2:17 PM ჩოგბურთის სექსხმოვანება | |
მკივანათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ვიქტორია აზარენკა მთელი ეს წამოკივლებები იმდენად უხამსია, რომ არ იცი, სად დაიმალო. როდესაც ტურნირი ტელევიზიით გადაიცემა, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შემთხვევით პორნოარხზე გადართე. …რამე მოუხერხეთ ამ ჰარპიებს. მაგალითად, პირზე ააკარით პლასტირი, რომ ისე აღარ ყვიროდნენ, როგორც ეს პორნოფილმებშია. მსგავსი უკმაყოფილებები ხშირად ისმის იმათი მხრიდან, ვინც ქალთა ჩოგბურთს ადევნებს თვალყურს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ჩოგბურთელების წინააღმდეგ გალაშქრება და მათთვის ერთგვარი შეზღუდვების დაწესებაც განუზრახავს – რა ვქნათ, მაყურებელთა საყვედურს საყვედურზე ვისმენთო. WTA-ის ხელმძღვანელის, სტეისი ელესტერის განცხადებით, დეციბალების დაკლების პროგრამის ფარგლებში ასოციაცია ერთგვარ აღმზრდელობით სამუშაოს ჩაატარებს ახალგაზრდა სპორტსმენებთან. პირველ ყოვლისა, ასეთი გაკვეთილების ჩატარება განუზრახავთ აშშ-ში, ნიკ ბოლეტერის აკადემიაში. საქმე ის არის, რომ ბოლეტერის აკადემიას არაერთი მკივანა ჩოგბურთელი აღუზრდია. მათ შორის მარია შარაპოვაც, რომელიც კივილით სხვებისგან აშკარად გამოირჩევა. თუმცა, როგორც თავად ბოლეტერი ამტკიცებს, არც მას და არც მის მწვრთნელებს შეგნებულად არასდროს არ წაუხალისებიათ შეგირდები, კივილით აეკლოთ კორტები. ელესტერის თქმით, ასეთი წამოკივლებები ჩოგბურთში ყოველთვის იყო, მაგრამ მაშინ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. დღეს კი თანამედროვე ტექნოლოგიებმა – კორტებზე მრავლად დამონტაჟებულმა მიკროფონებმა მეტად დააახლოვა ტელემაყურებელი კორტზე განვითარებულ მოვლენებთან. "კაცებიც აძლევენ თავს უფლებას იყვირონ კორტებზე, მაგრამ ქალების შემთხვევაში ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ჟღერს”, – ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი. მოწინავე მკივანათა შორისაა ბელორუსი ვიქტორია აზარენკა. უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე აპარატურამ აზარენკას მიერ გამოცემული ხმა 95 დეციბალად დააფიქსირა, ხანგრძლივობამ კი ნახევარი წამი შეადგინა. მას შემდეგ, რაც აზარენკას გულშემატკივართა შორის მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ, ჩოგბურთელს თავის მართლებამ მოუწია: "ათი წლიდან ასე ვთამაშობ. კივილი ბურთზე ძლიერად დარტყმაში მეხმარება და არაფრის შეცვლა არ შემიძლია”. და მაინც, ლონდონურ კორტებზე რეკორდსმენად შარაპოვაა მიჩნეული. ბრიტანული მასმედიის მტკიცებით, 2004 წლის უიმბლდონის გამარჯვებულს 2009 წელს კივილი 105 დეციბალად შეუფასეს (აკუსტიკურად ეს იგივეა, რომ ფანჯრებთან მოტოციკლი აგიგრუხუნონ). იმასაც ამბობენ, მას შემდეგ, რაც მონიკა სელეშმა კარიერა დაასრულა, კორტებზე მსგავსი "უღირსი” ქცევის განსახიერებად რუსი ჩოგბურთელი იქცაო. ჩოგბურთში ცხოველური ხმების გამომცემი ქალბატონების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მხარდამჭერთა შორისაა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი, რომელიც ზოგიერთ კოლეგას "ერთგვარი უპირატესობის მოსაპოვებლად განზრახ კივილში ადანაშაულებს”. "როდესაც სპორტსმენები კივიან, მათი მეტოქეები მოწოდებისას თუ ჩოგნით ბურთის მოგერიებისას გამოცემულ ხმას ვეღარ აფიქსირებენ. არადა, ვარჯიშის დროს მათ მსგავსს ვერაფერს შენიშნავთ. შეჯიბრებისას კი შეგნებულად გამოსცემენ ასეთ ხმებს”. როგორც ამბობენ, დეციბალების რაოდენობა – ერთადერთი სფეროა, სადაც ქალი ჩოგბურთელები ვაჟებს ჩრდილავენ: კუნთების ნაკლებობასა და ენერგიას ძლიერი ხმის იოგებით ინაზღაურებენ. ამ მხრივ კაცები უფრო თავშეკავებულები არიანო. | |
|