Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » ახალი წელი სხვადასხვა კუთხეში
4:18 PM
ახალი წელი სხვადასხვა კუთხეში
ქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება.

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს, მე-16 საუკუნეში შემოიღეს. ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება, ბირმაში – 1 აპრილს იწყება, ვიეტნამში – 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება.

ჩინეთში ახალი წელი 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის აღინიშნება. ახალი წლის თარიღს საქართველოშიც ხშირად ცვლიდნენ. საბოლოოდ, 1 იანვარს დამკვიდრდა.

ახალ წელთან დაკავშირებით, "ამბიონი” ესაუბრა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურს, მამა არჩილ ხაჩიძეს: "ახალი წელი რამდენიმე საუკუნეა, საქართველოში და თითქმის მთელი მსოფლიოს ნაწილში 1 იანვარს აღინიშნება. მაგრამ ახალ წელს 1 იანვარს ადრე არ აღნიშნავდნენ, იმიტომ რომ, არ არსებობდა ისეთი კოორდინირება, როგორიც ახლა გვაქვს. თან, ყველა ერს ჰქონდა გამორჩეული დღე, საიდანაც იწყებდა წელთაღრიცხვას.

იაპონიაში ახალ წელთაღრიცხვას მე-20 საუკუნემდე იმპერატორის ტახტზე ასვლიდან იწყებდნენ. საკუთარი წელთაღრიცხვა ჰქონდათ, ბაბილონელებს, ასურელებს, რომაელებს. რაც კაცობრიობა, დროის ათვლა დაიწყო, მას შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ზოგან შვიდი, ზოგან რვა, ზოგან ათ დღიანი კვირების, 10, 11, 12 თვიანი წელიწადის შემოღება. თუმცა წელიწადი ყველგან მეტნაკლებად განისაზღვრა და მთელს მსოფლიოში ერთმანეთს მიემსგავსა.

ახალი წელი, როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის და ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკლესიას გააჩნია თავისი უამრავი დღესასწაული, რომელსაც ყოველდღიურად აღნიშნავს, რადგან ყოველი დღე უფლის სადიდებელია. ეკლესიას აქვს თავისი დაარსების დღე, სულთმოფენობა. ეს უდიდესი დღესასწაულია.

ბუნებრივია, არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთდროულად არის მრევლიც და ჩვეულებრივი ნაწილი სახელმწიფოსი და იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ახალი წლის ორჯერ აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.

ახალი და ძველი წელიწადი, საეკლესიო დღესასწაული არ არის. ორი ახალი წელი მას შემდეგ შემოვიდა, რაც 1582წ. პაპმა გრიგოლ მე-13-მ განახორციელა კალენდარული რეფორმა, რომლის დროსაც მან ის ნაკლოვანებები იანგარიშა, რომელიც თავის დროზე, იულიუსის კალენდარს გააჩნდა. თუ სწორად მახსოვს, 14,157 მეათასედ წამის ცდომილებას იწვევდა. რაღაც პერიოდში ხდებოდა ამ ცდომილებების დაგროვება და ამ 1600 წლის განმავლობაში 13 სრული დღე დაგროვდა, რომელიც შემდგომში გამოაკლეს. მექანიკური ჩარევა მოხდა კალენდარში. თუმცა, არა ათვლის პრინციპით. უშუალოდ კალენდარში 13 დღე გამოტოვეს და დაიწყეს დროის ახალი ათვლა.

მრევლს რაც შეეხება, თავისუფლად შეუძლია ორივე იდღესასწაულოს. თუმცა, ახალი წელი იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ აუცილებლად მარხვით.

ახალ წელს ყველა ახალი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. ჩვენც, როგორც რიგითი მოქალაქეები ვერ ჩამოვრჩებით და არც უნდა ჩამოვრჩეთ.

ასევე უნდა ავღნიშნოთ ძველი და ახალი წელი, რომელიც საეკლესიო თვალსაზრისიდან გამომდინარე ნამდვილად დგება, ის დღე, რომელიც შობის დღესასწაულს მოსდევს. მაცხოვრის შობის შემდეგ იწყება ახალი წელი მთელს მსოფლიოში”.

ტრადიციები და ახალი წელი

ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ. ძველად, თბილისის მოსახლეობა ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდა, თვლიდნენ, რომ ამ დღეს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო, თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება მათ გვერდს აუვლიდა.

ძველად ახალ წელს დათრობა და ხმამაღალი საუბარი არ შეიძლებოდა. ეს ყველაზე ტკბილი დღე იყო, მთაშიც და ბარშიც. რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, დიასახლისი რიტუალურ პურს, ბედისკვერს აცხობდა ოჯახის ყველა წევრისათვის. ბარში ტაბლაზე დააწყობდნენ წითელ კვერცხებს, ცივად მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ჩურჩხელას, ჩამიჩს, ღვინოს, არაყს, ნაზუქებს… ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი მთაშიც და ბარშიც შეშის მოტანა იყო.

გურიაში საახალწლო სამზადისი, ახალი წლის წინა დღეს იწყებოდა. ყველაფერს რეცხავდნენ, საკალანდე ღორი იკვლებოდა და ოჯახი მეკვლის დასახვედრად ემზადებოდა. მეკვლე კი საახალწლო რიტუალისთვის უმთავრესი იყო. ის ახალი წლის დილას, გარიჟრაჟზე მიდიოდა გურიაში, სამეკვლეო პროდუქტებით, რომელიც გურული კაცისათვის აუცილებელი იყო. ეს ტკბილეული იყო, სასმელი, ბალახი ან ნორჩი ტოტი, რაც სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა. მეკვლე კარზე აკაკუნებდა და იძახდა: "კარი გამიღე ბედნიერო”, ოჯახის უფროსი გასძახებდა: "რა მოგაქვს?”, მეკვლე პასუხობდა: "ბედნიერება, ჯანმრთელობა, დოვლათი, ბარაქა, ყველაფერი სიკეთე”. ამის შემდეგ მეკვლე ოჯახში შედიოდა. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება რამდენიმე ოჯახის მეკვლე ყოფილიყო.

სვანეთში, მეკვლის მოსვლამდე, ოჯახის მეკვლე თავად ოჯახის უფროსი იყო. ახალი წლისთვის სპეციალურად არჩევდნენ ხმელ ფიჩხებს, ბუხარში ცეცხლის მოკიდებისთანავე ტკაცა-ტკუცი რომ აეტეხა. თუ ერთი სულის შებერვით აინთებოდა, ნიშნავდა, რომ ოჯახს ცეცხლის მადლი ექნებოდა. შემდეგ ოჯახის უფროსს ცხენი ან ხარი წყაროზე გაჰყავდა. იქ "ხელს აუხსნიდნენ” მეზობლები ერთმანეთს, თითო სადღეგრძელოსაც იტყოდნენ და ერთმანეთს დალოცავდნენ.

ამის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში ბრუნდებოდა, კარზე დააკაკუნებდა და მეკვლის სიტყვას გაიმეორებდა, "კარი გამიღე შენ ბედნიერო”. ოჯახიდანაც იგივე ტექსტს პასუხობდნენ. სახლში შესვლისას ტკბილეულთან ერთად თოვლის გუნდაც შეჰქონდა, როგორც სიწმინდის და სისუფთავის სიმბოლო.

რაჭაში 31 დეკემბერი კალანდობის სახელით არის ცნობილი. ამ დღეს ოჯახის წევრი ტყეში წავიდოდა და შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, რომელიც კალოზე წაღმით აღმოსავლეთისკენ იდგმებოდა და ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებაზე. ნათლისღებას კი საკალანდო ღორი იკვლებოდა, აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ოჯახის წევრის გაღვიძებამდე მოდიოდა ოჯახის შინაური მკლოვიარე-მეკვლე. მკლოვიარეს კარებს უღებდნენ მას შემდეგ, რაც იგი სამჯერ დაარწმუნებდა სახლში მყოფთ, რომ ოჯახისთვის ბარაქა მოჰქონდა.

ლეჩხუმში 31 დეკემბერს კალანდა ეწოდებოდა. ქალები საკალანდე ღორს – ნეზვს კლავდნენ. ღორის თავი სხვენზე ნათლისღებამდე ეკიდა. სხვადასხვა კუთხეში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიციები.
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 940 | დაამატა: balu | ტეგები: ახალი წელი სხვადასხვა კუთხეში | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.