Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » დღესასწაული მირქმა. მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
3:55 PM
დღესასწაული მირქმა. მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ყოველი წლის 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის-მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს და ამგვარად მოიხსენიებს იმ სასწაულს, მრავალი საუკუნის წინ რომ აღესრულა.
ახალშობილი იესო ქრისტე, ებრაელთა წესის თანახმად, მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, "რადგან ყოველივე მამრობითი სქესისა, რაც კი იშვებოდა საშოთაგან დედისა, მოხმობილ იყო აღსრულებად მსხვერპლშეწირვისა წესისამებრ უფლისა-წყვილი გვრიტების ან მტრედის ორი მართვეს სახით.” ტაძარში მათ შემოეგებათ მოხუცებული, რომელმაც მკლავთა ზედა თვისთა მიირქვა ყრმა და შეჰღაღადა უფალს: "აწ განუტევე მონაი შენი, უფალო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა, 2, 29-32), შემდეგ კი ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს მიუბრუნდა და გააფრთხილა: ” თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი” (ლუკა, 2, 35). ამ სიტყვებით მოხუცებულმა ის ტანჯვა იწინასწარმეტყველა, რომელიც მახვილივით განკვეთდა დედის გულს ჯვარცმული შვილის ხილვისას. ამ საოცარი მოხუცის სახელი სვიმეონი გახლდათ, რომელსაც სახარება მართალს უწოდებს.

საიდან იყო წარმოშობით წმინდა სვიმეონი და ვინ იყვნენ მისი მშობლები, ჩვენთვის არაა ცნობილი. რაც ვიცით, ისაა, რომ იგი იმ სამოცდაათთაგანი გახლდათ, პტოლემეოს ფილადელფოსმა ალექსანდრიაში რომ მიიწვია საღმრთო წერილის ბერძნულ ენაზე გადასათარგმნელად. ესაიას წინასწარმეტყველების თარგმნისას ეჭვებმა შეიპყრო, რადგან ვერ დაიჯერა, რომ ქალწული შობდა ძეს. მაგრამ, რამდენჯერაც მოინდომა, ქალწულის ნაცვლად დედაკაცი დაეწერა, იმდენჯერ უფლის ანგელოზმა გაუჩერა ხელი. უძველესი გადმოცემის თანახმად, მდინარეზე გადასვლისას ამ საკითხს თავის თანამგზავრებთანაც განიხილავდა. ამ დროს მას ხელიდან მოუძვრია ბეჭედი, გადაუსროლია წყალში და უთქვამს: ვიწამებ წინასწარმეტყველის ნათქვამს, ოღონდ-ბეჭდის აღმოჩენისთანავეო. მეორე დილით თევზი იყიდა, რომ თანამგზავრებთან ერთად ეჭამა და თავისი ბეჭედი თევზის მუცელში აღმოაჩინა. ამ სასწაულის ხილვამ გააოგნა მართალი სვიმეონი და ირწმუნა ძალმოსილება უფლისა. შემდეგ აღთქმაც მიიღო ღვთისგან: არ ენახა სიკვდილი, ვიდრემდე არ იხილავდა უფალს, ქრისტეს. და მართალი სვიმეონიც, აღთქმის აღსრულების მომლოდინე, იერუსალიმში დამკვიდრდა.
ყოველ დილით ტაძარში ევედრებოდა უფალს, აღესრულებინა აღთქმა, რომელიც მას და მთელ კაცობრიობას აღუთქვა – ეხილა ღვთაებრივი ყრმა. ერთხელაც, მლოცველს მოესმა, გასულიყო და შეგებებოდა ნუგეშს ყოველივე ქმნილისას. გარეთ გამოსულმა მოხუცებულმა სულიწმინდის მადლით უამრავ ხალხში უმალ შეიცნო განკაცებული იესო, მიეახლა მას, მიირქვა მკლავთა ზედა თვისთა და ცრემლმორეულმა მადლობა აღუვ,ინა უფალს, იწინასწარმეტყველა იესოს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტკივილი და ტანჯვა. აღსრულდა ის, რასაც სვიმეონ მიმრქმელი რამდენიმე ასწლეული ელოდა. ამიტომაც შეევედრა ღმერთს, რადგან აღსრულდა აღთქმული, წაეყვანა თავისთან მისი დაღლილი სული.

მართალ სვიმეონთან ერთად ყრმა იესოს ტაძარში მეორე წმინდა ადამიანიც შეეგება-ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისი, რომელიც დაქვრივების შემდეგ იერუსალიმის ტაძარს არ მოშორებია "მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე” (ლუკა, 2, 37).
ამ დღის შემდეგ მიგებების დღესასწაული იქცა ზეიმად ადამიანის უფალთან მიგებება-შეხვედრისა. უფლის მომლოდინე სული ყოველთვის მიიღებს ნუგეშს თავისი შემოქმედისგან.
15 თებერვალი მირქმის დღესასწაულია.
ნანახია: 766 | დაამატა: balu | ტეგები: მირქმა., დღესასწაული, მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.