Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ევოლუცია: დარვინის თეორია და მისი განვითარება
9:02 PM
ევოლუცია: დარვინის თეორია და მისი განვითარება
დარვინის იდეების გავლენა ევოლუციის კვლევაზე

დარვინის "სახეობათა წარმოშობამ” დაარწმუნა მსოფლიო ევოლუციის არსებობაში. დარვინისეული თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ კი გაცილებით მეტ წინააღ­მდეგობას შეხვდა: მემკვიდრეობითობის მექანიზმის უცოდინრობა, ბუნებაში არსე­ბული ცვალებადობის მექანიზმების არასრულყოფილი გაგება და, რაც მთავარია, მტკიცებულებების უქონლობა ამ თეორიის მოწინააღმდეგეთა რიცხვის გამრავლე­ბას უწყობდნენ ხელს. ევოლუციის როგორც უწყვეტი, ასევე წყვეტილი განვითარე­ბის მხარდამჭერი არგუმენტები მრავლადაა ევოლუციის თეორიის ისტორიაში. ამ სტატიის მიზანია ასეთი არგუმენტების, მათი წარმოშობისა და განვითარების მიმო­ხილვა.

შესაძლებლობა და აუცილებლობა. ჩარლზ დარვინი არ გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც გამოთქვა იდეა, რომ ბუნება ევოლუციური გზით ვითარდება. ბუფონი (1707-1788), ლამარკი (1744-1829), და თვით დარვინის ბაბუა ერაზმუს დარვინი (1732-1802) ევოლუციის მომხრენი იყვნენ და მათი იდეები "სახეობათა წარმოშო­ბა”-მდე (1859) ორი ან მეტი თაობით ადრე გამოითქვა. დარვინის თანამედროვემ რო­ბერტ ჩემბერსმა (Robert Chambers, 1802-1871) გამოაქვეყნა "მტკიცებულებები ქმნილებათა ბუნებრივი ისტორიის შესახებ” ("Vestiges of the Natural History of Creation”, 1844), რომელშიც ეოლუციის მხარდამჭერი არგუმენტები იყო მოყვანილი. ეს წიგნი 10-ჯერ გამოიცა და პირველი გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში 15 ათას ცალზე მეტი გაიყიდა. შედარებისათვის, დარვინის "სახეობათა წარმოშობა” გამოქ­ვეყნებიდან პირველ ათწლეულში 5-ჯერ გამოიცა და ამ წიგნის 9250 ცალი გაიყიდა.

დარვინამდელ ევოლუციონისტებს ორი ძირითადი თვისება აერთიანებდათ: 1) ვერ­ცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა დაერწმუნებინა მეცნიერები, რომ მცენარეებისა და ცხოველების განსაკუთრებული ნიშან-თვისებების ევოლუცია მოხდა სიცოცხლის განსხვავებული ფორმების საფუძველზე. 2) მეორე გარემოება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია დარვინის წვლილის გათვითცნობიერებისათვის, იყო დარვინამდე­ლი მეცნიერების აზრი, რომ ევოლუციას წარმართავდა რაღაც გარეშე ძალა, იქნებოდა ეს ზებუნებრივი ნება თუ გაუცნობიერებელი ბიოლოგიური სწრაფვა მეტი სირთუ­ლისაკენ. ასეთი ძალის არსებობის აღიარებით დარვინამდელი მეცნიერები ხარკს უხ­დიდნენ დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას. ამ ტრადიციის მიმდევარნი ამტკიცებდნენ, რომ ბუნება, ისევე როგორც ადამიანის ეთიკა ვერ წარ­მოიქმნებოდა საგნებისა თუ სხეულების მექანიკური ("არაზებუნებრივი”) ურთიერ­თქმედებისა თუ გარდაქმნის შედეგად. ამავე შეხედულებით, ბუნებაში არსებობს განვითარების მიზანი და გეგმა, რაც განუყოფელია ადამიანის ეთიკისაგან. ქრისტიანული თეოლოგიის თანახმად, ღმერთმა შექმნა ცა და ხმელეთი, მცენარეები და ცხოველები, და ასევე დაადგინა მორალური კანონები ადამიანებისათ­ვის.

დასავლურ კულტურაში არსებობდა ღრმა რწმენა, რომ ალბათობა და აუცილებლობა საკმარისი არაა ცოცხალი ორგანიზმების არსებული მრავალფეროვნების (და ამ მრავალფეროვნების კანონზომიერებების) წარმოსაქმნელად. ამ აზრს იზიარებდნენ ბუნებისმეტყველები, თეოლოგები, სოციოლოგები და ფილოსო­ფოსები. მაგალითად, მონტესკიე (1689-1755) ამტკიცებდა, რომ ნიადაგი, კლიმატი, და სოციალური პირობები ნაწილობრივ განსაზღვრავდნენ საზოგადოე­ბის ეთიკურ ნორმებს: "ისინი, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ბრმა შემთხვევითობას ძალუძს [სიცოცხლის] მრავალფეროვნების წარმოქმნა, აბსურდულად მსჯელობენ; მართლაც, რა უნდა იყოს უფრო უაზრო, ვიდრე იმის მტკიცება, რომ ბრმა შემთხვევითობამ შესაძლოა წარმოქმნას გონიერი არსებები?”

დარვინის ახალგაზრდობისას არსებული "ბუნების თეოლოგია” ნახსენები ტრადიციის ყველაზე მარტივი ვერსია გახლდათ. ეპისკოპოსი უილიამ პეილი (William Paley, 1743-1805) თავის ნაშრომში ("Natural Theology”, 1802) აცხადებდა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ცოცხალი ორგანიზმების ადაპტაცია არსე­ბობს, დამაჯერებლად ამტკიცებს ღვთის არსებობასა და მის კეთილგანწყობას. საინტერესოა, რომ დარვინის მოგონებების საფუძველზე, პეილის "ბუნების თეოლოგია” სტუდენტობისას წაკითხულ წიგნთაგან ყველაზე შთამბეჭდავი გახლდათ.

დარვინის "სახეობათა წარმოშობა” მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი წინამორბედი ევოლუციონისტების ნაშრომებისაგან. "სახეობათა წარმოშობამ” მრავალი მეცნიერი დაარწმუნა, რომ ევოლუცია "ორგანული გზით” წარიმართა. დარვინმმა შესძლო, შეექმნა ევოლუციის თეორია, რომელიც ყველა არსებულ შეხედულებაზე უფრო დამაჯერებელი იყო, და ამ დამაჯერებლობას მრავალი მხარდამჭერი არგუმენტის მოშველიების გზით მიაღწია (მაგ., ჰიბრიდების არ­სებობა, სტერილურობის სხვადასხვანაირი გამოვლენა ჰიბრიდებში, გეოლოგიური მონაცემები, გეოგრაფიული გავრცელება, ემბრიოლოგიური ფაქტები). "მეცნიერული ანტიევოლუციონისტები” საკმაოდ წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ "სახეობათა წარმოშობის” გამოცემიდან პირველივე ათწლეულის განმავლობაში.

ევოლუცია არსებობს, მაგრამ არსებობს თუ არა ბუნებრივი გადარჩევა? დარვინმა წარმატებულად დაარწმუნა თავისი მკითხველები ევოლუციის არსებობა­ში, მაგრამ ევოლუციის მექანიზმის მისეულ ახსნას (ბუნებრივ გადარჩევას) თავიდანვე გაცილებით ნაკლები აღიარება ხვდა წილად. თავისი თეორიის ჩამოყა­ლიბებიდან (1837) ერთ წელზე ნაკლები იყო გასული, როცა დარვინი აღნიშნავდა, რომ ბუნებრივი გადარჩევა სწორედ ის მექანიზმია, რომელიც მხოლოდ ალ­ბათობისა და აუცილებლობის საფუძველზე მოქმედებს და რომლის არსებობას დარვინამდელი მოაზროვნენი მტკიცედ უარყოფდნენ. დარვინის აზრით, ბუ­ნებრივი გადარჩევა იყო ძირითადი მექანიზმი, რომლის მოქმედებაც უზრუნველყოფს ორგანიზმების "გონივრულ დაგეგმვას”. ეს "არაზებუნებრივი”, არამარ­თვადი, და შემთხვევითობაზე დაფუძნებული მექანიზმი წარმოქმნიდა იმ მრავალფეროვნებას, რომელსაც "ბუნების თეოლოგები” ღვთიურ ძალას მიაწერდ­ნენ, და რომელიც მრავალთათვის წარმოადგენდა მიზნისა თუ დაგეგმვის გამოსახულებას. თუნდაც ამ მიზეზით აიხსნება სწრაფი და ძლიერი უარყოფითი რეაქცია ბუნებრივი გადარჩევის იდეის მიმართ. დარვინმა შესძლო, მხოლოდ რამდენიმე (თუმცა საკმაოდ გავლენიანი) მეცნიერი დაერწმუნებინა, რომ ბუ­ნებრივი გადარჩევა ევოლუციის ძირითადი მექანიზმია.

პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები. ბუნებრივი გადარჩევის იდეის მოწინააღმდეგეებს მრავალი არგუმენტი გააჩნდათ თუნდაც იმ მიზეზით, რომ დარვინმა ვერ შესძლო, ბუნებრივი გადარჩევის დამამტკიცებელი პირდაპირი საბუთები წარმოედგინა (ყოველ შემთხვევაში, ისეთივე დამაჯერებელი სა­ბუთები, რომლების საშუალებითაც იგი ევოლუციური გარდაქმნების არსებობას ამტკიცებდა). ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმისათვის მას მხოლოდ არა­პირდაპირი მტკიცებულებები ჰქონდა, რომლებიც დარვინმა კარგად გამოიყენა. "სახეობათა წარმოშობის” დასაწყისში აღწერილია ხელოვნური გადარჩევის ეფექტურობა, მოყვანილია მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიქმნა მტრედების ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ჯიშები ადამიანის მიერ გადარჩევის შედეგად, და რომ ყველა ეს ჯიში ველური მტრედისაგან იყო გამოყვანილი. მემკვიდრეობითი ცვალებადობა (თუმცა ნაკლები სიხშირით) არ­სებობს ბუნებრივ პოპულაციებშიც. ყველა ორგანიზმს აქვს გეომეტრიული პროგრესიით გამრავლების უნარი, რაც იწვევს საკვებისათვის კონკურენციას, ანუ ბრძოლას არსებობისათვის. (აქვე გავიხსენოთ დარვინისეული აფორიზმი, რომლითაც მან არსებობისათვის ბრძოლა აღწერა: "ძლიერნი, ჯანმრთელნი და ბედნიერნი გადარჩებიან და გამრავლდებიან” – "The vigorous, the healthy , and the happy survive and multiply”). თავის მხრივ, ბრძოლა არსებობისათვის ხანგრძ­ლივი დროის დროის განმავლობაში ბუნებრივი გადარჩევის პროცესად წარმოგვიდგება. ასეთი ლოგიკა სავსებით დამაჯერებელი იყო. დარვინმა ბუნებრივი გადარჩევის ორი "ცხოვრებისეული” მაგალითი მოიყვანა: 1) მგლების სისწრაფე და ზედმეტი წონის უქონლობა; 2) მცენარეების ევოლუცია, რომლის შედეგა­დაც ისინი ტკბილ ნექტარს წარმოქმნიან, და ფუტკრის იმ ორგანოების განვითარება, რომლებიც ნექტარის მოსაპოვებლადაა საჭირო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორის გარდა, "სახეობათა წარმოშობაში” ბუნებრივი გადარჩევის სხვა მაგალითებს ვერ მოვნახავთ, და თვით დარვინის აღიარებით, ეს ორად-ორი მაგა­ლითიც უფრო "წარმოსახვითი ილუსტრაციების” (imaginary illustrations) კატეგორიას განეკუთვნება.

ადამ სეჯვიკი (Adam Sedgwick, 1785-1873), რომელიც დარვინის სტუდენტობისას მისი ერთ-ერთი პროფესორი იყო (გეოლოგიაში), მრავალი მეცნიერის აზრს გამოხატავდა ბუნებრივი გადარჩევის თეორიის მხარდამჭერი მტკიცებულებების შეფასებაში: "ბუნებრივი გადარჩევის თეორია დიდი პირამიდაა, რომელიც საკუთარ წვერზე დგას, და ეს წვერი მათემატიკურ წერტილს (ანუ უაღრესად მცირე სიდიდეს – GT) წარმოადგენს”… დარვინის აზრით, ბუნებრივი გადარჩე­ვის მოქმედების გამოსავლენად სულ ცოტა 50 წელია საჭირო. ასე რომ, ცხადია, დარვინს არა მარტო არ ჰქონდა ბუნებრივი გადარჩევის მოქმედების რაიმე საბუთი, იმის იმედიც კი არ გააჩნდა, რომ ამ მოქმედების გამოვლენას თავისი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც იხილავდა.

მემკვიდრეობითობა ბუნებრივი გადარჩევის დარვინისეული თეორიის კიდევ ერთ შესაძლო წინააღმდეგობას წარმოადგენდა. ბუნებრივი გადარჩევის თეო­რია ემყარებოდა შეხედულებას, რომ ევოლუციის მასალაა ბუნებრივ პოპულაციებში არსებული მრავალი შემთხვევითი მემკვიდრეობითი ცვალებადობა (ტერმინი "შემთხვევითობა” ამ ფრაზაში ევოლუციის მიმართულებისაგან დამოუკუდებლობის, საწყისი ცვალებადობის ევოლუციური ნეიტრალურობის თვალსაზრისით გამოიყენება). დარვინის აზრით, ბუნებრივი გადარჩევის ობიექტი სწორედ ეს ცვალებადობა იყო, რაც, თავის მხრივ, ევოლუციური განვითა­რების უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი გახლდათ. მაგრამ დარვინი ასევე მიიჩნევდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მემკვიდრეობითი ცვალებადობა შემ­თხვევითი არ იყო, და ეს ცვალებადობა "გრძელვადიანი ჩვევების” (long-continued habits) შედეგად მიღებული ფიზიკური ნიშან-თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის საფუძველზე ხდებოდა. ასევე, შეძენილი თვისებების მემკვიდრეობით გადაცემას დარვინისათვის გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ბუნებრივ გადარჩევას, როგორც ევოლუციის წამმართველ ძალას. დარვინის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მემკვიდრეობითობის შეძენილი თუ "მი­ზანმიმართული” თვისებებისაგან დამოუკიდებლად, მემკვიდრეობით გადაცემული ცვალებადობა ადაპტაციის (ანუ შეგუების) მიმართულებით იქმნებოდა. ასე რომ, მებისმიერი თეორია, რომელიც ცვალებადობის "მიზანმიმართულებას” აღიარებდა, ამავე დროს ამცირებდა ბუნებრივი გადარჩევის მნიშვნელობას ევოლუციურ პროცესში. მემკვიდრეობითობის ამგვარი თეორიები მრავლად არსებობდა 1860-1900 წლებში.

1868 წელს დარვინმა ჩამოაყალიბა "პანგენეზის წინასწარგანმჭვრეტი ჰიპოთეზა” (provisional hypothesis of pangenesis, პანგენეზი – ერთიანი წარმოშობა). ეს თეორია ამტკიცებდა, რომ ორგანიზმის ყველა ნაწილი წარმოქმნიდა უმცირესი ზომის თავისუფლად მოძრავ ნაწილაკებს (გემულებს – gemmules), რომ­ლებიც მრავლდებოდნენ და გროვდებოდნენ რეპროდუქციულ სისტემაში, საიდანაც მომავალ თაობებს გადაეცემოდნენ. აქვე გავიხსენოთ, რომ გრეგორ მენ­დელის "ექსპერიმენტები მცენარეთა ჰიბრიდებზე” ("Versuche uber Pflanzen-Hybriden”, 1866 წ.), რომელიც თანამედროვე გენეტიკის საფუძვლადაა მიჩნეული და რომელშიც მემკვიდრეობითობის კანონების აღწერილი, დარვინისათვის, ისევე როგორც იმდროინდელ მეცნიერთა უმრავლესობისათვის, უცნობი დარჩა.

პანგენეზის ჰიპოთეზა გავლენიან, მაგრამ არადამაჯერებელ მოძღვრებად დარჩა. თითქმის ყველა თეორია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ჩა­მოყალიბდა და რომელიც მემკვიდრეობითობის მექანიზმების ახსნას ცდილობდა, პანგენეზის თეორიის განხილვითა და მისი უარყოფით იწყებოდა. თითქ­მის ყველასათვის ცხადი იყო, რომ ბუნებრივი ევოლუციის უმთავრესი მექანიზმი მემკვიდრეობითობის მექანიზმებს ემყარებოდა. დარვინის შემოთავაზე­ბული მემკვისრეობითობის თეორია კი არასაკმარისად მყარი იყო და ბუნებრივი გადარჩევის ოპონენტების მხრიდან კრიტიკის იოლ სამიზნედ იქცა.

უწყვეტი თუ წყვეტილი? დარვინის შეხედულება ევოლუციის შესახებ კიდევ ერთი საკამათო საკითხი გახდა. დარვინი აღიარებდა, რომ "ბუნებრივი გადარჩე­ვა ყოველთვის უაღრესად ნელა იმოქმედებს… ხშირად მხოლოდ დროის ვრცელი ინტერვალების განმავლობაში, და ჩვეულებრივ გარკვეული დროის მონაკ­ვეთში რომელიმე რეგიონის მხოლოდ რამდენიმე მცხოვრებზე”. დარვინიო ასევე ამტკიცებდა, რომ "ეს უაღრესად ნელი, მხოლოდ დროდადრო მოქმედი (intermittant) მექანიზმი” კარგად შეესაბამება გეოლოგიურ ფაქტებს იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდნენ ამ სამყაროს მაცხოვრებლები. დარვინი დაჟინე­ბით ამტკიცებდა, რომ ევოლუცია ნელი და თანდათანობითია, და მისი მოქმედება არა მიდმივად, არამედ მხოლოდ დროის ცალკეულ ინტერვალებში გამოვ­ლინდება. დარვინის შეხედულებით, ცვალებადობის მატარებელი ორგანიზმები ახალი სახეობის წარმოშობის წინაპირობას წარმოადგენდნენ: ბუნებრივი გა­დარჩევა ორგანიზმებს ეკოლოგიურ ნიშებში "ათავსებდა”, სადაც ახალი ცვალებადობა იქმნებოდა. თანდათანობით, ზოგიერთ (თუმცა არა ყველა) შემთხვევა­ში ამ ცვალებადობის მატარებელი ორგანიზმები ერთმანეთისაგან მორფოლოგიურად განსხვავებულნი ხდებოდნენ და ერთმანეთთად შეჯვარების შემთხვე­ვაში ნაყოფიერი შთამომავლობის წარმოქმნა აღარ შეეძლოთ, რაც ახალი სახეობის წარმოქმნის მიმანიშნებელია. ამ თეორიის მოწინააღმდეგეები მართებუ­ლად მიუთითებდნენ, რომ დარვინს ახალი სახეობის წარმოქმნის ერთი მაგალითიც კი არ მოუყვანია: ხელოვნური და ბუნებრივი გადარჩევის დეტალური შე­დარება მათთვის არასაკმარისად დამაჯერებელი გახლდათ. დარვინის მომხრეთაგან ზოგიერთიც კი არ იზიარებდა მის იდეას ცვალებადობისა და ევოლუციის უწყვეტობის შესახებ. მეტიც, დარვინის მომხრეთაგან ბევრს მიაჩნდა, რომ ბუნებრივი გადარჩევა ხდება "წყვეტილი” ნახტომების შედეგად, რომლებიც მნიშ­ვნელოვან (ასევე "წყვეტილ” ცვალებადობაზეა დამოკიდებული). თვით დარვინმა, რასაკვირველია იცოდა მუტაციების არსებობის შესახებ ("sports”, დარვი­ნისდროინდელი ტერმინოლოგიით), მაგრამ მიაჩნდა, რომ ასეთი წარმონაქმნები მეტისმეტად იშვიათი იყო და ხშირად შთამომავლობის წარმოქმნაც არ შეეძ­ლოთ, და ამიტომაც ცვალებადობის საფუძველს ვერ შექმნიდნენ.

ეს წინააღმდეგობა ორი შეხედულების ("წყვეტილისა თუ უწყვეტი” განვითარების) შორის ევოლუციის შესწავლის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანე­სი თემაა და მეცნიერული დებატების მეტად მწვავე საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მომავალ წერილებში დავუბრუნდებით.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1061 | დაამატა: balu | ტეგები: ევოლუცია: დარვინის თეორია და მისი გ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.