Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 1 » “აცილებული” სასმისი “გულს დააკლდა”
7:43 PM
“აცილებული” სასმისი “გულს დააკლდა”
დიდი ილია ყველაფერში მაქსიმალისტი იყო. არც სხვას შეარჩენდა ზედმეტს და არც თავად აიცილებდა საკეთებელს.
გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ილია ჭავჭავაძე ექვთიმე თაყაიშვილსა და კიდევ რამდენიმე ქართველ მოღვაწესთან ერთად ქუთაისში ჩაბრძანდა, გელათის ტაძარში არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სიტყვაც წარმოთქვა.


საღამო ხანს სავახშმოდ ერთ დუქანში შევიდნენ, იქ კი გაშლილ სუფრას ცნობილი მოქეიფეები უსხდნენ პოეტ გიორგი შარვაშიძისა და ლანჩხუთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლის – იასონ გელოვანის თავკაცობით. ილიას დანახვაზე შემთვრალმა გიორგი შარვაშიძემ, რომელიც თამადა გახლდათ, შესძახა: "ოოო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახალი სუფრა!” და მასპინძლებმა ილია და მისი თანმხლებნი მაგიდასთან მიიწვიეს.
გიორგი შარვაშიძემ თეფშზე ხუთი, საკმაოდ მოზრდილი, ჭიქა შემოდგა, სასმისები ღვინით გაავსო და შემოსწრებულთა სადღეგრძელო ასე მიირთვა, მერე კი ეს ორიგინალური სასმისი სტუმრებს შესთავაზა. ილიას თანმხლებმა ნიკო ღოღობერიძემ ეშმაკობა იხმარა, მთელი დღის მშივრები ვართ, ჯერ ლუკმას შევჭამთ და მერე დავილოცებითო, მოახსენა თამადას. ასე აიცილეს ის ხუთჭიქიანი, რომელიც შემდეგ აღარავის გახსენებია. გვიან ღამით, საკმაოდ შექეიფიანებულები წამოიშალნენ. ილიამ ბოლო სადღეგრძელო ასწია, მასპინძლებს მადლობა მოახსენა და მოულოდნელად განაცხადა: "ყველაფერი მშვენიერი იყო, მხოლოდ გულს მაკლია, ის ხუთი ჭიქა რომ არ შემისვამს.” ამის გაგონებაზე გიორგი შარვაშიძე გადაირია და შესძახა: "ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მიართვით ილიას ის ხუთი ჭიქა!” მოართვეს. ილიამაც დინჯად, დაგემოვნებით გამოცალა ხუთივე სასმისი…
ილია თავად დაუნდობლად აკრიტიკებდა ქართველი კაცის ნაკლოვანებებს, თუმცა, სხვისგან ქართველის აუგად ხსენებას ძნელად იტანდა, თუნდაც ის "სხვა” მისი თანამოძმე ყოფილიყო.

ილიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდ ქართველ მეწარმესა და ქველმოქმედ დავით სარაჯიშვილთან. მათ ერთად ერისთვის სასიკეთო ბევრი საქმე გაუკეთებიათ. წესად ჰქონდათ, რომ კვირაში ერთ საღამოს, ახლობლებთან ერთად, სარაჯიშვილის ბინაში შეკრებილიყვნენ. დავით სარაჯიშვილი დიდებულად უმასპინძლდებოდა სტუმრებს, უამრავ საკითხზეც საუბრობდნენ. ილიასი არ იყოს, სარაჯიშვილიც გამუდმებით საყვედურობდა Yთანამემამულეებს უყაირათობასა და არხეინობას.

ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის შემდეგ, ილია უგუნებოდ დაბრუნდა შინ. გაიძახოდა, სარაჯიშვილთან მიმსვლელი აღარა ვარო. როდესაც ცოტა დამშვიდდა, შეწუხებულმა გაუმხილა მეუღლეს – მე რა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ის დალოცვილი ნამეტანს შვრება, მთელი საღამო ქართველების ლანძღვაში გაატარაო.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 880 | დაამატა: balu | ტეგები: “აცილებული” სასმისი “გულს დააკლდა” | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.