1:47 PM ვარდისფერი რქაწითელი – ჯიში დაბადების მოწმობით | |
ვარდისფერმა რქაწითელმა კარგა ხანია, გაარღვია მეცნიერთა საცდელ–საკოლექციო ნაკვეთების საზღვრები და კახეთის ვენახებში გავრცელდა. გასულ წელს „ალავერდის მონასტრის მარანმა“ მისგან ღვინოც დააყენა. თუმცა, ამპელოგრაფები ჯერ საბოლოოდ არ შეთანხმებულან საკითხზე – ვარდისფერი რქაწითელი დამოუკიდებელი ჯიშია, თუ რქაწითელის კლონი. ზოგიერთი მას ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს ან განსაკუთრებული ყურადღების ღირსად არ თვლის. ეს დამოკიდებულება არ არის გასაკვირი, რადგან საქმე ისეთ სიახლესთან გვაქვს, რომელიც ჯერ კარგად არ არის შესწავლილი და შესაბამისად – აღიარებული. მეცნიერთა შეხედულებების საბოლოო შეჯერებით, ასევე ამპელოგრაფიულ ლიტერატურაში დარგის ავტორიტეტების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიდან გამომდინარე, დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ვარდისფერი რქაწითელი დამოუკიდებელი ჯიშია. ამავე დროს, ვარდისფერი რქაწითელი არის ვაზის ერთ-ერთი იშვიათი ქართული ჯიში, რომლის დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილია. „რთველის დროს მუკუზანში 1948 წელს ჩვეულებრივ რქაწითელზე ყურძნის მკრეფავი ქალების მიერ შენიშნული იყო 2 ყლორტი განსხვავებული შეფერვის მტევნებით, მტევანში ზოგი მარცვალი მთლიანად ვარდისფერი, ნაწილი კი ცალ მხარეზე ვარდისფერი, მეორე მხარეზე – ყვითელი, ხოლო მეორე ნაწილი მარცვლებისა ჩვეულებრივი ყვითელი ფერისა აღმოჩნდა. მტევანში ჭარბობდა ვარდისფერი მარცვლები. ამჟამად ეს ვარიაცია – ვარდისფერმარცვლიანი რქაწითელი გამრავლებულია მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის ზონალურ საცდელ სადგურზე, რომელიც ჩვეულებრივი რქაწითელისგან, გარდა ფერისა, უფრო კუმსი მტევნებითა და მაღალი შაქრიანობით განსხვავდება. მისგან უფრო მაღალი ღირსების ღვინის მოლოდინი ჯერჯერობით არ მართლდება“, – წერენ ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი და დიმიტრი ტაბიძე 1960 წელს გამოცემულ ცნობილ ფუნდამენტურ ნაშრომში „საქართველოს ამპელოგრაფია“ (კეცხოველინ., რამიშვილიმ., ტაბიძედ.,საქართველოსამპელოგრაფია, თბ., 1960). როგორც ხედავთ, აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვარდისფერი რქაწითელი მოხსენიებულია ვარიაციად, ოღონდ – არა კლონად. ძალიან საინტერესოა ნიკო კეცხოველის კიდევ ერთი შეფასება, ამჯერად სხვა ნაშრომიდან –„კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში“ (1957), რომელიც „საქართველოს ამპელოგრაფიამდე“ სამი წლით ადრეა გამოცემული. აქ აკადემიკოსი ვარდისფერ რქაწითელს პირდაპირ ჯიშს უწოდებს და ამბობს – მისგან ღვინოც კარგი დადგაო. „ივ. ჯავახიშვილი თავის წიგნში – „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“ (ტ. მე–2) ვაზის 413 ქართულ ჯიშს იხსენიებს. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ეს ჯიშები ლიტერატურული წყაროებით შეისწავლა, რომელნიც ხშირად არ ასახავენ ჩვენი მხარის ყველა მცენარეს. ეკონომიკური ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ შესწავლილ იქნა ზოგიერთი ჩვენი რაიონი და გამოვლინდა ახალი ჯიშები, მაგალითად, მესხეთიდან: თავცეცხლა, კლერტმაგარა, არიჭული, ბეჟანა და სხვ. შემდეგი კვლევა კიდევ, შესაძლოა, მრავალ ჯიშს გამოავლენს, მით უმეტეს, ჯიშთა შექმნა ამჟამადაც მიმდინარეობს. ამ 3–4 წლის წინათ მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის თანამშრომლებმა კახეთში აღმოაჩინეს ერთადერთი ვაზი, იშვიათი სილამაზის ვარდისფერი რქაწითელი. მისგან ღვინოც კარგი დადგა და ყურძნის სილამაზე ხომ თვალის მომჭრელია და გემოთაც ფრიად საამური და სასიამოვნო“, – წერს ნიკო კეცხოველი (იხ.: ნ. კეცხოველი „კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში“, 1957 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 236). ვარდისფერ რქაწითელს იმთავითვე დაებედა წინააღმდეგობრივი შეფასებები. დღესაც მევენახეთა და ენოლოგთა ნაწილი მას ჯერ კიდევ კლონად მოიხსენიებს. თუმცა, ხშირად საქმე გვაქვს ტერმინების არასწორ ხმარებასთან და სელექციური პროცესის საფეხურების თანმიმდევრობის არცოდნასთან, რაც ფართო პროფილის სპეციალისტებს ეპატიებათ. ამპელოგრაფებს კი, ამ საკითხზე შეჯერება მოუწევთ. „რქაწითელში ზოგადად არსებობს სიწითლის პოტენცია. აგვისტოს ბოლოს, როცა რქაწითელი სიმწიფეში შედის და ვენახებს მზე ცერად ეფინება, რქაწითელის მარცვლები წითლად ღუის“, – ამბობს მცირე მარნის „ჩვენი ღვინო - OUR WINE“–ს მეღვინე სოლომონ ცაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია, საკუთარ ვენახებში ვარდისფერ რქაწითელს აკვირდება, მის შესახებ წინააღმდეგობრივი ცნობებიც წაკითხული აქვს და აინტერესებს, ჯიშთან აქვს საქმე, ვარიაციასთან თუ კლონთან: „ვარდისფერი რქაწითელისნაყოფი რქაწითელის ნაყოფისგანგემოთიგანსხვავდება, მაგრამ ეს არაარადიკალურიგანსხვავება, უფრო– ნიუანსური. ზედაპირული და თვალიერებით, რქა და ფოთოლი რქაწითელსაც და ვარდისფერ რქაწითელსაც ერთნაირი აქვთ. ნაყოფი, გემოს გარდა, მხოლოდ ფერით განსხვავდება ერთმანეთისგან. წელს აღმოვაჩინე, რომვარდისფერი რქაწითელის ნაყოფი უფრო დიდხანს ძლებს ვაზზე დატოვებული, ვიდრე რქაწითელისა. გამოდის, რომ შესაძლებელია, მისი ძალიან გვიან მოკრეფა და ამ გზით ყურძენში დიდი შაქრიანობის მიღწევა. ჩემს ვენახში, ბაკურციხეში, 2011 წლის 4 ნოემბრისთვის ვარდისფერი რქაწითელის შაქრიანობამ გადააჭარბა რეფრაქტომეტრის შესაძლებლობებს – შკალაზე გასცდა 35–ს ისე,რომ ნაყოფს არც სიდამპლე შეპარვია, არც ობი მოკიდებია და მჟავიანობაც საკმარისად შეინარჩუნა. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვახერხე ვარდისფერი რქაწითელისგან ცალკე ღვინის დაყენება. არადა, ჩემს ვენახებში დაახლოებით 100 კგ -ს დაკრეფაა შესაძლებელი, რაც სრულიად საკმარისია მეღვინეობაში ექსპერიმენტისათვის. მისი ნაყოფის გემოდან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან კარგი ღვინო უნდა დადგეს ჭაჭა–კლერტზე დადუღებით. მისი კლერტი, ისევე როგორც ჩვეულებრი ვირქაწითელისა, შესანიშნავად მწიფდება“. საინტერესოა, რომ კახელი მევენახეებისთვის ვარდისფერი რქაწითელი უცხო არ არის. ლოგიკურად, ეს ჯიში საკოლმეურნეო ვენახებიდან გავრცელდა, სადაც თავის დროზე ის დარგის ერთ–ერთმა ავტორიტეტმა ვ. ლოლაძემ გაამრავლა. სწორედ ლოლაძემ უპატრონა ვარდისფერ რქაწითელს 1948 წლიდან – იმ დღიდან, როცა ყურძნის მკრეფავმა ქალებმა ჩვეულებრივი რქაწითელის ვენახში ორად–ორი განსხვავებული ყლორტი შენიშნეს. სპეციალისტების განმარტებით, ვარდისფერი რქაწითელი რომ დღესდღეობით ჯიშია, ეს არ გამორიცხავს მის წარმოშობას ვარიაციის გზით. ამ შემთხვევაში, ვარდისფერი რქაწითელი არის კვირტული მუტაციით - კვირტში მომხდარი ცვალებადობით, ვარიაციით - წარმოშობილი ჯიში. ტერმინი „ვარიაცია“ მოდის ლათინური სიტყვიდან – variatio და ნიშნავს „ცვალებადობას“ . ინგლისურში გვაქვს სიტყვა variation, რაც ქართულად იგივეს ნიშნავს. იმავე ფუძიდან ნაწარმოები სიტყვა variaty, რომელიც ქართულად განიმარტება, როგორც „სხვადასხვაობა“, „ნაირსახეობა“, ინგლისურენოვან აგრონომიულ ლიტერატურაში აღნიშნავს ასევე „ჯიშს“. „მე ვამბობ, რომ ვარდისფერი რქაწითელი არის ცალკე ჯიში წარმოშობილი კვირტული მუტაციის შედეგად. მართალია, რქაწითელის დონის ისტორია ჯერ არა აქვს, მაგრამ უკვე მიიქცია ყურადღება და თანდათან ისიც იტყვის თავის სიტყვას“, – ამბობს მებაღეობის, მევენახეობისადამეღვინეობისინსტიტუტისვაზისადახეხილისგენოფონდისკვლევისადაგენეტიკა-სელექციისგანყოფილებისხელმძღვანელიდავითმაღრაძე, – „ზოგადად, ახალი კულტურული ჯიში შესაძლებელია, ორი გზით წარმოიშვას. ერთი, ეს არის ჰიბრიდიზაცია ანუ შეჯვარება, როდესაც მდედრობითი და მამრობითი კომპონენტის გამოყენებით ვახდენთ დამტვერვა–განაყოფიერებას, შემდეგ კი ამგვარად განაყოფიერებული ვაზის ნაყოფის წიპწას ვთესავთ და მისგან ვიღებთ მშობლებისგან განსხვავებულ ფორმას. ახალი ჯიშის მიღების მეორე გზა არის სპონტანური (ბუნებრივი) მუტაცია. გენეტიკოსთა გათვლებით, გენის სპონტანური მუტაციის სიხშირე მილიონი შემთხვევიდან დაახლოებით ერთხელ შეიძლება მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ვეგეტატიური გამრავლების დროს ვაზის კვირტში ხდება ცვლილება, რომელიც იწვევს განსხვავებული ორგანიზმის დაბადებას. ასეთი ცვლილებები ხშირად არც არის შესამჩნევი და ყურადღების მიღმა რჩება. თუმცა, შესაძლებელია, მოხდეს პიგმენტური ცვლილებები, როცა უკვე აშკარად ვხედავთ სხვაობას ფერის მიხედვით. სწორედ ასეთ მუტაციურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე ვარდისფერი რქაწითელის შემთხვევაში, რომელიც იმთავითვე სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული იყო „მშობელი“ რქაწითელისგან“. სხვათაშორის, მევენახეობის ისტორიაში ახალი ჯიშების წარმოშობის მსგავსი შემთხვევები არც თუ ისე ცოტაა. მაგალითად, ამპელოგრაფები თვლიან, რომ ცნობილი ფრანგული ჯიშები - პინო თეთრი და პინო რუხი თავის დროზე პინო შავისგან წარმოიშვა. საფერავისგან უნდა იყოს წარმოშობილი შედარებით ახალი ჯიში – საფერავი ბუდეშურისებრი, ხოლო ალექსანდრეულისგან – მუჯურეთული. „გენეტიკური მარკერების მეთოდით შემოწმებისას გაირკვა, რომ ალექსანდრეული და მუჯურეთული ერთნაირია მოლეკულურ დონეზე. მორფოლოგიურად კი თვალნათლივ ჩანს, როგორ განსხვავდება მუჯურეთულის მარცვალი ალექსანდრეულის მარცვლისაგან. სწორედ ასევე ბუდეშურისებრი საფერავის მარცვალი ფორმით განსხვავდება საფერავის მარცვლისაგან. დღეს არავინ დავობს, რომ ეს ჯიშები სხვადასხვაა. სწორედ ასევე, ახლონათესაურ მაგრამ უკვე სხვადასხვა ჯიშებად უნდა მოვიხსენიოთ რქაწითელი და ვარდისფერი რქაწითელი“, – ამბობს დავით მაღრაძე. რაც შეეხება წითელ რქაწითელს, ეს სახელწოდება გვხვდება „საქართველოს ამპელოგრაფიაში“ რქაწითელისადმი მიძღვნილ სტატიაში: „მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისგანაა წარმოდგენილი. მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა, არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე), ყვითელ დაწითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი)...“ ეს ციტატა საინტერესოა იმით, რომ როგორც ირკვევა, ტერმინი – „წითელი რქაწითელი“ ს. ჩოლოყაშვილს გამოყენებული ჰქონდა 1940–იან წლებამდე, ანუ ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ვარდისფერი რქაწითელი წარმოშობილი არც იყო. 1960 წელს, როცა „საქართველოს ამპელოგრაფია“ გამოიცა, წიგნის ბოლოს გამოქვეყნებულ ჯიშთა სიაში წითელი რქაწითელის სახელწოდებით ჯიში აღრიცხული არ არის. სამაგიეროდ, ათი წლის შემდეგ დასტამბულ „საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიიის“ მე–10 ტომში (1970 წ.) კახეთის ჯიშების მცოდნე ავტორიტეტი, ცნობილი ამპელოგრაფი და სელექციონერი, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვაზის სელექციისა და ჯიშმცოდნეობის განყოფილების გამგე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, დიმიტრი ტაბიძე ცალკე სტატიას უძღვნის წითელ რქაწითელს, სადაც წერს, რომ იგი „ჩვეულებრივი თერმარცვლიანი ფორმის წითელმარცვლიანი ვარიაციაა. სინონიმი – რქაწითელი წითელი. დაცულია საქართველოს მეხილეობის, მევენახეობისა და მეღვინეობს ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე (ვაშლიჯვარი). რქაწითელის ძირითადი ფორმისგან განსხვავდება მარცვლების მუქი ლურჯი შეფერილობით და შედარებით უფრო დაკბილული ფოთლებით. ხოლო რქაწითელის ვარდისფერი ვარიციისაგან მარცვლების ფერითა და ღვინით. კერძოდ, ვარდისფერი რქაწითეის ღვინო უფრო თეთრია ან ღია ვარდისფერი, ხოლო წითელი რქაწითელისა – ინტენსიური შეფერილობის, მუქი ბროწეულისფერი და მაღალი ხარისხისაა“. (Ампелография СССР; Справочный том. 1970. გვ. 336). წითელი რქაწითელი შეტანილია სსრკ–ს ამპელოგრაფიის მე–10 ტომის ბოლოს თანდართულ ვაზის ქართული ჯიშების სიაში. სამწუხაროდ, ვაშლიჯვრის საკოლექციო ვენახი, სადაც წითელი რქაწითელი იყო დაცული, აღარ არსებობს, მაგრამ ეს ჯიში გვხვდება სხვა საკოლექციო ვენახებში, მათ შორის – კომპანია „შუმის“ კერძო კოლექციაშიც, სადაც ჯიშების აპრობაციაზე დავით მაღრაძე მუშაობს. დავით მაღრაძის შეფასებით, „შუმის“ კოლექციაში დაცული წითელი რქაწითელი დიდწილად ემთხვევა დიმიტრი ტაბიძისეულ აღწერილობას. ამიტომ მან აპრობაციის პირველ ეტაპზე ეს ჯიში უკვე იდენტიფიცირებულ და აპრობირებულ ჯიშთა სიაში შეიტანა. თუმცა, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, აუცილებელია შემდგომი კვლევების გაგრძელება და წითელი რქაწითელის დეტალური შედარება ვარდისფერ რქაწითელთან, რათა საბოლოოდ გაირკვეს მათი განმასხვავებელი თუ მსგავსი ნიშნები და გაკეთდეს საბოლოო მეცნიერული დასკვნები. | |
|