმან: მე ორმოცი წელიწადია უდაბნოში ვარ და ანგელოზი საზრდოს მიზიდავს; მე ვერა ვსცნობ, ვინ ცხონდა და ანუ ვინ წარწყმდა, ამ მარტვილმან ვით სცნაო? უთხრა მარტვილმან: წმიდასა ამით ვსცნობ: ვინცა ვინ უკან ერი მისდევს, მას ყური დავუგდე. წეღან ამას ამბობდენ: კარგი და ღირსი იყოო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო, და ვიცი ცხონებულია, საქმით შეიტყობა. ახლა ამას ყველანი უჩიოდენ: ავი, უწყალო და უსამართლო, მტყუანი იყო, ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არა რცხვენოდაო. ამით ვიცი, კაცი მისი საქმით იცნობებაო. - ახლა შენცა გეტყობა. შენის ავსიტყვით და საქმით მრავალის ავის მოქმედი ხარ და ჩვენც შეგვიტყვია. უთხრა პასუხად რუქამ არაკი: კატის გაზრდილი ლომი ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩომია. წაიყვანა და ზრდა დაუწყო. რა გაიზარდა და დიდი შეიქმნა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა. დღესა ერთსა ნადირი ვეღარ იშოვნა, თავისი გამზრდელი კატა შესაჭმელად მოინდომა. კატამ რა შეიტყო, გაექცა და ხეზე გავიდა. ლომი ძირს წამოუწვა, უთხრა: ჩემო დედის უსაყვარლესო და ჩემო დამარჩენელო გამზრდელო, ყოველი შენი ზნეობა რომ მასწავლე, ეგ ხეზე გასვლა რად აღარ მასწავლეო? კატამ უპასუხა: ეს ჩემთვის შევინახე: რა ასრე გამიჭირდებოდა, მომხმარებოდაო. - მე ჩემი ცოდნა, თუ რამ ვიცოდი, შენ გასწავლე და ჩემთვის აღარა შევინახე რა, აწ არ ვიცი, ხელთა გყევარ და ბევრს ავსაც მიზამ. თქვა ვაზირმან არაკი: მოტირალი და მოცინარი ორნი კაცნი იყვნენ ქალაქსა ერთსა. ერთი წამდაუწუმ სულ ტიროდა და ერთი სრულობით იცინოდა, რომე მოწყენილს ვერავინ ნახევდა. ჰკითხეს მოტირალს კაცსა: ავზე და კარგზე, საცინალზე და სატირალზე სულ რატომ სტირიო? მან ეგრე თქვა: რა ვქმნა, ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ამ საწუთროს საქმეს შვრებიან, საუკუნო სასჯელი დაუვიწყებიათ, და მით ვტირი, ყოველნი ჯოჯოხეთს იშენებენო. მერმე მას მოცინარეს კაცს ჰკითხეს: შენ რა გაცინებსო? მან ესრე თქვა: ეს სოფელი მოკლეა, ყოველნი კაცნი ავს შვრებიან, კარგს არ იქმონენ. ყოველს კაცს ვუქადაგე, ვურჩიე, ვერა დავაჯერებინე რა და აწ სიცილს ძალი მივეც. მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია და ან მათი რა სარგებელია? - მის მსგავსად, შენთვის ვიურვე, ვიწუხე, ვინაღვლე, გასწავლე, ჩემი ვერა მოგასმინე რა; ახლა მეც სიცილს ძალი მივეც. უთხრა პასუხად რუქამ არაკი: მელი და მწევარნი ორნი მწევარნი ნადირობას დადიოდენ. ერთს მინდორში ნახეს, მელს თაგვი შეუპყრია, ხან გაუშვებს და ხან დაიჭერს, ხან ჰაერში შეაგდებს - ათამაშებს. მიეპარნენ და მელი შეიპყრეს. უთხრა მელმან მწევრებს: ჩემი დღე ხომ მოვიდა. ღმერთმან ჩემი თავი თქვენ მოგცათ. სადღა წაგივალ? ამ მინდორს ხედავთ? ამდენი შემიხვეწიეთ, თქვენც იცით, როგორ ჩემი გვარი თაგვის მტერია. გამიშვით, ერთი თაგვი დავიჭირო, ვითამაშო და მერე, რაც გინდა, მიყავითო! დატყუვდენ. მწევრებმა გაუშვეს მელი. მელმან თაგვი დაიჭირა, ათამაშა. შეაგდო და დაიჭირა. ხან აქეთ ათამაშა, ხან იქით. თურე ახლოს სორო ჰქონდა და შიგ შევარდა. მოუსხდენ მწევრები და უთხრეს: მელო! გამოდი ერთი თაგვი კიდევ ათამაშე, ის ხომ დიდად გიყვარსო და მერე შედიო! მელმან უთხრა: შარშან რაც ვითამაშე, ისიც მიმძიმს, არა თუ ახლა გამოვიდე და ვითამაშოო! - შარშან რაც გეუბენ და ან შენი ვისმინე, ისიც დიდად მიმძიმს, თუ დამეხსნებოდე, არცა რას ახლა გეუბნები. თქვა ლეონ არაკი: ვირად ცნობილი ყადი ერთი გლახაკი კაცი იყო, ერთი მჭლე ვირი ჰყვანდა. გაიპარა ვირი, წავიდა მთაში გასასუქებლად. გასუქებული მუნვე პატრონთან მოვიდა. იამა პატრონს დიდად და ცოლს უთხრა: საფქვავი აჰკიდე, წადი წისქვილში, დაფქვიო. ცოლმან უთხრა: თუ ჩვენს ვირს ამდენი ჭკუა ჰქონდა, მთაში მჭლე წავიდა, გასუქდა და მოვიდა, მაგას როგორ ვერა იქმს, უკაცოდ დაფქვას და მოიტანოსო? დაუჯერა ცოლს, ვირს ჯოხი დაჰკრა და გააძო. წავიდა ვირი. ვინცაღა კაცმან წაიყვანა, ვინ იცის! გამოხდა ერთი კვირა. ვირი აღარ მოვიდა. წავიდა ვირის პატრონი, მივიდა, მეწისქვილეს ჰკითხა: ვირი გამოვგზავნე შენთანა საფქვავითა და რა იქმნაო? მან ჰკითხა: ვინ გამოატანეო? ვირის პატრონმან უთხრა: ჩემი ვირი ასე ჭკვიანი იყო, კაცი არ უნდოდაო. იგი მეწისქვილე ხრიკიანი რამ იყო, მის კაცის სიბრიყვე შეიგნა. მის ზემოდ ერთი ქოსა მეწისქვილე იყო, დია ეშმაკი, მასთან მიასწავლა: აქ ჯერი არ ერგო და მასთან გავგზავნეო. იცოდა, რომ ის ისეთს უცხოს ტყუვილს ეტყოდა. მივიდა მას ქოსა მეწისქვილესთან, ყველა უთხრა. მან ეგრე უთხრა: აქ მოვიდა, დაფქვა, მე ისრე ჭკვიანი ვირი არ მინახავს! ერთი შავი ჯოროსანი, ოქროთ აკაზმული კაცი მოვიდოდა, მისი ჯორი ფქვილით იყიდა. შენი ვირი ზედ შეჯდა, ზანგას ჩავიდა. მუნებური ყადი მომკვდარიყო და ყადად შენი ვირი დასვეს, იქ მონახეო! მან კაცმან დაუჯერა. ზანგას წავიდა. ნახა, ყადი შავს ჯორსა ზის, ოქროთ აკაზმულსა. მის კაცის სიტყვა ენიშნა, შავი ჯორი იყო. უთხრა ყადს: მე ვერ მიცნობო? ყადი რას იცნობდა, პასუხი არ მისცა. მერმე უთხრა: ჩემი ვირი ხარ, რად აგრე მალე გაამპარტავნებულხარო? რა ეს ისმინა, მრავალი სცეს, თავი გაუტეხეს და გააძევეს. რა ყადი ტარუღასთან მივიდა, მოვიდა იგი კაციც და იჩივლა: ეგე ჩემი ვირია, საფქვავი მაგ ჯორში მიუცია, გამომეპარა და აქ ყადად დამჯდარა. ყადმან თქვა: რას ამბობ? ვერავინ მიცნობთ? მამა-პაპანი ჩემნი აქ დაბერებულან, რად არ გააძებთ მაგ კაცსაო. მან კაცმან ასრე თქვა: მოსამართლენო! ეგ ყადი ნახეთ, ჩემს ვირს შიგნით ბარკლებზე, ორგნითვე დაღი აზის. თუ ეს ნიშანი ჰქონდეს, ჩემი ვირია, მომეცით და თუ არა და, ვსტყუიო. ყადს თურე ქარი სჭირდა და ორსავ ბარკალზე შიგნით დუგუნები დაესხა. რა ნიფხავი ჩაჰხადეს, ნიშანი ნახეს. გამტყუნდა ყადი, სამართლით მისი ვირი შეიქმნა! მისცეს მას კაცსა. მერე ყადი შეეხვეწა: შენც იცი, რასაც რეგვენობით არ მედავები. ჩემთან შენ ხელი არა გაქვს, მაგრა ამ ჯორს თავისის აკაზმულობით მოგცემ, შენს ვირს ხომ ესე სჯობს და ნუღარ მარცხვნიო. მისცა ქრთამად ჯორი ოქროს აკაზმულობით. და მან კაცმან კიდევ დავა დაუწყო: ეს ჯორი ჩემის ფქვილით გიყიდია, შენ ჩემი ვირი ხარო. დაღონდა, რას გადავეკიდე მე ამ კაცსაო. სხვა ღონე ვეღარა ქმნა რა და ასი ფლურიც თავის თავში მისცა. შეჯდა ჯორსა ოქროთ აკაზმულსა და წამოვიდა კაცი იგი. - რუქავ, ეს ხომ ყოველმან კაცმან იცის, შენც მას უგუნურსავით, რასაც ცუდად არ ედები, ჩვენში საქიშპარი საქმე არა გაქვს რა, და ჩვენც ქრთამს მოგცემთ და მოგვეშორე, გეხვეწებით! თქვა რუქამ არაკი: ვირი, კაჭკაჭი და მგელი ერთი კაცი იყო. ერთი დაღლეტილი ვირი ჰყვანდა. წაიყვანა და საძოვარზე დააბა. თვითონ მიღმა დაჯდა და ყურება დაუწყო. მოვიდა კაჭკაჭი, ზურგზე შეაჯდა, დამპალს ხორცს გლეჯა დაუწყო. ვირი დაბმული იყო, ვერ აეშვა და ტლინკვა დაიწყო. რამდენჯერ ვირი ტლინკს შეყრიდა, მისი პატრონი კაცი სიცილით ბნდებოდა. ტყიდამ ერთი მგელი უყურებდა და თქვა: მე თუ მას ვირთან მნახვენ, ამ სოფლის კაცი და ძაღლი სრულობით მე გამომეკიდებიან, და აგერ ვირი კაჭკაჭმან ლამის შეჭამოს, და პატრონი ხარობსო! - მისი არ იყოს, რა მე ხმას ამოვიღებ, ყველანი პირს შეკვრენ და მე გამომეკიდებიან, თვარა უმისოდ თვით გაერთებულან და რას ხრიკს ლამიან, ჩანს. თქვა ჯუმბერ არაკი: ორნი ამხანაგნი და დათვი ორნი ამხანაგნი წავიდნენ ნადირობად. ნახეს, ერთი მაწოვარი დათვი მოვიდოდა. იარეს და მისი სორო პოვეს. თქვეს: სოროში მას დათვს ბელები ეყოლება, იგინი გამოვასხათო! ერთი შიგ შევიდა და მეორე გარედ დადგა. ნახა: დათვი დაბრუნებულიყო და მოვიდა. იგი მეორე ამხანაგი შეშინდა და ხეზე გავიდა. დათვმან სოროში შესვლა მოინდომა. მან ამხანაგმან თქვა: თუცა დათვი სოროში შევა, მას ჩემს ამხანაგს ხომ მოკლავსო. დათვმან რომ წელს წინათი სოროში შეყო, ჩამოვიდა ხიდამ მეორე ამხანაგი, დათვს კუდი მაგრა დაუჭირა, სოროს პირს ორნივ ფერხნი მიაჭირნა. დათვმან ყვირილი შექმნა და მიწას ბრდღვნა დაუწყო, სორო სულ მტვრით აავსო. მან შიგნითმან ამხანაგმან უყივლა: - ნუ ამტვერებ, მტვერმან დამარჩოო! გარეთმან უთხრა: თუ კუდი ხელთ არ მეჭიროს, შენს მტვრის მოდენას მაშინ ნახავო! - მეც თუ ამათი კუდი ხელთ არ მეჭიროს და შენზე მოვუშვებდე, შენს ყოფას ესენი მოგანახვებენ. უთხრა პასუხად რუქამ არაკი: ყაზან-შაჰ და მისი ცოლი იყო ყაზან-შაჰ ერთი დიდი დიდებული და ხათუნად ჰყვა ქალი ერთი შვენიერი. ეყოლა ვაჟიშვილი და, რა მოიზარდა, მამა-დედანი ათამაშებდენ. ცოლს მარტვილი სთხოვა და, რა მიაძლია, ხათუნს ფათერაკი მოუხდა და ქარი დასძვრა. იწყინა დიდად ყაზან-შამ და ცოლიც გააგდო და შვილიც თან გაატანა მარტო უკაცოდ. და მან სხვა ხათუნი დაისვა. წავიდა ხათუნი, სამკაული დამალა, ძონძი შეიმოსა და ერთს მეწისქვილეს შეეწყო. ერთი მისი ტოლი ყრმა მას მეწისქვილეს ჰყვანდა და ორნივ ერთად იზრდებოდენ და თამაშობდენ. მეწისქვილის ძე მცირეს წისქვილს აშენებდის, ღარსა და ბორბალს აკეთებდის, ვითა მამა-პაპათა წესია. ხათუნის ძე ტახტს კრევდის, ზედ დაჯდის და ეტყოდის: მე დამიჩოქე და შემომჩივლეო! ყრმობითგანვე ესრე იყვნენ. რა ათჩვიდმეტისა წლისა შეიქმნა, მას წისქვილთან კაი ადგილი ხევნარი იყო, ყაზან-შას სპასალარი თემის ასაწერად იარებოდა, მუნ მოვიდა და დადგა. ნახა ყრმა იგი და მოეწონა. იკითხა: ვისიაო. და მოახსენეს: ერთი საბრალო დიაცის შვილიაო. სპასალარმან დიაციცა და მისი ძეც, ორნივ თან წაიტანა. მან ყრმამან ასრე შეაყვარა თავი, მის ძეს იგი ერჩია და დიდს პატივს უყოფდა. დღესა ერთსა ჰკითხა შვილმან დედასა: ვინა ვარ, ან ვისი ძეო? დედამ უთხრა: შაჰის ძე ხარო და ასე მომიხდაო. მისთვის მეც გამომაძო და შენცაო. შვილმან უთხრა: თუ სხვა არა შეგიცოდებია რა, მაგისი ადვილი არისო. დედამ შეჰფიცა: არაო. გამოუღო დედას სამკაული, ოქროზე გაყიდა. დასხა ოქრომჭედლები და სულ ოქროს ხორბალი დააქნევინა. წავიდა ბაზარში. ყასაბსა, მეწვრილმანესა და მეპურესა სუყველას ხორბალი დაუწინდა: სამს დღეს უკან ფასს მოგიტანთო, სასმელ-საჭმელი იყიდა და სპასალარს გაუმასპინძლდა. რა დრო გარდავიდა, ხორბალი აღარ დაიხსნა. მოვიდნენ ვაჭარნი და ხორბალი მოუტანეს. ფასი სთხოვეს. მან შორს დაუჭირა: მე ფასი ვინ მომცა? ჩვენს თემს მაგას ვსთესავთ, მოვიმკით და მაგას გავყიდით; მე სხვა არა მაქვს რაო. წავიდნენ ვაჭარნი და ყაზან-შას შესჩივლეს. უხმეს მას ყრმასა. ჰკითხეს. მან იგივე თქვა. ყაზან-შამ ყოველი ხორბალი მოაღებინა, წინ დაიგროვა, ჰკითხა მას ყრმასა: აქაც მოვა ამისთანა ხორბალიო? მან მოახსენა: ყოველგან მოვაო. მაშინვე ბაღი დააბარვინა და უნდა, რომ დათესონ. მოახსენა: აგრე არ უნდა. ასეთი კაცი იშოეთ, რომ ქარი არა სძროდეს, თვარა არ მოვაო. შეიქმნა მოკითხულობა: ვის არა სძრომია ქარიო? ვერავინ პოვეს. მოახსენა: თქვენ ხომ არ იკადრებდითო? მან უბრძანა: მე წეღანაცა დამემართაო. მერმე მოახსენა: რა სირცხვილია, შინ მოიკითხეთ და ხათუნმან თავი დაიმდაბლოს და დათესოს. შევიდა ყაზან-შაჰ. ვერც მუნ პოვა. მოვიდა, უთხრა: რა ვქმნა, არ იშოებაო! მერმე ყრმამან უთხრა: მაშ, დანაშაული რა იყო, ან დედა რად გამიგდე და ან მე, თუ სხვა კი არ იპოვებოდაო? რა შეიგნა მისი შვილობა, ყელს მოეხვია და დედა მისი აგრევ ხათუნად დაისვა და შვილი შვილად. - აწ მეც, თუ მაგის მეტი შეცოდება არა მაქვს, რომ კარგსიტყვა ვარ და პასუხს მოგცემ, მაგაზე რად მომისევ მაგ კაცთა და გამალახვინებ? მითხარ: უთქმელი და უსიტყვო კაცი ვინ არის? | |
|