7:41 PM ალფრედო დი სტეფანო ( პირველი ნაწილი) | |
ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის "რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება. ჩენტფორვარდი, რომელიც ყოველთვის მოძრაობაში იყო, მატჩის მსვლელობისას მუდმივად იცვლიდა პოზიციას, რაც მოწინააღმდეგის მცველებსაც უბნევდა გზა-კვალს და პარტნიორებსაც უთავისუფლებდა მოქმედების არეალს.. დი სტეფანოს პარტნიორები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ალფრედოსთვის უცხო იყო "საფეხბურთო ეგოიზმის” მცნება. მათი მტკიცებით, დი სტეფანომ თავისი ფენომენალური ტექნიკა სრულყოფამდე მიიყვანა. მოთამაშეობისას ალფრედო დი სტეფანომ საკმაოდ დიდი ფული გამოიმუშავა, მაგრამ მისთვის მთავარი ყოველთვის მინდორზე გასვლა და გადამწყვეტი გოლის გატანა გახლდათ და ხშირად ავადმყოფსაც კი უასპარეზია.. ამ დროს დი სტეფანო ყოველთვის ახერხებდა მწვრთნელების დარწმუნებას, რომ ჯანზე იყო და გუნდსაც სარგებლობას მოუტანდა…. დი სტეფანოს ბაბუა არგენტინაში იტალიის კუნძულ კაპრიდან ჩავიდა და ბუენოს აირესთან ახლოს მდებარე ღარიბთა დასახლებაში, ბარაკასში დასახლდა. ალფრედოს მამა კი "რივერ პლეიტის” ღირსებას იცავდა, თუმცა აქტიურ სპორტს მაშინ გამოეთხოვა, როდესაც არგენტინაში ფეხბურთმა პროფესიონალური სტატუსი შეიძინა. ოჯახის უფროსისთვის ფეხბურთი გართობა უფრო იყო, ვიდრე თავისა და ოჯახის რჩენის საშუალება.ამიტომაც ის არცთუ კმაყოფილი დარჩა, როდესაც მისმა ვაჟიშვილებმა, ალფრედომ და ტულიომ ადგილობრივი კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში დაიწყეს ფეხბურთის თამაში. 1944 წლის 18 აგვისტოს "ლივერ პლეიტში” ალფრედოს დებიუტი შედგა, ღია ფერის თმის გამო კი მას მეტსახელ "ელ ალემანს” (გერმანელი) ეძახდნენ. დი სტეფანოს კერპი პარაგვაელი ცენტრალური თავდასხმელი არსენიო ერიკო გახლდათ, რომელიც "ინდეპენდიენტეს” ღირსებას იცავდა. ამომავალ არგენტინელ ვარსკლავს თავად სურდა ცენტფორვარდობა. დი სტეფანომ თავი ნაკრებშიც გამოიჩინა, და ერთ-ერთ წამყვანი მოთამაშის რანგში არგენტინის ნაკრებთან ერთად 1947 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში გაიმარჯვა. | |
|