Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28 » დინოზავრის ნაკვალევზე მარტვილის ექსპედიციის სიახლეები
7:24 PM
დინოზავრის ნაკვალევზე მარტვილის ექსპედიციის სიახლეები
ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შედგება ოთხი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო ნაწილისაგან.

ესენია: სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გეოლოგიის დეპარტამენტი, გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი და სპელეოლოგიის სასწავლო ცენტრი. ცენტრი ახორციელებს არაერთ პროექტს ყველა ამ მიმართულებით, მაგრამ მათგან არის ერთი, რომელშიც სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები არიან ჩართულნი და რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ინსტიტუტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგების, მასტაბურობისა და საზოგადოების დაინტერესების თვალსაზრისით. საქმე ეხება ექსპედიციების წყებას მარტვილის რაიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც მოჰყვა. ამ საკითხზე მოკლედ ერთხელ უკვე დავწერეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დასრულებული მორიგი ექსპედიცია თემის განახლების და მასზე უფრო ფართო დისკუსიის გამართვის საშუალებას გვაძლევს, მით უფრო, რომ ამ ბოლო ექსპედიციას ერთდროულად ორგვარი ამოცანები ჰქონდა – ტურისტული და სამეცნიერო მასალის დაგროვება-დამუშავება.

ფართო საზოგადოებისთის ორი რამ არის ცნობილი. პირველი ის, რომ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი, რაზეც მეცნიერები ჯერ მაინც ფრთხილად საუბრობენ; და მეორე ის, რომ მარტვილი ჯერ კიდევ ზაფხულში «გახსნეს» როგორც არაჩვეულებრივი ტურისტული ზონა… ამ ყველაფერზე ვრცლად ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი, პალეონტოლიგი ვასილ გაბუნია მესაუბრა.

«ის პროექტები, რაზეც ახლა არის საუბარი შარშან დაიწყო. მარტვილში სასწვალო პრაქტიკა გვქონდა, სტუდენტებს მეც ვახლდი და ყველაფრის საწყისი წერტილი იყო ის ფაქტი, რომ «გაჭედილის კანიონში» ვიპოვეთ რაღაც, მსგავსი დინოზავრების ნაკვალევისა და იქვე ვნახეთ ძვლების მსგავსი ნიმუშები. გახსნილად ჯერჯერობით არ ვამბობთ, რადგანაც ჯერ საჭიროა კვლევა…»



ძვალი

- ავუხსნათ მკითხველს რომელ ტერიტორიაზე გვაქვს საუბარი?

- ეს არის მარტვილის რაიონში, ოფუცხოლის კანიონი, იგივე გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონი. ძალიან ვიწრო ხეობაა და ამიტომ დაარქვეს ასე. ამას მოყვა ამ რაიონში მთელი სერია ექსპედიციებისა. წელს უკვე დაინტერესდა ტურიზმის სააგენტო და ტურიზმის სააგენტოსთან გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაფინანსდა წყალტუბოს მღვიმეების კვლევა და ახალი ექსპედიცია მარტვილის რაიონის კანიონის მღვიმეების, ჩანჩქერების და მათი ტურისტული პოტენციალის შესწავლა. აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი რამ არ არის აღმოჩენილი და შესწავლილი, არ არის დატანილი არანაირ რუკაზე. ცნობილი არის, მაგრამ აზომილი არ არის. ახლა მუშავდება ეს მასალები, მაგრამ უკვე წინასწარი მონაცემებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი ტურისტული თვალსაზრისით.



თავის ქალა

- და მაინც რატომ?

- აგიხსნით, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ჩვენ ამ ეტაპზე აქცენტს ვაკეთებს ზღვაზე, ზღვა კი არის ყველგან და გაცილებით უკეთესი ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ის რაც სამეგრელოშია, ბევრგან არ არის. თანაც ეს ზონა ზღვასთან ახლოს არის, ზღვაზე დამსვენებელი აქ მოხვდება 2 საათში. აქ არის შესაძლებლობა კანიონინგის (კანიონში დაშვება ნავებით), ულამაზეს კანიონებზეა საუბარი! აქ არის ალბათ ყველაზე მაღალი ჩანჩქერები რაც კი არსებობს საქართველოში, თანაც ადვილი მისადგომია, შეიძლება ამ ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებაც – ექსტრემალური ტურიზმის განივთარების თვალსაზრისითაც საინტერესოა. ყველა ეს ჩანქერი გამოდის უზარმაზარი მღვიმეებიდან, ანუ სპელეოლოგიით დაინტერესებულთათვის, მღვიმეების შემსწავლელი ხალხისთვის ძალიან საინტერესოა. ანუ წარმოიდგინეთ კლდიდან ჩამოდის ჩანჩქერი, გამოდის მღვიმეში, ამ მღვიმეში ტბებია და შიგნითვეა ჩანჩქერები… ანუ მიწის ქვეშ ხდება ეს ყოველივე, თანაც აქვეა ძალიან საინტერესო ტყეები, რომლებიც ბოლო გამყინვარებიდან მხოლოდ და მხოლოდ ამ ადგილებშია შემორჩენილი – კლასიკური უძველესი ტყეები. ამას გარდა, არის ძალიან საინტერესო ფაუნა. კერძოდ ამ მდინარეებში არის უამრავი თევზი, ანუ სპორტული თევზაონბისთვისაც საინტერესო ადგილია. ადგილი ძალიან საინტერესოა გეოგრაფებისთვის, მაგრამ არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის გეოლოგია და პალეონტოლოგია. აქ არის უამრავი ნამარხი. დინოზავრებზე ჯერ გადაჭრით ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ ტროპიკური ზღვის ადგილია და აღმოჩენილია უამრავი ძალიან საინტერესო ნიჟარა, სხვადასხვა ცხოველების ფორმები, ყველაფერს ემატება ძალიან კარგი სამზარეულო. აქვე არის ასხის მასივი, აქ მზადდება ცნობილი სულგუნი, რომელსაც მართლა არაფერი შეედრება, ნებისმიერ ქოხში რომელიც ტყეში დგას 3 წუთში მოგიმზადებენ ელარჯს. სხვათა შორის, ამ საქმით მამაკაცები არიან დაკავებულები. რაც მთავარია, არ არის ეს ადგილი ძალიან რთული მისადგომად.



ნაფეხური

- მაგრამ ალბათ საერთოდ არ არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა…

- არანაირი. მხოლოდ მარტვილშია სასტუმრო, მაგრამ ამას ყველაფერს მოევლება, რადგანაც დაინტერესება მოსახლეობის მხრიდან დიდია. რეგიონში საკმაოდ შეძლებული ხალხი ცხოვრობს. ძალიან მშრომელი ხალხია, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ააწყოს «გესთჰაუზების» ტიპის სახლები, ყავთ ცხენები, ყველგანმავალი მანქანები. ძნელი არ იქნება, მთავარია გეზის მიცემა, რომ ამ ადგილას არ განვიტარდეს ველური ტურიზმი, რადგანაც ძალიან ადვილად მსხვრევადი ეს გარემო.

- ექსპედიციის მიზანი გახლდათ პირველადი მაგრამ საფუძვლიანი მონაცემების მიღება?

- დიახ, პრინციპში იყო ორი გენერალური მიმართულება. ტურისტურლი პოტენციალის შესწავლა და სუფთა სამეცნიერო კვლევა.

- ამჯერად სამეცნიერო მიმართულება უფრო საინტერესოა.

- მიმდინარეობს ძალიან საინტერესო სპელეოლოგიური გამოკვლევები, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ მღვიმეების ნაწილი, რომელიც არ არის გამოკვლეული. ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი და ა.შ. ამას გარდა, ისეთი ცხოველების ძვლები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარ გვხვდება. ეს არის მღვიმის დათვი, ბიზონი… პარალელურად შევისწავლეთ მღვიმეების ძალიან საინტერესო ფაუნა, რომელიც გარეთ არ გამოდის. აქედან გამომდინარე მთლიანად შეგუებულია სრულ სიბნელესა და სიჩუმეს. გარემო შესასწავლია პალეონტოლოგიური თვალსაზრისითაც. ჯერ დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა. სხვადასხვა ნამარხებია ამოღებული, ახლა იწყება მათი დამუშავება და ასაკის დადგენა.

- მაინც რა ეჭვია ასაკთან დაკავშირებით?

- პირველადი მონაცემებით ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო ეტაპთან, ეს არის პერიოდი, როდესაც დინოზავრები ამოწყდნენ და იწყება ახალი ერა. ეს ის პერიოდია, როდესაც ასტეროიდი ვარდება დედამიწაზე, ყველაფერი ნადგურდება და შემდეგ უკვე თავიდან იწყება სიცოცხლე. ანუ ეს არის 65 მილიონი წელი ჩვ.წთ.აღ-მდე. ჩვენ ახლა ვეძებთ იმ შრეს, რომელიც ამ გარდამავალ პერიოდს ზუსტად გვაჩვენებს. ჯერჯერობით ვერ მივაგენით, მაგრამ ისეთი სურათი, რომ გვაიმედებს, სადღაც იქვე ვართ.

- როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ფენა?

- ეს ფენა არის ირიდიუმის შრე. როდესაც მოხდა ასტეროიდის დაჯახება დედამიწაზე გამოიფრქვა ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე ძალიან იშვიათია – ირიდიუმი. ამ სასაზღვრო ფენაზე არის ამ ნივთიერების ძალიან დიდი რაოდენობა. ეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი აღმოჩენა, რადგანაც ეს ფენა ხშირად არ გვხვდება დედამიწაზე.

- და სად შეხვდათ მეცნიერებს აქამდე?

- ავსტრალიაში, ამერიკაში, მონღოლეთში, ანუ ისეთ ადგილებში სადაც მცენარეულობა არ იზრდება. ანუ სადაც გაშიშვლებებია. ჩვენთან ყველაფერი დაფარულია მცენარეებით. სუბტროპიკებია და ადგილი არ არის, რომ რამე არ იზრდებოდეს. საქართველო სწორედ ამიტომ არის ცოტა ღარიბი პალეონტოლოგიის თვალსაზრისით, რომ მიწა და ტყე ფარავს ყველაფერს. ბუნებრივია, რომ უდაბნოში ადვილი საპოვნელია, არაფერი გიშლის ხელს. მაგრამ მარტვილში, იმდენად ღრმა და ვიწრო ხეობებია გვაქვს იმედი რომ მას მივაგნებთ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

…ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ გეოგრაფები, გეოლოგები, არქეოლოგები, პალეონტოლოგები, სპელეოლოგები, ზოოლოგები, – კომპლექსური ექსპედიცია იყო, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის კადრები მთლიანად იყვნენ ჩართულნი და ასევე მოწვეული სპეციალისტები – ძირითადად მყვინთავები, იმიტომ რომ ზოგიერთ მღვიმეში არის ე.წ. სიფონები, ანუ წყლით ამოვსებული ადგილები, იქ კი შეიძლება აღმოჩნდეს გასასვლელი და უნდა შემოწმდეს. ჩვენ ვნახეთ ორი ასეთი ადგილი, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩავედით, იყო წვიმები და ერთგან საერთოდ კინაღამ ჩავრჩით. ძლივს გამოვასწარით ადიდებული წყლის ნაკადს.

- საინტერესოა უკვე როგორც ტურუსტული ცენტრის მომზადებაში ვინ იქნება ჩართული? იგივე ინსტიტუტი? ანუ, ვინ წარადგენს მომზადებულ მასალას უკვე ტურისტისთვის? ვინ დაამუშავებს მონაცემებს?

- დიახ, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი. ტექსტუალური მასალა, ბილიკები, «ჯიპიეს» სისტემაში გადაყვანა, – პრინციპში ეს მასალა უკვე დამუშავების პროცესშია და მალე მზად იქნება.

- როგორ არიან ჩართულნი ექსპედიციაში სტუდენტები?

- სტუდენტებს აქვთ წამყვანი როლი. სამივე საფეხურის სტუდენტია ჩართული. ძალიან დიდია ინტერესი. ეს არის მათი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენთან ერთად გადიან. ჩვენც ბევრ ახალს ვიგებთ მათგან. პრინციპში სამომავლოდ მათი გასაკეთებელი იქნება ყველაფერი, ჩვენ ბაზისი გავუკეთეთ მხოლოდ. ძალიან დაინტერესებულნი არიან, სერიოზული კონკურსი იმართება, თუ ვინ წამოვა ექსპედიციაში, რომლის მონაწილეთა რაოდენობა ბუნებრივია რომ შეზღუდულია ყოველთვის. მაქსიამლურად ვცდილობთ რომ გოგოებიც ჩავრთოთ. ისინიც ძალიან აქტიურად დადიან. ერთი სიტყვით, ახალგაზრდები შეადგენენ ექსპედიციათა ბირთვს.

- რა განაპირობებს ასეთი საქმიანობით დღევანდელი ახალგაზრდების დაინტერესებას საქართველოში?

- რამდენიმე ფაქტორია ალბათ, ილიას უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საკმაოდ ძლიერია, მას შეუძლია კომფორტულ პირობებში და კარგი სპეციალისტების მონაწილეობით განახორციელოს სასწავლო პრაქტიკები და ეს ზრდის ბავშვების მოტივაციას, რომ კარგად ისწავლონ. საბედნიეროდ ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა საშუალება პრაქტიკა გაიარონ საზღვარგარეთ და შემდეგ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური მიიღონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპედიციიდან ჩამოტანილი მასალის დამუშავებაც კარგად ხდება, კარგი აპარატურის მეშვეიობით, რომელიც ილიას უნივერსიტეტს ასევე უკვე გააჩნია. თანაც შეიძლება პუბლიკაციების გამოქვეყნება ამ თემაზე, რაც ახალგაზრდებს უადვილებთ სამეცნიერო ხარისხის მოპოვებას და ბოლოს, დაინტერესებას განაპირობებს მაინც ბუნების სიტყვარული, საკუთარი საქმის სიყვარული, რომელიც მათ აშკარად აქვთ.



ვასილ გაბუნია ექსპედიციის სხვა წევრებთან ერთად

- პალეონტოლოგიურად შეუსწავლელი და ჯერ ისევ აღმოსაჩენი ზონების თვალსაზრისით საქართველო მდიდარია. პირადად თქვენთვის თუ გაქვთ მონიშნული რუკაზე ის ადგილები, სადაც მეტი საიდუმლო გეგულებათ?

- აბსოლუტურად შეუსწავლელია მთიანი სამეგრელო, საერთოდ არ იცის ხალხმა ასხის მასივის არსებობა. ის ალპურ ზონაშია და ძალიან მდიდარია მღვიმეებით. მეორე – ეს არის ჯავახეთი, რომელიც ასევე შეუსწავლელია. ჯავახეთში ვულკანური პლატოებია, ფაქტობრივად გუშინწინ ჩამქრალი ვულკანები, 8-9 ათასი წლის წინათ, ანუ ადამიანის პერიოდში ჯერ კიდევ მოქმედებდნენ. იქ არის უამრავი ტბები, რომელთა არსებობაზე ძალიან ცოტას აქვს წარმოდგენა, ჯერჯერობით ეს ძალიანაც კარგია, არ არის დაზიანებული და ცხოველთა სამყარო თუ გარემო ჯერ ისევ ისეთია, როგორიც ადრე იყო. მაგრამ თუ იქ ცივილიზირებული ტურიზმი აეწყო, დიდი ზიანი არ მიადგება. მესამე – შეუსწავლელია მთიანი აჭარა. ჩვენ ვიცით მხოლოდ ზღვა. მნიშვნელოვანია, რომ მტირალას ეროვნული პარკი გაიხსნა ახლახანს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით. ჩაქვიდან 20 წუთში ხვდებით იქ, წარმოუდგენლად ლამაზ სუბტროპიკულ ტყეში. ჩანჩქერებით, კანიონებით. ესეც არ იცის ჩვენამ ხალხმა. უფრო იციან უცხოელებმა, ვიდრე ჩვენ. ეროვნულ პარკებში უფრო მეტი უცხოელი შეგვხვდებათ, ვიდრე ქართველი. ადგილობრივ ტურიზმზეც გასაკეთებელია აქცენტი. ამ თვალსაზრისით ყველაზე განვითარებული ალბათ ტუშეთ-ხევსურეთია. მეოთხე – გარეჯის უდაბნო… ეს ყველაფერი შეუსწავლელია, მაგრამ ჯერჯერობით ვამბობ ხოლმე რომ საბედნიეროდ. ყველაფერი დაკონსერვებულია და შენახული. ანუ ეს ოთხი წერტილი გვაქვს ძალიან პერსპექტიული, ძალიან თავისებური და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული. ეს არის ის, რაც შემიძლია სამომავლო დაინტერესებისთვის ვურჩიო როგორც მეცნიერს, ისე ტურისტს.

- როდის განახლდება ექსპედიცია მარტვილში?

- მაშინ, როცა ამინდები მოგვცემს ამის საშუალებას. და ალბათ ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ჰავა ისეთია, რომ თოვლი არ იცის, სითბოა და სერიოზული მუშაობისთვის 6 თვე გვექნება.

- ვიცი, დინოზავრები თემას ფრთხილად ეკიდებით, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მკითხველი რომელიც ამ სტატიის ბოლოში აღმოჩნდება მაინც მოიგონებს მათ… დინოზავრების ნაკვალევი, ხომ ნებისმიერ მკითხველს გაუჩენს ბავშვურ ინტერესს…

- ის რაც ვნახეთ – ეს არის დინოზავრის ნაკვალევი! ეს არის ანაბეჭდები, რომლებიც შემდეგნაირად გადარჩა: იმისთვის რომ ნაფეხური ტალახზე გადარჩეს, ის ჯერ უნდა გაშრეს, შემდეგ გამაგრდეს, უნდა დაედოს სხვა ფენა, მილიონობით წლების განლავლობაში შეიძლემა მას ნახევარი კილომეტრის ფენა დაედოს. რაღაც დროს იწყება ამ ფენების დაშლა, ან გამოფიტვა, ანდა მეწყრის დაცურება და ა.შ. და გამოდის ზედაპირზე ეს ნაკვალევი. 200-300 წლის განმავლობაში თუ არ დაინახე და წაასწარი ამ ნაკვალევს, ის იშლება. ანუ ეს იმდენად რბილ ქანზეა რომ შეიძლება გაქრეს. სათაფლიაში ჭაბუკიანი სრულიად შემთხვევით წააწყდა ნაკვალევს. ერთი შრე მოხსენს და აღმოჩნდა. იქ რომ არ ყოფილიყო ის დაიკარგებოდა, განადგურდებოდა. წყალმა ისედაც დააზიანა, სანამ არ გადახურეს. უნდა ითქვას, რომ ახლა სათაფლია ძალიან კარგად არის გაკეთებული. მადლობა მთავრობას ამისთვის. 30 წელი ჩვენი ინსტიტუტი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტი იბრძოდა ამ გადახურვისთვის. მილიონი რაღაც გააკეთეს და ამ ყველაფერმა უარესი საქმე უქნა ამ ნაკვალევს. ახლა არის პერსპექტივა, რომ გარკვეული ფენები აიღონ და ახალი ნაკვალევი აღმოჩნდეს და ეს შესადარებლად იქნება საინტერესო – როგორი იყო რეალურად ის, და როგორ ვერ მოვუარეთ მას ბოლო 50 წლის განმავლობაში. ანუ ძალიან ბევრი პირობა უნდა დაემთხვეს რომ ასეთი რამ იპოვო. ამიტომაც არის ის უნიკალური.

ბუნებრივია, რომ ჩვენ ძალიან რთულად ვუდგებით დინოზავრის კვალის აღმოჩენის საკითხს. უპირველესად იმიტომ რომ «ძვლების» ამოღებას ქანებიდან ვერ ვახერხებთ. ვხედავთ, მაგრამ ქვისგან გამოცალკევება არის ძალიან რთული. უნდა გაიშლიფოს, გაკეთდეს ანათლები. მაინც ვეჭვობთ ხოლმე, შეიძლება საქმე მხოლოდ უცნაურ ფორმებთან გვაქვს და არა ძვლებთან, მაგრამ ძალიან ბევრი უცნაური ფორმა ერთად გვაფიქრებინებს, რომ საქმე მაინც ძვლების ნაშთებთან გვაქვს.

ამას ემატება მარტვილის მუზეუმში დაცული მასალა, ეს ძალიან საინტერესო მუზეუმია, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საქართველოში და ეს იმიტომ, რომ მას ყავდა არაჩვეულებრივი დირექტორი გივი ელიავა. ახლაც გივი ელიავაა დირექტორი, ოღონდაც უკვე მისი შვილიშვილი, რომელიც ძალიან გვეხმარება ხოლმე ექსპედიციების მსვლელობისას. იქ ვნახეთ ძალიან საინტერესო მასალები, 30-40-იან წლებში შეგროვებული. ეს არის რეალურად ძვლები წყლის ქვეწარმავლების – პლეზიოზავრების, გიგანტური ქვეწარმავლების. ასევე იქ არის მარტოირქის ნაშთები, ქვედაყბა და ზედაყბა, ძალიან საინტერესო არქეოლოგიური მასალაა, – ნეანდერტალელების ეპოქის იარაღები და ა.შ. მოკლედ, ველოდებით ექსპედიციების გაგრძელებას და მომავალ ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენებს.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1572 | დაამატა: balu | ტეგები: დინოზავრის ნაკვალევზე მარტვილის ექს | რეიტინგი: 3.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.