Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ქართული გვარების ისტორია (ნაწილი 1 )
1:53 PM
ქართული გვარების ისტორია (ნაწილი 1 )
აბუსერიძე – გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. ეს არის წარჩინებული სამთავრო გვარი აჭარაში.ცნობილია მეთერთმეტე საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძე.

აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი "აფშილი” ნიშნავს აფხაზს.

ავალიშვილი – გავრცელებულია ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისში. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში დაწინაურდა XV- XVI სს.-ში ძველი თორის მხარეში (ახლანდ. ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). საავალიშვილო (1535- 45წწ.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე- საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70- 80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები. ავალიშვილები ძველად ციციშვილთა გვარს ენათესავებოდნენ და წინაპარს სახელად ავალა ერქვა.

მილახვარი – დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი ("ამირ ახურ” – არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.

ანთაძე – გავრცელებულია ვარძიაში (ორჯონიკიძის რაიონი). შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა. "ანთებს” ძველად (VI- VII ს.) ეძახდნენ აღმოსავლეთ სლავიანებს, ასე რომ, "ანთაძის” დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა. ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.

ასლამაზიშვილი – გავრცელებულია გარდაბანში, მცხეთასა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ასლამაზა. ასლამაზიშვილების გვარის წინაპრები ლამაზიშვილები ყოფილან (XV ს). მოგვიანებით (XVIIIს.) ზედმეტმა სახელმა ასლამაზ აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი. იოანე ბატონიშვილი წერს: ”ამათნი წინაპარნი ესახლნენ კახეთსა შინა, ლაბიანად წოდებულსა ივრის ხეობაზედ, რომელთაცა უწოდენ ლამიანის ძეებად, დროსა გიორგი მეფისასა 1587წ., ხოლო ამათ შთამომავალთაგანი იყო ვინმე ყრმა ფრიად მშვენიერი, რომელსა სახელად უწოდენ ლამაზსა და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ლამაზისშვილობა და არიან ესენიცა მოხსენიებული ტრაქტატსა შინა”. როგორც ცხოვრებაში ხდება, მჯობზე მჯობი არ დაილია და ლამაზის შვილთა ერთ-ერთ ასულს ასლამაზა შეარქვეს. მეტსახელიდან ასლამაზა გაჩნდა გვარი ასლამაზიშვილი. მე-19 საუკუნეში ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი მამრობითი სქესის თავადი. ამას გარდა, იყო 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. მათ შორის იყვნენ ასლამაზიშვილები. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615წ., 1689წ., 1782წ. და შემდგომ წლებში. გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხურ ეთნოსს მიაკუთვნეს, მაგრამ დაივიწყეს, რომ კუდი დაემალათ. საქმე ისაა, რომ ამ გვარს აქვს შტო-გვარებიც: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.

ასპანიძე – ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელი. XII ს-ში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.

აშკარელი – გვარადქცეული სადურობის სიტყვა. სოფლის სახელწოდება აშკარა დადასტურებულია ხალხურ ლექსში: "თავფარავნელი ჭაბუკი აშკარეთს ქალსა ყვარობდა”.

ახალბედაშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისაგან – ახალბედა; ამ გვარის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა. გვარად მაისურაძე, როგორც ახლად მოსულისათვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.

ახალკაცი – გავრცელებულია ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებში. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა და ახალკაცს უწოდებდა თავს. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.

ახვლედიანი – გავრცელებულია ცაგერის რაიონში, წყალტუბოს რაიონში და სხვ. სვანური წარმოშობისაა. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმატია და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს. (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).

ბარათაშვილი – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ძველ საქართველოში, ქვემო ქართლის მფლობელნი. მომდინარეობს XVI ს.-დან საკუთარი სახელისაგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523წ.). მისგან წარმოქმნილი შტოებია: აბაშიშვილი, გერმანოზიშვილი, გოსტაშაბიშვილი, ყაფლანიშვილი, ორბელიანი. ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა როგორც ბარათიანი.

ბარდაველიძე – გავრცელებულია თერჯოლის რაიონსა (სოფ. ბარდუბანი) და თბილისში. საფიქრებელია, წარმომდგარი იყოს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან- ბარდაველი. ბარდავი ქალაქი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, "რეზიდენცია რან-მოვაკნის მმართველისა”. თვით სოფლის სახელს ბარდუბანს შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს გვარსახელთან, იყოს შემოკლებული ფორმა "ბარდათ უბნისა”.

ბახტაძე – "ბაჰტ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა) – მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წ. დურმიშხან საგინაშვილის მამულში მოიხსენიება ხოსიტა ბახტაძე.

ბედიანიძე – გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგან – ბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.

ბერიძე – გავრცელებული გვარია მთელ საქართველოში. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი. მესხეთში (ახალციხის რ-ნი) ბერიძეზე ასეთი თქმულება არსებობს: „სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად არიან ბერიძეები, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. თათრების შემოსევის დროს ეს ბერი გამოქცეულა ზარზმიდან, თათრებს ეჭვი რომ არ მიეტანათ, ამიტომ სოფელ ერკოტში უთხოვია ცოლი, მიუყვია ხელი გლეხობისათვის და ჩუმად დარბაზებში მაინც სწირავდა ხოლმეო. გვარად კი დაწერილა ბერიძე. დღეს ამ გვარეულობას ეძახიან ზანდარიენთს, უფრო უწინ კი ეძახდნენ ზარზგიენთს". სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ გადმოსულან ასპინძის რაიონიდან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით იწერებოდნენ ბერიძესშვილებად, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფ. ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები. ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს (XII –XIVსს).

ბერუაშვილი – გავრცელებულია გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია XVIII ს. ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმ. გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წ. სოფელ ფარცხისში.

ბეჟანიშვილი – გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვა. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად "მამაცს” ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან- "ვეჯილი” ანუ "ირანელი”). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან- ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის "შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.

ბოგველიშვილი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ბოგველი; ბოგვი სოფელია თეთრიწყაროს რაიონში.

ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202წ. სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.

გაგნიძე – გავრცელებულია თბილისში, ხაშურსა და თელავში. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ასურეთში ჩამოსახლდნენ ქლუხორიდან 1957 წელს.

გამრეკელი – უძველესი ფეოდალური საგვარეული მესხეთში. "ძველთა მთავართა გვარი”. გამრეკელ-თორელები XII ს-ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. საკუთარ სახელადაც გვევლინება: გამრეკელი კახასძე, გამრეკელი ჯავახიშვილი. სამხედრო თანამდებობის ტერმინიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამავე ძირისა: გამრეკელაშვილი, გამრეკელიძე -> გამრეკლიძე.

გელაშვილი – გავრცელებულია იმერეთში, ქართლში, კახეთში და სხვ. შედგება საკუთარი სახელისგან გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი, გელოვანი… წარმოქმნის თვალსაზრისით გელა ძირის პროდუქტიულობა აყენებს საკითხს მის ეთნონიმურ წარმომავლობაზე. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ბუდე-ადგილად სოფ. ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.

გზირიშვილი – გავრცელებულია: კასპი, საგარეჯო, თბილისი. სამოხელეო ტერმინი გზირი. სულხან-საბას განმარტებით გზირი სხვათა ენაა, ქართულად შულტა ჰქვია. გიორგი გზირიშვილი მოიხსენიება ნასყიდობის წიგნში 1746 წელს.

გიგაური – ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს "გიგა”, "გიგი”, "გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი "გიგაური” სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

გურამიშვილი – ქართლის სათავადო საგვარეულო, ზედგინიძეთა ერთ-ერთი შტო. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს წარჩინებულ მთავართა შორის, მიუთითებს წარმოშობას კახეთიდან. საგურამო გურამიშვილთა სამკვიდრო იყო; შეიცავს საკუთარ სახელს გურამი, ძველი სახით იგივე გუარამ : გურამ კურაპალატი, გუარამ მამფალი, გუარამ ერისთავი.

გურგენიძე – გავრცელებულია ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებში. ეს გვარი ცნობილია XII ს-იდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან "გურგრნი”. ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.

დადიანი – ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტული. ადგილობრივი გამოთქმით: დადია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია და სხვ. შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით "დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა”.

დავითიშვილი – დავით (ძვ. ებრ) "სიყვარული” სხვადასხვაგვარი გააზრებით "წინამძღოლი”, "შეყვარებული” და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანთა სახელია, რომელსაც აღნიშნავდა ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს , 2 მაისს, 25-26 ივლისს 5,6,19 ივლისს. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.

დათუაშვილი – გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან „დათუა". დათუა, დოლმაზა შანშიაშვილის შვილი იხსენიება 1677 წ., მამულის ნასყიდობის წიგნში, გაცემული შაღუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიას შვილისადმი. დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და სხვა, დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად ითვლება. ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება 1710 წელს.

დარბაისელი – გავრცელებულია გორისა და საგარეჯოს რაიონში. გვარადქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა. იგი ძველად დარბაზის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, ხოლო შემდეგ დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.

დეკანოიძე – ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან – დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური.

დვალი – გავრცელებულია ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. იბერიულ- კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში პირველად მოხსენიებულნი არიან ახალი წ. აღ. I-II სს-ში თალის, ვალის, უვალის სახელწოდებებით, სახლობენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში- დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის, ისტორიულ დვალეთში. ისტორიულად ცნობილია დვალები, ქართველი კალიგრაფები. დვალები ასურეთში გადმოვიდნენ 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან.

დოლაბერიძე – გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი ) და სხვ. შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს დოლაბერი.

ედიშერაშვილი – გავრცელებულია ხოვლეში (კასპის რ.), ქარელისა და გორის რაიონებში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ედიშერა. "ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი”. დავით ედიშერაშვილი (1935წ.), ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რ-ნი). შედარებითი გვარებია: ედიშერიძე, ედიშეროვი (იგივე ედიშერაშვილი).

ელიზბარაშვილი – საკუთარი სახელი "ელიზბარ”. ელიზბარის ეტიმოლოგია არაა დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.

ელიოზაშვილი – გავრცელებულია ქართლში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "ელიოზი”. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.

ერისთავი – გავრცელებულია ახმეტის რაიონში( ქისტაური). გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი. მეფის მიერ დანიშნული გარკვეული კუთხის გამგებელი ფეოდალურ საქართველოში (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვ.)

ზარანდია – გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. ზარანდ -ირანული საკუთარი სახელი. ეს მეგრული გვარი ნაწარმოები ჩანს სკვითური ზარანდ სახელისაგან, რომელიც "მოხუცს” ნიშნავს.

ზარიძე – გავრცელებულია ფშავში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია მეტსახელთან "ზარი”. ზარი, სამგლოვიარო გუნდური სიმღერა – ტირილი. ზარიძეები სოფელია თიანეთის რაიონში. ამავე ძირისაა: ზარია, ზარიაშვილი.

ზედგინიძე – გავრცელებულია ასპინძის რაიონში. ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს წარჩინებულთა შორის. ამ გვარეულობამ მიიღო ამილახვრობა. შედგება საკუთარი სახელისგან ზედგინი, ზევდგინ. მესხეთიდან იმერეთშიც არიან გადმოსახლებულნი.

ზუბიაშვილი – გავრცელებულია გორში, კასპსა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ზუბია. შედარებითი გვარებია : ზუბაშვილი, ზუბულაშვილი, ზუბალაშვილი. ლეჩხუმში არის ზუბის ციხე. იქვეა სოფელი ზუბი. ზუბიაშვილი არის აგრეთვე თუმანიშვილების შტო-გვარი.

თაბაგარი – გავრცელებულია ძირითადად თერჯოლის რაიონში. გვარადქცეული სადაურების სიტყვა უნდა იყოს. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.

თავდგირიძე – გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.

თათარაშვილი – თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.

თამაზაშვილი – ეს გვარი გავრცელებულია საგარეჯოს რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – თამაზი. ხაშმელი თამაზაშვილები, გადმოცემით, რაჭიდან არიან გადმოსულები. მათი ადრინდელი გვარი ლაშხი ყოფილა. შემდეგ მამის სახელი უქცევიათ გვარად.

თამარაშვილი – ეს გვარი ძირითადად გავრცელებულია თბილისსა და ახალციხეში. ცნობილი ისტორიკოსი მიხეილ თამარაშვილი თავის გვარს ამ წესით ამოკლებდა და ევროპულ ენებზე წერდა: Michel Tamarati. ამავე ძირისაა თამარაძე.

თაქთაქიშვილი – გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.

თაყაიშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: "ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო”. ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი(დმანისის რ-ნი).

თბილელი – გავრცელებულია თბილისში. გვრადქცეული სადაურობის სიტყვაა. გამოყენებული ფსევდონიმადაც: იოსებ თბილელი და სხვა. ამავე ძირისაა თბილელაშვილი.

თუხარელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია ცხინვალისა და კასპის რ-ში; თუხარისი ციხე-ქალაქი იყო შავშეთში.

იაშვილი – გავრცელებულია ამბროლაურის, საჩხერის რაიონებში და სხვა. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XVს. მიწურულს. პირველად იგი მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბრ.რ.). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან "ია”. ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის, სოფ. სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე.

იგითხანიშვილი – გავრცელებულია ახალციხეში. შედგება რთულფუძიანი საკუთარი სახელისგან იგითხანი. "იგიდ-ხან” თურქული სიტყვაა და ნიშნავს გმირს, მამაც ბატონს. თურქთა ბატონობის დროს შერქმეული გვარსახელია. ძველი გვარი ჩუტკერაშვილი ყოფილა.

ინასარიძე – წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში. გავრცელებულია ასპინძის, ამბროლაურისა და ონის რაიონში.

იშხნელი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში. თერჯოლაში არის იშხნელების უბანი; გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა; იშხანი სოფლისა და მონასტრის სახელწოდებაა ძველ ტაო-კლარჯეთში. ამავე ძირისაა: იშხანაშვილი (მუხრანი), იშხნელიძე (აჭარა).

კანდელაკი – გავრცელებულია იმერეთში, რაჭაში და სხვაგან. ეს გვარი მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან – "მესანთლე”, "მნათე”(ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები.

კაცია – მეგრული წარმომავლობის გვარია. ფიქსირდება ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. კაცია ქართულ საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად.

კერესელიძე – გავრცელებულია ონის, თერჯოლისა და ლანჩხუთის რაიონში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან კერა, კერე. სოფელ ბოგვში ალგეთისპირა ერთ-ერთ ბაღს ახლაც ეძახიან "კერესელიძეების ბაღს”. იტყვიან "კერესელიძეების წისქვილსაც”, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, რადგან შეცვალა სოფ. ჯორჯიაშვილში აგებულმა ელექტროწისქვილმა. ეს წისქვილი საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბოგვსა და მის ახლომახლო სოფლებს. არის კერესელიძეების სახლიც, მაგრამ ამ სახლს თავისი პირვანდელი მფლობელის სახელი ვერ შერჩა, სახლის ხსოვნამ მისი უკანასკნელი მფლობელის საგინაშვილის სახელი შემოინახა.

კვირიკაშვილი – სიტყვა კვირიკედან მომდინარეობს, კვირიკე ბერძნულად "უფლისა”-ს ნიშნავს. კვირიკე ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად მისგან წამოსული გვარებია: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირკველია.

კიკნაძე – ეს გვარი წინაპრის საკუთარ სახელს – "კიკნას”- ს უკავშირდება. წარმოშობილია დასავლეთ საქართველოში. გვარის ბუდეა ზემო იმერეთი. სოციალური წარმომავლობით აზნაურული გვარია. პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ბოლოს. დომენტი კათალიკოსის დროს, 1598-1600 წლებში კიკნაძის გვარი გვხვდება შეწირულობის სიგელში. ამ პერიოდში უკვე შიდა ქართლშია გადმოსული. რაოდენობით კიკნაძის გვარი ამჟამად 5500-ს აჭარბებს. 700-ზე მეტი ცხოვრობს ხაშურში, 600-ზე მეტი – ხარაგაულში, 200-ზე მეტი – რუსთავში, 200 – ბორჯომში, 100-ზე მეტი – ყვარელში, თბილისში კი 2000-ზე მეტი კიკნაძეა.

კლდიაშვილი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან. კლდიაშვილი- გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან.

კოვზაძე – ეს გვარი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელი "კოვზა”-დან მომდინარეობს. ამ გვარის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი. ეს ტრადიცია aხლაც გრძელდება. ამავე ძირისაა: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი, კოვზირიძე.

კოპაძე – გავრცელებულია მესხეთში, იმერეთსა და ქართლში. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. შეიცავს საკუთარ სახელს კოპა, შედარებითი ფორმაა კოპალე. ისტორიულ დოკუმენტებში დაცულია "კოპაძეთა მოსახსენიებელნი”. ამავე ძირისაა: კოპეიშვილი, კოპელაშვილი, კოპილაშვილი, კოპლატაძე.

კოპტონაშვილი – მომდინარეობს მეტსახელიდან "კოპტონა”. გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვია, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. აქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.

კატეგორია: ქართული გვარების ისტორია | ნანახია: 3816 | დაამატა: balu | ტეგები: ქართული გვარების ისტორია | რეიტინგი: 3.3/20
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.