6:36 PM კავკასიური თხუნელა | |
შედარებით დიდი თხუნელაა. ქალას კორდილობაზალური სიგრძე 33,1– 35,7 მმ–ია. სხეულის სიგრძე 109–136 მმ. ზედა რკალის კბილების სიგრძე 12,9– 13,8 მმ. ზედა საჭრელი კბილების შუათანა წყვილი რამდენადმე მაღალია გვერდით საჭრელ კბილებზე. თხუნელა ჩვენში ყველგანაა, მაგრამ მეტწილად დასავლეთ საქართველოს ნოტიო ადგილებშია გავრცელებული, იქ, სადაც ატმოსფერული ნალექები დიდი რაოდენობით იცის. თხუნელა ცხოვრობს ტყეებლსა და ველ–მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში, მაღალ მთებსაც არ ერიდება და 2540 მ სიმაღლეზე ადის. მამლები დედლებზე დიდია. ზამთარ–ზაფხულ აქტიურობენ. ზამთრობით არ სძინავთ და უფრო ღრმად ჩადიან მიწაში, რაც მსხვერპლზე ნადირობასთან არის დაკავშირებული. კავკასიური თხუნელა ბუდეს ბუჩქების ან ხის ქვეშ იკეთებს: ბუდიდან რამდენიმე გზა გადის მის სანადირო ფართობზე. ერთი სავალი გზა სწორი, განიერი და ღრმაა; დანარჩენი მის განშტოებას წარმოადგენენ. ამ მთავარ სავალ გზაზე თხუნელა აუცილებლად გაივლის. დასავლეთ საქართველოს პირობებში, ზამთრობით, როცა მშრალი უთოვლო ამინდი დგება 6 ტემპერატურის დროსაც კი ნიადაგის ზედა ფენებში ადვილი შესამჩნევია თხუნელას გაფაციცებული მუშაობა (ბოსტანში) ჭიების მოსაძებნად. კავკასიური თხუნელა შვილებს გაზაფხულზე შობს 3–და 4–მდე. წლის განმავლობაში ბეწვს სამჯერ იცვლის. პირველი ბეწვის ცვლა საქართველოში (დასავლეთ საქართველოში) თებერვლის ბოლოს იწყება და მთავრდება 10 მაისამდე. მეორე ბეწვის ცვლა იწყება ივნისიდან, მესამე კი – სექტემბრიდან. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე თხუნელას ზამთრის ბეწვი აქვს. თხუნელა დღეშ სამჯერ ნადირობს. იკვებება ჭია–მატლებით და მწერებით. დასავლეთ საქართველოში ის ციტრუსებს აზიანებს და მავნებლობა მოაქვს, მაგრამ სამაგირეოდ კარგ ტყავს იძლევა, ასე რომ კარგი მონადირე დღეში 60–80 ცალს დაამზადებს. | |
|