Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 20 » დუბაის წყლის დისკური სასტუმრო
9:40 PM
დუბაის წყლის დისკური სასტუმრო
გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, დუბაიში მშენებლობათა ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდა, ბევრი პროექტი გაიყინა, თუმცა ამის მიუხედავად, ემირატების ქალაქში მაინც ბევრი საინტერესო რამ ხდება.

იქ მსოფლიოს უმაღლესი შენობა ააგეს, მის მახლობლად, მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო მოლია, სანაპიროსთან კი მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძულები განლაგდა. იქვე უდიდეს დახურულ სამთო კურორტზე დასვენებაცაა შესაძლებელი…

მაგრამ ეს ყველაფერი არაა, რასაც დუბაი თავის სტუმრებს სთავაზობს. ქალაქში იგეგმება სრულიად ახალი ტიპის ლუქსის კლასის სასტუმროს აშენება, რომელსაც ნომრები წყალქვეშ ექნება განლაგებული. და ეს, ამ ტიპის სასტუმროებს შორის, უდიდესი იქნება მსოფლიოში. სასტუმროს სახელია "უოტერ დისკუს” (წყლის დისკო).

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, დუბაიში კიდევ ერთი მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, სახელად "ჰიდროპოლისი”, მაგრამ სამწუხაროდ, ის ვერც კი დაიწყეს. ჯერ ერთი, მეტისმეტად ძვირი ღირდა და მეორეც, გლობალურ კრიზისს დაემთხვა.

პროექტი "უოტერ დისკუს”, პოლონურმა კომპანია "დიპ ოუშნ ტექნოლოჯიზმა” შეიმუშავა. პროექტის მიხედვით, სასტუმრო ორი ნაწილისგან შედგება – წყალსზედა და წყალქვეშა. ნომრები მეორეში მოთავსდება, რომლის გამჭვირვალე კედლების წყალობითაც, სტუმრები წყალში ცხოვრების ეფექტით ისიამოვნებენ.

იმისათვის, რომ თავისი არქიტექტორების ჩანაფიქრი რეალობას მიუახლოვოს, "დიპ ოუშნ ტექნოლოჯიზი” შვეიცარიულ საინვესტიციო-საკონსულტაციო გიგანტ BIG-ს და დუბაიში ბაზირებულ, დოკების მშენებლობაზე ორიენტირებულ კომპანია "დრაიდოკს უორლდს” დაუკავშირდა. სწორედ "დრაიდოკსი” იკისრებს დისკოს ფორმის სტრუქტურების შემუშავებას და მშენებლობას.პროექტის მიხედვით, სასტუმრო ორი ძირითადი – ზღვის ზედა და ზღვის ქვედა ნაწილისგან შედგება. წყალქვეშა ნაწილი ერთი დიდი დისკო იქნება და ის ფსკერზე "დაჯდება”. წყალზედა ნაწილი კი რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული სტრუქტურის კომბინაცია უნდა იყოს. მთავარი, რითაც სასტუმრომ ტურისტები უნდა მიიზიდოს, წყალქვეშა ნაწილი იქნება, რომელიც გამჭვირვალე კედლებით გამოირჩევა. ეს კი წყალში ცხოვრების შეგრძნებას გამოიწვევს და თანაც, იქ მცხოვრებთ, წყალქვეშა "პეიზაჟით” ტკბობის საშუალებას მისცემს.

სასტუმროს წყალქვეშა ნაწილი, ზღვის ზედაპირიდან 10 მეტრის სიღრმეში მოთავსდება. მისი ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი იქნება. იქ 21 ორადგილიანი სასტუმრო ოთახი განლაგდება. გარდა ამისა, სასტუმროს ექნება ყვინთვის ცენტრი და დეკომპრესიის კამერა, სადაც ტურისტები ყვინთვის დროს ადამიანზე მოქმედ ძალებს მიეჩვევიან. სტუმრების დასვენებას გაამრავალფეროვნებს სპა სალონი, ბაღი, წყალზედა სეგმენტში მოთავსებული ტერასა. ერთ-ერთ დისკურ სტრუქტურას კი ვერტმფრენის დასაჯდომიც აქვს.

იმ შემთხვევისთვის, თუ ეკონომიკური, ან გარემო პირობები შეიცვლება, "უოტერ დისკუსის” სტრუქტურის შეცვლაა შესაძლებელი. მაგალითად, მას ცალკეულ დისკურ ნაწილებს მოხსნიან, ან წყლის ზედაპირზე დაუშვებენ, რათა თავისუფლად იტივტივოს. ამგვარად, მათი სამაშველო მცურავ საშუალებად გამოყენება იქნება შესაძლებელი.

წყალქვეშა და წყალზედამთავარი დისკოები ერთმანეთთან კოშკით იქნება დაკავშირებული. კოშკში ლიფტი იმუშავებს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ქვედა და ზედა დონეებს შორის კიბით დაკავშირება. თანაც, კოშკის კედლები ნაწილობრივ გამჭვირვალე იქნება და კიბეზე ასვლა-ჩასვლისას, სტუმრებს ზღვის სამყაროს დათვალიერების საშუალებაც მიეცემათ. მთავარი კოშკის გარდა, ნაგებობის კონსტრუქციაში კიდევ სამი დამატებითი საყრდენი სვეტი შევა, რომელთა დანიშნულებაც, პატარა დისკოების წონასწორობის შენარჩუნებაა.

კომპანია BIG-ის პრეზიდენტი ბოგდან გუტკოვსკი ამბობს, რომ "უოტერ დისკუსს” ტურიზმის სფეროს გამრავალფეროვნება შეუძლია. თუმცა მომავალში, ამ პროექტს შეიძლება სხვა მიმართულებაც მიეცეს. მაგალითად, კუნძულოვან მხარეებში ამ ტიპის საცხოვრებლების აშენებაც იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, "უოტერ დისკუსის” მსგავსი ნაგებობების გამოყენება, ოკეანის საკვლევი ლაბორატოიებისთვისაც მისწრება იქნება…

კატეგორია: გამოგონებები | ნანახია: 868 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: დუბაის წყლის დისკური სასტუმრო | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.