Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის ისტორიიდან
1:58 PM
ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის ისტორიიდან
"არ ესროლოთ მანამ,სანამ არ გაარჩევთ მათი თვალების გუგის სითეთრეს..." ამ სიტყვებით მიმართა ვიცე -პოლკოვნიკმა სერ ენდრიუ აგნიუსმა 1743 წელს "დეტინგემის ბრძოლის" წინ შოტლანდიელ სამეფო ფუზელიორებს.სწორედ ასეთივე მიდგომა აქვთ ერთმანეთისადმი ორ უმთავრეს მტერსა და მოწინააღმდეგეს - ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას.კორეის სახელმწიფოებრიობის ისტორია ათასწლეულებს ითვლის,მაგრამ II მსოფლიო ომამდე არასოდეს ყოფილა ისეთი პრეცენდენტი,რომ ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ერთიმეორისაგან გათიშული ყოფილიყო.თანამედროვე სამყაროში კი ოფიციალურად ორი კორეა არსებობს: ჩრდილოეთში - კომუნისტური,ხოლო სამხრეთში - კაპიტალისტური.სწორედ იდეოლოგიური განსხვავების გამო ჩრდილოელ-სამხრეთელები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებული და დღესაც სხვადასხვაგვარი მასშტაბის სასაზღვრო შეტაკებები მათ შორის მეტად ჩვეულებრივი მოვლენაა.
1905 წელს აზიის "გამოღვიზებულმა ვეფხვმა" - იაპონიამ რუსეთთან ომი მოიგო და შორეული აღმოსავლეთის ათვისებას მიჰყო ხელი,კორეა ერთიანი კი იყო,მაგრამ იქ კვლავ ფეოდალები მართავდნენ სიტუაციას.ამიტომ იაპონელებს სრულიად არ გასჭირვებიათ ამ ქვეყნის დაპყრობა - მათ ჯერ სამხრეთში მოიკიდეს ფეხი,ხოლო შემდეგ კი უკვე ცივი ჩრდილოეთისათვისაც მოიცალეს.ჩრდილოეთ კორეაზე რუსებს იმთავითვე ჰქონდათ პრეტენზია,მაგრამ იაპონიასთან ომში მარცხის შემდგომ იძულებული გახდნენ,ხელები დაემოკლებინათ.
1910 წელს იაპონიამ მთელი კორეის ანექსია მოახდინა და ეს ქვეყანა საკუთარ სამფლობელოდ ოფიციალურად გამოაცხადა.კორეელმა მამულიშვილებმა არაერთხელ სცადეს იაპონელთა თავიანთი მიწიდან განდევნა,თუმცა ვერ მოახერხეს, - მათ აკლდათ ორგანიზებულობა,რაც იაპონიის არმიას დიდ საფრთხეს ვერ უქმნიდა.
კორეის ანექსიიდან 5-6 წლის შემდგომ,კორეა იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ კუთხედ იქცა.სწორედ ამ დროს სტალინი ციმბირში იყო გადასახლებაში.მოვლენათა განვითარებამ ცხადყო,რომ მან იაპონელების მიერ ჩრდილო კორეის "წართმევა",როგორც იტყვიან,ძაღლის ნაკბენივით დაიმახსოვრა; თუმცა ჩანაფიქრის ასრულება,მხოლოდ 35 წლის შემდეგ მოახერხა, - 1945 წელს,როდესაც იაპონიამ II მსოფლიო ომში კაპიტულაცია გამოაცხადა,კორეის ჩრდილო ნაწილი,სრულად დაიკავა საბჭოთა არმიამ.
იმავე წლის აგვისტოში კი "გაწითლებულ" ტერიტორიაზე "საბჭოთა სამოქალაქო მმართველობა" შეიქმნა.არადა,ჯერ კიდევ 1943 წლის ნოემბერში,ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი,ბრიტანეთის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი და ჩინეთის პრეზიდენტი ჩან კაი ში ერთმანეთს კაიროში შეხვდნენ და იაპონიის ბედ-იღბალზე საუბრისას ისიც აღნიშნეს,რომ ამ ქვეყნის ყველა კოლონიას,მათ შორის კორეასაც ომის შემდგომ სრული დამოუკიდებლობა უნდა მიეღო..კორეის დამოუკიდებლობის გარანტად კი ამერიკა და ჩინეთი სახელდებოდნენ."კაიროს კონფერენციას" სტალინი არ დასწრებია და შესაბამისად,სამეულის გადაწყვეტილება მისთვის არაფრის მთქმელი იყო,მას კორეის დათმობა არც კი უფიქრია და მალე ყველანი ფაქტის წინაშე დააყენა.ამერიკამ,ბრიტანეთმა და ჩინეთმა სტალინის ამდაგვარი ქმედების საპასუხოდ სწრაფადვე მოახდინეს კორეის სამხრეთ ნაწილის ოკუპაცია.მათ ამ გზით გზა გადაუკეტეს 38-ე პარალელზე კომუნისტებს,ჩრდილოეთის შემდეგ სამხრეთისაკენაც რომ არ დაძრულიყვნენ.
1945 წლის 7 სექტემბერს ამერიკის არმიის სარდალმა გენერალმა დუგლას მაკარტურმა კორეაში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლად გენერალი ჯონ რიდ ჰოჯი წარადგინა.მეორე დღესვე მან "კორეის დროებითი სამხედრო საჭო" შექმნა და სამხრეთ კორეა ამერიკულ სარდლობის კონტროლქვეშ გადაიყვანა.ამავდროულად,ჩინურ ქალაქ ჩუნცინში არსებობდა მესამე პოლუსიც - ე.წ. "კორეის დროებითი მთავრობა",რომელშიც ძირითადად,მემარცხენეები შედიოდნენ.ამერიკის მესვეურები დროებით მთავრობას ამრეზით უყურებდა,რადგან მასში მემარცხენეთა სიმრავლე აშფოთებდათ.თავის მხრივ,დროებით მთავრობას საერთო ენის გამონახვა უპირველეს ყოვლისა,ამერიკასთან სურდა და ამ მიზნით კორეის დროებითმა პრემიერმა გენერალ ჰოჯთან დელეგაცია რამდენჯერმე გაგზავნა,თუმცა ამ უკანასკნელმა ჩინეთიდან ჩამოსული კორეელები არც კი მიიღო.ერთი სიტყვით,38-ე პარალელზე კორეა ოფიციალურად ორად გაიყო და როგორც წესი,ამას მაშინვე მოჰყვა კრიზისის გამწვავება.ერთმანეთს დაუპირისპირდა ამერიკა და საბჭოთა კავშირი.
1946 წელს ჩრდილოეთ კორეაში "დროებითი სახალხო კომიტეტი" შეიქმნა კიმ ირ სენის ხელმძრვანელობით,ხოლო სამხრეთში კი მთავრობას ანტიკომუნისტი ლი სინ მანი ხელმძღვანელობდა.1948 წელს კორეის ტერიტორია დატოვა,როგორც ამერიკულმა ჯარებმა,ასევე საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმაც.1949 წელს კიმ ირ სენი მოსკოვში სტალინს ეწვია და კორეის ძალისმიერი გზით გაერთიანების იდეა წამოაყენა.მათ შორის შემდეგი სახის დიალოგი გაიმართა:
კიმ ირ სენი: "მე მჯერა,რომ შექმნილ ვითარებაში შეიძლება მთელი ქვეყნის გაერთიანება და გათავისუფლება.სამხრეთის რეაქციული ძალები კორეის მშვიდობიანად გაერთიანებას არადროს დათანხმდებიან.ამჟამად ხელსაყრელი მომენტია,ჩვენ სამხრეთ კორეაზე უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავს.სამხერთ კორეის მოსახლეობას პროამერიკული რეჟიმი სძულს და ამიტომ,ისინი უეჭველად ჩვენს მხარეს დადგება".
სტალინი: "არ დაიძრათ სამხრეთისაკენ.ჯერ ერთი,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ჩრდილოეთ კორეის არმია რაოდენობით ჩამოუვარდება სამხრეთისას.მეორე,სამხრეთში ამერიკული ჯარებია დისლოცირებული,რომელიც საომარ მოქმედებებში აღმოჩნდება ჩათრეული.მესამეც,ნუ დაგავიწყდებათ,რომ ამერიკასა და სსრკ-ს შორის ძალაშია 38-ე პარალელის თაობაზე დადებული ხელშეკრულება".
მიუხედავად ამ დილაოგისა,ჩრდილოეთ კორეამ 1950 წელს გადაკვეთა 38-ე პარალელი და დაიწყო "კორეის ომი",რომელიც 1953 წლის 25 ივლისამდე გაგრძელდა და რომელსაც პირველად ზოგადსაკაცობრიო ისტორიაში,მიუხედავად უზარმაზარი მსხვერპლისა გამარჯვებული არ გამოუვლენია.ამ მოვლენიდან დღემდე ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა "პასიური ომის" მდგომარეობაში არიან.რამდენიმე მცდელობის შემდეგ,მაინც ვერ მოხერხდა კორეის გაერთიანება და ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.თუ კი სამხრეთ კორეა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ეკონომიკის აღორძინებაზე (ამ მაჩვენებლით იაპონიის კონკურენტიც კია),ჩრდილოეთ კორეა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს შეიარაღებაზე და შეუძლებელია მათ შორის "ცხოვრების დონის" შედარებაც კი.ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის საზღვარი 38-ე პარალელზე,მსოფლიოში ყველაზე დაცულ საზღვრადაა მიჩნეული.ამასთანავე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალიზებული და კორუმპირებულ მთავრობადაა მიჩნეული მსოფლიოში.სამხრეთ კორეას დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები აქვს,მაშინ,როდესაც ჩრდილოეთ კორეა "მეგობრობს" მსოფლიოს ყველაზე ოდიოზურ სახელმწიფოების მეთაურებთან.მათ შორის ჩინეთთან,რომელიც მეტ-ნაკლებად დისტანცირებას ინარჩუნებს კორეასთან,რადგან დასავლეთის განაწყენებას ერიდება.ამის გამო ჩინეთზე ამბობენ: "პეკინი ისეთ კაცს ჰგავს,რომელმაც კარგად იცის,რომ მისი პარტნიორი მეძავია,მაგრამ მაინც ვერ ანებებს თავსო".
დღესდღეობით არანაირი "ნათელი წერტილი" არ ჩანს იმისა,რომ კორეა გაერთიანდება,რაც საკმაოდ მაღალი საფრთხის მატარებელია ცივილიებული სამყაროსათვის,რადგან ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის დაძაბული ურთიერთობა პირდაპირპროპორციულია "მსოფლიო უსაფრთხოებისა".

კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1447 | დაამატა: balu | ტეგები: chrdiloet korea, samxret korea, ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის ი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.