5:26 PM “ბორჯომი” – მსოფლიოს საუკეთესო მინერალური წყლების ტოპ-ათეულშია | |
”ბორჯომი” მსოფლიოს საუკეთესო და სასარგებლო მინერალური წყლების ტოპათეულში მესამე პოზიციაზე მოხვდა – რეიტინგს კომერციული ვებგვერდი Top-10-list.org აქვეყნებს, რომელიც უშუალოდ მომხმარებლისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს რეიტინგებს. "ბორჯომის” შესახებ ვებგვერდზე Top-10-list.org აღნიშნულია: "თუ თქვენ ეროვნებით რუსი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ "ბორჯომის” გემოს შესახებ, ეს არის ძალიან განსხვავებული, არაამქვეყნიური გემო. არცერთ კომპანიას არ შეუქმნია ასეთი პროდუქტი. ვულკანური წარმოშობის, ბუნებრივი ნახშირორჟანგით გაჯერებული წყლის "ბორჯომის” სამშობლო საქართველოა, სადაც ასევე ხდება მისი წარმოება. "ბორჯომი” ეხმარება ადამიანს ქრონიკულ და მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, აქვს სამკურნალო თვისებები. ათეულში პირველ პოზიციაზე მინერალური წყლების მწარმოებელი ცნობილი ფრანგული ბრენდი "Evian” მოხვდა, რომელიც ფართოდ იყიდება ევროპაში, ამერიკასა და კანადაში. მისი სამშობლო პატარა ფრანგული ქალაქი იvian-les-Bains – ია. მეორეა ასევე ფრანგული ბრენდი "Perrier” – ის ფრანგული ქალაქ Vergaze-დან მოდის. გამოირჩევა მაღალი ფასითა და განსაკუთრებული პოპულარობით. Perrier-ი ძალზე პრესტიჟულია ჩრდილო ამერიკასა და საფრანგეთში. კომპანია წყალს სხვადასხვა ქიმიური დანამატების გარეშე აწარმოებს, რაც კიბოს გამოწვევის ალბათობას ამცირებს; 1992 წლიდან შეიერთა Nestle-მ. Perrier-ი შეიცავს ნატრიუმს,მაგნიუმსა და კალციუმს, რაც აუცილებელია იდეალური ჯანმრთელობისთვის. შემდეგ პოზიციებზე არიან: San Pellegrino – გაზიანი მინერალური წყლების მწარმოებელი იტალიური ბრენდი, რომელიც 600 წელზე მეტს ითვლის. იგი მდიდარია კალციუმითა და მაგნიუმით, რაც ძვლებს სიმტკიცეს უნარჩუნებს. 1988 წელს კომპანია იყიდა Nestle-მ. Naya – კანადური ნატურალური, სუფთა წყლის მწარმოებელი კომპანია რომლის pH (სიმჟავის მაჩვენებელი) საუკეთესო დონეზეა, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ასევე, Naya გამოირჩევა ბუნებრივი მინერალების შესანიშნავი ბალანსით; არ შეიცავს ნატრიუმს. Volvic Water – მოდის ცენტრალური საფრანგეთიდან, ბრენდი პოპულარულია დაახლოებით 60-მდე ქვეყანაში. მათი ბოთლები სპეციალური მასალითაა დამზადებული, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას. წყალი ვულკანურ მინერალებსა და კლდეებში წარმოიქმნება და 6-ჯერ იწმინდება ფოროვან ქანებში. Aqua Pasific – კომპანია წყალს მოიპოვებს ფიჯის დაუსახლებელი და დაუბინძურებელი ტროპიკული ტყეებიდან, ვულკანური მინერალები კიდევ უფრო ასუფთავებენ წყალს. პროდუქცია არის სხეულის გამაჯანსაღებელი, გლუვი და გემრიელი, გამორჩეულია განსაკუთრებული გემოთი, პოპულარულია მსოფლიო მასშტაბით. Montclair Water – ექსკლუზიური კანადური ბრენდი, რომლის პროდუქციაც ჩამოსხმულია ბრიტანეთსა და ონტარიოში. დიდი წვლილი შეაქვთ ეკოლოგიური გარემოს გადარჩენაში, ბოთლებს აწარმოებენ გადამუშავებული სპეციალური მასალით. Kona Deep Sea Mineral Water – კომპანია წყალს მოიპოვებს ოკეანიდან, 2000-3000 ფუტის სიღრმიდან. წყლის დაბინძურების დონე ნოლის ტოლია და მდიდარია ნუტრიენტებითა და ელექტროლიტებით. პროდუქცია ფართოდ იყიდება ჩრდილოეთ ამერიკაში. Ein Gedi Mineral Water – ებრაული პოპულარული ბრენდის წყლის სამშობლო ისრაელის Ein Gedi-ს ნაკრძალებია. ვინც Ein Gedi-ს წყაროსთან ახლოს იყო დასახლებული, დიდხანს ცხოვრობდა, რადგან იგი მდიდარია მინერალებით, რაც კარგი ჯანმრთელობის განმაპირობებელია. რაც შეეხება "ბორჯომს”, ამ დროისათვის მინერალური წყლის ჩამოსხმასა და რეალიზაციას საერთაშორისო კომპანია "IDS Borjomi International” ახორციელებს. 2006 წლამდე კომპანიის წარმოებული პროდუქციის 65 პროცენტი რუსეთში გაჰქონდა. ორ წელზე მეტია, რაც კომპანიის წარმოების მოცულობამ ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. "იდს ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორის პირადი წარმომადგენელი ირაკლი სტეფნაძე აღნიშნავს, რომ "ამჟამად "ბორჯომი” მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება. ეს ქვეყნებია: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, აშშ, ავსტრია, კანადა, იაპონია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია.” ჯერ კიდევ 2004 წელს, კომპანია "ბორჯომი” საერთაშორისო ჰოლდინგად გარდაიქმნა. კომპანიამ შემოიერთა ცნობილი უკრაინული კომპანია – შპს "სამრეწველო-სადისტრიბუციო სისტემები”, რომლის პორტფელშიც შედის მინერალური წყლის ბრენდები – "მირგოროდსკაია”, "მორშინსკაია”, "ტრუსკავეცკაია”. 2006 წლისთვის კომპანია "ბორჯომი” საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ 235 მილიონი ბოთლის რეალიზაციას გეგმავდა. რუსეთი იყო ის ქვეყანა, სადაც ექსპორტის 65% მიდიოდა და წარმატებითაც იყიდებოდა. რუსეთის ფედერაცია გაყიდვების მიხედვით კომპანია "ბორჯომის” პროდუქციისთვის პირველი ბაზარი იყო, შემდეგ მოდიოდა უკრაინა და საქართველო. 2006 წლის 6 მაისს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული მინერალური წყლებისა და ღვინოების გაყიდვა აიკრძალა. ემბარგო დღემდე გრძელდება. მიუხედავად ამისა, 2006 წელს ქ. მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "ECWATECH 2006″ ექსპერტებმა ერთხმად აღიარეს "ბორჯომის” უნიკალური თვისებები. ქართულმა მინერალურმა წყალმა კიდევ ერთი ოქროს მედალი და დიპლომი დაიმსახურა. | |
|