8:02 PM აჩმა | |
მასალა კვერცხი – 5 ცალი მაწონი – 300 მლ მარილი – მწიკვი ფქვილი – 1 კგ (დაახლოებით) ყველი – 1.5 კგ კარაქი – 450 გრ (ფენების წასასმელად) მომზადება კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით 1 საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან. დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა. უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისაგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი, შემდეგ დავაფაროთ მოხარშული ცომი, წავუსვათ კარაქი, ორი ფენის შემდეგ ისევ მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი, ზემოდან ისევ ორი მოხარშული, კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ. | |
|