Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » ადამიანი ღმერთს უნდა მიენდოს
4:09 PM
ადამიანი ღმერთს უნდა მიენდოს
მრავალშვილიანი ოჯახები ღმერთს გამორჩეულად უყვარს. მათზე იგი განსაკუთრებულ ზრუნვას ავლენს. დიდ ოჯახებში ბავშვებს ნორმალური განვითარებისათვის გაცილებით მეტი კეთილსასურველი შესაძლებლობა ეძლევათ.

მრავალი შვილის პატრონი ადამიანი შესაძლოა სირთულეს შეეჯახოს, მაგრამ მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს.

მამა კონსტანტინე მრავალშვილიან ოჯახთა შორის ერთ-ერთია. იგი ღვთის ნებას აღასრულებს და ამბობს, რომ ჯერ რვა შვილი ჰყავს, თუმცა რამდენსაც ღმერთი მისცემს, იმდენს იყოლიებს.

საკუთარი მრავალშვილიანი ოჯახის ისტორიას თავად მამა კონსტანტინე გიამბობთ.

წმ. გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე:

როდესაც ოჯახის შექმნა გადავწყვიტე, ავირჩიე ეკლესიური გოგონა, რომელიც ასევე ფიქრობდა, რომ შეექმნა ოჯახი და ჰყოლოდა იმდენი შვილი, რამდენსაც ღმერთი მისცემდა მას.

საოცარი მაგალითი გვქონდა ჩვენი მოძღვრის, მამა ალექსანდრე ბოლქვაძის მხრიდან, რომელსაც 13 შვილი ჰყავს. სწორედ მისი ოჯახის მიბაძვით ვიყავით გაზრდილები, ამიტომ ჩვენთვის ეს არ გახლდათ დიდი პრობლემა, რაც დღეს რთულად ეჩვენებათ ადამიანებს, რათა შექმნან ოჯახი, იყოლიონ შვილები, მიენდონ ღმერთს და რამდენ შვილსაც მისცემს უფალი მათ, იმდენი გააჩინონ, მოუარონ და იტვირთონ ეს ჯვარი ღთის წინაშე.

უპირველეს ყოვლისა, აქ, ალბათ, მაინც მენტალური პრობლემებია და არა – სოციალური, რასაც ხშირად იმიზეზებს საზოგადოება. რადგან თუ კარგად დავაკვირდებით მდიდრებს, ნაკლები შვილები ჰყავთ, რაც სტატისტიკურადაც ასეა. სიმდიდრე არ ყოფილა აქ მთავარი ფაქტორი. მთავარია ფსიქოლოგიური ფაქტორი, შიშის სინდრომი, რომ რა ქნას ადამიანმა, როგორ არჩინოს შვილები, როგორ მიაღებინოს განათლება და ა.შ.

ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ არის კარგად ჩამოყალიბებული თავის სულიერ მდგომარეობაში. მცირე ურწმუნოების სინდრომი მაინც ჩანს, აი, ასეთი კატეგორიის ადამიანებში, რომლებიც, ფაქტობრივად, სრულად ვერ მიენდობიან ღმერთს.

შესაძლოა, ეს პრობლემები ყველა ჩვენგანს ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ადამიანი არჩევანის წინაშე დგება, რომ რა ქნას – გააჩინოს თუ, პირდაპირ ვთქვათ, მოკლას, – აქ უკვე ცალსახად უნდა წყვეტდეს თავის პრობლემას: რაც არ უნდა მიჭირდეს, მე უნდა გავაჩინო, რადგან საკუთარი შვილის სისხლის ფასად ბედნიერება არ უნდა ავაწყოთ.

უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო, თუ რა დიდ მადლს უშვებს უფალი მრავალშვილიან ოჯახებზე. პირადად ჩემი ცხოვრება ამ ფაქტებით არის დაკომპლექტებული. ამის დაწვრილმანებას არ დავიწყებ, მაგრამ ფაქტი ერთია, შემიძლია ცალსახად დავაფიქსირო, რომ რაც უფრო მეტ შვილს მაძლევს ღმერთი, მით მეტ შესაძლებლობას, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, მანიჭებს უფალი.

ეს ჩვენს ცხოვრებაში აქსიომასავით არის. თუ ადამიანი ამას კარგად დააკვირდება, დაინახავს, რომ ღმერთი იმდენს აძლევს მას, რამდენიც საერთოდ სჭირდება.

ჩვენ ვხედავთ ასეთ ფენომენს, რომ როდესაც ადამიანს ჰყავს ერთი ან ორი შვილი, მათ ფსიქიკაში ხდება რაღაცა ეგოისტური ჩამოყალიბება, ანუ მან შინაგანად იცის, რომ ყოველივე, რასაც აკეთებს მისი მშობელი, მისია. და ეს რომ არც უთხრა მას, ბავშვი შინაგანად მაინც გრძნობს. ამ შემთხვევაში მთელი ოჯახის ყურადღება გადასულია ერთ შვილზე, გნებავთ, ორი ბავშვი ვთქვათ. არც ეს არის ბევრი.… ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ძირითადად უჭირთ დამოუკიდებლად ცხოვრება. მუდმივად ვიღაცაზე არიან დამოკიდებულნი.

სხვა პროცესი მიმდინარეობს მრავალშვილიან ოჯახებში. მრავალშვილიან ოჯახში ბავშვი ფიქრობს, რომ რაც სახლში არის, ის მარტო მისი არ გახლავთ. ანუ ქვეცნობიერად სწავლობს გადანაწილებას. სწავლობს იმას, რომ ცხოვრება არც ისე იოლია; რომ მას გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე მოუწევს სერიოზული დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა და ამისთვის ქვეცნობიერად უკვე ემზადება. გარდა ამისა, აქვე უნდა დავამატოთ, რომ ღვთის დიდი შეწევნა ამ დროს იწყება.

ადამიანს აქვს სულიერი დეფიციტი, ღვთის ნების ხედვა ჩვენ არ შეგვიძლია და ადამიანი თავისი შეზღუდული აზროვნებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ მეტის გაკეთება მას არ ძალუძს. ის ვერ ხედავს ღმერთი ხვალ რას უმზადებს მას. სწორედ აქ არის მინდობის ფაქტორი. როცა ადამინი მიენდობა უფალს, მაშინ მისი ცხოვრება აწყობილი იქნება.

მე ვცდილობ, რომ ჩემი საკუთარი მაგალითით დავანახო მრევლს, გადადგან ეს ნაბიჯი და არ თქვან უარი საკუთარ შვილებზე.
რა თქმა უნდა, ზოგი გადადგამს და შეძლებს ამ ჯვრის ტვირთვას, ზოგს კი, შესაძლოა, გარკვეული პერიოდი დასჭირდეს. მე ასე მიმაჩნია, რომ ადამიანს როცა უქადაგებ და ამ ნათქვამს აქვს მყარი ზურგი, მაშინ ის სიტყვა შეისმინება და სინდისის ფენომენი იტყვის თავისას მრევლის ცნობიერებაში.

გაჭირვება და ცოდვა უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. მაშინ ასე დავსვათ საკითხი – თუ გვიჭირს, მაშინ ვიცხოვროთ თავშეკავებით და არა – გარყვნილი ცხოვრების წესით.

უწმინდესის ინიციატივა უნდა დავამატოთ აქ აუცილებლად ყოველი მეოთხე და მომდევნო შვილის მონათვლის შესახებ…

ჩვენი უწმინდესი ყველანაირად ცდილობს, დემოგრაფიული პრობლემა მოწესრიგდეს. ეს არ არის მარტო დემოგრაფიული პრობლემა, ეს გახლავთ ჩვენი პოლიტიკა, ქართველი ერის გადარჩენის პოლიტიკა. თუ რამე პრობლემა გააჩნია ჩვენს ერს, ნომერი პირველი პრობლემა არის ეს, რომ არ ვმრავლდებით.

ამის გამო ვკარგავთ ჩვენს ტერიტორიებსაც. ეს კიდევ დიდი თემაა. თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით, სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი, რითაც ჩვენ ვკარგავთ არა მარტო უკვე წართმეულ ტერიტორიებს, არამედ ფიქტიურად რომ ჩვენია და ფაქტობრივად სხვა ერის წარმომადგენლები მრავლდებიან.
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 1031 | დაამატა: balu | ტეგები: ადამიანი ღმერთს უნდა მიენდოს | რეიტინგი: 4.0/2
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.