6:49 PM ილია ჭავჭავაძე - "მაბეზღრობის" შესახებ წერდა... | |
უბედურება რომელიმე ერისა,დიდი ერია თუ პატარა,სხვათა შორის - ისიც არის,როცა ერთგვარ ბეზღობას,რომელსაც პოლიტიკურ ბეზღობას ეძახიან,დიდი ავალა მიეცემა,ფართო გზა გაეხსნება და აღებ-მიცემობის საგნად გახდება.როცა ბეზღობა, - ეგ უწმინდური ძალ-ღონე გაცვეთილის კაცისა,პირახდილი დაიარება,არამცთუ უსირცხვილოდ,თავმოწონებითაც ფარფაშობს და ლუკმაპურს აწვდის მაბეზღარს, - მაშინ პირდაპირ შეგვიძლიან ვსთქვათ,რომ საზოგადოების წყობას საძირკველი შერყევიაო და აღსასრული მოახლოებულაო. ბეზღობის ასეთის პატივით ყოფნა საზოგადოებაში უტყუარი ნიშანია თვით საზოგადოების სისუსტისა,დაუძლურებისა და დარღვევისა.მაგ საძაგელს ფარ-ხმალს სულმოკლეობისას და ჯაბნობისას სამჭედურად აქვს ხოლმე ყოვლად გახრწნილი და ამყაყებული გული ჩირქიანის კაცისა,და საბერვლად კიდევ "შაბაში" და "ბარაქალა" იმისთანა კაცებისა,ვისაც ბეზღობა და ერთგულება ერთს ფარდში მოუქცევია და ერთმანეთში განგებ ვერ გაურჩევია. თვითონ მაგ სამარცხვინო ფარ-ხმალის მჭედელს,ბეზღის მთქმელს,როგორც იქნება,ადამიანი გაუძლებდა,მოიგერიებდა,რომ გამგონი და დამჯერი არა ჰყვანდეს,რომ მაგ საზიზღარის ფარ-ხმლით მორთულს შაბაშის და ბარაქალის ძახილით არ აქეზებდეს იმისთანა წმინდა რამ,როგორიც ლიტერატურაა.როცა ლიტერატურა, - ეგ ადამიანის ჭკუისა და ზნეობის საგანძე, - შეიკედლებს მაგ საძაგლობას,როცა მაბეზღარს თავის კარს გაუღებს ხოლმე,მაშინ თვით საზოგადოების გახრწნილება ცხადია სულთმობრძაობასა და მისის წყობისა უეჭველია. ყველაზე საშიში და საზიზრარი ბეზღობა ის ბეზღობაა,რომელსაც საგნად მთელი ერი ჰყავს,ნამეტნავად იმისთანა ერი,რომელიც "შემთხვევისა გამო სხვისა შინა" ყოველ ღონეს მოკლებულია,რომ თავი იმართლოს,თავის გულისნადები,სულის წყურვილი საქვეყნოდ გამოჰფინოს.ამისთანა ერის წინაშე ერთი გაცვეთილი მაბეზღარი უფრო შემძლებელია და ღონიერი,ვიდრე მთელი ერი.იმიტომ,რომ მაბეზღარს ყოველივე იარაღი ხელში აქვს და დაბეზღებული-კი იარაღაყრილია.დაბეზღებულს აღარა დარჩენია-რა ხოლმე იმის მეტი,რომ გულში უნდა ჩაიხვიოს უსამართლოდ გაუპატიურებული,მაგრამ სამართლიანად გაბოროტებული გრძნობა.ეგრეთ ჩახვეული გრძნობა სალესავია იმისი,რის დაჩლუნგებაც სასურველია ხოლმე". | |
|