6:30 PM გოგოა თუ ბიჭი? | |
საკმარისია, ცოლ-ქმარმა შეიტყოს, რომ უახლოეს ცხრა თვეში მშობლები გახდებიან, იწყება დაუსრულებელი მსჯელობა და ვარაუდი მომავალი პატარას სქესის თაობაზე. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფანტაზიას დიდ გასაქანს ვერ მისცემ; რამდენიც არ უნდა იმსჯელონ მომავალმა მშობლებმა, შედეგს ვერსად გაექცევი – პატარა ან გოგო იქნება, ან ბიჭი. მიუხედავად ამისა, მომავალი მშობლები ინტერესის დაკმაყოფილებას გაცილებით ადრე ცდილობენ… ყველაზე საინტერესო ის არის, როდის ხდება სქესის ფორმირება. ამას თავადაც მიხვდებით, თუკი განაყოფიერების შესახებ მცირე ინფორმაციას გადაავლებთ თვალს. ყველაფერი იმით იწყება, რომ სპერმატოზოიდი, მამრობითი სასქესო უჯრედი, დანიშნულების ადგილას – კვერცხსავალ მილში ხვდება კვერცხუჯრედს (ქალის სასქესო უჯრედს) და მასში იჭრება. ასე ხდება განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიცავს როგორც დედისეულ, ისე მამისეულ ინფორმაციას. ინფორმაციის მატარებელ უწვრილეს ძაფებს ქრომოსომები ეწოდება. სწორედ მათშია მოთავსებული მინიდოსიე დედიკოსა და მამიკოს გარეგნობის, აღნაგობისა და ხასიათის თავისებურებათა შესახებ. განაყოფიერების დროს "საიდუმლო მასალები” ერთმანეთში ირევა, მდედრისა და მამრის გენეტიკური "ფაილები” სხვადასხვა კომბინაციას ქმნის, რასაც საბოლოოდ სრულიად ახალი (თუმცა მშობლების მსგავსი) ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ადამიანის უჯრედის ბირთვი 46 ცალ (23 წყვილ) ასეთ "ფაილს” – ქრომოსომას შეიცავს. ამათგან 23 მამრობითია, 23 – მდედრობითი, ანუ ერთ "ქალურ” ქრომოსომას ერთი "მამაკაცური” შეესაბამება (როგორც ჩანს, დაწყვილებისკენ სწრაფვა ჩვენში უჯრედის ბირთვის დონეზეა ჩანერგილი როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის უჯრედი 46 ქრომოსომას შეიცავს, თუმცა გამონაკლისიც არსებობს. ეს სასქესო უჯრედები გახლავთ – სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედში 23-23 ქრომოსომაა. სწორედ მათი შერწყმით წარმოიქმნება ქრომოსომების 23 წყვილი. ახლა ქრომოსომების ფორმაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ოცდაორი ერთნაირია, ოცდამესამე კი ოდნავ განსხვავებული. მდედრობით სასქესო უჯრედში ეს ქრომოსომა ყოველთვის X-ს ჰგავს, ხოლო მამრობით უჯრედში ის ზოგან X-ის მსგავსია, ზოგან – Y-ისა. ახლა ბავშვობა გავიხსენოთ და წარმოსახვითი თავსატეხი შევადგინოთ: თუ წარმოვიდგენთ, რომ კვერცხუჯრედებში ყველა ოცდამესამე ქრომოსომა X-ისებრია, ხოლო სპერმატოზოიდებში – ზოგი X-ისა, ზოგი კი Y-ისა, იოლად მივხვდებით, როგორ ყალიბდება მომავალი სქესი. კერძოდ, თუ მდედრობით სასქესო უჯრედს, რომელიც ყოველთვის X-ქრომოსომის მატარებელია, შეხვდა სპერმატოზოიდი, რომელიც ასევე X ქრომოსომას შეიცავს, ჩაისახება გოგონა, ხოლო თუ კვერცხუჯრედი Y ქრომოსომის შემცველმა სპერმატოზოიდმა გაანაყოფიერა, ცხრა თვის შემდეგ ქვეყნიერებას ბიჭუნა მოევლინება. ერთი სიტყვით, ნაყოფის სქესი ჩასახვისთანავე განისაზღვრება, თუმცა სასქესო ნიშნების ფორმირება მოგვიანებით ხდება. ამის კვალობაზე, ბავშვის სქესის განსაზღვრა თეორიულად ჩასახვის მომენტიდანვე შეიძლება, თუმცა რეალურად ცნობისწადილს მომავალი დედიკო და მამიკო მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იკმაყოფილებენ. ამასობაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ზიგოტა) დაყოფას იწყებს: ჯერ ორად იყოფა, შემდეგ – ოთხად, რვად, თექვსმეტად და ა.შ. უჯრედები მრავლდება, წარმოიქმნება ქსოვილები, ორგანოები… Y ქრომოსომა ბრძანებას გასცემს, ჩანასახს მამრობითი სასქესო ორგანოები ჩამოუყალიბდეს. ორსულობის (გესტაციის) მე-4 თვისთვის ბრძანება შესრულებულია – ნაყოფს სასქესო ორგანოები აშკარად აქვს გამოხატული. სწორედ ამ დროს მიმართავენ სქესის დადგენის მიზნით ულტრაბგერით კვლევას. ასეთია საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, თუმცა თუ ძალიან მოვიწადინეთ, კითხვას, გოგონაა თუ ბიჭი, უფრო ადრეც შეგვიძლია გავცეთ პასუხი. არსებობს კვლევათა წყება, რომლის მეშვეობითაც სქესის განსაზღვრა გესტაციის მერვე-მეათე კვირასვე შეიძლება. გრძელი ნემსის საშუალებით ექიმი საშვილოსნოს ღრუში შედის და იქიდან იმ ქსოვილის (ქორიონის) ნაწილს გამოიტანს, რომლისგანაც მომავალში პლაცენტა უნდა განვითარდეს. უჯრედების შესწავლის შედეგად განისაზღვრება სქესი, მიიღება ინფორმაცია ქრომოსომული ანომალიების არსებობა-არარსებობის შესახებ. ეს მეთოდი მეტად სარისკოა – შესაძლოა, სპონტანური აბორტი მოჰყვეს (ჩვენში მუცლის მოწყვეტას რომ უწოდებენ), ამიტომ მას იშვიათად იყენებენ, მეტწილად მაშინ, როდესაც რომელიმე გენეტიკური პათოლოგიის გამორიცხვა სურთ. ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით ბავშვის სქესის გარკვევა ორსულობის დაახლოებით მეთვრამეტე კვირას გახლავთ შესაძლებელი. უფრო ადრე ცდომილება მაღალია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სქესი მეთორმეტე კვირასაც ჩანს. | |
|