10:06 PM ჩინგიზ ყაენის შესახებ... | |
ჩინგიზ ყაენისათვის განგებას არ უბოძებია ისეთი ბედი,როგორც ჰქონდა,იგი მან თავადვე გამოჭედა.როდესაც დაიბადა,არავის მოსვლია აზრად,ამ ბიჭს ოდესმე საკმარისი ცხენი ეყოლება საიმისოდ,რომ თავისი სულის ალამი იქონიოსო; მით უმეტეს,არავინ დაიჯერებდა,რომ ამ ალამს ის მსოფლიოს გზებზე გაიყოლებდა.ბავშვი,რომელსაც მოგვიანებით ჩინგიზ ყაენი ეწოდა,იზრდებოდა ტომში გამეფებული უკიდურესი ძალადობის ატმოსფეროში,სადაც მკვლელობა,ადამიანის მოტაცება და დამონება ჩვეულებრივი ამბავი იყო.როგორც გაძევებული ოჯახის პირმშო,იგი სასიკვდილოდ გაიმეტეს და სტეპებში დატოვეს,ამიტომაც ცხოვრების გზაზე,ჯერ კიდევ მცირეწლოვანს,უამრავ ადამიანთან მოუწია შეხვედრა.სისტემატიური განათლება არ მიუღია.დაუნდობელმა ცხოვრებამ ადრევე აზიარა ამქვეყნად ყველაზე მძაფრ ადამიანურ მისწრაფებებს: ვნებას,ამბიციასა და სისასტიკეს.ბავშვობაში მან მოკლა უფროსი ნახევარძმა,მერე ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგე ტომს.ხუნდები დაადეს,მაგრამ გადარჩა და ტყვეობიდან თავის დახსნაც შეძლო. ამ შემზარავ პირობებში ბიჭს გადარჩენისა და თავდაცვის საოცარი ინსტიქტი აღმოაჩნდა,მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი მოასწავებდა მის მომავალ უდიდეს წარმატებებს.ბავშვობაში ძაღლებისა ეშინოდა და მტირალაც იყო.მასზე ძლიერი უმცროსი ძმა ისრის სროლასა და მძლეოსნობასი სჯობნიდა,ნახევარძმა კი ეუფროსებოდა და ტუქსავდა კიდეც.შიმშილის,ტყვეობისა და ყმობის დამამცირებელ გარემოში დაიწყო მისი გრძელი გზა ძალაუფლებისაკენ.ჯერ კიდევ მოზარდი შეხვდა და დაუახლოვდა ორ ადამიანს,რომლებთან ურთიერთობაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში - სამუდამო ძმობა შეჰფიცა თავისზე ოდნავ უფროს ყმაწვილს,რომელიც სიჭაბუკეში მომავალი ყაენის უახლოესი მეგობარი გახდა,თუმცა გარდატეხის ასაკში მის ყველაზე დიდ მტრად იქცა, და იპოვა გოგონა,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა და რომელიც იმპერატორების დედად აქცია.მეგობრობაც ისეთი იცოდა,როგორიც მტრობა - ეს უნარი,რომელიც ახალგაზრდობაშივე გამოამჟღავნა,მისი ხასიათის განმსაზღვრელი ნიშანი გახდა.საერთო საბნის ქვეშ თუ კერიის მბოლავი ცეცხლის პირას დაბადებული მტანჯველი კითხვები სიყვარულისა და მამობის შესახებ პროექციად იქცა მსოფლიოს ისტორიის უდიდეს სცენაზე.მისმა პირადმა მიზნებმა და სურვილებმა წალეკა მსოფლიო. წლიდან წლამდე,ზედიზედ ამარცხებდა ძლიერ მეზობლებს,სანამ მონღოლეთის სტეპების უკლებლივ ყველა ტომი არ დაიმორჩილა.ორმოცდაათი წლის ასაკში,როცა ყველა უდიდესი დამპყრობელისთვის ბრძოლები გარდასულია,ჩინგიზ ყაენს "სულის ალამი" კვლავ უხმობდა შორეული ადგილებისაკენ,ცივილიზებულ ხალხებთან შესაბრძოლებლად,რომლებიც საუკუნეთა მანძილზე ჩაგრავდნენ და იმონებდნენ მომთაბარე ტომებს.სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც კი ის გამარჯვების მოსაპოვებლად "სულის ალამს" მიჰყვებოდა ჩინეთის სამეფოებიდან - გობის უდაბნოსა და ყვითელი მდინარის მიდამოებიდან - თურქებითა და სპარსელებით დასახლებული შუა აზიის მიწებამდე,ავღანეთის მთებიდან მდინარე ინდამდე. დაპყრობიდან დაპყრობამდე მონღოლთა არმიამ ბრძოლა კონტინენტური მასშტაბის მოვლენად აქცია და ათასობით კილომეტრზე გაშალა.შუა საუკუნეების ევროპელი რაინდების მძიმე აღჭურვილობა მოძველებული ჩანდა ჩინგიზ ყაენის ახლებული საბრძოლო ტაქტიკისა და სტრატეგიის ფონზე.მისი დისციპლინირებული კავალერია კოორდინირებულ რაზმებად მოძრაობდა.ის ნაკლებად იყო დამოკიდებული თავდაცვით ნაგებობებზე,რადგან ბრძოლაში მთავარ იარაღად სისწრაფესა და მოულოდნელობას იყენებდა.მანვე დაასრულა "გალავანშემორტყმული ქალაქების ერა".ჩინგიზ ყაენმა თავის ხალხს ასწავლა საბრძოლო კამპანიის წარმოება არა მარტო წარმოუდგენელ სივრცეებზე,არამედ წარმოუდგენლად ხანგრძლივი დროის,წლები,ათწლეულების განმავლობაში.მისი განუწყვეტელი ომების მანძილზე მონღოლთა სულ ცოტა სამი თაობა შეიცვალა. ოცდახუთ წელიწადში მონღოლთა არმიამ უფრო მეტი მიწა და ხალხი დაიპყრო,ვიდრე რომაელებმა ოთხი საუკუნის განმავლობაში.ჩინგიზ ყაენმა ვაჟებსა და შვილიშვილებთან ერთად დაჯაბნა მეცამეტე საუკუნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ცივილიზაციები.მის მიერ დამარცხებული ხალხებისა და დამორჩილებული ქვეყნების რაოდენობა ორჯერ აღემატება ისტორიაში ცნობილი ყველა სხვა დამპყრობლის მიღწევებს.მონღოლ მეომართა ცხენების ფლოქვებმა წყნარი ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვამდე ყველა მდინარისა და ტბის წყალი ააშხეფა.იმპერია თავის ზენიტში გადაჭიმული იყო 11-12 მილიონ კვადრატულ მილზე.ეს ტერიტორია უტოლდება აფრიკის მთლიანი კონტინენტის ფართობს და მეტია იმაზე,რაც ჩრდილოეთ ამერიკას უკავია შეერთებული შტატების,კანადის,მექსიკის,ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის კუნძულების ჩათვლით.ის გადაჭიმული იყო ციმბირის თოვლიანი ტუნდრებიდან ინდოეთის ცხელ დაბლობებამდე,ვიეტნამის ბრინჯის ნათესებიდან უნგრეთის პურის ყანებამდე,კორეიდან ბალკანეთამდე.დღეს ხალხთა უმეტესობა ოდესღაც მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ცხოვრობს; თანამედროვე რუკაზე ჩინგიზ ყაენის იმპერია მოიცავს 30 ქვეყანას,ამ მილიარდზე მეტი მაცხოვრებელით.ყველაზე საოცარი ის არის,რომ მთელი მონღოლური ტომი დაახლოებით მილიონი კაცისაგან შედგებოდა - უფრო მცირერიცხოვანი იყო,ვიდრე ზოგიერთი თანამედროვე კორპორაციის მუშახელი.ამ მილიონისაგან მან შექმნა ჯარი,რომელშიც ირიცხებოდა ასი ათასამდე მეომარი - ამდენი ადამიანი თავისუფლად მოთავსდებოდა ჩვენი ეპოქის დიდ სპორტულ სტადიონებზე. ამერიკის პირობებში ჩინგიზ ყაენის მიღწევა შეიძლება ამგვარად გამოიყურებოდეს: წარმოიდგინეთ,რომ ამერიკის შეერთებული შტატები შექმნეს არა განათლებულმა ვაჭრებმა და მდიდარმა პლანტატორებმა,არამედ მავანმა უწიგნურმა მონამ,რომელმაც პიროვნული ქარიზმისა და გამბედაობის წყალობით გაათავისუფლა ამერიკა ინგლისელთა კონტროლისაგან,გააერთიანა ხალხი,შექმნა ანბანი,დაწერა კონსტიტუცია,დააწესა აბსოლუტური რელიგიური თავისუფლება და თავის ძლევამოსილ ჯართან ერთად მარშით გაიარა მანძილი კანადიდან ბრაზილიამდე და მთელს კონტინენტზე გადაჭიმა თავისუფალი ეკონომიკური ზონები.მათზე კი გააგო ახალი სავაჭრო გზები.ნებისმიერი გადასახედიდან ჩინგიზ ყაენის მიღწევათა მასშტაბი და გამარჯვებები აღემატება ადამიანური წარმოსახვის უნარს და თვით მეცნიერთათვისაც აუხსნელ გამოცანად რჩება დღემდე.ჩინგიზ ყაენის ცხენოსანმა ჯარმა შეცვალა მსოფლიოს საზღვრები და გააერთიანა მრავალი ერი ერთი უზარმაზარი იმპერიის ქვეშ,სწორედ ამიტომ,მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ "მსოფლიო ხალხთა უდიდესი არქიტექტორი!" P.S. ჩინგიზ ყაენს ერთი ალამი თეთრი რაშის ძუისა ჰქონდა და მას მშვიდობიანობის დროს ატარებდა,მეორე,კი,შავი ცხენის,ბრძოლაში წინამძღოლობისას გამოჰქონდა.თეთრი ალამი მალევე გაჰქრა,მაგრამ გადარჩა შავი.ის იყო დიდი ყაენის "სულის სავანე".მონღოლები მისი სიკვდილის შემდეგ,საუკუნეების მანძილზე აგრძელებდნენ ამ ალმის თაყვანისცემას. XVI საუკუნეში ჩინგიზ ყაენის ერთ-ერთმა შთამომავალმა - ლამა ზანაბაზარმა,ააგო მონასტერი საგანგებო მისიით - იქ უნდა შეენახათ და დაეცვათ ძვირფასი სულდე.ქარბუქსა და ჭექა-ქუხილში,დამპყრობლური და სამოქალაქო ომების დროს,ტიბეტური ბუდიზმის ყვითელქუდიანთა სექტის ათასზე მეტი ბერი იცავდა "დიდ ალამს",მაგრამ მცველები უძლურები აღმოჩდნენ XX საუკუნის ტოტალიტარული პოლიტიკის წინაშე.ბერები დახოცეს და ჩინგიზ ყაენის "სულის ალამიც" მას შემდეგ გაუჩინარებულია... | |
|