Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე
5:23 PM
არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე
ადრეული ბავშვობიდან თითქმის ყველას კარგად ახსოვს, რაოდენ დიდი იყო წეროებისა და კომბოსტოს მიერ შეტანილი წვლილი კაცობრიობის გამრავლებაში. მეც ის ბავშვი ვარ, წერომ ნისკარტით რომ მიმაბარა დედაჩემს (გამიმართლა, კომბოსტოს ცივ ფოთლებში გახვეული რომ არ მიპოვეს) და თან დაუბარა, კარგად ისწავლოს, თორემ უკან წავიყვანო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ბევრს მოგისმენიათ თქვენი უფროსებისაგან მსგავსი პასუხები კითხვაზე – როგორ გავჩნდი? – მაშინ, როდესაც პირველად აღმოაჩინეთ, რომ ყველაფერს რახან დასასრული აქვს, ესე იგი, ჩვენც საიდანღაც უნდა მოვდიოდეთ.

ყველაზე უფრო გულუბრყვილო ბავშვიც კი არ დაიჯერებდა წეროებისა და კომბოსტოს ასე დრმატულად შეთხზულ ისტორიას, თუმცა, ერთს კი ყველა ზედმიწევნით ხვდებოდა – მსგავსი კითხვები აღარ უნდა გაეგრძელებინა და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, აღარც კი გასჩენოდა.
ჩემებს ყოველთვის კარგად ესმოდათ, რომ ასე იოლი არ იყო ჩემი ცნობისმოყვარეობის დაოკება და მითუმეტეს მოტყუება, თუმცა, როგორც ცხონებული ბაბუაჩემი იტყოდა, მაინც თავისას აჭენებდნენ. სწორედ ასეთმა ცნობისმოყვარეობამ გადამყარა ერთ უჩვეულო შემთხვევას, რასაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე, თუმცა ამის დაწერა ახლა გადავწყვიტე.
ეს მაშინ ხდება, როცა მოვრჩი იმაზე ფიქრს, თუ რატომ ებერებოდა ქალს მუცელი და ჩნდებოდა ბავშვი მაინც და მაინც ქორწილის შემდეგ; ჩემი ამქვეყნად მოვლინების შესახებ გამოგონილი ისტორიების ჭეშმარიტებაზეც უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული და სწორედ ამ დროს, ჩემდა საბედისწეროდ ყური მოვკარი ჩემთვის აქამდე გაუგონარ სიტყვას.
ბებიაჩემი მკერავი ქალი იყო და მოგეხსენებათ, მომსვლელი არ გველეოდა. მის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ხშირად მიწევდა, რადგან დედა დღის განმავლობაში სამსახურში იყო. ასე ვატარებდი დღის გარკვეულ ნაწილს ბებიასთან და მის კლიენტურასთან ერთად. ჭრა-კერვის პროცესში, ისე, რომ საქმესაც არ აკლდებოდა გულმოდგინება, სალაპარაკო არ ილეოდა. რას არ მოკრავდი ყურს, რა თემა არ იშლებოდა აქ, მათ შორის ტაბუდადებულიც.
ერთხელ, ბებიის მეგობარი ქალი იკერავდა კაბას და როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, უსაქმოდ ხშირად უწევდა მოცდა მორიგ „პრიმერკამდე", თუ ზომების დაზუსტებამდე. სწორედ ერთ-ერთ ამ შუალედში საუბრისას, არ ვიცი, რამ მოიტანა და ყური მოვკარი სიტყვას, რომელიც აქამდე არასოდეს გამეგო – „აბორტი". კონტექსტს და სტატისტიკას, რასაც მაშინ ქალები ითვლიდნენ შეგნებულად აღარ დავაკონკრეტებ, ამას არც აქვს ახლა მნიშვნელობა, თუმცა მთელი სიზუსტით დღემდე მახსოვს.
- ბებო, რა არის აბორტი? – ისეთი მოკრძალებული და დაბალი ხმით ვიკითხე, რომ ნამდვილად არ მოველოდი, ჩემი შეკითხვა ასეთ გაოცებას თუ გამოიწვევდა. ქალებმა ერთმანეთს ჩუმად გადახედეს, თითქოს ერთმანეთის თვალებში ეძებდნენ პასუხს. ალბათ, იმასაც არ მოელოდნენ, თამაშში გართული მათ საუბარსაც თუ ვადევნებდი ყურს. კითხვა კიდევ ერთხელ გავიმეორე, ამჯერად უფრო ჯიუტად და ხმაც გავაძლიერე:
- არ მეტყვი, რა არის აბორტი?
- აბორტი რა არის, ბებო და… – ცოტა ხნის შეყოვნების შემდეგ ბებომ განაგძო განმარტება – კუჭის ოპერაცია.
ამას მოჰყვა ქალების ღიმილნარევი მზერა. საუბარიც მაშინვე უხერხულად შეწყდა აღნიშნულ თემაზე და უკვე რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ რაღაცას მიმალავდნენ. დიახ, მომატყუეს და ეს მაშინვე ვიგრძენი, თორემ აბა ასე ღიმილიანი თვალებით საუბარი არ გამიგია სხვა შემთხვევაში. მაშინვე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ თითქოს რაღაც დავაშავე.
ჩვენს მეზობლად ერთი ხანშიშესული ქალი, მანია ცხოვრობდა, რომელიც უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული და გასათხოვარი, ერთად-ერთი ქალიშვილის ამარა იყო დარჩენილი. მანია ბებოს, როგორც სჩანს, ბავშვის აღზრდისა მეტი გაეგებოდა, ვიდრე ბებიაჩემს. ერთხელ ჩემი თანდასწრებით აქვს ნათქვამი, რომ ბავშვს არასოდეს არ უნდა მოატყუო და ყველაფერზე სწორად უნდა უპასუხოო.
ხო და, საჭირო დროს გამახსენდა მანია ბებოს ეს ნათქვამი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ის იქნებოდა, ვინც არ მომატყუებდა და სწორად განმიმარტავდა იმ უცხო სიტყვის მნიშვნელობას, რაც ბებიაჩემმა და მისმა მეგობარმა საგულდაგულოდ დამიმალეს.
ვეცადე დრო სწორად შემერჩია მანია ბებოსთან სასუბროდ. მაშინ ვესტუმრე, როცა მისი ქალიშვილი, როგორც წესი, სამსახურში იქნებოდა და გვერდით სკამზე მოვუკალათდი.
- მანია ბებო, რა არის აბორტი? – ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ თემაზე გადავედი და მოლოდინმაც არ გადააჭარბა – გეგმამ წარმატებით იმუშავა. ახლაც სიტყვა-სიტყვით მახსოვს მისი მშვიდი და სრულიად აუღელვებელი პასუხი.
- აბორტი, ბებო, არის საშვილონოს ამოფხეკა. – ასე მოკლედ და ზედმეტი განმარტებების გარეშე მიპასუხა მოხუცმა.
ამ ისტორიას პირველად ვწერ, თუმცა ხშირად ვყვები ხოლმე. იცით რა არის ამ ამბავში ჩემთვის ყველაზე საინტერესო? არც საშვილოსნოსი და მითუმეტეს მისი ამოფხეკის მაშინ არაფერი გამეგო. საბოლოოდ ვერც სწორმა განმარტებამ მითხრა ისეთი, რაც ამ სიტყვის მნიშვნელობას ჩემთვის უფრო ნათელს გახდიდა. მხოლოდ ერთს მივხვდი ზუსტად და სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ კითხვას აღარ მივბრუნებოდი – არ მომატყუეს, არ დამიმალეს სიმართლე.
მანია ბებომ საქმე ნამდვილად გამიიოლა. ვინ უწყის კიდევ ვისთან მივსულიყავი, რა წიგნი გადამეშალა, რა პასუხები მიმეღო, ან თუნდაც უპასუხოდ დარჩენილი კითხვისათვის თავად რა სახელი დამერქმია. ამ ძიებაში ვინ იცის კიდევ რას წავაწყდებოდი – ილუსტაცია, ფოტო, იმ ასაკისათვის გაუგებარი სიტყვები, განმარტებები და თავსატეხიც როგორ გამიმრავლდებოდა. ამას მიუმატეთ დღეს უკვე ასე განვითარებული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც მაშინ არ არსებობდა და დღეს უკვე ამ ინფორმაციის მორევში მოქექიალე ბავშვი, რომელიც კითხვაზე პასუხს ეძებს. არარაფერს ვამბობ იმ შფოთზე, ემოციებზე, რაც ყოველივე ამას შეიძლება მოჰყოლოდა.
მე ნამდვილად გამიმართლა მანია ბებოს წყალობით.
არასოდეს დაუმალოთ ბავშვებს სიმართლე.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 901 | დაამატა: balu | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.