6:58 PM ემიგრაციის ისტორია და ლიტერატურა | |
ოქსფორდის ლექსიკონში სიტყვა ემიგრაცია (განდევნილობა) განიმარტება როგორც: 1) გარკვეული მიზეზების გამო, განსაკუთრებით კი პოლიტიკურის, ადამიანის მშობლიური ქვეყნის გარეთ გასახლება; 2) მშობლიური ქვეყნიდან ან სახლიდან დიდი ხნის მანძილზე შორს ყოფნა; 3) საკუთარი სურვილით ან იძულებით გადაადგილება მშობლიური ქვეყნიდან. ზოგიერთ იშვიათ გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში (როგორიც იყო მე-20 საუკუნის მიწურულს განვითარებული იტალიური ემიგრაცია, რომელიც უკეთესი უმაღლესი განათლების მიღებას ისახავდა მიზნად), მე-20 საუკუნის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნიდან მომხდარი განდევნილობა იძულებით ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებული გამოხატულება მან მიიღო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგად, რაც, ძირითადად, პოლიტიკურმა მიზნებმა განაპირობა. ემიგრაციულ კვლევებში გამოიყოფა ე.წ. ემიგრაციის ლიტერატურის კვლევა. ემიგრაციის ლიტერატურა ეწოდება ლიტერატურას, რომელიც დაიწერა ემიგრაციაში. დღეისთვის ემიგრაციის ლიტერატურა მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. განდევნილი მოსახლეობის აღწერისა და სისტემატიზაციისთვის მიღებულია ე.წ. ემიგრაციის ტალღების გამოყოფა. ეს ტერმინი აღნიშნავს მოსახლეობის იმ დაახლოებით რაოდენობას, რომელიც კონკრეტული წლების განმავლობაში ტოვებს სამშობლოს. მაგალითად, მე-20 საუკუნის იტალიურ ემიგრაციაში ოთხი მსგავსი ტალღაა გამოყოფილი; 1901 წელი ემიგრაციის პირველი ტალღის დასაწყისად არის მიჩნეული, რომელმაც პირველ მსოფლიო ომამდე გასტანა. ის იტალიის პირველ ინდუსტრიალიზაციას დაემთხვა. საწარმოები მოსახლეობის მთელ სამუშაო ძალას ვერ ასაქმებდნენ, რამაც ემიგრაციის ახალი ტალღა გააჩინა, განსაკუთრებით ამერიკაში. სამხრეთ იტალიიდან ყოველწლიურად 600.000 გამგზავრება რეგისტრირდებოდა. 15 წლის განმავლობაში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ემიგრაციაში 9 მილიონი იტალიელი გაემგზავრა. ამის შედეგად, იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა საერთო მიგრაციის საბჭოს შექმნა, რომელიც მიგრაციული ტალღების მართვას მოახდენდა. იმ დრომდე ემიგრაცია არ ექვემდებარებოდა საზოგადოებრივ კონტროლს და მრავალი ემიგრანტი თაღლითთა მსხვერპლი ხდებოდა. მართალია, საბჭოს ლტოლვილთა ყველა სირთულის გადაჭრა არ შეეძლო, მაგრამ მისმა არსებობამ მდგომარეობა უფრო მართვადი გახადა. იტალიელთა ემიგრაციის მეორე ფაზა ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდს მოიცავს. ემიგრანტთა რიცხვმა ამ პერიოდში იკლო, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კანონთა გამკაცრებითა და ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის ნაციონალისტური იდეოლოგიით აიხსნება. ფაშიზმმა ემიგრაციის პოლიტიკა შეცვალა: მუსოლინი ქვეყნის იმპერიალისტური მოწყობის მომხრე იყო და ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას ზღუდავდა. მას ეშინოდა, რომ ემიგრანტთა მოუწესრიგებელი მასები იტალიის შესახებ ქვეყნის გარეთ ისეთ შთაბეჭდილებას შექმნიდა, რომელიც მისი რეჟიმის იდეოლოგიის ამსახველი არ იქნებოდა. გარდა ამისა, სამხედრო სფეროს განახლება ახალგაზრდა კადრებს საჭიროებდა. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში 3.200.000 იტალიელმა დატოვა სამშობლო. მათი უმრავლესობა გაემგზავრა გერმანიაში, სადაც შესაძლებელი იყო სამუშაოს შოვნა. ამ პერიოდში მიგრაციის კონტროლის ძველი ინსტიტუტი დაექვემდებარა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც საზღვარგარეთ მყოფ იტალიელთა საერთო საბჭო ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშისტური რეჟიმის ნგრევის შემდეგ, იტალიამ მიგრაციის ახალი ფაზა განიცადა. ეს პერიოდი 1946-70 წლებით თარიღდება და 7 მილიონ ემიგრანტს აერთიანებს. ისინი საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, არგენტინაში, ვენესუელასა და ავსტრალიაში გაემგზავრნენ. რომის მიგრაციის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, დღეისთვის 201 ქვეყანაში 3.5 მილიონი იტალიელი ცხოვრობს. იტალიის მოქალაქეთა 7% საზღვარგარეთ ცხოვრობს, რაც მთელ მსოფლიოში ემიგრანტთა საერთო რაოდენობის 2.5% შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყოველი 40 ემიგრანტიდან 1 იტალიელია (ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის). გერმანული ემიგრაცია. 1933 წელს დაიწყო გერმანელთა მასობრივი გადასახლება, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო. ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის შემდეგ დამკვიდრდა ტოტალიტარული რეჟიმი, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აიძულა დაეტოვებინა ქვეყანა. მაშინ როცა ნაციონალისტური რეპრესიული პოლიტიკა მხოლოდ თანდათანობით ძლიერდებოდა და მცირერიცხოვანი ინტელექტუალები ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის მომდევნო კვირებში უკვე ქვეყნიდან გარბოდნენ (ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჰაინრიხ მანი იყო), 1933 წლის 28 თებერვლის გერმანული პარლამენტის ხანძარი საბოლოო ნიშანი იყო ინტელექტუალთა, მწერალთა, ჟურნალისტთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილისთვის ქვეყნის დასატოვებლად. ისინი გაემგზავრნენ ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვა ინტელექტუალები, რომლებიც ამ პერიოდში საზღვარგარეთ კითხულობდნენ ლექციებს (თომას მანი, ლიონ ფოიხტვანგერი, ოსკარ მარია გრაფტი), გერმანიაში აღარ დაბრუნებულან. სისტემატური ტერორის ტალღაზე, რომელიც პარლამენტის გადაწვით დაიწყო, დააკავეს მემარცხენე ავტორები (ანა ზეგერსი, ეგონ ერვინ ფიში და სხვ.) და საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათი ნაწილი გარდაიცვალა (ერიჰ მუსამი, კარლ ფონ ოსიეტსკი), ნაწილმა კი ქვეყნის დატოვება მოასწრო (ფრიდრიხ ვოლფი, ბერთოლდ ბრეხტი, ჰანს ზალი და სხვ.). ლიბერალი მწერლები (ალფრედ დობლინი, არნოლდ ცვაიგი და სხვ.) ასევე გადასახლებაში გაემგზავრნენ. ემიგრირებულთა შორის აღმოჩნდა 2000 მწერალი, რომელთა რიგებში საერთაშორისო სახელის მქონე სალიტერატურო ინტელიგენცია იყო. 1933 წლის შემოდგომისთვის მათ უკვე დატოვებული ჰქონდათ ქვეყანა. ნაციონალ-სოციალისტურმა სახელისუფლებო ორგანოებმა დემოკრატიული პრესის კონტროლი დაიწყეს. ისინი მათ აიძულებდნენ მხარი დაეჭირათ და გაევრცელებინათ ნაციონალისტურ-სოციალისტური იდეოლოგია. მათ დახურეს ყველა პერიოდული გამოცემა, რომელთაც არ სურდათ საგამომცმლო პოზიციის შეცვლა და პარტიის იდეალების პროპაგანდა. ამ პროცესმა, რომელსაც სინქრონიზაცია ეწოდა, ქვეყანაში დარჩენილ დემოკრატ ინტელექტუალებს პუბლიკაციისა და არსებობის საშუალება შეუწყვიტა და ისინი "შიდა ემიგრაციაში” (ერნს ბარლაჰი, რეინოლდ შნაიდერი, ერნსტ ვიხთერი და სხვ.) აღმოჩნდნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი გერმანული ემიგრაცია მრავალფეროვანი იყო როგორც სოციალურ-კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მასში გამოირჩეოდა "მასშტაბური ებრაული ემიგრაცია” და "პოლიტიკოსთა, ლიტერატორთა, მხატვართა და ჟურნალისტთა შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი”. ემიგრაცია განისაზღვრებოდა როგორც "პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული სამშობლოს იძულებითი დატოვება, რომელშიც შესაძლებელია დაბრუნება მათი აღმოფხვრის შემდეგ”. ემიგრანტებს ასევე მოიხსენიებდნენ ტერმინით "ლტოლვილები”, რომლებიც სხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან განსხვავებულ პოლიტიკურ ხასიათს ავლენდნენ. ამგვარად, პოლიტიკურად ნაკლებად აქტიური ჯგუფი თავის თავს "ემიგრანტს” უწოდებდა, ანტიფაშისტური აქტივისტები კი – "რენეგატებს” ან "განდევნილებს”. ყველა ავტორი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჯგუფი, რომელიც 1933 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა, მეტად მრავალფეროვანი შემადგენლობის იყო და მათი ერთადერთი საერთო მახასიათებელი ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმის მიმართ დაპირისპირება იყო. ემიგრაციის ინტელექტუალურ ნაწილთან შედარებით, უფრო მრავალრიცხოვანი იყო ებრაული წარმოშობის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც საშუალო და მაღალ ბურჟუაზიულ წრეებს მიეკუთვნებოდა და სრულიად არაპოლიტიკური იყო. გრიგოლ რობაქიძე 1933 წელს პრაღაში, პარიზსა და ციურიხში დასახლდა მრავალი გერმანელი ინტელექტუალი და კომუნისტი აქტივისტი. ისინი ელოდნენ ნებართვის მიღებას საბჭოთა კავშირში გასამგზავრებლად. ლიბერალური, მემარცხენე და სოციალისტური პარტიის წევრები კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაემგზავრნენ, განსაკუთრებით გერმანულენოვნებში (ჩეხოსლოვაკია, ავსტრია და საფრანგეთი). გერმანული კომუნისტური პარტიის წევრები განდევნილობის პირველივე პერიოდში მოყვნენ. ისინი ცდილობდნენ საბჭოთა კავშირში ეპოვათ თავშესაფარი, მაგრამ 1939 წელს სტალინსა და ჰიტლერს შორის შეთანხმების გაფორმებამ ისინი აიძულა, საბჭოთა კავშირიდან სხვა ქვეყნებში გადასულიყვნენ. ჰიტლერის რასისტული პოლიტიკის მსხვერპლნი, ძირითადად, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პალესტინაში გადავიდნენ, ქვეყნებში, რომლებიც ჰიტლერის ძალაუფლებისგან დაშორებული იყო. შალვა ამირეჯიბი გერმანელ ემიგრანტთა ცხოვრება ახალ ქვეყნებში განსხვავებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ, დროის სვლასთან ერთად, ვითარება ყოველ მათგანში იძაბებოდა. ეს განსაკუთრებით შეეხო 1938 წელს დაპყრობილ ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიას, ასევე, საბჭოთა კავშირსაც, რაც გამოწვეული იყო 1939 წლის შეთანხმებითა და სტალინის რეპრესიული პოლიტიკით, რომელიც 1937-38 წლებში მოსკოვის პროცესებით დაგვირგვინდა. შვეიცარიაში ასევე ტარდებოდა გერმანული რასისტული პოლიტიკა, რაც ებრაული წარმოშობის მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლას ან მასში დაბრუნებას აფერხებდა. საერთოდ, ე.წ. დამამშვიდებელი პოლიტიკით (კონფლიქტის ჩაწყნარება ან დეესკალაცია), დასავლური ძალებისა და მიუნხენის შეთანხმების ხელმოწერით, რითაც სანქცირებული იყო საერთაშორისო საზოგადოების მიერ ავსტრიის ანექსია, ლტოლვილთათვის ვითარება ყველა ქვეყანაში გაუარესდა. მათ აღარ უნდა ჰქონოდათ სოლიდარობის იმედი ახალი ქვეყნების ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც მესამე რაიხთან ურთიერთობის დაძაბვას თავს არიდებდნენ. ევროპული სახელმწიფოების აზრით, გერმანიასთან კარგი ურთიერთობა მათთვის ერთგვარი ფარი იქნებოდა საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. 1929 წელს ევროპაში დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპულ ქვეყნებში სოციალური ფონი მეტად გაამძაფრა და გაახშირა ქსენოფობიის აქტები, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი გერმანელი ლტოლვილების მიმართ. ამ ფაქტმა კი, თავის მხრივ, გაართულა სოციალური ინტეგრაცია ემიგრანტებსა და ქვეყნებს შორის. 1933 წლის გერმანულ ემიგრაციაში გამოიყოფა შემდეგი ეტაპები: პირველი ეტაპი (1933-35წწ.). იგი სათავეს იღებს ემიგრაციის დასაბამიდან და მთავრდება 1935 წელს, როდესაც მესამე რაიხმა საერთაშორისო აღიარებას მიაღწია, ემიგრანტთა იურიდიულ-ეკონომიკური პირობები კი გაუარესდა. ამ ეტაპის ტექსტები დაწერილია "გერმანიისკენ მიპყრობილი მზერით”. ნაწარმოებები მიმართულია მესამე რაიხში მცხოვრები გერმანული საზოგადოებისადმი, ასევე ემიგრანტთა და საერთაშორისო საზოგადოებისადმი. ნოველისტიკაში ძირითადი სტილი თხრობითი იყო (Deutschland-Roman, Widerstandsroman, ან Illegalenroman, ასევე Fluchtroman, KZ-Roman), რომელშიც გაანალიზებულია ნაციონალ-სოციალისტთა ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობები და მათ მიერ დანერგილი ტერორი. ასევე განვითარდა ისტორიული რომანი, თუმცა შედარებით ნაკლებად, ვიდრე ვაიმარის რესპუბლიკის დროს და ემიგრაციის მესამე პერიოდში; ამ პერიოდს ეკუთვნის პარაბოლიკურ-სიმბოლური ნოველებიც. ამავე პერიოდში დაიწერა დოკუმენტური ხასიათის მრავალრიცხოვანი ცნობები, რეპორტაჟები და ავტობიოგრაფიული მოთხრობები (რომლებიც ნაციონალურ-სოციალიზმის დიქტატორულ რეჟიმს აღწერდა). ნაწარმოებთა ნაწილი მიეძღვნა ნაციონალურ-სოციალიზმის გავრცელებას ავსტრიაში. მეორე ეტაპი (1936-40წწ.) ემიგრანტებს აერთიანებს სახალხო ფრონტის ჩამოყალიბების მიზნით, რაც თავს უყრიდა ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს, განსაკუთრებით კი აძლიერებდა დაპირისპირებას სოციალისტურ-დემოკრატიულ და კომუნისტურ პარტიებს შორის. ეს პერიოდი გერმანელთა ევროპული ემიგრაციის დასრულებით ბოლოვდება. მოძრაობის მოწინავე მწერლებმა (მათ შორის აღსანიშნავია ჰაინრიხ მანი და ლიონ ფოიხტვანგერი) დიდი ზეგავლენა იქონიეს ამ პერიოდის ლიტერატურის განვითარებაზე. მის ძირითად თემებს შეადგენდა ემიგრაციის სხვადასხვა იდეოლოგიური პოზიციებისა და ეკონომიკური სიტუაციის განხილვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა Emigrantenroman (ან Exilroman), რომელიც გერმანელ ემიგრანტთა საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს აღწერდა; იგივე თემატიკის იყო ე.წ. ტრივიალური რომანი (Trivialroman). ამავე პერიოდის სალიტერატურო პროდუქტებია Deutchlandroman (რომელიც სარწმუნო ინფორმაციის ნაკლებობის გამო მესამე რაიხის მმართველობის დროს ძნელად ვითარდებოდა) და ისტორიული ნოველა, რომელსაც კომუნისტი ავტორები ავითარებდნენ. სალიტერატურო ტექსტების ნაწილი ეძღვნებოდა ესპანური სამოქალაქო ომის თემას და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერნაციონალიზაციას ასახავდა. მოსკოვში ჩატარებულმა სასამართლო პროცესებმა როგორც საბჭოთა, ისე უცხოელი გერმანელი დისიდენტების წინააღმდეგ, გერმანელ ემიგრანტებს სტალინის მთავრობისგან დახმარების იმედი დაუკარგა. მესამე ეტაპი (1940-45წწ.) სათავეს იღებს გერმანელთა ევროპული ემიგრაციის დასრულებიდან, რაც განპირობებული იყო გერმანელთა მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დაპყრობით. ამან გააუარესა გერმანელ ემიგრანტთა მდგომარეობა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებამ კიდევ უფრო დაამძიმა ის. ამ პერიოდის ლიტერატურა განიხილავს გერმანიის მთავრობისადმი ევროპული წინააღმდეგობის არსებობას, მათ შორის, საბჭოთა კავშირის, რომელმაც ჰიტლერთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, მანამდე კი შემრიგებლური პოლიტიკის მიმდევარი იყო. ავტორთა დიდმა ნაწილმა მეორადი ემიგრაცია განიცადა, ამჯერად უკვე დაპყრობილი ევროპის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დროისთვის მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები უკვე ძლიერ გაუარესებული იყო (რაც გამოიწვია ევროპის ქვეყნებში გერმანელთა მიერ გაჩენილმა აგრესიამ, იმის მიუხედავად, ნაციონალ-სოციალისტები იყვნენ ისინი თუ ემიგრანტები). ამ პერიოდს ახასიათებს ისტორიული ნოველის განვითარება, რომელმაც, ესთეტიკური თვალსაზრისით, მწვერვალს მიაღწია. გერმანელი ავტორები ტანჯულ წარსულს მძიმე აწმყოსა და ბურუსით მოცულ მომავალთან აკავშირებდნენ, რაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისით იყო გამოწვეული. ამავე პერიოდში დაიწერა Deutschlandromane და Emigrantenromane, ასევე ე.წ. ტრივიალური რომანები, რომლებიც განდევნილობის თემას ეხებოდა. ამავე ეტაპს ახასიათებს Epochenbilanzen განვითარება, რომლებიც იკვლევდნენ პოლიტიკურ ევოლუციას განდევნილობის დაწყებიდან მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებამდე; ეს იყო ავტობიოგრაფიული, მაგალითად, ოჯახური, ან ნოველები თაობათა შესახებ, გერმანიის სიტუაციის აღმწერი პარაბოლიკურ-სიმბოლური ნოველები ან მომაკვდავთა მონოლოგები. ესპანური ემიგრაცია. ომის განმავლობაში და განსაკუთრებით მისი დასრულების შემდეგ, მასწავლებელთა, მეცნიერთა, იურისტთა, ფილოსოფოსთა, მხატვართა და მწერალთა დიდი ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი. საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ხანმოკლე თუ ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ, მათი უმრავლესობა ლათინური ამერიკის ქვეყნებში დასახლდა (განსაკუთრებით მექსიკაში). ესპანეთის გაფანტული შვილები სხვადასხვა ჟურნალების შექმნითა (Espana peregrina, Romance, Las Espanas და სხვ.) და მათში თანამშრომლობის გზით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ხუან მარიჩალი წერდა: "თანამედროვე ესპანური ემიგრაცია არის (რუსული ემიგრაციის გამოკლებით) ევროპის ყველაზე ხანგრძლივი ემიგრაცია. მაგრამ, პირველ რიგში, ესპანური ემიგრაცია არის ხანგრძლივი და უცვლელი: რუსულმა ემიგრაციამ, პირიქით, დაკარგა თავისი თვისებები ქრონოლოგიური გავრცელებისა და პოლიტიკური ორიენტირის დაკარგვის გამო. აქედან გამომდინარე, ესპანური ემიგრაცია ამ საუკუნის ერთადერთი მდგრადი ემიგრაციაა. ამიტომაც არის, რომ ომისშემდგომი ესპანეთის (1939-1975 წლების) ისტორია არ შეიძლება დაიწეროს მეორე ზონის (როგორც მას სამოქალაქო ომის დროს უწოდებდნენ), ანუ ემიგრაციის აღწერის გარეშე… ზონებს შორის ბალანსი ამ სამ-ნახევარი დეკადის მანძილზე არ არის უარყოფითი: ესპანელმა ემიგრანტებმა გააკეთეს თითქმის ყველაფერი, რაც შეეძლოთ. მხოლოდ თავისი არსებობით ემიგრაცია უკვე გავლენას ახდენდა დიქტატორულ რეჟიმზე”. ესპანეთის ისტორიაში ეს იყო უპრეცედენტო, მასობრივი გადასახლება. 1939 წლის თებერვლის პირველ დღეებში საზღვარი გადაკვეთეს არა მხოლოდ რესპუბლიკის ჯარის ჯარისკაცებმა და ოფიციალურმა პირებმა, არამედ მუშებმა, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა, ქალებმა და ბავშვებმა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ავტორებისა და უწყებების მიერ მოწოდებული ციფრები განსხვავებულია, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ლტოლვილთა რიცხვმა, რომლებიც საფრანგეთში გადავიდნენ, 400.000 შეადგინა. რამდენიმე თვეში უცხო რეგიონში ყოფნას სამშობლოში დაბრუნება არჩია 100.000-ზე მეტმა ესპანელმა. 3 ოქტომბრისთვის დარჩენილი იყო მხოლოდ 250.000 ადამიანი. უკვე დაწყებული იყო ხალხის გაგზავნა ამერიკაში, ხოლო საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულთა რიცხვი მეტად მაღალი იყო. მრავალი წლის შემდეგ, 1957 წელს, ოფიციალურ პირთა და უწყებათა მიერ, ლტოლვილთა რიცხვი 100.000-ზე მეტით განისაზღვრა. ის დროის განმავლობაში შემცირდა ლტოლვილთა გარდაცვალების, ნატურალიზაციისა და რეპატრიაციის ფაქტორების გათვალისწინებით. 1968 წლისთვის დარჩენილი იყო მათი ნახევარზე ოდნავ მეტი. რუსული ემიგრაცია 1904 წლის ივლისში, როდესაც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, გრაფი ფონ პლევე მოკლეს, ნოემბერში მის ადგილზე თავადი სვიატოპოლკ-მირსკოი დაინიშნა. ახალმა მინისტრმა პრესას მეტი თავისუფლება მიანიჭა, რაც დაემთხვა "განმათავისუფლებელთა კავშირის” ჩამოყალიბებას. რუსეთის მარცხი იაპონიასთან, ქვეყნის სოციალური მოუწყობლობა და აჯანყების პირველი ნიშნები მომავალი რევოლუციის კვამლს აჩენდა. რუსული ინტელიგენცია რევოლუციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი ვლადიმირ ნაბოკოვი იყო. ნაბოკოვების სახლი ერთ-ერთი ძირითადი ადგილი იყო, რომელშიც სრულიად რუსეთის საერო ყრილობა ჩატარდა 1904 წელს, რომლის რეზოლუციებსაც სწორედ იქ მოეწერა ხელი. 1905 წლის გარიჟრაჟზე პუტილოვის ქარხანაში ჯანყმა იფეთქა, რომელსაც ასი ათასზე მეტი მუშა შეუერთდა. 9 იანვარს ორასი ათასზე მეტი კაცი დაიძრა ზამთრის სასახლისკენ, რათა ნიკოლოზ მეორისთვის პეტიცია წარედგინათ. მათ ცეცხლი გაუხსნეს. იგივე მოხდა მარიის მოედანზე, როდესაც ჟანდარმებმა დაცხრილეს დემონსტრანტთა ერთ-ერთი კოლონა, მათ შორის, ხეებიც, რომელთა ფოთლებშიც ბავშვები იმალებოდნენ. 1919 წლის 2 აპრილს ვლადიმირ დიმიტრის ძე ნაბოკოვი, შვილთან – ვლადიმირ ნაბოკოვთან ერთად, ბერძნული გემი "იმედის” გემბანზე საჭადრაკო პარტიას ხსნიდა. მამა-შვილი სამუდამოდ ემშვიდობებოდა სამშობლოს. 1921 წელს მილიონამდე ადამიანმა, რომელიც რუსეთიდან გაიქცა, სხვადასხვა ქვეყანას შეაფარა თავი. მათი მცირე ნაწილი დასახლდა ხარბინში, შანხაისა და შეერთებულ შტატებში, უმრავლესობა კი ევროპაში – ბერლინში, პრაღაში, პარიზში, რიგასა და სოფიაში. 1921 წლის ბოლოსთვის, როდესაც საფრანგეთში ფასები გაიზარდა, ემიგრანტთა უმრავლესობა ბერლინში ჩავიდა, რამაც გერმანიის დედაქალაქი რუსული ემიგრაციის ცენტრად აქცია. 1924 წლისთვის ბერლინში უკვე იყო ოთხმოცდაექვსი რუსული გამომცემლობა. ბერლინის მთავარი რუსული გაზეთი იყო "საჭე”, რომელიც ოცდათოთხმეტი ქვეყნის სამას სამოცდაცხრა ქალაქში იყიდებოდა. 1922-23 წლებში ბერლინში იყვნენ მაქსიმ გორკი, ანდრეი ბელი, ბორის პასტერნაკი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, ალექსეი რემიზოვი, ბორის პილნიაკი, ალექსეი ტოლსტოი, ილია ერენბურგი, ვლადისლავ ხოდასევიჩი, მარინა ცვეტაევა, ბორის ზაიცევი, ბორის შკლოვსკი, მარკ ალდანოვი, გიორგი ადამოვიჩი, გეორგი ივანოვი და სხვანი”. ქართული ემიგრაცია. ნოე ჟორდანია 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, პეტერბურგში ჩამოყალიბდა მუშათა და დეპუტატთა საბჭო. მის პირველ თავმჯდომარედ კარლო ჩხეიძე აირჩიეს. რევოლუციური ორგანო – მუშათა დეპუტატების პირველი საბჭო თბილისშიც შეიქმნა, რომლის აღმასკომის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია დაასახელეს. მას შეუერთდა ჯარისკაცთა საბჭო ვერეშჩაკის მეთაურობით. ქალაქის მმართველობის არჩევნებმა დაამტკიცეს ქართველი ჟორდანიას, სომეხი ხატისოვისა და რუსი პოპოვის კანდიდატურები. 1917 წლის ზაფხულში ფაქტიური ხელისუფლება მუშათა საბჭოს აღმასკომის განკარგულებაში გადავიდა (ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით), ხოლო მენშევიკურ პარტიას ნოე რამიშვილი ჩაუდგა სათავეში. პეტერბურგის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭო თანდათანობით ბოლშევიკების ხელში გადადიოდა, ამიტომ რუსი მენშევიკების ლიდერებმა (კარლო ჩხაიძემ და ირაკლი წერეთელმა) საქართველოს მიაპყრეს მზერა. 1917 წლის რევოლუციამ ბოლო მოუღო დროებით მთავრობას, ხოლო ახალმა ბოლშევიკურმა მთავრობამ ჯარს დაშლისკენ მოუწოდა. ამგვარად დაიშალა რუსის ჯარი საქართველოშიც. სამხედრო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობამ ქართული სახალხო გვარდიის ჩამოყალიბება განაპირობა (ვალიკო ჯუღელის მეთაურობით). თბილისში გვარდიამ არსენალი აიღო და ამიერკავკასიის საომარი იარაღის მთავარ საწყობს დაეპატრონა. რუსეთში ბოლშევიკების პოზიციები მტკიცდებოდა. რუსმა ჯარებმა ოსმალეთის ფრონტი დატოვეს (ბრესტ-ლიტოვსკის 1918 წლის 2 მარტის ზავით რუსეთმა ოსმალეთთან ურთიერთობა მოაგვარა, საქართველომ კი ამით ისტორიული მხარეები დაკარგა). საქართველო რუსეთისგან ჩამოშორებული აღმოჩნდა, რამაც ამიერკავკასიის თვითმმართველობის შესაქმნელად ჯერ დროებითი მთავრობის – კომისარიატის დაარსება (1917წ. ნოემბერი), შემდეგ კი პარლამენტის მოწვევა განაპირობა. 1918 წლის 22 აპრილს შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც დამოუკიდებელი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა გამოაცხადა (თავმჯდომარე – აკაკი ჩხენკელი). ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებით ისარგებლა ოსმალეთმა და ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მიღებული მიწებით აღარ დაკმაყოფილდა. აუცილებელი გახდა ამიერკავკასიის თვითმმართველობის დაშლა, რათა სამივე სახელმწიფოს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) თვითონ მიეხედა საკუთარი თავისთვის. საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს (17სთ. და 10წთ.). ეროვნული მთავრობის მეთაურად ნოე რამიშვილი იქნა არჩეული. იმ დროს ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვება სუფევდა. პარლამენტის კანონის თანახმად, პროპორციულ სისტემაზე აგებული, დამფუძნებელი კრების არჩევნები მოეწყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს კარლო ჩხეიძე, მოადგილედ – ალექსანდრე ლომთათიძე. არჩეულ იქნა 130 დეპუტატი (მათ შორის 102 სოციალ-დემოკრატი იყო). დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კონსტიტუცია. "სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში პირველი დიდი დავა აგვიტყდა რესპუბლიკის ემბლემის შესახებ. ირ. წერეთელმა წამოაყენა მიჯაჭვული პრომეთეის ნაციონალურ ემბლემათ გამოცხადება; მე ეს არ მომეწონა, შევედავე. მთავარი ჩემი არგუმენტი იყო ის, რომ ტყვე, შებოჭილი პრომეთეი სრულად არ შეესაბამება აშობილ, განთავისუფლებულ ერს. მე წამოვაყენე ამ აზრის გამომხატველი თეთრი გიორგი, ცხენზე კოხტად შემჯდარი და ცის სივრცეში თავისუფლათ მარდათ მფრინავი. ბევრი კამათის შემდეგ გავიდა ეს წინადადება. მისი მოწინააღმდეგენი ასაბუთებდნენ თავის აზრს იმით, რომ თეთრი გიორგი იგივე წმინდა გიორგია. ეს კლერიკალიზმია, უკან დაბრუნებაა და სხვ. ამათი აზრიც მივიღეთ სახეში და თეთრ გიორგის წმინდა გიორგის ყველა ნიშანი ჩამოვაშორეთ” (ნ. ჟორდანია). 1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია ნოე ჟორდანია, რომელიც ამავე დროს იყო "უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს რესპუბლიკისა” (პრეზიდენტი). 1920 წელს საბჭოთა რუსეთთან დამოუკიდებლობის ცნობის ხელშეკრულების დასადებად მოსკოვში ვ.ი.ლენინთან გაიგზავნა სოციალ-დემოკრატი გრიგოლ უროტაძე. ხელშეკრულება 7 მაისს დაიდო. "აშკარა იყო მოსკოვის ორი ტენდენცია: ერთი პოლიტიკური და მეზობლური, მეორე იმპერიალისტური. ამ უკანასკნელს მეთაურობდა ტროცკი – სამხედრო მინისტრი და სტალინი – ეროვნებათა მინისტრი (კომისარი). პირველს კი ლენინი. პირველმა ორმა უბრძანეს თავის ჯარს აზერბაიჯანში ჩვენი დაპყრობა. ეგონათ, ადვილი იქნებოდა. ხოლო როცა ლენინმა დაინახა, რომ უომოთ ეს არ შეიძლებოდა, ევროპის სკანდალს მოერიდა და გადასწყვიტა ხელშეკრულების დადება” (ნ. ჟორდანია, გვ. 170-171). 1921 წლის 11 თებერვალს "ბორჩალოს” სომხების აჯანყება მოხდა. ქართულმა ჯარმა პირველი მარცხი იწვნია. ნ. ჟორდანიამ სამხედრო მინისტრი ილია ოდიშელიძე გადააყენა და მის ნაცვლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა. 24 თებერვალს ქართული ჯარების უკან დახევა დაიწყო. მთავრობა თბილისიდან ქუთაისში გაემგზავრა. იქ ნ. ჟორდანია ორ დღეს გაჩერდა, შემდეგ კი ბათუმში ჩავიდა. 17 მარტს ბათუმში გადაწყდა მთავრობის ემიგრაციაში წასვლა ნაციონალური დროშით და უცხოეთში ბრძოლის გაგრძელება. ნ. ჟორდანია თურქეთში ჩავიდა. სტამბოლში ის საფრანგეთისა და იტალიის ელჩებს შეხვდა. ელჩებმა მას მთავრობათა მიპატიჟებები გადასცეს. აპრილში ჟორდანია პარიზში ჩავიდა, შემდეგ კი – ბრიუსელსა და ლონდონში. თუმცა დამოუკიდებელი საქართველოსთვის დახმარება არც ერთ ქვეყანას არ აღმოუჩენია. ემიგრაციაში ნოე ჟორდანია განაგრძობდა პოლიტიკურ საქმიანობას. მან ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცა წიგნები ("ბრძოლის საკითხები”, "ჩვენ და ისინი”, "საბჭოთა წყობილება”, "ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი”, "პოლიტიკა”, "ბოლშევიზმი” და სხვ.). პარიზში დაარსდა ქართული სოციალურ-დემოკრატიული ჟურნალები "ბრძოლა” და "ჩვენი დროშა”, ასევე გაზეთი "ბრძოლის ხმა”. პოლიტიკური წიგნების გარდა, ნოე ჟორდანიამ 1930 წელს პარიზში ქართულ ენაზე გამოსცა "ვეფხისტყაოსანი”. ნ. ჟორდანია გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, 1953 წლის 11 იანვარს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, დარია და იოსებ ჩოლოყაშვილების ოჯახში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში, ხოლო სამხედრო სამსახური რუსეთში – ტვერის დრაგუნთა პოლკში მოიხადა. 1914 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს. შ. ამირეჯიბის ცნობით, 1914 წელს ის ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, რის გამოც კავკასიის ფრონტზე გადაიყვანეს. სარაყამიშზე ოსმალეთის ჯარის იერიშის დროს ის ჯერ ფეხში, შემდეგ კი გულმკერდში დაიჭრა. ამის მიუხედავად, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა ჯარისკაცებმა პოზიციები შეინარჩუნეს ("არწივის ბუდის” მთა). მძიმედ დაჭრილი ქაქუცა ჩოლოყაშვილი წმინდა ნინოს საავადმყოფოში მკურნალობდა. ქართული ცხენოსანი რაზმის დაარსების შემდეგ ის მისი წევრი გახდა. ჩოლოყაშვილი იბრძოდა სპარსეთის ფრონტზე, სადაც ასეულით მესოპოტამიის უდაბნო გაიარა და ინგლისელებს შეუერთდა (ალ. კარგარეთელი. "ქაქუცა ჩოლოყაშვილი”. პარიზი, 1981 წ., გვ. 10-11). 1921 წლის 24 თებერვალს მენშევიკური მთავრობა თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა. ქართულმა ჯარმა დაშლა დაიწყო. ამ დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად, სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ცხენოსანთა ნაწილების ჩამოყალიბებაში იღებდა მონაწილეობას. ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყვა გემს, რომლითაც ნოე ჟორდანიამ საქართველო დატოვა. ის თბილისში დაბრუნდა და გენერალ კონსტანტინე აბხაზს შეხვდა (იგი ილია ჭავჭავაძის უფროსი დის – ნინოს ვაჟი იყო). კ. აბხაზი აღმოსავლეთ საქართველოს სათავადაზნაუროს ყოფილი მარშალი და პარიტეტული კომიტეტის მეთაური იყო. ამის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი კახეთში გადავიდა და ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელსაც "საქართველოს შეფიცულები” ეწოდა. 1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შეფიცულებთან ერთად, ქიზიყიდან ტყეში გაიხიზნა. ამ დროს მას თან ახლდნენ: მიხა ბალიაშვილი, ვასო ტამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშვილი, ს. ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა. შემდეგ მის რიგებს შეუერთდნენ: ალექსანდრე სულხანიშვილი, სვიმონ (სიკო) ჩოლოყაშვილი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმა), ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი, ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ მაყაშვილი, ალექსანდრე კარგარეთელი, სერგო მაისურაძე, დიმიტრი ჭინჭარაული, მიხა ხელაშვილი, ალ. ბადურაშვილი, ილია ქარუმიძე, ალ. ცხვედაძე, გოლა პავლიაშვილი, მერაბ ჯორჯაძე, შალვა ნებიერიძე, მიშა ლაშქარაშვილი, ალექსი ფეიქრიშვილი, შალვა და ლევან ჯავრიშვილები და სხვები. 1922 წლის ივლისში ქაქუცას რაზმს პირველი შეტაკება მოუხდა წითელრაზმელებთან, ქ. სიღნაღთან. 1922 წლის ზაფხულში მან მოაწყო ხევსურეთის ამბოხება, რომლის წარუმატებლობის გამო ის ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა, თუმცა მალე დაბრუნდა. 1924 წლის 17 აგვისტოსთვის დანიშნული იყო ამბოხი, რომელიც 29 აგვისტოსთვის გადაიდო. ჭიათურაში მოვლენები დათქმულზე 24 საათით ადრე დაიწყო, რამაც არეულობა და ძალთა დაქსაქსვა გამოიწვია. 29 აგვისტოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი თავს დაესხა მანგლისის სამხედრო ყაზარმებს და მანგლისი აიღო, შემდეგ კი ქართლში გადავიდა. 3 სექტემბერს მათ დუშეთის საპყრობილის პატიმრები გაათავისუფლეს. დუშეთიდან შეთქმულები გადავიდნენ ერწოში, სადაც 6 სექტემბერს, სვიმონიანთ ხევში, დიდი ბრძოლა გაიმართა. შემდეგ იყო კვლავ კახეთი – ხევგრძელას ბრძოლა, ბორჩალო, თეთრიწყარო და სხვ. წარუმატებლობაში საბოლოოდ დარწმუნებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი 1924 წლის სექტემბერში თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურზუნაში გადავიდა, ხოლო იქიდან – არდაგანში, ართვინსა და ხოფში. იქ მათ ჭიათურიდან გამოქცეული მეამბოხენი შეუერთდნენ. ტრაპიზონის გავლით ისინი სტამბოლში ჩავიდნენ და ბერძნული გემით საფრანგეთისკენ აიღეს გეზი. თავდაპირველად მარსელში ჩავიდნენ, იქიდან კი საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში დაიქსაქსნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარიზში დასახლდა. პარიზის ჰავას ქაქუცას ჯანმრთელობაზე ცუდად უმოქმედია და მას ძველი ჭრილობა გახსნია. ერთხანს სანატორიუმში (ოტსაუაში) მკურნალობდა. 1930 წლის 29 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდაპირველად ის პარიზიდან 10 კილომეტრით დაშორებულ სენტ უანის სასაფლაოზე დაუკრძალავთ, შემდეგ კი ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაუსვენებიათ. ამჟამად მისი ნეშტი თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს. | |
|