Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ქართული გვარების ისტორია (ნაწილი2)
2:00 PM
ქართული გვარების ისტორია (ნაწილი2)
კოშკელაშვილი – სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.

ლაბაძე – წარმოიშვა სახელიდან "ლაბა” ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.

ლეკიშვილი – გავრცელებულია: გარდაბნის (მარტყოფი), ასპინძისა (ვარგავი) და კასპის რაიონში (წინარეხი). ამავე ძირისაა ლეკიაშვილი. გადმოცემით, წინარეხელი ლეკიშვილები წინათ მამისაშვილები ყოფილან, ერთი მათგანი ლეკებს გაუტაციათ, 3 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა.

ლიქოკელი – გავრცელებულია ხევსურეთში: აკუშო, აჭე. მომდინარეობს გვარადქცეული სადაურობის სიტყვიდან. ლიქოკი სოფელია ხევსურეთში, ლიქოკელების ძირითადი საცხოვრისი.

ლოლაძე – გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელს – ლოლა. "ლოლაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან გადმოსულნი და ესენი ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატსა შინა არიან მოხსენიებულ როგორც აზნაურნი და რომელნიც სახლობენ აწ იმერეთს და რომელიმე ქართლს”.

ლურსმანაშვილი – გავრცელებულია: ჩხერში, სხლითში, ვერტყვიჭალაში. გადმოცემით ძველად ფურცელაძეები ყოფილან. ჩხეთში მოსახლე ლურსმანაშვილთა შტოგვარებია: ქაქიჩაშვილი, ბაშტაშვილი, მიქელაშვილი, ბეკიაშვილი, კიჟინაშვილი.

მაისურაძე – მაისურაძეთა გვარი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები სახლობენ თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა "მაისური” არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.

მარტოლეკი – გავრცელებულია მცხეთაში. შერქმეული გვარსახელი, სოფ. პატარძეულში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ერთი ლეკი ჩამოსახლებულა და ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, სოფელს არ მოსწონებია ქრისტიანისა და მაჰმადიანის შეუღლება. ცოლ-ქმარი სოფელს გასცილებია და ცალკე დასახლებულა. მათი შვილებისათვის მარტოლეკი უწოდებიათ.

მაღალაძე – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მაღალაძეები დაწინაურდნენ მე-15 საუკუნიდან. მაღალაძეთა გვარს ეჭირა საპატიო ადგილი – სვეტიცხოვლის ქადაგის თანამდებობა და ერთგული სამსახურისათვის მიუღიათ ამ თანამდებობისათვის მიკუთვნილი მამულები წინარეხში, რომელიც მათი რეზიდენცია გამხდარა. წინარეხიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით შემონახულია ე.წ. მაღალაანთ ეკლესია და კოშკები.

მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია "მახარა”, "მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.

მგალობლიშვილი – გავრცელებულია დირბში(გორის რ.), ერკეთში (ჩოხატაურის რ.) და ზუგდიდის რაიონში. სამეგრელოში გამოთქვამენ როგორც გალობერი, გელებერი. გადმოცემით, ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში მესხეთიდან გადმოსახლებულან ლტოლვილობის დროს, თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახი მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს გადაუყვანია შემოქმედს, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ.

მელაშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – მელა, მგელი. აქედანვეა მიღებული სოფლის სახელი მელაანი (გურჯაანის რ.), ამავე ძირისაა: მელაია, მელაიძე, მელაძე. გავრცელებულია კვაცხუთში (ამბროლაურის რაიონი) და სხვა.

მელიქიძე – გვხვდება ასპინძასა და ახლციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი "მელიქი” (არაბ. მალიქ)- კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.

მერაბიშვილი – გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი) და სხვ. დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად "მზესავით ელვარეს” ნიშნავს. მერაბი ერქვა "შაჰ-ნამეს” ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა. მერაბიშვილები 1688 წელს ენაგეთში მოხსენიებულნი არიან როგორც სახასო აზნაურები. გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.

მეფარიშვილი – გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარე – ფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.

მუჯირი – (1921 წ) გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი "ხვარბლის მნე” (საბა), ამავე ძირისაა : მუჯირიშვილი.

მჭედლიძე – გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისაგან მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებული ჩანს მჭედლიძე-საგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლისა), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. ცხადია, ისინი ძველი მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია, ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა), ჭელიძედ ქცეულა.

მხეიძე – ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. პირველად არგვეთის მფლობელნი ყოფილან, შემდეგ თრიალეთსა და ალგეთის ხეობის ნაწილსაც დაჰპატრონებიან. ბაღვაში, ლიპარტიანი და მხეიძე საერთო წარმომავლობის უნდა იყოს. ძველ ძეგლებში მოიხსენიება მხეციძედ. ამავე ძირისაა: მხეცაძე, ხეცია, ფხეიძე.

ნათაძე – გავრცელებულია ქართლში, იმერეთში და სხვ. უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან "ნათა”; ამავე ძირისაა ნათური, ნათიშვილი, ნათიძე.

ნაჭყებია – მომდინარეობს სოფლის სახელიდან "სანაჭყებიო”. "ნაჭყი” მეგრულად "დაწყევლილს” ნიშნავს. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპრები სვანეთიდან ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი შემოკვდომია და გაქცეულა. იქ მისთვის ეს სახელი დაურქმევიათ.

ნოზაძე – გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისაგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რ-ში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია).

ოდიშვილი – ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. აქ ყოფილა სამი ძმა: ბედო,ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.

ონოფრიშვილი – გავრცელებულია კასპის რაიონში (სოფ. კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.

პარეხელაშვილი – საკუთარი სახელადქცეული სადაურობის სიტყვიდან "პარეხელი”-დან მომდინარეობს. პარეხი სოფელი და ტაძარია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ისტორიულ წყაროებში ცნობილია სასულიერო მოღვაწე მიქაელ პარეხელი.

პეტრიაშვილი – პეტრე (ბრძ.”კლდე”, "ლოდი”) ეს გვარი მომდინარეობს სახელი პეტრედან. ეს სახელი უძველესი დროიდან ცნობილია საქართველოში, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ I საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. პეტრიაშვილი გავრცელებულია ძირითადად გოგაშენში, ახალქალაქის რაიონში. ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.

სააკაძე – ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონში). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.

სააკაშვილი – ისაკ. (ძვ.ებრ) ნიშნავს გაცინებას, მოცინარს ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც დიდხანს შვილი არ ჰყავდა უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარ მეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა ისაკის კნინობითი ფორმებია სააკა, სისაკა. აქედან წარმოიშვა სააკაშვილი.

საგინაშვილი – გავრცელებულია სიღნაღში, მცხეთაში და სხვაგან. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან "საგინა”. ამავე ძირისაა საგინაძე.

სადუნიშვილი – გავრცელებულია საჩხერის რაიონში. "სადუნი” ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.

საძაგლიშვილი – მისი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ყმას – ჯოხაძეს ბატონის ნების გარეშე ცოლი შეურთავს. ბატონი მასზე გაბრაზებულა და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია.

სებისკვერიძე – ძირითადად გავრცელებულია უბისაში და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგან – სეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.

სეთური – ეს გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისგან – სეთი. სეთურნი სოფელია ამავე რაიონში. ამავე ძირისაა სეთაშვილი და სეთურიძე.

სუთიაშვილი – გავრცელებულია თბილისში, მცხეთასა და გორში. უკავშირდება საკუთარ სახელს სუთია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1721 წელს მოიხსენიება ვინმე ალავერდა სუთიაშვილი. ამავე ძირისაა სუთიძე.

სულაშვილი – შედგება საკუთარი სახელისგან სულა. მოიხსენიება XII ს. ძეგლში. 1817 წელს კოდაში თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმებს შორის მოიხსენიება გეო სულაშვილი. სულა ამჯამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმით – სულიკო. სულა-დან ნაწარმოებია გვარები: სულაძე, სულავა, სულაისძე, სულიაური, სულიაშვილი.

ტაბაღუა – გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. სავარაუდოდ დაკავშირებულია სახელთან ტაბაღი. შედარებითი ფორმა ტაბახი – უძველესი ეთნონიმი ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან. ამავე ძირისაა ტაბახია.

ტყეშელაშვილი – ძირითადად ონისა და ამბროლაურის რაიონებშია გავრცელებული. გადმოცემით ამ გვარის წინაპრები კოზოლიები ყოფილან, აფხაზეთიდან გადმოსულან იმერეთში და კოზოლაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ტყეშელაშვილების პირველი საცხოვრებელი იმერეთში ბზვანი და მაღლაკი ყოფილა. ამავე ძირისაა ტყეშელაძე, ტყეშელიაძე.

ულუმბელაშვილი – გადმოცემით, ულუმბელაშვილების გვარის წინაპარი ბაქრაძე იყო. სამი ძმა ბაქრაძე რაჭიდან რაღაც შემთხვევის გამო გამოიქცა. ძმებმა ულუმბოს მამათა მონასტერს შეაფარეს თავი. მდევარმა მათ 3-4 თვეში მიაგნო. იმისათვის, რომ არ დაეხოცათ, ულუმბოს ბერებმა ძმებს გვარი უბოძეს – ულუმბელაშვილი. ულუმბოს ბერის შვილებად წოდებული ძმები ურბნისში გადავიდნენ და 1715 წელს მოხსენიებულნი არიან რუისის საეკლესიო სამწყსოს დავთარში (ნიკოლოზ მროველი ორბელაშვილის მიერ შედგენილი), შემდეგ კი უფრო დასავლეთით, ჩუმათელეთი-სურამის ტერიტორიაზე დასახლდნენ, რადგან სწორედ ამ ადგილზე ცხოვრობს ამ გვარის ყველაზე მეტი წარმომადგენელი. ასევე დაუზუსტებელი ცნობებით, ძმებიდან ერთ-ერთი სასულიერო პირად შედგა და მოწამეობრივად აღესრულა.

უნდილაძე – გავრცელებულია დუშეთის რაიონში. შედგება მეტსახელი უნდილა-საგან, რაც მომდინარეობს ზოგადი მნიშვნელობის სიტყვისაგან უნდილი, უფხო, მოუხერხებელი ადამიანი. თეიმურაზ I -ის მიერ ერთ-ერთ თავის თხზულებაში მოხსენიებული ”შირაზის ხანი” არის გამაჰმადიანებული ქართველი იმამ-ყული-ხან უნდილაძე, ფარსის ბეგლარბეგი, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა შაჰაბაზ I-ის დროინდელი სეფიანთა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე, აღჭურვილი უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით. ალავერდიხან უნდილაძე იყო შაჰ-აბასის პირადი მცველი, ჯარის მეთაური (ყულარაღასი) და ირანის მნიშვნელოვანი პროვინციის ფარსის ბეგლარბეგი. უნდილაძე დაუდხანი-განჯის ბეგლარბეგი. ამავე ძირისაა უნდილაშვილი.

ქავთარაძე – ქავთარაძეების გვარი მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – ქავთარა. ეს სახელი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. XVIII ს-ში ქავთარაძეები მოსახლეობდნენ სოფლებში: ძმიანთკარში, ჩადისციხეში და ბატატიანთკარში. დღესაც ქავთარაძეები მთიულეთში ერთ-ერთი დიდი გვარია.

ქართველიშვილი – ეს გვარი ეროვნების გამომხატველი სიტყვაა ქართველიდან მომდინარეობს. ქართველიშვილი გავრცელებულია საქართველოში, უდრის "ქართველის შვილს”.

ყაზბეგი – შედგება ორი სიტყვისგან – "ყაზი”-საგან (საკუთარი სახელი) და "ბეგი”-საგან (თურქული სიტყვაა და ნიშნავს ბატონს, ხელისუფალს). ყაზბეგები ხევის მმართველები იყვნენ. მათი წინა გვარი ჩოფიკაშვილი გახლავთ.

ყაუხჩიშვილი – გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისში,თბილისSi. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან "ყაუხჩი”, რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს.ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.

შავლაშვილი – ამ გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მოდის. შავლაშვილები გიგაურის "განაყარი” გვარია. ამავე ძირისაა შალვაძე.

შალიკაშვილი – ლანჩხუთის რაიონშია გავრცელებული. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "შალიკა”. შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულოა ძველ საქართველოში. მისი წინარე გვარი როჭიკაშვილი ყოფილა.

შონია – გავრცელებულია ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის რაიონში. გვარადქცეული ეთნონიმი შონი (მეგრ – სვანი).

ჩიბუხაშვილი – გავრცელებულია ზემო მაჩხაანში. შერქმეული გვარი უნდა იყოს, აღნიშნავდა ჩიბუხის მკეთებელს (მეჩიბუხეს), ანდა, როგორც გადმოცემა გვაუწყებს მიუთითებდა ყმა გლეხზე, რომელიც ბატონს ჩიბუხს უკიდებდა.

ჩიხრაძე – ჩიხრაძეების გვარის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება. გადმოცემის მიხედვით, ჭიათურის რაიონში მდინარე ჩიხურას ხეობაში ორი ძმა ბატონს გაუნაწყენდა და სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. გახიზვნის შემდეგ მათი სამყოფელი ახლანდელი გომის ტერიტორიაზე მოუნახავთ. მთისთვის, სადაც იმყოფებოდნენ, ჩიხორა დაურქმევიათ, ხოლო გვარად ჩიხრაძეზე დაწერილან. ჩიხრაძეები ძირითადად ხის ხელოსნობით ირჩენდნენ თავს.

ჩიქოვანი – წარჩინებული საგვარეულოა ძველ საქართველოში. "ოვან” ბოლოსართით წარმოქმნილი გვარსახელია. ამ გვარის ძირი არის საკუთარი სახელი "ჩიქა”. ამავე ძირისაა ჩიქავა, ჩიქვანია, ჩიქვილაძე, ჩიქვინიძე.

ჩუბინიძე – ქუთაისში, ჭიათურასა და თბილისშია გავრცელებული. ჩუბინი (ძვ.) – მარჯვე, აუცდენლად მსროლელი. გიორგი გიორგის ძე ჩუბინიძე მოიხსენიება სოფ. ბოგვში 1871 წელს. ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.

ჩოლოყაშვილი – წარჩინებული საგვარეულოთაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო; გავრცელებულია თელავისა და ახმეტის რაიონებში.

ჩოხელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.

ჩხვიმიანი – ზემო სვანური გვარი. მესტიაში გვხვდება საკუთარ სახელადაც – "ჩხვიმიან”.

ცალუღელაშვილი – გავრცელებულია თიანეთის რაიონში. გადმოსახლებულნი არიან ერწოდან. მათ ნაცხოვრებ უბანს ახლაც ცალუღელაანთკარი ჰქვია. წინაპართა გვარი რაზმაძე ყოფილა.

ცაძიკიძე – გავრცელებულია ახმეტის რაიონში (ომალო, ფარსმა, ზემო ალვანი). ცაძიკიძეების ძველი გვარი უზანიშვილი ყოფილა. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია და თუშეთში დასახლებულა.

ციციშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. ეს გვარი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ქართლში, ყოფილი ფანასკერტელი, საციციანოს მფლობელი მე-16 საუკუნიდან. ამავე ძირისაა ციციაშვილი, ციციგაშვილი, ციცილაშვილი.

ციხელაშვილი – გავრცელებულია დუშეთის, დმანისისა და ახმეტის რაიონებში. შედგება საკუთარი სახელისგან ციხელა. დმანისის რაიონში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი (სოფ. გოგაშნიდან), ძველად ხოსიტაშვილები ყოფილან.

ციხისთავი – ფშაველი გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა. ციხისთავი ნიშნავდა მეციხოვნე ჯარის უფროსსა და ციხის გამგებელს. ციხისთავებს ადრე სოფელ დევათში უცხოვრიათ (ამჟამად ნასოფლარია ფშაველის მახლობლად).

ცხოვრებაძე – სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან "ცხოვრება”. ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.

ცხომარია – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა ცხომარი, ნიშნავს ცხომელს, ცხომი, იგივე ცხუმი – თანამედროვე სოხუმის ძველი სახელწოდება იყო. ცხომარი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ამავე ძირისაა ცხომელიძე.

წამალაიძე – გავრცელებულია მთიულეთში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "წამალა”. ამავე ძირისაა წამალაძე, წამალაშვილი.

წიკლაური – წიკლაური სათემო გვარია გავრცელებულია ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლასქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, საჯანაანში, და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში და ჯუღისში.
დღეს ეს გვარი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

წიფურია – გავრცელებულია ჩხოროწყუს რაიონში. წიფური მეგრულად წითელს ნიშნავს. მე-17 საუკუნეში ამავე სახელით ცნობილი ყოფილა სოფელი, სადაც კათოლიკე მისიონერები სახლობდნენ.

ჭაბუკაშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. გადმოცემით, სიდამონიძეები ყოფილან სოფელ ხანდოს მცხოვრებნი, იქ ბატონი მოუკლავთ და გამოქცეულან. ამავე ძირისაა: ჭაბუკიძე, ჭაბუკიანი.

ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია მე-14 საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.

ჭარელიძე – გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში. შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ჭარელი. ჭარელიძენი იხსენებიან სორის ტაძრის წარწერაში (მე-14ს.)როგორც რაჭის ერისთავები. სოფელ შქმერში ცხოვრობენ ჭარელები. ამავე ძირისაა ჭარელიშვილი (ახმეტის რ.), ჭარელაშვილი (ფშავი).

ჭიორელი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. ჭიორა სოფელია ონის რაიონში. წინარე გვარი რეხვიაშვილი ყოფილა.

ჭუმბურიძე – გავრცელებულია სიმონეთში, ბარდუბანსა (თერჯოლის რ-ნი.) და კიცხში. საკუთარი სახელია "ჭუმბურო”. შესაძლებელია მომდინარეობდეს მეგრული სიტყვისაგან ჭუმბური (წაბლი).

ხაბაზი – გავრცელებულია ქობულეთის რ-ში. მომდინარეობს ხელობა-საქმიანობის გამომხატველი სიტყვიდან. ხაბაზი პურის მცხობელი, მეპურეა. ამავე ძირისაა ხაბაზიშვილი.

ხარაძე – ნაწარმოებია ხარ-ისაგან "ა” ბოლოსართით. ამავე ძირისაა ხარაიშვილი, ხარაული, ხარაშვილი.

ხარატიშვილი / ხარატასშვილი – ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.

ხარისჭირაშვილი – გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარი – ადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.

ხარხელაური – გავრცელებულია თიანეთში, მცხეთასა და თბილისში. შედგება სავარაუდო მეტსახელისგან ხარხელა (შდრ. ხარაბა). ხარხელაური 1860 წელს სოფ. ლასტისციხეში გადმოსულა საცხოვრებლად "ტიფლისის ოლქის” სოფ. მოხისიდან (დღევ. ქარელის რ-ნი).

ხაშმელაშვილი – შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ხაშმელა. ხაშმი სოფელია საგარეჯოს რაიონში.

ხეთაგური – ხეთაგურის გვარი სტეფანწმიდის მკვიდრი გვარია. XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ისინი ხეთაგიძის გვარით არიან მოხსენიებულნი. მოხევე ხეთაგურებს საერთო არაფერი აქვს ოსურ გვარ ხეთაგუროვთან.

ხიზამბარელი – გავრცელებულია კასპის რაიონში (კავთისხევი, ნოსტე, თვალავი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წარმომდგარი ხიზაბავრელისაგან. ხიზაბავრა სოფელია ჯავახეთში (ასპინძის რ).

ხიზანიშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. წარმომდგარია საკუთარი სახელისაგან ხიზანი, ზოგადი მნიშვნელობით დროებით სხვას შეკედლებული პირი; მამულის მიწაზე მოსახლე თავისუფალი გლეხი, რომელიც გადასახადს ყმის თანაბრად იხდიდა.

ხიმშიაშვილი – ხიმშიაშვილის გვარი აჭარაში მეტად გავლენიანი იყო და მთელი მხaრის ბატონ-პატრონად ითვლებოდა. ეს გვარი მონათესავეა დუშეთის რ-ში მცხოვრებ ხიმშიაშვილებისა. მათ წინაპარს XVIII საუკუნეში კაცი შემოკვდომია არაგვის ხეობაში, მეფის რისხვას გაქცევია და აჭარაში შეხიზნულა.

ხოსრუაშვილი – გავრცელებულია ქარელში, გორში და თბილისში. ხოსრო სპარსულად ნიშნავს "სახელგანთქმულს”, "დიდებულს”. დაკაშირებულია საკუთარ სახელთან "ხოსრო” (ხვასრო). ამავე ძირისაა: ხოსრიაშვილი, ხოსროშვილი.

ხუციშვილი – გავრცელებულია გორში, ასპინძის რაიონში და სხვა. ხუც – ძირი უძველესია, იგი დადასტურებულია საყოველთაოდ გავრცელებულ ხუცეს-ში და საკუთარ სახელებში: ხუცა, ხუცია, ხუცუნა, ხუციკა, ხუცო, ხუცინა, ხუცურა, ხუცაური. მღვდლის მნიშვნელობა ხუცეს – მა და ხუცმა შემდეგში მიიღო თავდაპირველად კი, უფროსს, მთავარს, მოთავეს ნიშნავდა. ხუციშვილთა გვართან დაკავშირებით ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში "ქართველი გრიგორიანები” წერს: "ხუციშვილები, ქათველები არიან და ცხოვრობენ საქართველოს მრავალ კუთხეში. გვარის ძირია ქართული სიტყვა ხუცი. ძველად ამ გვარის რამდენიმე წევრმა ჯავახეთში კათოლიკობა მიიღო, ახალქალაქს რამდენიმე მცხოვრებმა გრიგორიანობა მიიღო”. ხუციშვილების ერთი ნაწილი აზნაურები იყვნენ.

ჯაბადარი – ერთ-ერთი წარჩინებული გვართაგანია ძველ საქართველოში. გვარადქცეული სამეფო თანამდებობის ტერმინია. თურქულ-სპარსული სიტყვა "ჯაბადარ” ჯავშან-საჭურვლის მცველს ნიშნავს.

ჯავახი – გვარადქცეული ეთნონიმი. როგორც ჩანს, XIII საუკუნის დამდეგს სამძივართა საგვარეულოში (უკეთ, ამ საგვარეულოს იმ შტოში, რომელიც დამკვიდრებულია თეძმის ხეობაში) შემოდის სახელი ჯავახი და შეიძლება უკვე XIV ს. პირველ ნახევარში ისინი იწოდებოდნენ ჯავახიშვილებად; სახელი "ჯავახი” XIV საუკუნეზე უფრო ძველია: ჯავახ აფაქის ძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. ამავე ძირისაა ჯავახია.

ჯავახიშვილი – ერთ-ერთი წარჩინებული გვარეულთაგანი ძველ საქართველოში. ქართლელი ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, XII საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფ. ხოვლეში. XVII-მდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი წინანდელი ადგილსამყოფელის მიხედვით ჯავახიშვილებად წოდებულან.

ჯანელიძე – გვხვდება ამბროლაურის, სამტრედიის რაიონებში. უკავშირდება საკუთარ სახელს "ჯანელი”. (ჯანა + ბოლოსართი – ელ). ამავე ძირისაა ჯანველიძე.

ჯაფარიძე – გავრცელებულია რაჭაში, სვანეთში, იმერეთში და ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს რაჭის მთავართა შორის. მომდინარეობს არაბული საკუთარი სახელიდან "ჯაფარ”. სახელი "ჯაფარა” საქართველოში შემოიტანა ლიპარიტის (ბაღუაშის ძის) მტერმა, არაბმა ამირა(ემირმა) ჯაფარმა 1047წ. ქართულად "ჯაფარა”იგივეა, რაც ჩხიკვი. ჯაფარის ძე, იხსენიება ხუნამისის წარწერაში (Xს. დასასრული). თავდაპირველად, იწერებოდნენ მჯა+ფარ=მჯაფარიძე.

ჯაყელი – საპატიო და საგამგეო წოდება-გვარია, მიღებულია სადაურობის სიტყვისაგან. ჯაყი ისტორიული სოფელია სამცხეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამცხის ათაბაგთა დინასტიური გვარია. ამავე ძირისაა ჯაყელიძე.

ჯაჯანიძე – გავრცელებულია ჭიათურაში, ასევე ოზურგეთის რაიონში. შედგება საკუთარი სახელისგან "ჯაჯანი”. ფრინველთა სახელისაგან წარმოქმნილი გვარია, უკავშირებენ სიტყვა "ჯაჯა”-ს, რაც ქორს ნიშნავს სამეგრელოსა და გურიაში.

ჯვარელია – შესაძლებელია მომდინარეობდეს სადაურობის სიტყვისაგან. ჯვარი დაბაა წალენჯიხის რაიონში.

ჯინიუზაშვილი – გავრცელებულია ახალციხესა და თბილისში. ხელოვნურად არის მიღებული ჭილიმუზაშვილ-ისაგან, რომელიც სომხური ორიენტაციის სასულიერო მოღვაწის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის, იმავე შაჰყულაშვილის, წინაპართა გვარი ყოფილა. ამ გვარმა დღემდე მოაღწია.

ჯუღაშვილი – იგივე ჯუგაშვილი; გავრცელებულია ქ.გორში, წინაპრებს ლილოში უცხოვრიათ; შედგება საკუთარი სახელისგან ჯუღა. ჯუგაშვილები ცხოვრობენ სოფელ მატაანში, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო (სიღნაღის რ.), ეს გვარი ჯუღაშვილად იქცა ძველ ქართულ დოკუმენტებში რუსულიდან გადმოქართულების შედეგად (რუსული გ ქართულში ღ-დ გადმოიღეს).
კატეგორია: ქართული გვარების ისტორია | ნანახია: 2765 | დაამატა: balu | ტეგები: ქართული გვარების ისტორია | რეიტინგი: 2.9/14
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.