Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ევროპელებმა უხილავი ტანკი შექმნეს
6:36 PM
ევროპელებმა უხილავი ტანკი შექმნეს
რა თქმა უნდა, ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ფოლადის უზარმაზარი სტრუქტურა, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია.

ბრიტანული სამხედრო-სამრეწველო სფეროს გიგანტმა "BAE სისტემზმა” შეიმუშავა ტანკის გარე ფენა, რომელსაც ღამის ხედვის სისტემის ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმა შეუძლია და ამგვარად, ტანკს ამ სისტემისთვის უხილავს ხდის. ახალ ტექნოლოგიას "ადაპტივ” შეარქვეს და ის საზოგადოებას პირველად ლონდონში, სექტემბრის ბოლოს, იარაღის საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინეს.

დამცავი ფენა, რომელსაც ღამის ხედვის დანადგარებისთვის ტანკის შეუმჩნევლად დატოვება შეუძლია, აქტიური სტრუქტურაა, რომელიც ასეულობით ექვსკუთხა უჯრედისგან შედგება. სისტემას ელექტრონიკა მართავს, რომლის ბრძანებითაც უჯრედები სწრაფად იცვლიან ტემპერატურას.

"BAE სისტემზი” აცხადებს, რომ სისტემა "ადაპტივ” სწრაფად რეაგირებს ბრძანებაზე. ამასთან, ტემპერატურის ცვლა გარემოს პირობების შესაბამისად ხდება. ექსპერიმენტების დროს, სისტემის ამოქმედების შემდეგ, უზარმაზარი ტანკი, ინფრაწითელ სხივებზე მომუშავე რადარიდან თვალსა და ხელს შუა ქრებოდა.

უფრო მეტიც, "ადაპტივს” უჯრედოვანი "მოსასხამი” იმის საშუალებასაც აძლევს, რომ რადარზე ის ავტომობილს, ან თუნდაც ძროხას დაამსგავსოს. ამისათვის, საბორტო კომპიუტერი, მის მიერვე შედგენილი ესკიზის შესაბამისად ამოქმედებს უჯრედების გარკვეულ ჯგუფს. გარდა ამისა, ამავე "ადაპტივის” მეშვეობით, შესაძლებელია საბრძოლო მანქანის სპეციალური მონიშვნა, რაც მას "მეგობრულ ცეცხლს” აარიდებს თავიდან.



"BAE სისტემზმა” თავის ქმნილებას უკვე ჩაუტარა საველე გამოცდები, რომელთა დროსაც გამოვლინდა, რომ უხილაობის ეფექტი განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაშინაა, როცა ობიექტი 300-400 მეტრის სიშორეზეა. გამოცდების დროს შვედური მუხლუხებიანი საბრძოლო მანქანა Strf 90 გამოიყენეს, რომელიც "ადაპტივის” წყალობით, სრულიად უხილავი ხდებოდა. ამასთან, ელექტრონიკა ხანდახან ტანკს უგზოობის ავტომობილის პროფილს ანიჭებდა.

"ადაპტივის” შემუშავება ჯერ არ დასრულებულა. "BAE სისტემზი” მის დახვეწას გააგრძელებს. კომპანიას სურს, რომ სისტემამ ინფრაწითელის გარდა, ელექტრომაგნიტური სპექტრის სხვა დიაპაზონებშიც იმუშაოს. ამასთან, თავიანთ ტექნოლოგიას, უფრო დიდი ზომის ობიექტებზე – ვერტმფრენებზე, საზღვაო ხომალდებსა და შენობებზეც კი გამოცდიან.



"ადაპტივის” შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი ქმნილება, სხვა მსგავს სისტემებზე გაცილებით იაფიცაა, საიმედოც და ეკონომიურიც – მისი მუშაობა უფრო მცირე ენერგიას საჭიროებს. ამასთან, მისი უჯრედები იმდენად მტკიცეა, რომ მათ დამატებითი ჯავშნის როლის შესრულებაც შეუძლია. და თუ დაზიანდა, არც მათი შეცვლაა პრობლემა.
კატეგორია: ავტო | ნანახია: 971 | დაამატა: balu | ტეგები: ევროპელებმა უხილავი ტანკი შექმნეს | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.