Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ადამიანი VS მეხსიერება
5:18 PM
ადამიანი VS მეხსიერება
როგორ ვებრძოლოთ მეხსიერების დაკარგვას, რომელიც თურმე 25 წლიდან იწყება

მეხსიერება, ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ის დაკავშირებულია ჩვენი განვითარების ნებისმიერ ეტაპთან დაბადებიდან – სიკვდილამდე. მეხსიერება არა მხოლოდ ადამიანის ნორმალური ჩამოყალიბებისთვისაა გადამწყვეტი (ლაპარაკის, სიარულის, ა.შ. სწავლა) არამედ ასევე მისი გონებრივი და სულიერი გაზრდისთვისაც. მოგონებებზე და გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ახლა უბრალოდ მეხსიერებაზე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო. როდის იწყება მეხსიერების გაუარესება, რა ხდება თავის ტვინში, როდესაც გვავიწყდება ესა თუ ის მოვლენა, ხანდახან საინტერესოა იცოდე, თუ რა დგას ამა თუ იმ, თითქოს ყოველდღიური, ბუნებრივი მოვლენების უკან.

ოცდაათ წლამდე ადამიანები ვერ ამჩნევენ რომ რაღაც-რაღაცეები ავიწყდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხსიერება ისევე უარესდება როგორც, მაგალითად 60 წლის ადამიანის. ეს იმას უკავშირდება, რომ ოციდან ოცდაათ წლამდე ადამიანი ძალიან ბევრ ინფორმაციას ითვისებს და ამიტომაც მისთვის "კოგნიტიური კაპიტალის” დაკარგვა საკმაოდ შეუმჩნევლად მიმდინარეობს მანამ, სანამ ის ყოველდღიურ მეხსიერებაზე არ იქონიებს გავლენას. მიჩიგანის სოციალური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად სწორედ 25 წლიდან იწყება მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების ეტაპობრივი გაუარესება.

კვლევაში, რომლის ხელმძღვანელიც დენის პარკი იყო, 350 ოციდან – ოთხმოცდაათ წლამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სწორედ ამ კვლევის საფუძველზე დაასკვნა ინსტიტუტმა, რომ ადამიანის გონებრივი დაბერება ასეთი ადრეული ასაკიდან იწყება. მიუხედავად ამისა, ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება მუდმივად გროვდება, რაც ამ მცირე დანაკარგების კომპენსირება ახდეს, ამიტომ ადამიანი ასაკთან ერთად არ დეგრადირდება და 50 წლამდე ცხოვრებისეულ გამოცდილებას აგროვებს. ამჟამად დენის პარკი მუშაობს თავის ტვინის დაბერების ფონზე, მისი ფუნქციონირების გაუმჯობესების მეთოდებზე.

ადამიანის მეხსიერება მისი შესაძლებლობების უმაღლეს წერტილს 25 წლის ასაკში აღწევს, ამ დროს თავის ტვინს წამში 200 ბიტი დამახსოვრება შეუძლია, ამის პარალელურად შეუძლია აკონტროლოს ტანის მოძერაობას, რაც კომპიუტერის შესაძლებლოებბსაც კი აჭარბებს ზოგიერთ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები არც ისე სასიამოვნოა, მაგალითად უკვე ვიცი, რომ დაახლოებით 2 წელიწადში მეხსიერება უკვე მუდმივ დეგრადირების ფაზაში შედის, საგანგაშო არაფერია, რადგან ზოგადად ადამიანის მეხსიერება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, 70 წლამდე მაინც მეტ-ნაკლებად საკმაოდ ძლიერი რჩება.



ეგრედ წოდებული "ეპიზოდური მეხსიერება”, რომელიც ჩვენი გამოცდილებასა და კონკრეტულ დროში მომხდარ მოვლენებზეა პასუხისმგებელი დაბერების პარალელურად განიცდის ცვლილებებს. მეორეს მხრივს, პროცედურული მეხსიერებაა, რომელიც ძალიან მცირე ან თითქმის არანაირ ცვლილებებს არ განიცდის ასაკთან ერთად, მოკლე-დროის მონაკვეთებზე "პასუხისმგებელი” მეხსიერება აგრეთვე ნაკლებად განიცდის გაუარესებას, ხოლო რაც შეეხება სემანტიკურ ცოდნას, რომელშიც მაგალითად სიტყვათა მარაგი შედის, ასაკთან ერთად უმჯობესდება.

თავის ტვინის სტრუქტურა მთლიანობაში დროსთან ერთად არ იცვლება, თუმცა არც ახალი ნეირონების წარმოქმნა ხდება, უბრალოდ მათ შორის კავშირი დროსთან ერთად იცვლება, მაგალითად დაკავშირებულია სწავლის პროცესთან, რის დროსაც ნეირონული უჯრედები უფრო და უფრო ძლიერად უკავშირდებიან ერთმანეთს. თუმცა ასაკთან ერთად ეს კავშირები სუსტდება, ზუსტად ისევე, როგორც სხვა ბიოლოგიური პროცესები ხდება უფრო და უფრო ფრაგმენტული.

კიდევ უფრო თუ ჩავუღრმავდებით, მაშინ გავიგებთ, რომ ასაკთან ერთად ტავის ტვინის თეთრი ნივთიერება კვდომას იწყებს, რაც ძირითადად სისხლის მიწოდების კლებასთან არის დაკავშირებული. ნეიროტრანსმიტერების მუშაობა, რომლებიც თავის ტვინში სიგნალების მატარებლები (მესენჯერები) არიან, თითქმის ნახევარჯერ მცირდება თუ ახალგაზრდა და დაბერებულ ტვინს შევადარებთ.



‘შემცირების თეორიის’ მიხედვით, დავიწყება იწყება მაშინ, როდესაც მეხსიერებას რეგულარულად არ ავარჯიშებენ, მაგალითად როდესაც ვერ იხსენებენ ამა თუ იმ სიტყვას, ან მოვლენას. ამის საილუსტრაციოდ იყენებენ იმ თანმიმდევრობას, რომლის მიხედვითაც იწყება სიტყვების დავიწყება ხნიერ ასაკში. პირველი, ძირითადად საკუთარი სახელები მიეცემიან დავიწყებას, რომლებიც რატომღაც ასაკთან ერთად უფრო იშვიათად იხმარება, მათ მიჰყვება საზოგადო სახელები, შემდეგ – ზედსართავი სახელები, ზმნები და სულ ბოლოს კი შორისდებულები, ესაა ემოციის გამომხატველი სიტყვები მაგალითად ‘ვაშაა’, ‘ვაა’, აგრეთვე მისალმება-დამშვიდობების, მობოდიშების აღმნიშვნელი სიტყვები და სხვა.



უჯრედულ დონეზე, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ასაკთან ერთად, თავის ტვინის წინა, ძალიან მცირე ნაწილში უჯრედების კვდომა მიმდინარეობს, რაც ნეიროტრანსმიტერერის – აცეტილქოლინის გამომუშავებას ამცირებს, რომელიც სწავლისა და მეხსიერებისთვის გადამწყვეტია. ამასთანავე ტვინი ზომაშიც მცირდება, რაც მისი მუშაობის ეფექტურობასაც ამცირებს. კერძოდ კი ჰიპოცამპუსი, რომელიც მეხსიერების პროცესის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი მისი ნერვული უჯრედების დაახლოებით 5 პროცენტს კარგავს ყოველი განვლილი ათწლეულის შემდეგ, რაც 80 წლის ასაკში 20 პროცენტით შემცირებას ნიშნავს.

თუმცა ამას გარდა, გარკვეული გარემო ფაქტორებიც ზრდიან მეხსიერების დაკარგვის სიჩქარეს, ასეთებია ცუდი გენები, რომლებიც მემკვიდერობით გადადის, ტოქსინებსა და საწამლავებთან ურთიერთობა (რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს) და აგრეთვე ჩვენი ცხოვრების სტილი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ – მოწევა, დალევა და არასწორი კვება. ვარჯიში, არა მხოლოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნისა და ჯანმრთელობისთვის არის კარგი, ის ზოგადად, გონებრივი ფუნქციის გაუმჯობესებისთვისაც აუცილებელია.

არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა, რა ვქნათ იმისთვის, რომ მეხსიერების გაუარესებას შევუშალოთ ხელი, როგორც გაირკვა ამისთვის სულ არ არის საჭირო ველოდოთ შვილიშვილების შეძენას, თურმე ამაზე მუშაობა უნივერსიტეტის დასრულებისთანავე საჭიროა. როგორც უკვე ვთქვი, როდესაც ვავარჯიშებთ ტანს, თურმე ტვინიც ვარჯიშობს, მას მეტი ჟანგბადი მიეწოდება, რაც მნიშვნელოვანია, იზრდება სასარგებლო ტვინის ქიმიკატების ეფექტურობა, ხოლო ტვინის უჯრედები კი უფრო დაცულია.

შემდეგი არის ძილის უკმარისობა, რომლის დროსაც ტვინს არ შეუძლია სრული დატვირთვით მუშაობა, კრეატიულობა, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი უნარები, კრიტიკული აზროვნება და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი უნარი ძლიერ ქვეითდება… რაც ნებისმიერ ასაკში საკმაოდ ცუდად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე.

გაგიკვირდებათ და თურმე მეგობრებთან ურთიერთობა, სოციალურად აქტიური ცხოვრება და ურთიერთობები აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ ვინც აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა, მეხსიერება უფრო ნელა უუარესდებათ. ამბობენ სიცილია წამალიაო, და ეს თურმე ტვინის შემთხვევაშიც მართალი ყოფილა. სიცილის დროს თავის ტვინის მრავალი სხვადასხვა ადგილი მუშაობს.

სტრესი, რომელიც ფაქტიურად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა, ძალიან ბევრი რაღაცისთვის არის ცუდი და ხანდახან დამანგრეველიც კი. სტრესი ტვინის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი ყოფილა, ქრონიკული სტრესი ტვინის უჯრედებს ანადგურებს და აზიანებს ჰიპოკამპუსს, რომელიც ახალი მოგონებების ფორმირებასა და ძველების აღდგენისთვის აუცილებელია. აგრეთვე დეპრესიაც უშლის ხელს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, სხვათა შორის დეპრესიის დროს ხშირად უჭირთ კონცენტრაცია, გადაწყვეტილებების მიღება, რაღაცეების დამახსოვრება და გახსენება.

ის უკვე გეცოდინებათ, რომ ხილი და ბოსტნეული კარგია ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჯანსაღი კვება მეხსიერებისთვისაც აუცილებელი ყოფილა. აუცილებელი ყოფილა თევზის ჭამა, ომეგა-3, რომელსაც შეიცავს თევზი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქტია, აგრეთვე ნიგოზი, სოიო, გოგრის კურკა. სამწუხაროა, მაგრამ ყველი, არაჟანი, ნაყინი, რძე და წითელი ხორცი ძალიან ცუდი ყოფილა მეხსიერებისა და კონცენტრაციისთვის. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავენ იცავენ ტვინის უჯრედებს. ხილის, უფრო კი ყურძნის წვენი და წითელი ღვინო – ძალიან მცირე რაოდენობით სასარგებლოა, ხოლო ალკოჰოლი დიდი რაოდენობით, და თანაც არაყი, ჯინი ან ლუდი კი ტვინის უჯრედებს კლავს.

თავის ტვინსაც სჭირდება ენერგია და ძალა, ტვინის ‘დატენვა’ შეიძლება კარბოჰიდრატებით, მაგალითად მარტივი კაროჰიდრატებია შაქარი და თეთრი პური, ისინი სწრაფ აღმასვლას იწვევენ, მაგრამ ისევე სწრაფად ამთავრებენ მოქმედებას, ამიტომ ტვინისთვის საუკეთესო კომპლექსური კარბოჰიდრატებია – შავი ბრინჯი, ქატო და სხვა.

ზოგადად კი მეხსიერებას კუნთსაც ადარებენ – თუ არ გამოიყენებ – დაკარგავ! რაც უფრო მეტად მუშაობს ტვინი, უფრო კარგად იმახსოვრებ ინფორმაციას. აგრეთვე ტვინის ვარჯიშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიახლეების სწავლა, იქნება ეს უცხო ენა თუ სპორტის რაიმე სახეობა, ინსტრუმენტზე დაკვრა თუ სუდოკუ ან კროსვორდი, როდესაც რაღაც კარგად იცი, ტვინი იმდენად აღარ ვარჯიშობს, ამიტომ აუცილებელია მუდმივად ახლის ათვისება და გონების გარკვეული დაძაბვა.

მოკლედ, როგორც გაირკვა მეხსიერების დაკარგვა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ცხოვრების წესს, იმას თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ, ვვარჯიშობთ თუ არა. როგორ ვურთიერთობთ გარშემომყოფებთან, ვებრძვით თუ არა უძილობასა და სტრესს და რაც მთავარია – ვაზროვნებთ თუ არა. იმისთვის, რომ მომავალში ნაკლები პრობლემები გვქონდეს, დღესვე უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეიძლება ცოტა გვეზარება, მაგალითად მივიღოთ ახალი ინფორმაცია, ვისწავლოთ რამე ან წავიდეთ სავარჯიშოდ. 25 წლამდე ძალიან ცოტა დამრჩა და მგონი დროა რაღაც-რაღაცეებს დავუკვირდე და ცოტა მაინც შევცვალო ჩემი ცხოვრება.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1105 | დაამატა: balu | ტეგები: ადამიანი VS მეხსიერება | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.