1:25 PM სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი XVIII | |
ბროწეულის წვენი ერთი მებაღე იყო მოსავი ღვთისა და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდის, ხილი მიართვის. ერთი ბროწეული გამოუწურის. რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, ერთის ბროწეულის წვენით აივსის და მას ასმევდის. დღესა ერთსა მეფე ეწვია სხვის ტანისამოსითა. მებაღემ ვერ იცნა და ხილი მიართვა და ბროწეული გამოუწურა. გაუკვირდა მეფესა ერთის ბროწეულისაგან ეგოდენი წვენი და თქვა: თუ ერთს ბროწეულს ამდენი წვენი აქვს, მე რატომ ჩემნი მოხელენი ცოტას მომიღებენო? მათ მოვკითხაო! ხვალის დღეს კიდევ მოვიდა მეფე და ბროწეული გამოაწურვინა. მცირედი წვენი გამოვიდა. ჰკითხა მებაღეს: გუშინ მრავალი წვენი ჰქონდა, ახლა რა დამართებიაო? მებაღემ უთხრა: ძმაო, ჩვენი მეფე აქამომდე გულხსნილი და უხვი კაცი იყო და მით დიდი გამოსავალი ჰქონდა, ახლა თურე გულში ზრუნვა რამ შესვლია და მით მოაკლდაო. მეფემან სცნა მისი გულის ზრახვა და წავიდა. - თურე ჩემს მოწყალეს მეფესაც თქვენის გესლოვნის ენისაგან ჩემზე გული გარყვნია და მით მეუბნებით მაგ რიგად, თვარა ვერა მეტყოდითო. თქვა ლეონ არაკი: ყასაბი და მყიდველი ერთი კაცი მივიდა ყასაბთან, უთხრა: ძმაო, ფასი მზა არა მაქვს, ერთი ცხვრის ფეშხო მომეც და ხვალ ფასსა მოგცემო. ყასაბმან უთხრა: შენ არ გეკადრება სისხლიანი ხორცი გეპყრას და მიხვიდოდე; სადგომს მიდი, ერთის მონის ხელით შენის თმის ბეწვი გამომიგზავნე, ვინიშნებ და გამოგიგზავნიო. წავიდა კაცი იგი და ერთის მონის ხელით თმის ბეწვი გამოუგზავნა. მოუტანა მან კაცმან და უთხრა: მან კაცმან გამოგიგზავნა ნიშნად ბეწვი და ხორცი გთხოვაო. ყასაბმან უთხრა: ვაჟო! თვით აქ იყო, წვერიცა და ულვაშიც ზედ ესხა, არამც თუ თმის ბალანი, და ერთი გამოსაცოხნიც არ ვაჭამე, ახლა ერთის ბალნით ბევრი რად გავუგზავნოო? - შენც ისე როტავ. მეფის შვილი და ვაზირი რომ შენთვის კარგნი იყვნენ, მაშინ როდის იყო მეფე შენზე გულტკბილად, რომ ახლა ესენი გემდურვიან, მეფე შენზე გულგაურყვნელად იყოსო? უთხრა პასუხად რუქამ არაკი: ქაჯთა შემპყრობელი იყო სოფელსა ერთსა ხევი კლდიანი და ხრამი, ღრმა ჩასასვლელი მთანი მოსდგმიდენ. მუნ ხიდი იდვა და მის თემის კაცნი მასზე დადიოდენ. დაიმკვიდრეს ქაჯთა და მასზე მიმავალს კაცს ზოგს ლოდს ესროდენ, ზოგს ეფეთებოდენ და შეშლიდენ. შეწუხდა თემი და მეფე მის ადგილისა. ვერა უწამლეს რა. მოახსენა ერთმან კაცმან: მე თუ მიბრძანო, გმსახუროო! დაუმადლა მეფემან და წავიდა კაცი იგი. ორი ორძალი წაიღო, ორი ხირაული, ერთი ქიშა ღვინო, ერთი ქიშა საძილო წამალი, ორი ფიალა და ერთი ღორის ჯაგრის თოკი. მივიდა მას ხიდზე. ერთი ხირაული მიღმართ გაფინა, ერთი ორძალი და ერთი ფიალა და საძილო წამალი მასზე დადგა. მოღმართ სხვა ხირაული გაფინა, თოკი ქვეშ დაიდვა და ზედ დაჯდა. ღვინო მოიდგა, ორძალს კვრა დაუწყო და ზედ ემღეროდა. ღვინოს სმიდა და მარტოობის ლექსსა იტყოდა. ნახეს ქაჯთა ეს საქმე. ორნი იყვნენ, მივიდნენ, მას ხირაულზე დასხდნენ. მათაც სმა დაუწყეს და ორძალს კვრა. მოეკიდა საძილო წამალი და ორთავ დაეძინათ. ადგა კაცი იგი, ორნივ ქაჯნი ხირაულში გაახვია, მაგრა ღორის საბლით შეკრა და მეფესთან მიიყვანა. მათ ქაჯთაც გაეღვიძათ. ჰკითხა მეფემან: თქვენა ხართ ქაჯნი? მოახსენეს: ჩვენ არა ვართ, ეს თქვენი კაცი ყოფილა ქაჯიცა და ეშმაკიცაო. - მის მსგავსად, თქვენ ხართ ყოვლის ავის მქმნელი და თქვენ აავებთ მეფის გულსა, თვარა ჩემი უზომოდ მოწყალე ბრძანდებოდა. თქვა ჯუმბერ არაკი: მავალი გლახაკი ერთი გლახაკი კაცი გამდიდრებულიყო და მისის შვილისათვის ერთის მდიდრის ქალი ითხოვა. მან მდიდარმან თქვა: უარი უთხრა, დამემტერება, და მივსცე არ იქმნება; ამასაც ვეცადო, მიზეზით მოვრჩეო. უთხრა: თუცა ეგ შენი შვილი ერთს წელს სიგლახაკეს იწყებს და კარდაკარ მავალი და მათხოვარი შეიქმნება, მივსცემო. რა მისმან ძემან მოისმინა, იწყო წლამდის მავლობა და თხოვა. რა წელიწადი გასრულდა, კიდევ სთხოვა. მერმე უთხრა: თუცა ახლა მავლობას და თხოვნას მოიკვეთს, მივსცემ, თვარა მავალს როგორ მივსცეო? რა მას მავალს ესმა, შორს დაიჭირა: ერთს წელიწადს ძლივ ვისწავლეო, როგორღა მოვიკვეთოო? იმან მავლობა არ გაუშვა და მან ქალი აღარა მისცა. - აწ შენცა მაგ ჩხუბიანსა და ავს ენას ნაჩვევი ხარ და არას მიზეზით არ მოიშლი, რადგან წლის ჩვეულება ძნელი მოსაკვეთია. შენ ხომ შენი დღენი მაგ საქმეში დაგიღამებია. უთხრა პასუხად რუქამ არაკი: სანთლით საძებარი მოურავი იყო ერთი მოურავი. დია კარგი კაცი იყო, მაგრამ მისი სახელო კაცნი გაუმტერდენ, შეასმინეს მეფესა. მას წაართვა მოურაობა და სხვას მისცა. ახალი იგი მოურავი ავი კაცი იყო და ბევრი ძალა უყო. დაღონდნენ იგი კაცნი და თქვეს: ეს ხომ არ ძალგვიც, მეფეს კიდევ სხვა მოურავი გამოვთხოვოთ, და აწ რა ვქმნათ? შეიყარნენ კაცით დედაკაცამდის, და ათსავე თითზე სანთლები დაინთეს და ფოლორცში სვლა დაიწყეს. იკითხა მეფემან: რას ეტარებიანო? მათ მოახსენეს: მაშინ რომ მოურავი გავაძეთ, მას ვეძებთო და ვერ გვიპოვნიაო. - მე ხომ თქვენ კიდეც გამათავეთ და ვიცი, თქვენის ნებისას დამმართებთ, მაგრამ თუ სანთლით არ მომნახოთ, შეიტყობთ! მიეპყრო ყური მეფესა: ხან იცინოდის, ხან იამის და ხან გაწყრის და არ გამოიჩინის სიყვარულისა მათისათვის. და დაეტყო ბოლოდ, რომ რუქაზედ ავგულად ქმნილიყო. თქვა მეფემან არაკი: ძაღლები და მგელი ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღლი, ღრენა და კბენა გაუშვეს და ყოველთა ერთად შეუტივეს და მგელი გააძეს. მოიქცნენ და მასვე მძორზე შუღლი დაიწყეს. რამდენჯერ მხეცს ნახევდენ, მას ერთპირ გაუხდიან და მერმე აგრევე შუღლობდიან. - ჰა, თქვენც ან დღე იცოდეთ, ან ღამე. ან მტრისა გაიგევით, ან ჩემი რამ იურვეთ და მერმე კიდევ იუბენით და იკამათეთ. თქვა ვაზირმან არაკი: დიდვაჭარი და ტრედი იყო ბურსას დიდებული ერთი, დიდვაჭარი, მდიდარი, ღვთისმოყვარე, ბედნიერი. რასაც სახლში იდგა, იმ სახლის კედელში ერთი პალო ერჭვა. მოვიდის ერთი ტრედი და მას პალოზე ბუდე ქმნის და ხუნდები გამოჩიკის. დღესა ერთსა ნახა ქარავანი დიდი მომავალი და მიაგება კაცი, მოიყვანა და ახლო დააყენა. მას ქარავნის უხუცესი ყრმა კაცი იყო, ინდოეთით წამოსული, დიდვაჭრის შვილი. და მამას ასი აქლემის საპალნე დარიჩინი და მიხაკი გამოეტანებინა და ესრე დაემცნო: ერთს კაცს მიჰყიდე და ერთი რიგი ფასი აიღე, ან ფლური, ან სულ მარჩილი, ან ასლანი. მან ვაჭარმან ესე ყველა უთხრა. თქვა: მამის ბრძანებას ვერ გარდავხდებიო, და ესოდენი ვის ექმნება ესრეთის რიგის ფასით იყიდოსო? მან ბურსელმან კაცმან უთხრა: მე ვიყიდიო, რომელი ფასი გინდაო? მან ინდოელმან ვაჭარმან გამოსცადა და უთხრა: სრულობით ასლანი მინდაო. ბურსელმან ვაჭარმან უბრძანა მსახურთა. მისის ფასისა სულ ასლანი ვეცხლი შეკრეს. მერმე ინდომან თქვა: არა ეგ არ მინდა, სრულობით მარჩილი მინდაო. დაცალეს მისი ტვირთები და მარჩილით აავსეს. მერმე ფლური მოინდომა. ამიტომ სცდიდა, მისი საქონელი უნდოდა შეეგნა, რაერთის მქონეაო. ბურსელს ვაჭარს აბანოს შენება უნდოდა. კირი დაზელილი მზად ჰქონდა და, რა რომ ინდოელი ვაჭარი მოვიდა, მაშინვე ის ასი საპალნე დარიჩინი და მიხაკი დაანაყვინა და მას კირში გაურია. აბანო ააშენა და მაშიგ აბანა, მრავალი აჩუქა და გაისტუმრა. ინდოელი ვაჭარი წავიდა დიდად გაკვირვებული მისის სიმდიდრისაგან. გამოხდა ხანი და ტრედმან რიგი გარდაიცვალა. მას პალოზე ტრედმან ბუდე აღარ დადგა და აღარც შემოვიდა სახლსა. თქვა მან ვაჭარმან: დღეს ვნახე, ჩემი ბედი უკუღმა დაბრუნდაო, ქონებიდამ დავიცლებიო. ვაჭრობიდამ ხელი აიღო, სალაროები დაბეჭდა, გლახური შეიმოსა, აღარც ცხენზე შეჯდა და წავიდა ქვეითი. იარა მრავალი და დაშვრა მეტად და მიეგდო ერთსა ადგილსა. მოვიდა სოფლის ხვასტაგი და ერთმან ვირმან ზედ ვაჭარზე გარდაილაჯა და დააფსა. მან დიდვაჭარმან თავი არ მიჰრიდა; თქვა: ვიცი ბედი დაბრუნებული მაქვს და ესეც შევირაცხო, თვარა განა სხვას ადგილს ვერ ჰპოებდა, ჩემთვის არ დაეფსაო. ზე ადგა და წავიდა. მუნამდე იარა, ინდოეთს მივიდა, დაიწყო გლახაკურად სვლა. ბაზარში ვიდოდა და ნახა მისმან ვაჭრის შვილმან, რომელმან დარიჩინი და მიხაკი მიჰყიდა. იცნა და ორი ფლური მისცა საგლახაკო და მონას უთხრა მისსა სადგომს მიიყვანეო. რა დაღამდა, მივიდა, ჰკითხა: რა დაგმართებია ან რა მოგიხდაო? მან ყოველივე უამბო. რა მართალი შეიგნა, მივიდა, მამას უამბო. დიდად გაიხარა და დიდის პატივით შეინახა. იმყოფებოდა მუნ. თურე ღმერთმან მისის სასჯელი და ეგოდენი ჭირი შეუწირა და ბედი წაღმავე დაუბრუნდა. მას სახლში, სადაც იდგა, ერთი პალო იყო. შემოვიდა ტრედი და პალოზე კვერცხი დადო. შეიგნა მან ვაჭარმან მისის უკუღმართის ბედის წაღმართობა და გამოეთხოვა მასპინძელს, მივიდა შინ ეგრევე ვაჭრობა დაიწყო. - მაღალო ხელმწიფეო! თვით უძლეველმან თავმან თქვენმან უწყის, მე ვითარი ამხანაგი და მოყვასი ვარ რუქასი, მაგრამ ვიცი, ბედი უკუღმა დაბრუნებია. ვუშლი, ვასწავლი და არ ისმენს, თვარა მე ან ერთთან და ან მეორესთან სანამეტნაო, სამტერ-სამოყვრო რა მაქვს? თქვა მეფემან არაკი: მეფე და მისი შვილი იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა: - შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ვირემ ცოცხალ ვიყო, ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს მიეც! უსმინა შვილმან და ესრეთი სამართალი და სიკეთე გამოიჩინა, მამა ყოველთავე დაავიწყა და კარგად დაიწყო მეფობა. დღისით ცხენს არ შეჰჯდის, ღამით შეჰჯდის, წავიდის და ლამპარი უკან მიიდევნის, წინ არ გაიმძღვანის. უკვირდა ყოველსა კაცსა და ვერვინ აკადრა მოხსენვბა. იკითხა ერთსა დღესა მამამან მისმან შვილისა: ვითარ მეფობსო? მათ ყოველივე მოახსენეს, მეფობისა ქება, ღამე სიარული და ლამპრისა უკან მიყოლა. მოიყვანა მამამან და უთხრა: შვილო, შენი დიდი ქება მესმის და ღამით თუ სლვა გიყვარს, ლამპარი წინ წაიმძღვანო, იგი არ უმჯობესია, უკან ტარებასაო! შვილმან მოახსენა: დღეისამდინ მე ვერა შემოგკადრე, თვარა მისთვის ვქმენი ეს საქმე, სალაროც თქვენსავ სიცოცხლეში წინ წაიმძღვანო და გლახაკს უბოძო, ისი სჯობს, თვარა მას უკან გაცემული უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო. იამა მეფესა და ყოველივე გასცა. დაუმადლა შვილსა და თქვა: ყოველივე კეთილი სიცოცხლეში ქმნას სჯობსო და სიკეთის ქმნას დაეშუროსო. - სედრაქ ვაზირო! განა მე არ ვუწყი, მაგრამ მაგ რუქას ესრე ჰგონია, ჯერეთ ესრე სჯობსო, მერმე სიკეთეს ვიქმნო. ეს კი არ იცის, სოფელი მოკლეა და მოუსწრობს. ავნაქმნარი და კაის უქმნელი რჩება და მერმე ვეღარას წაიძღვანს ავნაქმნარის მეტსა. თქვა ვაზირმან არაკი: ქორი, იხვი და კაკაბი ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება. იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა. ქორი წაეტანა, ამასაც დავიჭერო. იგი იხვიც ჭანგიდამ დაეხსნა და წაუვიდა. ვეღარც კაკაბს მოეწია და ორივ დაეკარგა. - ახლა თქვენმან რუქამ რომ ავკაცობა გაუშვას და სიკეთეს გამოუდგეს, მას ვეღარ მოეწევა და ისიც დაეკარგება, მას ქორსავით დაემართება და საბრალო შეიქმნება. თქვა მეფემან არაკი: იხვი და მყვარი ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა. ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა. იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო! მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო! იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა. მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა. ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო? მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო. - რადგან რუქა აგრე ავის საქმის ქმნაზე დამკვიდრებულა, თქვენ კი ნუ აჰყვებით, კარგი ქმენით და მაგას იმ მყვარსავით დაემართებაო. თქვა ვაზირმან არაკი: აქიმი და ორი სნეული იყო ერთი მეფე სახელოვანი, მოწყალე და ძლიერი. ჰყვა აქიმი ერთი, რომ სენი უკურნებელი ვერ მოურჩებოდა. ორი დიდებული დასნეულდა მეფისა სასტიკითა სენითა. ერთი ესრეთ შეკრულ იყო მუცელში, ათხუთმეტს დღეში ერთხელ ვერ გავიდის. და ერთი ასრე გახსნილიყო, დღეში ორმოცჯერ იყვანდის. დიდად დაშვრა მათ აქიმობაზე და ვერა რა ჰკურნა. ჰკითხვიდის მეფე მრავალგზის მათს ამბავს. დღესა ერთსა მოეხვია აქიმი მეფესა მუხლსა და მოახსენა: - თუცა რისხვა გნებავს ჩემი, მომკალი და ამიკლე, და, თუცა მწყალობ, ეს მითავე, მათს აქიმობას მომარიდე. ერთისათვის ამაზე ვაღამებ დღესა: ცოტად გავიდეს, და ერთისათვის ამაზე ვათევ ღამესა, როდეს მეღირსოს მისი გასვლა! ჩემის სიმდიდრისათვის მეფეს ვევედრები და ცხოვნებისათვის ღმერთსა. ღვთის ხვეწნა ამაზე დავასრულე და რიღათ აწ ერთს ვეღირსო?! - ჰე მეფეო, შენც შემივედრე, და მათს უბნობას და ამათში გართვას გარდამარჩინე! თქვა მეფემან არაკი: მოყვარულნი ცოლ-ქმარნი იყვნენ ქალაქსა კონსტანტინეპოლისასა ერთი ცოლ-ქმარნი დიდად მოყვარულნი. ქმარი ბაზარში ჯდის სყიდვად რაოდენისა რისამე და თვალაგნა ქალმან ვინმე. იგი მრავალგზის გარს უვლიდის, და ვერ აგრძნა მან კაცმან ტრფიალება აშიკისა მისისა. მერმე ქალმან მან ფიალა ერთი წყლით აღავსო და ფურცელი ჭანდრისა ზედ დაბურა და წინაშე დაუდგა. კაცი იგი გაჰკვირდა და ვერა შეიტყო რა და დასნეულდა. უთხრა ცოლსა: ერთმან ქალმან ესრეთ მიქმნა და მას უკან ავად ვარ, მე ვეღარ ვკეთილობ. ცოლმან უთხრა: - ქალი იგი შენი ტრფიალი შექმნილა და ამით დასნეულებულხარ. თავს რად მოიკლავ, წადი მას ქალსა თანა! ქმარმან უთხრა: - არ ვიცი სად არის. უთხა ცოლმან: სადაც სახლის წინ ჭანდარი იდგეს და ჭანდრის წინ აუზი იყოს, მუნ მონახე და პოვებო! წავიდა ქმარი მისი და ადგილი იგი პოვა. კარი დახშული იყო და არ გააღეს. მოვიდა, ცოლს უთხრა. ცოლმან უთხრა: მის კარიდამ შენი მისვლა არ ნებავს, სხვის კარით მიდიო. წავიდა კაცი იგი, სხვა კარით შევიდა, მას ქალს შეეყარა, ილხინეს და იმუსაიფეს. მოვიდნენ ბაზრის მცველნი და მათ ქალ-ყმათ კარი დაუჭირეს, მრავალი ქრთამი აძლიეს და თავი ვერ დაიხსნეს. მან კაცმან ერთს კაცს ერთი ფლური მისცა, მის ცოლთან გაგზავნა: ჩვენ ესრეთ მოგვევლინაო! იგინი ბაზრის მცველთ წაიყვანეს, საპატიმროსა დააბნეს. ენებათ მეორეს დღეს ყადის მბობა და დახოცა მათი. მან კაცისა ცოლმან ერთი წიგნი დაწერა ყადთან: შენ, სამართლიანო მსაჯულო! შენს დროში ცოლ-ქმარნი ერთმანერთის ყოფისათვის გაიყვანონ და შეიპყრან და დაატყვევონ ვის ჟამად ქმნილაო? და თვით ზეწარში გაეხვია, და სადაც ქმარი დაბმული და იგი ბოზი დიაცი იყო, მუნ მივიდა. მეპატიმრეს შეევედრა, ვალი მართებს მას კაცსა ჩემიო და მუნ შემიშვიო! რა შეუშვა, ზეწარი მას ბოზს დიაცს წამოასხა, გამოუტევა და თვით ქმარს მოუჯდა. რა ყადს მისი წიგნი მიუვიდა, დია იწყინა. გაგზავნა კაცნი და მის წინ პყრობილნიცა და შემპყრობელნიც მოიყვანნა. მათ შემპყრობელთ ფიცეს: ესენი ისიძევდესო და ბოზობაზე შევიპყარითო. მან ქალმან ესე უთხრა: მამაჩემი ესადაეს კაცია და მას ჰკითხეთ, თუ მე ამ კაცის ცოლი არ ვიყო! თუ ბოზობას მიდებთ სხვას კაცთან მიწყინეთ, თვარა ჩემს ქმართან მე ბოზობას ვერას საქმით ვერ მოვრჩებიო. - ჰე სედრაქ ვაზირო, მეც დიდად მიმძიმს თქვენი ასრე გარდაკიდება, მაგრამ ასრე ვხედავ: ვერც შენ გარდარჩები ამ საქმეს უფათერაკოდ, ვერც მე და ვერც სხვა ვინმე. და კმა არს დღესა ამას თქმად მრავალი ესე მეტყველება ჩვენი. | |
|