Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი
6:51 PM
ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი
"თუ მე წინ მივდივარ, უკან მომყევით! თუ მე გიღალატეთ, მომკალით! თუ მე მომკლეს – შური იძიეთ!”

ბენიტო მუსოლინი

ბენიტო მუსოლინი თაყვანისმცემლებისთვის ბელადს და ზეარსებას წარმოადგენდა, რომლისთვისაც მიწიერი სისუსტეები უცხო იყო. მაგრამ პროპაგანდის მიერ შექმნილი ამ მონუმენტური ფასადის მიღმა, ჩვეულებრივი მოკვდავი იდგა. მას ძლიერ სურდა, რომ ისტორიაში უდიდესი ადამიანის სახელით შესულიყო. იგი ყველაფერს აკეთებდა, რათა კაცობრიობის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერილიყო. მუსოლინი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მისია აკისრია და მის გარეშე იტალია დაიღუპება. საბოლოოდ, მისი სახელი ისტორიას მართლა შემორჩა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმი მოუვლინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება სისტემა, რომელიც XX საუკუნეში უბედურების სიმბოლო გახდა. მან დაუდო საფუძველი ტოტალიტარიზმის იმ ფორმას, რომელიც შემდეგ წარმატებით გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაში და რომლის ანალოგიც მოქმედებდა ბოლშევიკურ რუსეთში.

ერთი შეხედვით, მუსოლინი სასტიკი და შეუვალი დიქტატორის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებოდა. მაგრამ სინამდვილეში, ეს ილუზია იყო. სისასტიკის მხრივ იგი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ჰიტლერისა და სტალინის მიერ შექმნილ რეჟიმებს. იტალიაში მას "მუყაოს ლომს” ეძახდნენ, ხოლო მის რეჟიმს "რბილი ყველის დიქტატურა” შეარქვეს.

ბენიტო მუსოლინი 1883 წლის 29 ივლისს იტალიის ჩრდილოეთში სოფელ დოვიაში დაიბადა. დედა როზა მალტონი სოფლის მასწავლებელი და ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო, მამამისი ალესანდრო კი მჭედელი გახლდათ. ბენიტო პირველი შვილი იყო. მისი დაბადების შემდეგ, მუსოლინების ოჯახში კიდევ ორი ბავშვი დაიბადა: არნალდო და ედვიჯე.

მუსოლინის ოჯახი საშუალო შეძლების იყო და ამიტომ მათ უფროსი ვაჟისთვის საშუალო განათლების მიცემა შეეძლოთ. 1892 წელს პატარა ბენიტო ფაენცას სკოლაში მიაბარეს, რომელიც ადგილობრივ მონასტერთან მოქმედებდა. მუსოლინი ჩხუბისთავი, აშარი და ჯიუტი ბავშვი იყო. ხშირად არღვევდა ბერების მიერ დაწესებულ სკოლის მკაცრ განაწესს. პირველივე წელს ბენიტომ თავი იმით გამოიჩინა, რომ უფროსკლასელ ბიჭს ჩხუბის დროს დანა გაუყარა. სკოლის დირექტორმა მუსოლინის გარიცხვა გადაწყვიტა, მაგრამ ბენიტოს დედის ცრემლებისა და საქმეში ფორლის ეპისკოპოსის ჩარევის შემდეგ იგი სასწავლებელში მაინც დატოვეს.

მუსოლინი სკოლის ასაკიდანვე ამჟღავნებდა ლიდერის თვისებებს. იგი თანატოლებზე გავლენის მოპოვებას და მათ მართვას ცდილობდა. ლიდერის პოზიციის მოპოვებას ყველაზე ხშირად ჩხუბით ახერხებდა. მიუხედავად მისი ასეთი აგრესიული ხასიათისა, ბენიტო კარგად სწავლობდა და სკოლაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოსწავლედ ითვლებოდა.

აგრესიული ხასიათით იგი მამას ჰგავდა. ბენიტოს პიროვნებისა და მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ალესანდროს უდიდესი როლი მიუძღვის. ბენიტოს მამა ჩხუბისთავი და ათეისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაბამისი განათლება არ ჰქონდა მიღებული, იგი კარგად იცნობდა მარქსიზმს, ინტერესდებოდა პოლიტიკით და საკუთარი თავი სოციალისტად მიაჩნდა. ალესანდრომ ვაჟს სახელი საკუთარი პოლიტიკური სიმპათიებიდან შეურჩია: მექსიკელი რეფორმატორი პრეზიდენტის ბენიტო ჰუარესის საპატივცემულოდ შვილს ბენიტო დაარქვა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და მეორე და მესამე სახელებად ცნობილი იტალიელი სოციალისტების ანდრეა კოსტის და ამილკარე ჩიპრიანის სახელები მისცა. ამის გამო მუსოლინის სრული სახელი ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი იყო.

ალესანდრო აქტიური სოციალისტი გახლდათ. იგი წერდა პროკლამაციებს, სიტყვით გამოდიოდა მიტინგებზე. ბენიტოს მამა რუსი რევოლუციონერის ბაკუნინის იდეების თაყვანისმცემელი გახლდათ და მეორე ინტერნაციონალის წევრიც კი იყო. მამის გავლენით ბენიტო ანარქო-სინდიკალისტებისა და ანტიკლერიკანულ იდეებს გაეცნო, რის შემდეგაც სოციალიზმითა და ათეიზმით "დაავადდა”.



მუსოლინის პოლიტიკით დაინტერესება ჯერ კიდევ გიმნაზიიდან დაიწყო. მამის მსგავსად იგი სოციალისტური პარტიის წევრი გახდა და ფორლის ადგილობრივი პარტიული გაზეთისთვის პოლიტიკურ სტატიების წერდა. 1901 წელს ბენიტომ უმცროსი კლასების მასწავლებლის დიპლომი აიღო და სამუშაოდ სოფელ პიევე-სალიჩეტოში მოეწყო. პირველ პარტიულ ორგანიზაციას სწორედ ამ სოფელში ჩაუდგა სათავეში. ბენიტო სოფლის სოციალისტური პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.

მისი პარტიული კარიერა სოფელში დიდხანს არ გაგრძელებულა. 1902 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავი რომ აერიდებინა, ბენიტო შვეიცარიაში გადავიდა. შვეიცარიაში მყოფი იტალიელიებისგან, რომლებიც ემიგრაციაში ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებდნენ, მუსოლინი აშკარად გამოირჩეოდა. მას შეეძლო წერა-კითხვა, თავისუფლად საუბრობდა ფრანგულ ენაზე, ერკვეოდა პოლიტიკურ სისტემებში. 18 წლის ბენიტო თანამემამულეთა შეკრებებზე სიტყვით ხშირად გამოდიოდა. მან მასაზე ზემოქმედების ხელოვნება ისწავლა და მიხვდა, რომ თუ ხალხის წინაშე პატრიოტულ და სოციალურ საკითხებზე უკომპრომისო, რადიკალური ლოზუნგებით ილაპარაკებდა, იგი პოპულარული გახდებოდა. და მართლაც, იტალიელ ემიგრანტებს მისი გამოსვლები მოსწონდათ და ხშირად ტაშითაც აჯილდოვებდნენ. სწორედ შევიცარიაში შეარქვეს მას "პიკოლო დუჩე”, რაც პატარა ბელადს ნიშნავდა. მოგვიანებით ეს მეტსახელი შემცირდა და მხოლოდ დუჩე დარჩა.



ჟენევაში ერთ-ერთ პოლიტიკურ შეკრებაზე იგი რუს მარქსისტებს ანჟელიკა ბალაბანოვას და ვლადიმერ ულიანოვს შეხვდა, რომელთაგანაც სოციალიზმისა და მარქსიზმის შესახებ ბევრი ახალი რამ შეიტყო. ბალაბანოვა იმდენად მოიხიბლა ახალგაზრდა იტალიელის ტემპერამენტით, რომ მისი საყვარელიც კი გახდა. რუსების წყალობით, მუსოლინიმ კაუცკის, მარქსის, ნიცშეს და სორელის ნაშრომების კითხვა დაიწყო. ამ ნაშრომების ზეგავლენით, მუსოლინის მკაფიო პოლიტიკური ხედვა ჩამოუყალიბდა: იგი თვლიდა, რომ ლიბერალური დემოკრატია და კაპიტალიზმი უსამართლო სისტემები იყო და ისინი ძალადობის გზით უნდა შეცვლილიყო. ბენიტო პირდაპირი მოქმედებების მომხრე გახდა, რომელიც არ იქნებოდა შეზღუდული მორალური პრინციპებით.

1903 წელს შვეიცარიის პოლიციამ იტალიის მოთხოვნით, მუსოლინი როგორც დეზერტირი დააკავა და სამშობლოში დააბრუნა. ბენიტო ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი იძულებული გახდა სამხედრო ბეგარა მოეხადა.

1907 წელს მუსოლინის ცხოვრებაში ახალი ერა იწყება. ბენიტო სოციალისტური პარტიის პატარა გაზეთის La Lima-ს რედაქტორი გახდა, რომელიც პოლიტიკური კარიერისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობას ქმნიდა. გაზეთის საშუალებით იგი თავს ესხმოდა იტალიის მთავრობას, ვატიკანს, მთელ კათოლიკურ სამყაროს. მუსოლინი თვლიდა, რომ ხელისუფლება და რომის პაპი მშრომელებს ჩაგრავდნენ და კაპიტალისტების ინტერესებს იცავდნენ. თავისი აგრესიისთვის ხაზი რომ გაესვა, იგი სტატიებს Vero Eretico-ის (ჭეშმარიტი ერეტიკოსი) ფსევდონიმით წერდა.



პარტიაში მუსოლინის აქტიურობა მალე შეამჩნიეს და სათანადოდ დააფასეს. იგი ფორლის ყოველკვირეული სოციალისტური ჟურნალის Lotta di classe-ს (კლასობრივი ბრძოლა) მთავარ რედაქტორად დანიშნეს. იგი უდაოდ ნიჭიერი ჟურნალისტი იყო. მისი სტატიების ტონი უაპელაციო, აგრესიული და კატეგორიული იყო. იგი ფართო მასებისთვის გასაგებ ენაზე წერდა. ბენიტოს შეეძლო ყველაზე აქტუალური თემების შერჩევა, მყვირალა სათაურების მოფიქრება. იგი მასების განწყობას გრძნობდა და იცოდა რის მოსმენა სურდა უბრალო ხალხს. რაიონის პატარა გაზეთი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი ტირაჟი 2500 ეგზემპლარამდე გაიზარდა. 1910 წელს დუჩე ფორლის სოციალისტური პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. იმავე წლის ოქტომბერში მუსოლინი პარტიის ყრილობაზე დელეგატად პირველად მიიწვიეს.

ორ წელიწადში ბენიტო იმდენად დაწინაურდა, რომ მას სოციალისტური პარტიის მთავარი ბეჭდვითი ორგანოს რედაქტორობა ჩააბარეს. ბენიტო საცხოვრებლად მილანში გადაბარგდა და პარტიული გაზეთი – "ავანტი!” (წინ), სულ მალე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოცემად აქცია.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. იტალია მასში ჯერჯერობით მონაწილეობას არ იღებდა. სოციალისტურმა პარტიამ, რომელიც ანტიმილიტარისტულ პოზიციაზე იდგა, მოსახლეობას ომის საწინააღმდეგო მანიფესტით მიმართა. პარტიის პოზიციით, იტალიას ამ ომში აბსოლუტური ნეიტრალიტეტი უნდა დაეცვა.

მაგრამ მუსოლინი პარტიას არ ეთანხმებოდა. სოციალისტების მთავარ გაზეთში ბენიტომ შესაბამისი სტატია გამოაქვეყნა, სადაც აცხადებდა, რომ ყველა ომის წინააღმდეგ გამოსვლა იდიოტიზმის ნიშანია. მისი აზრით, ომში გერმანიის გამარჯვება თავისუფალ ევროპას დაასამარებდა და იტალია დამოუკიდებლობას დაკარგავდა. გაზეთში პარტიის გენერალური ხაზის საწინააღმდეგო პუბლიკაციის გამოქვეყნებისთვის მუსოლინი მთავარ კომიტეტში გამოძახეს და რედაქტორის პოსტიდან მოხსნეს. ერთი თვის შემდეგ იგი პარტიიდან საერთოდ გარიცხეს.

ამის საპასუხოდ, მუსოლინი მთელ იტალიაში საჯარო გამოსვლებს აწყობდა, სადაც სოციალისტურ პარტიას ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გაყიდვაში ადანაშაულებდა. მუსოლინის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. მას სურდა ომის საშუალებით, იტალიაში რევოლუციური სიტუაცია შექმნილიყო, რათა ხელისუფლებაში მოსულიყო. ბენიტო დაუღალავად წერდა ექსტრემისტულ სტატიებს, რომელიც იტალიაში არსებული სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული: "სულ უფრო ვრწმუნდები, რომ იტალიის საკეთილდღეოდ საჭიროა დეპუტატთა დიდი ნაწილი დავხვრიტოთ, დანარჩენები კი მინისტრებთან ერთად კატორღაში გავისტუმროთ. იტალიის პარლამენტი ჭირია, რომელიც ერის სისხლს წამლავს. საჭიროა მისი ამპუტაცია!”

1915 წლის 23 მაისს იტალია ანტანტის მხარეს პირველ მსოფლიო ომში ოფიციალურად ჩაება. იტალიურ არმიაში მობილიზაცია დაიწყო. ფრონტზე მიდიოდნენ მოხალისეებიც. საომარი რიტორიკის მიუხედავად, მუსოლინი მოხალისედ ჩაწერას არ ჩქარობდა. გაზეთებში მას ლაჩარს უწოდებდნენ, რომელსაც მხოლოდ ყბედობა შეეძლო. თუმცა ბენიტო თავის იმით იმართლებდა, რომ იგი გაწვევას ელოდებოდა. აგვისტოს ბოლოს იგი ფრონტზე გაიწვიეს. მუსოლინის სამხედრო ნაწილი მდინარე იზონცოსთან ავსტრიელთა წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში გაგზავნეს. თვითმხილველების თქმით, დუჩე სანგრებიდან პირველი გარბოდა შეტევაში და ჯარისკაცებს პატრიოტული შეძახილებით ამხნევებდა. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის მან კაპრალის ჩინიც კი მიიღო. 1917 წელს ბენიტო ფეხში მძიმედ დაიჭრა. იგი ფრონტისთვის უვარგისად სცნეს და სამშობლოში გაისტუმრეს.

1917 წლის გაზაფხულზე, კაპორეტოსთან გამართულ ბრძოლაში იტალიის არმია ავსტრიელებთან სასტიკად დამარცხდა. დემორალიზებული ჯარისკაცები ფრონტს მასობრივად ტოვებდნენ. იტალიაში ასობით ათასი მეომარი დაბრუნდა, რომლებიც მარცხს ხელისუფლებას აბრალებდნენ. ჯარისკაცთა მასა ნელ-ნელა უმართავი ხდებოდა.

მუსოლინიმ ეს ვითარება კარგად გამოიყენა. მან ზუსტად იცოდა ჯარისკაცთა განწყობა და შეძლო მათი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანმიმართული აგიტაციის წარმოება. სულ მალე ბენიტო ჯარისკაცების კუმირი გახდა. მისი ემოციური გამოსვლები, რომლებიც ძირითადად უთანასწორობაზე, სამშობლოს გამყიდველების ლანძღვასა და ხელისუფალთა არაკომპეტენტურობაზე იყო აგებული, ჯარისკაცთა მასებში აღფრთოვანებას იწვევდა. პუბლიკაში სიტყვით გამოსვლისას მუსოლინი მუდმივად იყენებდა ჟესტიკულაციას, უწევდა ხმას, გადადიოდა ყვირილზე, რითიც მაყურებელში შეუვალი და მიზანმიმართული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ბენიტომ გადაწყვიტა ესარგებლა ამ პოპულარობით, რათა საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია შეექმნა. 1919 წლის 23 მარტს მილანში, ახალი ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. მუსოლინის ორგანიზაციას Fasci italiani di combattimento ერქვა ("იტალიის ბრძოლის კავშირი”). შემოკლებით კი მათ ფაშისტებს ეძახდნენ.

ახალი ორგანიზაცია თავის მიზნად ვეტერანი ჯარისკაცების უფლებების დაცვას ისახავდა. სულ მალე მათი სამოქმედო პროგრამა სხვადასახვა ტიპის პოლიტიკური და სოციალური მოთხოვნებით შეივსო, რომელსაც რადიკალური ხასიათი ჰქონდა. კერძოდ ფაშისტები ითხოვდნენ: სენატის, პოლიციის, ნებისმიერი კასტის, პრივილეგიების და ტიტულების გაუქმებას; საყოველთაო საარჩევნო უფლების შემოღებას; 8 საათიანი სამუშაო დღის დაწესებას; ხელფასების გაზრდას; გლეხებისთვის მიწის დარიგებას; საყოველთაო განათლებას და ა.შ. ფაშისტები მიმართავდნენ არა რომელიმე კონკრეტულ სოციალურ ფენას, არამედ ყველა იტალიელს, ვისაც სოციალური და პოლიტიკური გარდაქმნები სურდა. მუსოლინი არ მალავდა თავის მისწრაფებას: "ფაშიზმი – ეს არის მორალური და მატერიალური ძალების გიგანტური მობილიზაცია. რა გვსურს ჩვენ? გეტყვით პირდაპირ: ჩვენ ქვეყნის მართვა გვინდა!”

ომის შემდეგ გაჭირვებაში მყოფი იტალიის მოსახლეობა, რომელსაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება სურდა, ფაშისტებს სულ უფრო მეტ მხარდამჭერას უცხადებდა. 1921 წლის მაისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, მუსოლინის პარტიამ 35 მანდატი მოიპოვა.

ფაშისტებმა შეძლეს ერთდროულად ყოფილიყვნენ ტრადიციონალისტებიც და რევოლუციონერებიც. მათ ერთგვარი "მესამე გზა” ჩამოაყალიბეს, რომელიც ყველა სხვა პარტიისგან განსხვავდებოდა. ქვეყანაში საკუთარი გავლენის გასამყარებლად ბენიტომ სულ მალე პარტიის მებრძოლი რაზმის ჩამოყალიბება დაიწყო. ომის ვეტერანებისგან შეიარაღებული ჯგუფები შეიქმნა, რომელსაც სკვადრისტებს, ანუ "შავპერანგიანებს” ეძახდნენ. მათი შექმნის ოფიციალური მიზეზი, ქუჩებში ანარქიის აღკვეთა და ძლიერი ხელის მეშვეობით წესრიგის დამყარება იყო. სკვადრისტები არბევდნენ კომუნისტების, ანარქისტების, სოციალისტების მსვლელობებს და მიტინგებს. ვინაიდან ქვეყანაში მემარცხენეთა დიდი გავლენა იყო და ხელისუფლებას კომუნისტური გადატრიალების ეშინოდა, იგი ფაშისტების ძალისმიერ აქციებში იშვიათად ერეოდა.

ფაშისტების რიცხვი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ 1922 წლისთვის იტალიაში ფაქტიურად ორხელისუფლებიანობა დამყარდა. მუსოლინის კონტროლის ქვეშ სულ უფრო მეტი რეგიონი ექცეოდა. ბენიტომ ძალაუფლების ხელში აღება ძალის გამოყენებით გადაწყვიტა. 1922 წლის 24 ოქტომბერს ნეაპოლის თეატრში ფაშისტების მორიგი ყრილობა გაიხსნა, სადაც დუჩე აგრესიული სიტყვით გამოვიდა. ფაშისტების სასარგებლოდ, ბენიტომ მთავრობას 5 სამინისტროს დათმობას მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სამოქალაქო ომის დაწყებით იმუქრებოდა.

27 ოქტომბერს ფაშისტებში მობილიზაცია გამოცხადდა. სკვადრისტებმა რომში შესვლის ბრძანება მიიღეს. რეგიონებში არეულობა დაიწყო. სამთავრობო ძალებთან შეტაკება მოხდა ბოლონიაში, კრემონაში და ალექსანდრიაში. მთავრობა ფაქტის წინაშე დადგა, მათ ან ხელისუფლება მუსოლინისთვის უნდა გადაეცათ, ან სამოქალაქო ომი დაეწყოთ. იტალიის მეფე ვიქტორ-ემანუილ III-მ დათმობა არჩია და მუსოლინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ფაშისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ.

მთავრობაში მოსვლისთანავე, მუსოლინიმ პირდაპირი კონტროლი დააწესა შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და კოლონიების საქმეთა სამინისტროებზე. ბენიტო ერთდროულად 7 სამინისტროს ხელმძღვანელობდა და ამავე დროს პრემიერ-მინისტრის პოსტიც ეკავა.

სულ მალე მან ქვეყნის კარდინალური გარდაქმნა დაიწყო. 1925 წლის 3 იანვარს დუჩე პარლამენტში ახალი ინიციატივებით გამოვიდა, რომელიც ქვეყანაში ფაშიტების სრულ ჰეგემონიას ითვალისწინებდა. იტალიაში გაუქმდა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, აიკრძალა პარტიები, თავისუფალი პროფკავშირები, ციხეებში აღმოჩნდნენ რეჟიმით უკმაყოფილო მოქალაქეები და პოლიტიკური ოპონენტები. ჯერ შეიზღუდა, შემდეგ კი საერთოდ აიკრძალა თავისუფალი პრესა.

მუსოლინი შეუზღუდავი უფლებამოსილებით აღჭურვილი დიქატატორი გახდა. ფორმალურად იგი ანგარიშვალდებული მხოლოდ მეფის წინაშე იყო, თუმცა ამასაც მხოლოდ ფასადური მნიშვნელობა ჰქონდა. 1926 წელს ახალი კანონი გამოიცა, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეეძლო კანონები პარლამენტთან შეთანხმების გარეშე მიეღო. დაშლილად გამოცხადდა თვითმმართველობები. 1928 წელს საპარლამენტო არჩევნები საერთოდ გაუქმდა. მათ ნაცვლად დიდი ფაშისტური საბჭო სასურველი კანდიდატების ერთიან სიას ადგენდა, რომელიც შემდეგ მოსახლეობას პლებისციტის სახით უნდა დაემტკიცებინა.

ფაშისტებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს ყოვლისშემძლე სიციალისტური მაფია, რომელსაც კონკურენტად მიიჩნევდნენ. დუჩე პალერმოს მერისგან ჩეზარე მეორისგან კუნძულზე სრული კონტროლის დამყარებას ითხოვდა: "თქვენ გაქვთ მოქმედების სრული თავისუფლება. სიცილიაზე სახელმწიფოს კონტროლი უნდა იყოს აბსოლუტური, ვიმეორებ აბსოლუტური! თუ არსებული კანონები ამ დავალების შესრულებაში ხელს გიშლით, ეს პრობლემა არ არის. ჩვენ შევცვლით ნებისმიერ კანონს,” – ასეთი დეპეშა გაუგზავნა დუჩემ პალერმოს მერს.

იტალიაში ფაშიზმისა და მუსოლინის კულტის ტოტალური დამკვიდრება დაიწყო. დუჩეს აცხადებდნენ ერის სიმბოლოდ და ღირსებად. მისი პორტრეტები გამოფენილი იყო ყველა ქუჩაზე და ავტომაგისტრალზე. სკვერებში დაამონტაჟეს დიქტატორის ბიუსტები, დადგეს ძეგლები. დუჩეს განდიდების კამპანიამ თავის ზენიტს 30-იან წლებში მიაღწია, როდესაც დიქტატორის საპატივცემულოდ პოემებს და ლექსებს თხზავდნენ.

მუსოლინის არ აინტერესებდა ფინანსური კეთილდღეობა. მას არ ჰქონდა დიდი ქონება, მაგრამ ამავე დროს იგი უარს არ ამბობდა სხვადასხვა სახის სიამოვნებაზე. იგი გატაცებული იყო ავტომობილებით და ცხენებით. მის ავტოფარეხში და საჯინიბოში საუკეთესო მარკის მანქანები და ბედაურები იყო თავმოყრილი. მაგრამ ყველაზე მეტად დუჩეს ქალები უყვარდა. ბენიტო 16 წლის იყო როდესაც ქუჩის მეძავთან უმანკოება დაკარგა. ახალგაზრდა დუჩე საროსკიპოების ხშირი სტუმარი იყო. ასეთი გარყვნილი ცხოვრების გამო, მუსოლინი სიფილისით დაჯილდოვდა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ვერ მოიშორა. 1909 წელს ბენიტოს თავისი ყოფილი მოსწავლე რაქელ გვიდი შეუყვარდა. მან გოგონას განუცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის გამო, იგი არ აპირებს ოჯახის შექმნას და ამიტომ ერთად ცხოვრებას შეუღლების გარეშე სთავაზობდა. რაქელის მშობლები ამის სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. მაშინ მუსოლინი შეყვარებულის ოჯახს ესტუმრა, იარაღი ამოიღო და რაქელის დედას განუცხადა: "ქალბატონო გვიდი, ამ პისტოლეტში 6 ტყვიაა, თუ თქვენ უარს მეტყვით, პირველი ტყვია თქვენს ქალიშვილს მოხვდება, მეორე კი მე,” – ასეთი ულტიმატუმის შემდეგ რაქელის მშობლები დუჩეს წინადადებას დათანხმდნენ. საბოლოოდ, დუჩეს რაქელზე დაქორწინება მაინც მოუწია, მაგრამ ეს უკვე მოგვიანებით მოხდა.

რაქელთან ბენიტოს 5 შვილი ჰყავდა, მაგრამ ოჯახთან იგი თითქმის არ ცხოვრობდა. მიზეზად დუჩე მოუცლელობას ასახელებდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ფაშისტები ქვეყნის სათავეში მოვიდნენ და პარტიამ ოჯახური ცხოვრება ყველა იტალიელის წმინდა მოვალეობად გამოაცხადა, ბენიტომ პროპაგანდისთვის რაქელი შვილებთან ერთად რომში გადმოიყვანა, მაგრამ ისინი მაინც ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

ოჯახის ნაცვლად დუჩე დიდ დროს საყვარლებს უთმობდა. პრემიერ-მინისტრის კაბინეტში სათხოვნელად შესული ნებისმიერი მომხიბვლელი ქალი, მისი ნადავლი ხდებოდა. მუსოლინი "სწრაფი სექსის” ნამდვილი ოსტატი იყო და ხშირად შარვალსაც კი არ იხდიდა. იგი იმდენად მოუთმენელი იყო, რომ სექსის გამო, ხშირად მთავრობის სხდომებსაც კი ტოვებდა.

საყვარლებს შორის ფავორიტად 20 წლის კლარეტა პეტაჩი ითვლებოდა. პეტაჩი მუსლონის ეპოქაში გაიზარდა. მისთვის დიქტატორი თითქმის ღმერთი იყო და მის ყველა მოთხოვნას უყოყმანოდ და სიხარულით ასრულებდა. თავის მხრივ, მუსოლინი პეტაჩის ძვირფას სამკაულებს და ბინებს ჩუქნიდა.



*

ქვეყანაში ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ, 30-იან წლებში მუსოლინი საგარეო აგრესიაზე გადავიდა. 1933 წელს იტალიამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო დანახარჯები და ომისთვის მზადებას შეუდგა. დუჩეს ოცნება რომის იმპერიის მსგავსი სახელმწიფოს შექმნა იყო, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში დომინანტი ქვეყანა გახდებოდა.

1935 წელს მუსოლინიმ საფრანგეთთან ინტერესთა სფეროების გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა და აფრიკაში თავისუფლად მოქმედების საშუალება მიიღო. დასაწყისისთვის იტალია ეთიოპიაში შეიჭრა. ერთ წელიწადში, ეთიოპიის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა და იგი იტალიის სამეფოს ნაწილად გამოცხადდა. იტალიის შემადგენლობაში აღმოჩნდა სომალი და ერითრიაც.

ამ ომმა იტალიისა და გერმანიის დაახლოება გამოიწვია. გერმანია ჰიტლერის მეთაურობით, ევროპაში საკუთარი გავლენის აღდგენას და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა. ორმა დიქტატორმა ერთმანეთს სწრაფად გაუგეს. 1937 წელს მუსოლინი და ჰიტლერი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ და პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. იტალიამ უპრობლემოდ სცნო გერმანიის მიერ განხორციელებული ავსტრიის ანშლუსი და მხარი დაუჭირა ბერლინის მოთხოვნას გერმანიის სასარგებლოდ ჩეხოსლოვაკიისთვის სუდეტის რაიონის ჩამორთმევაზე. ორი დიქტატორი ერთად მოქმედებდა ესპანეთშიც, როდესაც ფაშისტ გენერალ ფრანკოს კომუნისტების დამარცხებაში ეხმარებოდნენ.

1939 წელს იტალიამ უკვე ალბანეთის ანექსია მოახდინა. მეორე მსოფლიო ომში იტალია 1940 წლის 10 ივნისს ჩაერთო, მაშინ როდესაც ვერმახტი უკვე პარიზში იმყოფებოდა და საფრანგეთის დიდი ნაწილი ოკუპირებული იყო. თავის მხრივ, იტალიამ სამხრეთ საფრანგეთის, კერძოდ კი – კორსიკა, სავოი და ნიცა მიისაკუთრა. 1941 წელს მუსოლინიმ გერმანიის მსგავსად საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა. მისი დივიზიები სტალინგრადის ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. რუსული კამპანია იტალიისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. 1942-1943 წელს გერმანულ-იტალიურმა კოალიციამ სტალინგრადთან კრახი განიცადა. იტალიამ რუსეთში გაგზავნილი თითქმის ყველა დივიზია დაკარგა.

გართულდა ვითარება აფრიკაშიც, სადაც ინგლისურ-ფრანგულმა კორპუსმა გერმანიისა და იტალიის გაერთიანებული არმიის დამარცხება შეძლო. გაწელილი ომისა და გახშირებული სამხედრო მარცხის შედეგად, იტალიაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ქვეყანაში პურის ტალონები შემოიღეს, გაიყინა ხელფასები, ქარხნები და სახელმწიფო დაწესებულებები 12 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. 1943 წელს ომი უკვე თავად იტალიას დაემუქრა. 10 ივლისს ინგლისურ-ამერიკული კორპუსი სიცილიაში შეიჭრა. მუსოლინიმ დახმარებისთვის ჰიტლერს მიმართა, მაგრამ ფიურერმა რუსეთის ფრონტზე შექმნილი მძიმე ვითარების გამო, დუჩეს დახმარება ვერ შეძლო.

დუჩეს გარემოცვა მოახლოებულ კატასტროფას გრძნობდა და ამიტომ ბელადის ჩამოგდება გადაწყვიტა. ფაშისტთა ლიდერებმა დიდი კრება მოიწვიეს და დიქტატორს განუცხადეს, რომ იგი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადაყენებულია. ბენიტომ კრების გადაწყვეტილება არ სცნო. მეორე დღეს იგი იტალიის მეფემ დაიბარა და პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მისი დათხოვნის შესახებ აუწყა: "ვიმედოვნებ ხვდებით თუ რას ფიქრობენ იტალიელები თქვენზე. თქვენ ყველაზე საძულველი ადამიანი ხართ იტალიაში,” – განუცხადა მონარქმა დუჩეს.

მეფის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ ბენიტო დააპატიმრეს. დუჩეს დაპატიმრების ცნობამ ქვეყანაში სპონტანური სახალხო მანიფესტაციები გამოიწვია. დაშლილად გამოცხადდა ფაშიტური პარტია და ყველა მისი სტრუქტურა. იტალიის ახალმა მთავრობამ ომიდან გამოსვლისა და მოკავშირეებთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ განაცხადა.

იტალიაში ვითარების შეცვლამ აპენინის ნახევარკუნძულზე გერმანიის გააქტიურება გამოიწვია. ჰიტლერის პირადი ბრძანებით, გერმანულმა სპეც-რაზმმა აპენინის მთებში სასტუმრო "ალბერგო-რიფუჯიოში” პატიმრობაში მყოფი მუსოლინი გაათავისუფლა და ვერმახტის ძალებით, იტალიის ოკუპაცია დაიწყო. მოკლე დროში ქვეყნის დიდი ნაწილი გერმანულმა ჯარებმა დაიკავეს. მეფის ხელისუფლება, სამხრეთში გადავიდა, სადაც უკვე მოკავშირეები იმყოფებოდნენ. იტალიაში მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი აღსდგა. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო. 1945 წლის აპრილისთვის თითქმის მთელ იტალიას უკვე მოკავშირეები და იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები აკონტროლებდნენ.

მუსოლინი შევიცარიაში გაქცევას შეეცადა, მაგრამ 1945 წლის 27 აპრილს იგი პარტიზანებმა დააკავეს. მეორე დღეს მუსოლინი და მისი საყვარელი კლარეტა პეტაჩე პატარა სოფელ ჯულია დე მეძერტოში გადაიყვანეს. პარტიზანებმა კლარეტას დიქტატორის მიტოვება და თავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა. წინააღმდეგობის მოძრაობის განაჩენით, მუსოლინის დახვრეტა მიუსაჯეს. იგი იმავე დღეს, კლარეტა პეტაჩესთან ერთად დახვრიტეს. როგორც ამბობენ, დახვრეტის დროს, კლარეტა თავის საყვარელს მკერდით გადაეფარა.

მათი ცხედრები პარტიზანებმა მილანში გადაიტანეს და პიაცა ლორეტოს მოედანზე თავდაყირა დაკიდეს. 1 მაისს დიქტატორისა და მისი საყვარლის გვამები მილანის სასაფლაო მუზოკოზე დაკრძალეს. ასე დასრულდა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელმაც შექმნა ფაშიზმი.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1288 | დაამატა: balu | ტეგები: ადამიანი, რომელმაც შექმნა ფაშიზმი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.