Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 2 » კედლის მხარე – მიშო დადიანი
6:46 PM
კედლის მხარე – მიშო დადიანი
ჩვენ რა უნდა ვქნათ, რა ვიხმაროთ ღონე იმისა,
რომ უკანასკნელი ფრთასისხლიანი მერცხალიც
არ გაფრინდეს ამ გარდაცვლილი ბუდიდან.
და დარჩნენ მხოლოდ ფრჩხილებით ჩამოკაწრული ღამეები,
და დედამოტყნული ისტორიკოსები,
რომლებიც თავიანთივე დედისტყვნას,
ყველაზე მხატვრული ხერხით სტყუიან.
სადაც ყოველ დღე კარზე გვიკაკუნებენ
და ჭუჭრუტანიდან საკუთარ სიკვდილს ვხედავთ.

"და ვიღაც იტყვის: მათი სამშობლო,
"სამშობლო” – სიტყვას წარმოსთქვამს ასჯერ,
პატიმარია მხოლოდ და მხოლოდ,
და მათ გულებში მოიხდის სასჯელს”.

შენ კი შენს თავში დარჩები
არსადაც არ წახვალ,
დაჯდები და საკუთარ ლექსზე ადრე მორჩები.
და თავჩახრილი, პარალელურ სიზმარს ნახავ,
სადაც იღვიძებ და პირიდან ხოჭოები ამოგდის.
მერე კი თავს იმშვიდებ, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო..
სიზმარი შენ თვითონ ხარ "შე” ნაბიჭვარო,
ერთი უსიამოვნო სიზმარი,
რომელიც ისეთი უიღბლო აღმოჩნდი,
სიგარეტზე ჩასულს,
გზაზე გადასვლისას,
მატარებელმა დაგარტყა.

"და ვიღაც იტყვის: აქ იყო ღამე,
და მისი ჩრდილი ღამეზე მეტი,
მერე კი უცებ მოვიდა წვიმა,
მოვიდა როგორც ცრემლები ღმერთის.”

მე ჩემი თავის მეზობელი ვარ – ნამდვილად ვიცი,
მე და მე დილით ადრე გამოვდივართ მოპირდაპირე კარებიდან,
ერთმანეთს უხმოდ ვესალმებით და კარებს ვკეტავთ.
და ყოველ დილით ასე გრძელდება.
გზაზე რათქმაუნდა გვხვდებიან დიზაინშეცვილი პროვინციელები
და "კარგად ჩაცმული” ” წმინდანები”,
რომლებიც ყლეობის იმიტაციას აკეთებენ.
მათ უსათუოდ გავცდები,
ყველა ჩემი ლექსი "პეპლის ეფექტია”,
და ყველაფერი დეფექტია,
რასაც ვერ მივწვდი და ვერ დავწერე.
ჩემი "ინდივიდუალური სიცივე”,
ჩემი "საშობაო ბარათი”,
და ჩემი ასე შემდეგ..
ვამბობ რომ
"პეპლის
ეფექტია”.

"და როგორც წყალი, აივსო ღამით
ოთახი, მე კი პირამდე სავსე,
ვდგები ლექსიდან და გარეთ ქარში,
საკუთარ ოთახს ფანჯრიდან ვაგდებ.

მიშო დადიანი

***

თოვლია გარეთ, რატომღაც თოვლზე

პირველად ვწერ და საყელოს ვიხსნი,

და ძველი ღვინო თოვლივით ფურცელს

ესხმევა როგორც იესოს სისხლი.


არავინ არის, არავინ არის.

დგას სიბნელე და არიგებს ეჭვებს.

და დაბნეული პატარა ქარი,

ქუჩაში თითქოს დედ-მამას ეძებს.



***

"ინდივიდუალური სიცივე”



ბოლო დროს უფრო, როცა მანქანების ხმაურები
ჭიქებივით იმტვრევიან გზებზე, და სიტყვები
ღამის ტვინში იხსნებიან, როგორც შაქარი წყალში,
მე ამ დროს ვფიქრობ ღმერთზე.
და მე საკმაოდ პირდაპირი,
და მე ყველაზე ლაბირინთი,
და მე ყველაზე მე,

"ვამბობ:
რომ ღმერთი -მეტაფორაა
და სხვანაირად ესმის სულყველას,
და ისიც ხდება ვამბობ პირიქით
და მივაყოლებ გამომშრალ ხველას.
რომელშიც არის მწვანე ნერვები
და იმედები ვიწრო მდინარის,
და ვერცერთ ლექსში ვეღარ ვეტევი,
ყველა პასუხზე ვამბობ -ვინ არის”..

ან იქნებ როგორც ერთმა სენსაციურმა პოეტმა თქვა,
მე ვარ და ის ქალი, სარეცხს რომ ჰფენს აივანზე,
და შენც და საერთოდ..
ჰო, ღმერთი "მარშუტკით” მგზავრობს…რამეთუ "მარშუტკით” მგზავრობს..
ამ დროს რაღა გრჩება, გარდა ნერვების გალექსვისა,
და კალიასავით მოხტუნავე კანკალისა, რომელიც ორგანიზმს შეეჩვია,
ან იმდენად შეეჩვია-აღარც ხტუნაობს.
მე რა თქმა უნდა მიხარია, რომ მაქვს თვალები
და იმაში მეხმარება, რომ თვალებით არ ვიფიქრო,
ჩემი მეგობარი ბრმაა და ერთხელ მითხრა,
გუშინ სიზმარშიც ბრმა ვიყავი და მარტო ხმები დამესიზმრაო.

"და მან არ იცის რომ ხმები.. ხმები,
დადიან გზაზე ნაბიჯებივით,
და რაც დრო გადის პურივით ხმები,
და ღმერთს ინახავ გაჭირვებისთვის”.
მათ კი არაფერი დაუშავებიათ
ისინი თვითონ გააშავეს,
ან უბრალოდ მოიცილეს
და რატომღაც
სამოთხის შუქს ვერ იხილავენ,
ხოლო მშობლებს შანსი რჩებათ იმისა, რომ მოინანიონ.
და ამ საქციელს სახელიც ჰქვია,
თითქოს ადამიანი იყოს-აბორტი.
სწორედ ასე ვიჭრი ყველა ქუჩის ხსოვნას
სადაც გამივლია,
და ამიკრეფია შიში, როგორც ძირს დაყრილი ხურდა,
და კანკალის კალიები,
მაგრამ ეს ყველაფერია ერთი შეკვრა სისულელეა.
ასე ვერასდროს მოვიქცევი..
ასე ვერადროს მოვიქცევი.

"თითქოს და სიზმარს ფანჯრიდან ვხედავ
და სახლი უფრო არის პროცესი,
ძილის, სადაც კი ჩვენ ორნი ერთად,
ერთმანეთითვის დავიხოცებით”.
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 834 | დაამატა: balu | ტეგები: კედლის მხარე – მიშო დადიანი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.