6:38 PM აღმოსავლური მწვანე მამბა | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: მამბები სახეობა: აღმოსავლური მწვანე მამბა ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 2.5 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა: 25 წელი გავრცელების არეალი: სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკა (მოზამბიკა, ტანზანია, სვაზილენდი, კენია, მალავი, ზიმბაბვე). საბინადრო გარემო: აღმოსავლური მწვანე მამბები არიან ხის გველები და ამიტომაც ყველაზე ხშირად გვხდებიან ხეებზე. ძალიან იშვიათად, რომ მიწაზე ნახოთ, მხოლოდ იმ შემთხვევბში როცა ისინი მსხვერპლს მისდევენ ან მზეზე გათბობა უნდათ. ასევე ვერ ნახავთ მათ ღია ტერიტორიებზე. ძირითადად ამ სახეობის საბინადრო გარემოებია ხშირი და ბუჩქნარიანი ტყეები ისევე როგორც მარადმწვანე ტყეები. მათ ასევე ხედავენ მანგოს, ციტრუსების, ქოქოსების და ბამბუკის პლანტაციებში. ნაპირიან აღმოსავლეთ აფრიკაში კი ეს გველები ადამიანების სახლებშიც შედიან. მათი ნახვა ასევე შესაძლებელია ტროპიკულ ხეებშიც. გარეგნული აღწერილობა: აღმოსავლური მწვანე მამბას სხეული არის წვრილი და მწვანე ფერის. მისი მუცელი ღია მწვანე-მოყვითალოა. ეს სახეობა სიგრძით ყველაზე პატარაა მამბების გვარში. მისი საშუალო სიგრძე 1.4 მეტრია, ხოლო მაქს. აღწევს 2.4 მეტრამდე, თუმცა ეს იშვიათობაა. მამრები უფრო დიდები არიან. თავი გრძელი და მართკუთხედი ფორმისაა. კუდიც ასევე გრძელია და წვრილი. თვალები საშუალო ზომისაა, მრგვალი გუგებით. კვება: აღმოსავლური მწვანე მამბები იკვებებიან ფრინველებით, მათი კვერცხებით, ბაყაყებით, ხვლიკებით, გველებით, მღრღნელებით და პატარა ზომის ძუძუმწოვრებით. ინადირებენ მიწაზეც თუ მათთვის შესაფერისი ნადავლი ვერ მოიძებნა ხეებზე. ახალგაზრდა აღმ. მწვანე მამბები ნადირობენ სხვა ქვექარმავლებზე, ისეთებზე როგორიცაა მაგალითად ქამელეონი. გამრავლება: აღმოსავლური მწვანე მამბა მარტოსული მტაცებელია. მისი მარტოობა მხოლოდ შეწყვილების პერიოდში ირღვევა. მამრები პოულობენ მდედრებს მათი სპეციფიური სუნის კვალზე. რიტუალური ბრძოლა მამრებს შორის მდედრის გამო ამ სახეობაში აღინიშნება, სადაც ერთი მამრი ცდილობს თავი დაახრევინოს მეორე მამრს. ეს ბრძოლები გრძელდება საათობით ხოლმე. შეწყვილების პროცესი ხდება ხეებზე, რის შემდეგაც მდედრი დებს 6 - 17-მდე კვერცხს. მათ დებს გამოფუღრულ ხეებში ლპობად მცენარეებს შორის. 3 თვის შემდეგ იჩეკებიან ახალშობილი მამბები, რომლის სიგრძეებია 35 - 45 სმ. მათი ფერი შედარებით უფრო მოყვითალო-მომწვანო ფერისაა. შხამი დაბადებიდანვე გააჩნიათ. ამ სახეობას შეუძლია იცოცხლოს 15 - 25 წლამდე. ცხოვრების წესი და ქცევა: აღმოსავლური მწვანე მამბა არის ხის გველი და მიწაზე მხოლოდ მაშინ ჩამოდის როცა მისდევს მის ნადავლს, სწყურია ან მზეზე გათბობა უნდა. იგი არის დღის გველი და ნადირობს დღისით. მისი დიდი ნათესავისგან (შავი მამბა) განსხვავებით სულაც არ არის აგრესიული და არის საკმაოდ მშიშარა გველი. კონფრონტაციის დროს არჩევს გაერიდოს საშიშროებას. ეს გველი არის ძალიან სწრაფი. იგი იშვიათად გადადის შეტევაზე, მაგრამ თუ კუთხეში მომწყვდეულია და სხვა გზა არ აქვს მაშინ აკეთებს სწრაფ შეტევებს. შხამი: აღმოსავლური მწვანე მამბას შხამი ძალიან ძლიერია. მისი შხამი მთავარი კომპონენტებია ნეიროტოქსინები, კარდიოტოქსინები, კალციკლუდინი. კბენისას საშუალოდ შეყავს 80 მგ. შხამი. ადგილობრივი შეშუპება ცვალებადია და ხანდახან არ აღინიშნება კბენის შემდეგ. მის შხამს გამოუწვევია სიკვდილი ადამიანებში. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკურნალობის გარეშე უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ძალიან დიდი უნდა იყოს | |
|