4:55 PM კუ | |
კუები (Testudines) — ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი. ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), არგეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კუების ზღვის ფორმები (სიგრძე 2 მ, მასა 400 კგ აღწევს). თანამედროვე კუებს ყოფენ 4 ქვერიგად და 250-მდე სახეობად. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 7 სახეობა: შორეულაღმოსავლური კუები (Trionyx sinensis), კასპიური კუები (Clemmys caspica), ჭაობის კუები (Emys orbicularis), ხმელთაშუაზღვის კუები (Testudo graeca), შუააზიური კუები (Testudo harsfieldi). ამათგან საქართველოში 3: ხმელთაშუა ზღვის კუები — გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუები — გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში, კასპიური კუები - ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად). კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). ყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კუების ნარილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის ფორმის შებრტყელებული კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა ნახევრად წყლის ცხოვრების ნირს ეწევა. ხმელეთის კუები იკვებება ძირითადად მცენარეულობით, წყლის ფორმები — ცხოველებით (უხერხემლოები, თევზები). ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 კვერცხს. კუები დიდხანს ცოცხლობს, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას. | |
|