8:46 PM კარლ მარქსის ძირითადი შეხედულებები | |
მარქსის მთავარი ამოცანა იყო ჰეგელის იდეალისტური შეხედულებები ექცია მატერიალისტურ დიალექტიკად. იდეალიზმის ყველაზე ძლევამოსილი გამოხატულება კი თავად ღმერთი და რელიგიაა. ამიტომ მარქსი წიგნს – ”ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის”, რელიგიის კრიტიკით იწყებს: ,,რელიგია არის ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო მდგომარეობათა. ის ოპიუმია ხალხისა ”. მარქსის მიხედვით რელიგია ილუზიური ბედნიერებაა ადამიანისა, რომელმაც ზეცის ფანტასტიკურ სინამდვილეში ზეკაცის ძიებისას მხოლოდ თავისი თავის ანარეკლი იპოვა. ადამიანმა შექმნა რელიგია და არა რელიგიამ ადამიანი, ამიტომაც პირველადია მატერიული, რეალური სამყარო. რელიგიურმა კრიტიკამ ბორკილებს წარმოსახვითი ყვავილები იმისათვის კი არ ჩამოაგლიჯა, რომ ადამიანმა უფანტაზიო, უნუგეშო ბორკილები ატაროს, არამედ იმისთვის, რომ მან ბორკილები მოიხსნას და ცოცხალი ყვავილი მოსწყვიტოს. მას შემდეგ რაც მარქმა ადამიანი რელიგიური ბორკილებისაგან გაანთავისუფლა, იგი ცდილობს რომ იგივე ადამიანი აამხედროს გერმანული წეს-წყობილებების წინააღმდეგ: ”ომი გერმანულ წესწყობილებებს! რა თქმა უნდა! ისინი ისტორიის დონეზე უფრო დაბლა დგანან, ისინი ყოველ კრიტიკაზე უფრო დაბლა არიან, მაგრამ ისინი მაინც კრიტიკის საგნად რჩებიან, ისე როგორც დამნაშავე, რომელიც ჰუმანურობის დონეზე დაბლა დგას, ჯალათის საგანი ხდება.” კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსთან ერთად მარქსი ომს უცხადებს მთავრობის სისტემის ჩარჩოებში მოქცეულ ყველა სოციალური სფეროს მიერ ერთმანეთის ჩაგვრას, შევიწროებას, უმოქმედო აშლილობას. ბიძგს აძლევს ხალხს, რათა გამბედაობა მოიკრიბოს და გერმანული status quo – ს ემანსიპაცია, თანამედროვე განვითარების ფერხულში ჩაბმა მოახდინოს. მაშინ როდესაც პრობლემა საფრანგეთსა და ინგლისში ამბობდა: პოლიტიკური ეკონომია, ანუ საზოგადოების ბატონობა სიმდიდრეზე, გერმანიაში ამბობდა: ნაციონალ-ეკონომია, ანუ კერძო საკუთრების ბატონობა ეროვნულობაზე. ასეთი პრობლემა კი ვერ ქმნის თავუსიფლებას: ,,ჩვენ, ჩვენს მოძღვართა მეთაურობით, თავისუფლების საზოგადოებაში მუდამ მხოლოდ ერთხელ ვიმყოფებოდით, მისი დასაფლავების დღეს. აქამდე არსებული წესის გადამწყვეტი მოწინააღმდეგე სამართლის სპეკულაციური ფილოსოფიის კრიტიკა თვითონ თავის თავში კი არ მიმდინარეობს, არამედ ამოცანებში, რომელთა გადასაწყვეტად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს – პრაქტიკა. პრინციპულ სიმაღლეზე მიღწეულ პრაქტიკას კი შეუძლია რევოლუციად გარდაიქმნას”. მარქსის, როგორც სოციალური მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილი არქიტექტორის მიზანი იყო გერმანული status quo – ს ემანსიპაცია პოზიტიური შედეგების მისაღებლად. მისი მოტივი იყო გერმანელებისთვის ერთი წუთითაც არ მიეცა თვითმოტყუების, მორჩილებისა და თვითგანდგომის ნება. მან სტიმული მისცა პლორეტარიატს თავისი თავის განთავისუფლება მოეხდინა, რათა მას შემდგომი მთლიანი საზოგადოების ემანსიპაცია წამოეწყო. ისევე როგორც შემდგომში მარქსისტული ფილოსოფიით შთაგონებულმა ბოლშევიკებმა მოახდინეს რევოლუცია, მაგრამ საკითხავი ის არის ნამდვილად მოუპოვეს თუ არა მათ საზოგადოებას თავისუფლება. | |
|