3:39 PM დროში მოგზაურობა: true or false? | |
საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1895 წელს ჰერბერტ ჯორჯ უელსმა პირველად გამოსცა წიგნად თავისი ”დროის მანქანა”. ზუსტად 10 წლის შემდეგ კი, 1905 წელს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოქვეყნდა. როგორც სკოლაში ასწავლიან, აინშტაინი პირველი იყო, ვინც დრო ”მეოთხე განზომილებად” გამოაცხადა. და ისინი მწარედ ცდებიან – სინამდვილეში პირველმა სწორედ უელსმა დაწერა თავის რომანში: ”განსხვავება დროსა და სამყაროს სამი განზომილებიდან რომელიმეს შორის საერთოდ არ არის. უბრალოდ, მას ჩვენი ცნობიერება მისდევს ფეხდაფეხო.” დროში მოგზაურობის თემატიკა უელსამდეც იყო გაჟღერებული – 1733 წელს სემუელ მედენმა ”მეოცე საუკუნის მემუარები” დაწერა, ხოლო 1771 წელს კი არნახული პოპულარობა მოიპოვა ლუის-სებასტიან მერსიეს უტოპიურმა ნოველამ ”2440 წელი”, რომელშიც უსამართლობით დაღლილი თანამედროვე პარიზელი მოულოდნელად მომავლის საფრანგეთში იღვიძებდა. თუმცა ამ თემატიკამ უფრო კონკრეტული მიმართულება უკვე მეოცე საუკუნეში მიიღო, როდესაც ფანტასტებმა ადამიანები დროში მოგზაურ ტურისტებად აქციეს და ამ პროცესისთვის ”დროის მანქანები” გამოიგონეს. დაიწერა უამრავი ნოველა, შეიქმნა ურციხვი რაოდენობის ფილმი, რომლებშიც დროში მოგზაურობა სიუჟეტის ძირითადი ან დამხმარე ღერძი გახლდათ. ამ იდეის გარშემო ხომ უამრავი საინტერესო და ჩახლართული ისტორიის განვითარება შეიძლება, მითუმეტეს, თუ თეორიულ პარადოქსებს გვერდით გადავდებთ და პარალელური სამყაროების არსებობას დავუშვებთ; თუნდაც გენიალური ”უკან მომავალში” ავიღოთ ამის მაგალითად. რობეტ ზემეკისისა და ბობ გეილის ეს ისტორია ხომ ერთ-ერთი მათგანია სიუჟეტების იმ მცირე ჩამონათვალიდან, რომლებიც ხშირად საკუთარ თავთან არ მოდიან წინააღმდეგობაში და ბევრ გაუთვლელ დეტალს არ შეიცავენ. სამეცნიერო ფანტასტიკა იმ ფიქტიურ წესებსა და კანონებს უნდა იცავდეს, რომელიც თავად შემოიტანა, თორემ მისი მეცნიერულ ფილტრში ზედმეტად გაცხრილვა ნამდვილად უადგილო იქნება (ამ შემთხვევაში ხომ უჩინარი ადამიანიც ბრმა გამოდის – თვალის გუგაზე თუ სხივი არ დაეცა და არ აირეკლა, ისე რას დაინახავს, ხომ? იმ დროს როდესაც ადამიანთა უმეტესობა, დროში მოგზაურობას მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების და ფილმების კონტექსტში განიხილავს, თანამედროვე მეცნიერება, კერძოდ კი ფიზიკა, დროში მოგზაურობის მხოლოდ ერთ ფორმას თეორიულად შესაძლებლად თვლის. ფარდობითობის თეორიის თანახმად, თუ მაგალითად კოსმონავტი სინათლის სიჩქარით გაფრინდება დედამიწიდან შორეული პლანეტისკენ და უკან დაბრუნდება, დედამიწაზე ათასობით წელი იქნება გასული; კოსმონავტისთვის კი მხოლოდ დროის მცირე პერიოდი, ანუ კოსმონავტი აღმოჩნდება მომავალში. თეორიულად, მომავალში ან დროში წინ მოგზაურობა ფიზიკის კანონებს არ ეწინააღმდეგება – სინათლის სიჩქარეზე სწრაფი მოძრაობით ობიექტი ინფორმაციას გაასწრებს, ანუ გადაინაცვლებს მომავალში, მაგრამ ეს შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ იგი მსგავს სივრცეში არსებობას შეძლებს. თუმცა, სამწუხაროდ, არც სინათლის და, მითუმეტეს, არც C-ზე მაღალი სიჩქარის რეპროდუქცია ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებში ჯერჯერობით არ შედის. სხვათაშორის, დროში წინ მოგზაურობის სწორედ ეს თეორია უდევს საფუძვლად პიერ ბულის ცნობილ ნოველას ”მაიმუნების პლანეტა”. დროში მოგზაურობის მეორე და ამავე დროს გაცილებით საინტერესო ვარიანტია, წარსულში ან დროში უკან მოგზაურობის შესაძლებლობა. ფიზიკის კანონებით დროითი განზომილების ”უკან დატრიალების”, მასში უკან გადანაცვლების თეორიული, ყველაზე აბსტრაქტული შანსიც კი არ არსებობს. აქვე უნდა ითქვას, რომ წარსულში მოგზაურობის თეორია ასოცირებულია პარადოქსულ გარემოებებთან, რომლებიც მსგავს "ვოიაჟს” ლოგიკური შეუძლებლობის ჩარჩოებშიც აქცევენ. თუმცა საი-ფაი სიუჟეტების სრული უმრავლესობა სწორედ ამ შესაძლებლობაზეა აგებული, ხსნებული პარადოქსის უგულვებელყოფით ან მათი გამოყენებით. აღნიშნული პარადოქსის ორი სახეობა არსებობს, რომელთაგანაც პირველი ეხება შესაძლო ცვლილებებს წარსულში და ცნობილია "ბაბუის პარადოქსის” სახელით, ხოლო მეორეს – როგორც "მიზეზობრივი წრის პარადოქსს” იცნობენ. ეს უკანასკნელი ამა თუ იმ აქტის, მოვლენის საწყისი წერტილის მითითების შეუძლებლობით ხასიათდება. სწორედ აღნიშნული პარადოქსები განაპირობებენ ფიზიკოსთა წრეებში გაბატონებულ, დროში უკან/წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობისადმი უაღრესად სკეპტიკურ დამოკიდებულებას. იმისათვის რომ ზემოთ მოცემული მოსაზრებები კარგად აღვიქვათ, შეგვიძლია რამდენიმე პირობითი სიტუაცია განვიხილოთ. დავუშვათ პიროვნება მიემგზავრება დროში უკან/წარსულში და იქ კლავს საკუთარ ბაბუას, რომელიც ჯერ კიდევ პატარა ბავშვია. თუ დროში მოგზაურის ბაბუა ბავშვობაში მოკვდა აქედან გამომდინარეობს, რომ შეუძლებელია დროში მოგზაური საერთოდ დაბადებულიყო. ამავე დროს, თუ დროში მოგზაური არასოდეს დაბადებულა, შეუძლებელია მას წარსულში ემოგზაურა და ბაბუა მოეკლა. ეს არის "ბაბუის პარადოქსი”, რომელიც წარსულში მოგზაურობის თეორიის ლოგიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ წარსულში მოგზაურს შეხება არ აქვს საკუთარ ბაბუასთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, ლოგიკური შეუსაბამობა მაინც არსებობს. დროში მოგზაური სტუმრობს წარსულს, რომელშიც ის ადრე არ არსებობდა, ანუ საქმე გვაქვს ორ ფიზიკურ რეალობასთან; ერთი რომელშიც მოგზაური არ არსებობს და მეორე რომელშიც მოგზაური არსებობს. აღნიშნული ორმაგი რეალობა, დროში მოგზაურობის სფეროს ცდება და პარალელური სამყაროების თეორიის სფეროში გადადის. წარსულში მოგზაურობის და პარალელური სამყაროების ურთიერთკავშირის კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ მომდევნო მაგალითი. ჩვენს დროში და სამყაროში პიროვნება ქმნის დროის მანქანას და ბრუნდება 1907 წლის 12 სექტემბრის თბილისში რათა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა აღკვეთოს. თბილისში ჩასვლისას მოგზაური ყიდულობს გაზეთს და აზუსტებს, რომ ის მართლაც იმყოფება 1907 წლის 12 სექტემბრის თბილისში რის შემდეგაც, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მიემგზავრება საგურამოსკენ, წიწამურის გზით. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1907 წლის 12 სექტემბერი, რომელშიც პირობითი მოგზაური იმყოფება არ არის იგივე 1907 წლის 12 სექტემბერი, რომელიც დაფიქსირდა ჩვენს რეალურ ისტორიაში, რადგან ჩვენი წარსულის 1907 წლის 12 სექტემბერს არანაირი "მოგზაური მომავლიდან” არ იმყოფებოდა თბილისში, მას არ უყიდია გაზეთი და არც ილიას მკვლელობა აღუკვეთია. ჩვენს სამყაროში ასეთი დღე არასოდეს არსებობდა და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოგზაური მხოლოდ პარალელური სამყაროს 1907 წლის 12 სექტემბერში ჩავიდა და არა ჩვენი სამყაროს 1907 წლის 12 სექტემბრის თბილისში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა მოახერხებს თუ არა მოგზაური ილია ჭავჭავაძის მკვლელობის აღკვეთას, ჩვენს დროში და რეალობაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია რომელიღაც პარალელური სამყაროს ისტორიაში, 1907 წლის 12 სექტემბერი დღესდღეობით ცნობილია ილია ჭავჭავაძეზე მოკვლის მიზნით თავდასხმის დღედ, რომელსაც ილია ჭავჭავაძე როგორღაც გადაურჩა. მსგავსის დაშვებით კი ვღებულობთ, რომ არსებობს n რაოდენობის პარალელური სამყარო, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება და მათ შორის დროითი დაშორება იმ უმცირესი დანაყოფის ტოლია, რომლითაც შეიძლება დროის დინება გაიზომოს. დავუბრუნდეთ წარსულში მოგზაურობის თემას და რობერტ ჰეინლეინის ნოველის სიუჟეტის მაგალითზე განვიხილოთ "მიზეზობრივი წრის პარადოქსი”. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღეს თქვენთან მოდის უცნობი მოხუცი ადამიანი და გაძლევთ დროის მანქანის შექმნის ინსტრუქციას. გადის წელები, თქვენ ქმნით დროის მანქანას, ბერდებით და აღმოაჩენთ, რომ ის უცნობი კაცი, ვინც ამ მანქანის შექმნა გასწავლათ, თქვენ ხართ, ოღონდ – სიბერეში. ამ აღმოჩენის შემდეგ ბრუნდებით წარსულში და საკუთარ თავს ინკოგნიტოდ აძლევთ დროის მანქანის შექმნის ინსტრუქციას. ისმის კითხვა! საიდან იღებს საძირკველს დროის მანქანის შექმნის ინსტრუქცია, ანუ ვინ არის ასეთი აღმოჩენის ავტორი? იგივე პრინციპით, დავუშვათ რომ ბავშვობაში თქვენთან მოდის უცნობი პიროვნება და გაძლევთ ოქროს ბეჭედს. გადის წლები, თქვენ იზრდებით და ერთ მშვენიერ დღეს მოგზაურობთ წარსულში, სადაც "საკუთარ თავს ბავშვობაში” აძლევთ ოქროს ბეჭედს. საიდან მოვიდა ბეჭედი, ანუ სად იღებს ის საძირკველს? აღნიშნული წარმოადგენს "მიზეზობრივი წრის პარადოქსის” კლასიკურ მაგალითს და დროში უკან მოგზაურობის შესაძლებლობას ეწინააღმდეგება. ამ და ”ბაბუის პარადოქსის” აღწერას ძალიან ბევრი მწერალი-ფანტასტი გაურბის. უელსის ნაწარმოებებიც კი, ამ მოვლენების სრული უგულვებელყოფითაა დაწერილი. ბოლოს კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც ეწინააღმდეგება დროში უკან მოგზაურობის შესაძლებლობას გამოიხატება შემდეგ კითხვაში: სად არიან "მოგზაურები მომავლიდან” თუ წარსულში მოგზაურობა როდესმე რეალობად შეიძლება იქცეს? ანუ, თუ ოდესმე ადამიანი შეძლებს და მართლაც გამოიგონებს ”დროის მანქანას”, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წარსულშიც – ჩვენს დღევანდელობაშიც შეძლებენ გადმოსეირნებას. მაშ, სად არიან ისინი? დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე მოსაზრება მაინც გასათვალისწინებელია. წარსულში მოგზაურობა მხოლოდ იმ დღემდე შეიძლება როდესაც პირველი დროის მანქანა შეიქმნა, ან წარსულში მოგზაურობა მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, რომლის ჩვენს დროზე დახარჯვას შთამომავლები არ თვლიან მიზანშეწონილად. ამ ორ არგუმენტზე დამატებით, არსებობს კიდევ ერთი, უფრო სარწმუნო თეორია, რომლის მიხედვითაც, "სტუმრები მომავლიდან” იმყოფებიან ჩვენს გარშემო, მაგრამ კონტაქტში შემოსვლისგან თავს იკავებენ, რათა არ დაირღვეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და გაუთვალისწინებელი საქციელით დროის დინებას კალაპოტი არ შეეცვალოს. აღნიშნული ძალიან ხშირად დაკავშირებულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენთან. საკმაოდ გავრცელებული თეორიის თანახმად, ე.წ. ”უცხოპლანეტელები” სინამდვილეში უბრალოდ მომავალი თაობის ადამიანები არიან, რომლებმაც წარსულში გადაწყვიტეს მოგზაურობა… ბევრის მიერ აღწერილი უცხოპლანეტელის გარეგნობა ხომ იდეალურად ემთხვევა მკვლევარების მიერ ნაწინასწარმეტყველებ მომავლის ადამიანის აღნაგობას, რომელსაც ევოლუციის შედეგად თმა მთლიანად გამქრალი, კუნთები კი ატროფირებული ექნება. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი რეალური იმედი, რომელიც შეიძლება დროში მოგზაურ ტურისტებს გვქონდეს, მომავალია. დროში მოგზაურობის ერთადერთი შესაძლებელი ”მიმართულება” მომავალია; მიმართულება, რომელსაც ისეთი ზუსტი მეცნიერებაც კი მიიჩნევს დასაშვებად, როგორიც თვით ფიზიკაა! მართალია თეორიულად, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ფიზიკის დიდი ნაწილი ხომ ჯერკიდევ მხოლოდ თეორიულია. წარსულში დაბრუნება კი, როგორც ჩანს, მაინც ფანტასტიკის სფეროა. ვის არ უნატრია, დრო უკან დაებრუნებინა, ან დიდი ctrl+z კლავიში ქონოდა რეალურ ცხოვრებაში მაგრამ რას ვიზამთ, არ ღირს წარსულში დარჩენა და, ალბათ, არც დაბრუნება. მომავალში შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. ჩვენ თაობას კი, მემგონი მხოლოდ წელიწადში ორჯერ მოუწევს wannabe-დროში მოგზაურობით ”დაკმაყოფილება” – საათის გადაწევისას როდესაც მოულოდნელად ერთი საათით წინ გადავფრინდებით, ან პირიქით – განვლილ ერთ საათს თავიდან გავატარებთ ხოლმე… | |
|