Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » ქალთევზა
10:49 PM
ქალთევზა

თქმულებები 


წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უსულ-გულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მოკვდავნი შექმნილიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუძს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად. ჰანს კრისტიან ანდერსენის პატარა ქალთევზაშიც ხომ სწორედ მსგავსი ისტორიაა მოთხრობილი. ფოლკლორში ქალთევზების განსხვავებული წარმომადგენლებიც არის აღწერილი ე. წ. ქალწული ქალთევზები ანუ ნიმფები. ნიმფა ძველბერძნულად ქალწულს ნიშნავს.

ახლო აღმოსავლეთი 

ქალთევზებზე პირველი თქმულებები ასურეთში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს გაჩნდა. ქალღმერთი ასტარტა ასურეთის დედოფლის სემირამიდას დედა იყო, რომელსაც მოკვდავი მწყემსი შეუყვარდა, თუმცა, ურთიერთობისას უცაბედად შემოაკვდა. დარცხვენილმა ასტარტამ წყალში ჩაშვება და თევზად გადაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ წყალმა საწადელი ბოლომდე არ შეუსრულა, წელსზევით ის ქალად დარჩა, წელსქვემოთ კი ფარფლიან თევზად ანუ ქალთევზად გადაიქცა.


ძველი საბერძნეთი 

თევზისკუდა ქალებს ძველ საბერძნეთში სირენებად გამოსახავდნენ, რომელთაც ძველ მითოლოგიაში ულამაზესი ხმების ქონას მიაწერენ (თუმცა, ოდნავ მოგვიანო პერიოდებში). ისეთ ენებში, როგორიცაა ესპანური, ფრანგული, იტალიური და პოლონური, ქალთევზა დღემდე ძველბერძნული სირენადან მომდინარეობს Siren, Sirene, Sirena, Syrena ან Sereia.

კაცთევზებს კი ძველი ბერძნები ტრიტონებსა და ნერეებს უწოდებდნენ. ნერეის ქალიშვილები ნერეიდებად იყვნენ სახელდებულნი და მეტწილად პოსეიდონისა და ამფიტრიტეს პროცესიაში შედიოდნენ.

დასავლეთი ევროპა 

მიწიერი ბავშვი, ჯონ ქოლიერის ნახატი (1899)

გავრცელებული მოსაზრებით, ქალთევზები უსულო არსებანი არიან, რომელთაც სულის მოპოვება სურთ, თუმცა, ზღვის დატოვება არ ძალუძთ. არსებობს 5-ე საუკუნის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიასთან ახლოს, პატარა კუნძულზე სულის მოპოვების სურვილით შეპყრობილი ქალთევზა ყოველ დილა ერთ ბერს ნახულობდა. ისინი ერთად ლოცულობდნენ. ქალთევზამ ზღვის დატოვება მაინც ვერ შესძლო და თვალცრემლიანმა ისევ ზღვას მიაშურა. ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარმაც "პატარა ქალთევზა" ასეთი ისტორიულად ქცეული კანონი უფრო პოპულარული გახადა: "ქალთევზა სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს".

აღმოსავლეთი ევროპა 

აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები სლავების ენებზე ქალთევზებს რუსალკები, კუპალკები და ლოსკოტუხები ეწოდებათ. სლავური მითოლოგიით ისინი მავნებლები არიან. ქალთევზებად როგორც წესი წყალში დამხრჩვალი გოგონები გადაიქცევიან, რომლებიც უდროო დროს ბანაობდნენ და წყლის დევებმა ჩაითრიეს სიღრმეში რათა მხევლებად გამოეყენებინათ. ქალთევზებად ასევე შეიძლება ქცეულიყვნენ დაღუპული მოუნათლავი ბავშვები.

ძირითადად წყალში ცხოვრობენ, ხანდახან მინდვრებშიც — პოლუდენიცები, ხეებზე კი — ხის ალები. სლავურ ფოლკლორში მეტწილად ქალთევზებია ნახსენები, თუმცა, ზოგჯერ კაცთევზებზეც ვხვდებით მოთხრობებს. ხანდახან წყალში ჩავარდნილთა დამხმარეებადაც გვევლინებიან. წარმოგვიდგენიან გრძელთმიანი, ლამაზი გოგონების სახით, ზოგჯერ კი კაპარჩხანა ქალების სახით (ჩრდილოეთის რუსებში).

ქალთევზას სახე ერთდროულად წყალთან და მცენარეებთან იყო დაკავშირებული და წყლის სულებისა და საკარნავალო პერსონაჟების შტრიხებს აერთიანებდა (კოსტრომა, იარილი). ქალთევზას სიკვდილი მოსავლიანობის სიუხვესთან იყო დაკავშირებული. ალბათ აქედან უნდა იყოს ქალთევზების საიქიოსთან კავშირი: როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად, ქალთევზები არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილ უწმინდურ არსებებთან გაიგივდნენ.

შოტლანდიურ მითოლოგიაში ადამიანისმაგვარ სხვა არსებებსაც ვხვდებით, რომელთაც შელკები ჰქვიათ, ისინი უფრო მეტად ზღვის ლომები არიან და ქალთევზებს ჩამოჰგვანან.

გერმანული ქალთევზა — უნდინა — ძირითადად უკუდოა და ლამაზი, თავთუხისფერი თმა აქვს. მას უფრო მდინარის წყლებში ხვდებიან.

გერმანული ფოლკლორისა და ლიტერატურის პერსონაჟი ლორელეი — ლამაზი გოგონაა, რომელიც თავისივე სახელის მქონე გორაკზე ზის რაინის ნაპირას და თმას ივარცხნის, მისი ხმატკბილი გალობა კი მეთევზეებს ატყვევებს. სიუჟეტი ჰაინემაც დაამუშავა, არსებობს ოპერა და ბალეტი.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 2033 | დაამატა: balu | ტეგები: ქალთევზა | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.