Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია და მომავალი
8:28 PM
აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია და მომავალი
აბასთუმნის ობსერვატორიას მაცნიერების ამ დარგისათვის უძველესი და საინტერესო ისტორია აქვს.

საქართველოში 32 წელს დაარსდა პირველი საბჭოთა სამთო ასტოფიზიკური ობსერვატორია. იგი საკავშირო აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ფინანსედებოდა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვე მიდგომით და ერთ-ერთი წამყვანი ობსერვატორია იყო საბჭოთა "ბანაკში”.

დააარსებისთანავე დირექტორად დაინიშნა 25 წლის ევგენი ხარაძე, რომელიც მომავალში გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი.

თუმცა აბასთუმის ობსერვატორიის დაარსება რამდენიმე ფაქტის თანხვედრამ განსაზღვრა. 19 საუკუნის ბოლოს აბასთუმანში ცხოვრობდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ვაჟი და ნიკოლოზ II-ის ძმა გიორგი, რომელიც ფილტვების ავადმყოფობით იყო დაავადებული. იგი გატაცებული იყო ასტრონომიით. ის და მისი მეგობარი ასტრონომი გლაზენაპი აკვირდებოდნენ ორმაგ ვარსკვლავებს. გიორგი აბასთუმანში გარდაიცვალა. ის ნაგებობა, სადაც უფლისწული ცხოვრობდა დღემდე არსებობს. როდესაც გლაზენაპმა გამოაქვეყნა თავისი და გიორგის დაკვირვებები აღმოჩნდა რომ სუსტი ტექნიკის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები იყო იმ დროისათვის, რაც გამოწვეული იყო აბასთუმნის სპეციფიკური კლიმატით. სწორედ ეს ფაქტი გახდა გადამწყვეტი ფაქტორი საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიისათვის, რომელიც ეძებდა ადგილს პირველი სამთო ობსერვატორიის დასაარსებლად.

ვასილ კუხიანიძე აბასთუმნის ობსერვატორიის დღევანდელი დირექტორი გვესაუბრა ობსერვატორიის ისტორიაზე, იმ პრობლემებზე რასაც იგი წააწყდა 90-იან პოსტსაბჭოთა პერიოდში და იმ ცვლილებებზე რაც დაინერგა უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში გაერთიანდა.

- აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია უნიკალურია, უწევდა თუ არა იგი შესაბამის კონკურენციას დასავლურ ასტრონომიულ სკოლებს და ობსერვატორიებს?



- მეცნიერებას სხვა, ანუ ადამიანური, ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობები აქვს, რაც ერის ინტელექტუალურ პოტენციალს ეფუძნება. ჩვენი მეცნიერები დღესაც კონკურენტუნარიანნი არიან და სამეცნიერო კრიტერიუმის შეფასების, ანუ სამეცნიერო "ოსკარის” კრიტერიუმების მიხედვით მათ კვლევებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ მსოფლიო სამეცნიერო ელიტაში.

- თუ გამოიყენებოდა ობსერვატორია და მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია საბჭოთა პერიოდში განვითარებული და პრიორიტეტული ისეთი დარგისათვის როგორიცაა კოსმონავტიკა?

- იყო გარკვეუილი სახის ინფორმაცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კოსმონავტებისათვის. კონკრეტულად ობსერვატორიაში იყო მზის სამსახური, რომელიც მონიტორინგს უწევდა მზეზე მომხდარ მოვლენებს; მზეზე მომხდარი ამოფრქვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გაფრთხილება.

- რას ნიშნავს სამთო ობსერვატორია და არსებობს თუ არა ობსერვატორიები რომლებიც არ არიან მაღალმთიან რეგიონებში განთავსებულნი?

- ასეთი ობსერვატორიები მდებარეობენ მაგალითად პულკოვოში, ტაუტენბურგში, ტარტუში. შემდგომში იქნა შემჩნეული, რომ მთაში, დიდი ქალაქებიდან მოშორებით დაკვირვებისათვის უკეთესი პირობებია. ობსერვატორიისთვის ადგილის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია წლის 365 დღიან მონაკვეთში უღრუბლო დღეების და ღამეების რაოდენობის სიმრავლე; ასევე ჰაერის გამჭვირვალება და ატმოსფერული ნაკადების სტაბილურობა. აბასთუმანი უნიკალურია თავისი კლიმატით. ამ კრიტერუიმებს იგი ბრწყინვალედ აკმაყოფილებს. თუმცა უნდა აღინიშნის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ რაც კლიმატის უნიკალურობას შეეხება, ეს სულაც არ არის მუდმივი ფაქტორი: აბასთუმნის ობსევატორიის ირგვლივ ფიჭვის ტყე თითქმის აღარ არსებობს და დღემდე წარმატებით იჩეხება. ეს თავისთავად ანადგურებს ტყეს და უნიკალურ მიკრო კლიმატს, იმატებს ქარების სიხშირე და სიძლიერე რაც მოქმედებს ამინდის სტაბილურობაზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ობსერვატორიის სრულყოფილი მოქმედებისათვის. ასე რომ იკლებს როგორც ასტრონომიული ასევე აბასთუმნის ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებესი. მოგეხსენებათ, აქ იდეალური ჰაერია ფილტვების ავადმყოფობით დაავადებული ადამიანებისათვის.

- როგორი კავშირი ჰქონდა ობსერვატორიას დასავლეთის ობსერვატორიებთან საბჭოთა პერიოდში და როგორ გადაურჩა იგი 90-იან წლებს?



- 1985 წლამდე ობსერვატორიას ჰქონდა იდეალური დაფინანსება, ამავე დროს ეს იყო პერიოდი როცა ცოტაოდენი დათბობა იგრძნობოდა დასავლეთთან ურთიერთობაში ამიტომ ამ დროს ობსერვატორია კიდევ უფრო განვითარდა. რაც შეეხება 90-იან წლებს შეიძლება ითქვას, რომ ობსერვატორია გადარჩა იქ მომუშავე ადამიანების გმირობის შედეგად. ისინი მუშაობდნენ და ამავე დროს იცავდნენ აბასთუმნის ობსერვატორიას, რომელიც უდიდეს კომპლექსს წარმოადგენს, საშინელ პირობებში. აბასთუმნის ობსერვატორია თავისი პირველადი ჩანაფიქრით და სრული აღდგენის პირობებში შეიძლება შევადაროთ შვეიცარიას. ეს არის ქალაქი მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, დამოუკიდებელი ობიექტი, რომელიც სამეცნიერო დანიშნულების ნაგებობებთან ერთად მოიცავს საბაგიროს, იქ არის სკოლა და საბავშვო ბაღი, რომელიც ახლა მართალია არ ფუნქციონირებს, მაგრამ ისინი მოქმედი იყო ვინაიდან თანამშრომლები იქ ცხოვრობდნენ ოჯახებთან ერთად. აბასთუმნის ობსერვატორია არის იმ იშვიათ ობიექტთა შორის, რომელიც არ გაიქურდა 90-იანი წლების განმავლობაში. მხოლოდ ინფრასტრუქტურა დაზიანდა სიძველის გამო, გარკვეული საფრთხე შეექმნა უნიკალურ ფოტო საარქოვი მასალას. თუმცა ახლა ეს პრობლემები გადაჭრილია.

- ამჟამად რა ხდება ობსერვატორიაში, თუ მოხდა რაიმე ძირეული ცვლილებები, ვგულისხმობ ბოლო წლებს?

- აბათუმნის ობსერვატორია როგორც მოგახსენეთ ეკუთვნოდა მეცნიერთა აკადემიას 2003 წლამდე. 2003 წლიდან დაიწყო რეფორმების პერიოდი. იგი პირობითად გახდა თავისუფალი ერთეული. თუმცა მისი ქონება იყო ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილება. 2007 წლიდან ობსერვატორია შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, რამაც ხელი შუწყო ობსერვატორიის მოწინავე პოზიციებზე გადასვლას.

ობსერვატორია ორი ნაწილისაგან შედგება: ძირითადი ნაწილი ყანობილის მთაზე მდებარეობს, გვაქვს ქალაქის ლაბორატორიაც. არის მრავალი ყოფითი საკითხი რაც მოუგვარებელი იყო წლების განმავლობაში, ვგულისხმობ 90-იან წლებს და მის მემეკვიდრეობას, რაც ხელს უშლიდა თანამშრომლებს ძირითადად დაკავებული ყოფილიყვნენ სამეცნიერო მუშაობით, ყოფითი პრობლემები როგორიცაა ელექტროენერგია, წყალი, ტრანსპორტით გადაადგილება რა თქმა უნდა სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა; ობსერვატორიის ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.

ობსერვატორიას სამეცნიეროს გარდა აქვს საგანმანათლებლო დატვირთვაც. ჩვენთან ხშირად მოდიან ექსკურსიაზე სკოლები, ორგანიზაციები, უცხოელი ტურისტები, მოქალაქეთა ჯგუფები, მათ უტარდებათ ექსკურსიები და შესაძლებლობის ფარგლებში(მოწმენდილი ღამის შემთხვევაში) იხედებიან ტელესკოპში. ილიას უნივერსიტეტთან შეერთებით ყველა ეს პრობლემა მოგვარდა, თუმცა აქ საუბარი არ არის მხოლოდ ყოფით პრობლემებზე, უნივერსიტეტთან შეერთების შემდეგ მოხდა სხვა სახის დადებითი ცვლილებებიც.

- რა სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვია უნივერსიტეტთან შეერთებამ და სამეცნიერო თვალსაზრისით როგორ გაუმჯობესდა ობსერვატორიის მუშაობა?

- პირველ რიგში დაგვემატა კიდევ ერთი განზომილება, საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში მონაწილეობა, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ობსერვატორია როგორც ვთქვით იყო მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ახლა ის არის უნივერსიტეტის სისტემაში შემავალი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. დამოუკიდებლობა ფარდობითია. ობსერვატორიას თავისი ყოფითი ნაწილი აქვს და როგორც ავღნიშნე ჩვენ გადაგვეჭრა ყოველგვარი ყოფითი პრობლემები. მაგრამ ობსერვატორია არის სამეცნიერო ორგანიზაცია. პირველი საბჭოთა ტელესკოპი სწორედ აბასთუმნის ობსერვატორიაშია განთავსებული, თუმცა იგი ამჟამად უკვე მუზეუმის კუთვნილებაა. ტელესკოპმა და ვარსკვლავებზე დაკვირვების ტექნიკამ განვითარების რამდენიმე საფეხური გაიარა. თავდაპირველად ეს იყო თვალით დაკვირვება და აღნუსხვა; შემდეგ ეს ფიქსირდებოდა ფოტო ფირზე, შემდგომ იყო ფოტო ელექტრული და ბოლოს ციფრული. უნივერსტეტმა ჩვენთვის შეიძინა თანამედროვე ციფრული მიმღებები, რომელიც ტელესკოპით მიღებულ ინფორმაციას ციფრული ფორმით წერს რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ თანამედროვე მეცნიერების შესაბამისი დაკვირვებები და გადავჭრათ შესაბამისი ამოცანები. ამავე დროს ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტთან სასწავლო განხრითაც, რათა დავნერგოთ თანამედროვე სწავლის მეთოდები, დავასაქმოთ ახალგაზრდები სხვადასხვა კვლევებში და გრანტებში, რისი მიზანიც არის ვუზრუნველვყოთ ახალგაზრების დაინტერესება და ობსერვატორიის ტრადიციისთვის შესაბამისი კადრების მომზადება. თანამედროვე მსოფლიოში ფუნდამენტურ მეცნიერებათა მიმართ დაინტერესება ნაკლებია, ამ ფონზე საქართველოში კარგი მდგომარეობაა.

- როგორი სკოლა აქვს აბათუმნის ობსერვატორიას და დღესდღეობით რა ადგილს იკავებენ ქართველი ობსერვატორიის თანამშრომლები მსოფლიო "ბაზარზე”?

- საერთოდ საბჭოთა კავშირში იყო ძლიერი მოთხოვნა მათემატიკურ და ფიზიკურ მეცნიერებებზე. შესამაბისად ამ მოთხოვნამ შექმნა ძლიერი სკოლა რაც უზრუნველყოფდა ობსერვატორიას ძლიერი კადრებით. ქართული ასტრონომიაა მდიდარია დიდი სახელებით როგორიცაა: ხარაძე, ვაშაკიძე, კილაძე, დოლიძე. მათი სახელობის ციური ობიექტები არსებობს რაც დამადასტურებელია მათი კვლევების და სამეცნიერო მოღვაწეობის უნიკალურობისა. ჩვენ სულ ახლახანს დავკარგეთ დიდი ქართველი მეცნიერი როლან კილაძე, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აბასთუმნის ობსერვატორიას და ვისი სახელობის მცირე პლანეტაც არსებობს. რაც შეეხება დღევანდელობას. დღეს ქართული სამეცნიერო საზოგადოება ინტეგრირებულია საერთაშორისო ასტრონომიულ საზოგადოებასთან. დღეს არსებობს გარკვეული კრიტერიუმები რაც განსაზღვრავს მეცნიერის საერთაშორისო სტატუსს. ეს კრიტერიუმები ეფუძნება საერთაშორისო სამეცნიერო ასტრონომიულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობას და მათ ციტირებას. ასევე მათ მიერ მოპოვებული სამეცნიერო გრანტებს. მოგეხსენებათ, ციტირება ნიშნავს თუ რამდენად ხშირად არის მითითებული მეცნიერის ნაშრომი სხვების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში. უფრო დიდია ციტირება მით უფრო იზრდება მეცნიერის ავტორიტეტი და სტატუსი. ჩვენ ვსაუბრობდით ყოფით და სხვა სახის პრობლემებზე, რომლებსაც შეეჩეხა ობსერვატორია. მათ შორის იყო სტატიების გამოქვეყნება და საერთაშორისო კონფერენციერზე წასვლა.

- რა პრობლემებთან არის დაკავშირებული სტატიის გამოქვეყნება?

- არის ორი სახის პრესტიჟული ასტრონომიული ჟურნალები: ფასიანი და უფასო. ფასიან ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნებას სჭირდება თანხა. ასევე კონფერენციებზე წასვლაც ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა რაც შესაბამისად ხელს უშლიდა ქართული ობსერვატორიის ინტეგრირებას მსოფლიო ობსერვატორიულ საზოგადოებასთან და რომელიც წარმატებით გადაწყვიტა უნივერსიტეტმა.

- რა რეიტინგი აქვთ ქართველ მეცნიერებს და როგორია მათი ციტირება და საერთოდ როგორ ხდება ამის კვლევა?

- ობსერვატორიაში წარმოდგენილია სამეცნიერო მიმართულებათა ერთობლიობა. თითოეულ ამ დარგს თავისი წამყვენი სპეციალისტი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია თეიმურაზ ზაქარაშვილი, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ მზის ფიზიკის მიმართულების ლიდერი და რამოდენიმე გრანტის ხელმძღვანელია.

კოსმოლოგიაში წამყვან პოზიციაზეა თინათინ კახნიაშვილი. მას მიღებული აქვს NASA-ს ძალზე პრესტიჯული და რთულად მოსაპოვებელი გრანტი რომლის თანხობრივი რაოდენობა 5600000$ შეადგენს. მისი მიზანია ადრეული სამყაროს კანონზომიერების და კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის კვლევა ადრეულ სამყაროში.

ასევე პრესტიჟულ საერთაშორისო კოოპერაციაშია ჩართული ბლაზარების მონიტორინგის ჯგუფი ომარ კურტანიძის ხელმძღვანელობით.

გიორგი ჩაგელიშვილის ჯგუფი იკვლევს არაწრფივ პროცესებს ასტროფიზიკურ დინებებში და პროტოპლანეტურ დისკებს. რაც მაღალი კომპეტენციის გარდა ფიზიკის რამოდენიმე დარგის ერთობლივ რეალიზაციას საჭიროებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერს დიდი რაოდენობით სამეცნიერო ნაშრომები და მაღალი ციტირების ინდექსი აქვთ. რისი შემოწმებაც ნაბისმიერ ადამიანს შეუძლია NASA-ს მონაცემთა ბაზის საშუალებით.

გოდერძი დიდებულიძე ხელმძღვანელიბს ატმოსფეროს, იონოსფეროს და მაგნიტოსფეროს შემსწავლელ ჯგუფს. მათ გააჩნიათ ამერიკელებთან კოოპერაციის შედეგად შეძენილი უნიკალური ხელსაწყო ლაიდარი. ამ ხელსაწყოს მეშვეობით პირველად მოხერხდა საქართველოს ცაზე საჰარის უდაბნოს მტვრის ნაწილაკების დაფიქსირება. ჯგუფმა ასევე წარმატებით გაართვა თავი ატმოსფეროში მიმდინარე გლობალური პროცესების მოდელირებას და გამოვლენას, რაც მაღალი კომპეტენციის გარდა ფიზიკის რამოდენიმე დარგის ერთობლივ რეალიზაციას საჭიროებს.

არ შეიძლება არ აღვნიშნო ბიძინა შერგელაშვილის მიერ ორგანიზებული და მიღებული გრანტი ევროგაერთიანების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 1 400 000 ევროა. გრანტის თემატიკაა მზის ამინდის მონიტორინგი. გრანტში ჩართულია დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ავსტრია, უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო.

რაც შეეხება ციტირების კვლევის და დათვლის მეთოდებს. არსებობს NASA-ს ასტრონომიულ მონაცემთა ბაზა ADS. ამ ბაზის მეშვეობით დგინდება ჟურნალის პრესტიჟულობა, ანუ იმფაქტ ფაქტორი და რაც არკვევს თუ რამდენად ციტირებადია ამ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები. აქვე დგინდება მეცნიერთა ციტირება და შესაბამისად სტატუსიც. ეს სამსახური NASA/ADS უფასოა. თუმცა არსებობს ფასიანი ორგანიზაციები რომლებიც ასტროფიზიკური საზოგადოების დაკვეთით ატარებენ ამ კვლევებს. ასეთია მაგალითად ტომპსონის ბაზა, რომელიც თავის მონაცემებს აქვეყნებს ყოველი წლის ბოლოს, NASA-ს მონაცემთა ბაზის შევსება კი მიმდინარეობს ყოველდღიურად.

- განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია აბასთუმნის ობსერვატორიას და ეთანხმება თუ არა ეს პროცესები მსოფლიო ასტრონომიულ სიახლეებს და ცვლილებებს?

- ჩვენ დავასხელეთ 4 ძირითადი მიმართულება, რომელიც მუდმივად განვითარების პროცესშია. გარდა ამისა არსებობს სატელიტური ასტრონომია რომლის განვითარებას ვგეგმავთ აბასთუმნის ობსერვატორიაში. ტელესკოპი სენსიტიური აპარატია, იგი მუდმივად არის დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ამინდის ცვლილება, ქარი და სხვა მრავალი. განვითარებულ მსოფლიო ობსერვატორიენშიც კი სადაც უახლესი ტექნიკაა ეს მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია. ამოტომ სადღაც 90-იანი წლების დასაწყისიდან განვითარდა სატელტური ასტრონომია, როცა ტელესკოპი დამონტაჟებულია თანამგზავრზე და კოსმოსიდან აკვირდება სხვადასხვა ასტრონომიულ მოვლენებს. ისინი აწარმოებენ დედამიწაზე დაკვირვებას ატმოსფეროს გარედან რომ დედმიწის ატმოსფეროს ხელისშემშლელი ფაქტრები გამოირიცხოს. ერთ ერთი პირველი და განსაკუთრებით წარმატებული იყო ‘Hubble’ და ’SOHO’-ს პროექტები. ამ ტელესკოპების დამონტაჟება და კოსმოსში გაშვება ხდება რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი თანამშრომლობით. ყველა ქვეყანას არა აქვს ამის საშუალება: მაგალითად ამერიკას და იაპონიას აქვთ ერთობლივი სატელიტები. ეს ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ისინი დღეღამის განმავლობაში აკვირდებიან; ამჟამად დედამიწის ირგვლივ ასეულობით სხვადასხვა ტიპის სატელიტია რომლებიც აკვირვებიან დედამიწას და სხვა პლანეტებს და რადიო სიგნალების მეშვეობით ახდენენ ამ ინფორმაციის დედამიწაზე ჩამოტვირთვას. შესაბამისად გროვდება უამრავი ინფორმაცია, რომელსაც დამუშავება სჭირდება. თუმცა აქაც არსებობს პრობლემები. სხვადასხვა მიზეზის გამო სატელიტი გამოდის წყობიდან, ან იგი გაშვებისთანავე იკარგება და ვერ ხდება მისი დაკვირვება. ზოგიერთი მათგანი გარკვეული მუშაობის შედეგად კარგავს ფუნქციას, ელევა საწვავი და იგი უკვე მკვდარი თანამგზავრია. შესაბამისად ხშირია სატელიტების შეჯახების შემთხვევები, ხანდახან მკვდარი სატელიტები აზიანებენ მოქმედ სატელიტებს. თუ მოხერხდა უკვე წყობიდან გამოსული სატელიტის დარჩენილი საწვავით სხვა ორბიტაზე გადაყვანა, მაშინ ეს ალბათობა იკლებს. მაგრამ ეს რთული საკითხია, უნდა ხდებოდეს თითოეული სატელიტის მუდმივი მონიტორინგი რათა დაფიქსირდეს მისი წყობიდან გამოსვლის სავარაულო დრო და ამავე დროს მოხდეს იმ ადგილის ანუ ფანჯრის განსაზღვრა სადაც ახალი სატელიტი უნდა განთავსდეს. მკვდარი თანამგზავრები, რომლებიც უკვე გადაიყვანეს სხვა ორბიტაზე ქმნიან ე.წ. კოსმოსურ ნაგავს. მას ხადახან თანამგზავრების სასაფლაოსაც უწოდებენ. ამ თემაზე და პრობლემის მოგვარების გზებზე ფიქრი ახლა იწყება, როცა საზოგადოება რეალურად შეეჩეხა ამ პრობლემას.

- რა სახის ტელესკოპებით მუშაობს ამჟამად აბასთუმნის ობსერვატორია და რა თანხებთან ან სხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული მისი თანამედროვე უახლესი ტელესკოპით აღჭურვა?

- იმ ახალ მიმღებებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც აბასთუმნის ობსერვატრიისთვის ილიას უნივერსიტეტმა შეიძინა, იქ ძირითდად ძველი ტელესკოპებია, თუმცა ახალი მიმღებების დახმარებით აქტუალობას არ კარგავენ. დღეს დიდი ზომის ტელესკოპის საშუალო ფასი 50 000 000 დოლარია. ეს ერთ ქვეყანას არ შეუძლია და მსგავსი პროექტის განხორციელება ხდება რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი თანამშრომლობით. ასეთი ტელესკოპი დღესდღეობით მოქმედებს ჩილეს სამთო ობსერვატორიაში და იქ მუშაობს ევროპული ასტრონომიული საზოდაგოება.

- თუ შეუძლია აბასთუმნის ობსერვატორიას კონკურენცია გაუწიოს სხვა ობსერვატორიებს რათა მოხდეს მსგავსი ტელესკოპის საქართველოში განთავსება?

- მსგავსს ტელესკოპს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სპეციალური ნაგებობა და სხვა. არის ორი სახის კონკურენცია სამეცნიერო და კლიმატური, ამ მხრივ აბასთუმნის ობსერვატორია სრულიად კონკურენტუნარიანია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ უნდა შეწყდეს ხეების გაჩეხვა ობსერვატორიის ირგვლივ ტერიტორიაზე. ამის შედეგად შესაძლოა წლების განმავლობაში დავკარგოთ კლიმატის უნიკალურობა რითაც გამოირჩევა აბასთუმანი. სხვა თვალსაზრისით ისტორიის, ტრადიციის, სამეცნიერო სკოლის და სამეცნიერო მიღწევათა გათვალისწინებით; და რა თქმა უნდა, კლიმატის თვალსაზრისით აბასთუმნის ობსერვატორია უნიკალურია და სრულიად რეალურია გახდეს მსგავსი დიდი საერთაშორისო სატელესკოპო პროექტის ნაწილი.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1585 | დაამატა: balu | ტეგები: აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორია და | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.