1:01 PM ხალხური სააკვნე სიმღერები | |
,,ნანა,’’ ,,ნანინა’’ და ,,იავნანა’’ ყველასთვის კარგად ნაცნობი და გავრცელებული ხალხური საწესო ლექსთ-სიმღერებია. თუმცა მათი წარმომავლობის შესახებ ცოტამ თუ იცის. ,,ნანინა’’, ,,ნანა’’ საგანგებო დანიშნულების სიმღერაა. საქართველოში მას მხოლოდ ბავშვის დაძინებისას ასრულებენ. რადგან ძველად ყრმებს აკვანში ზრდიდნენ, ამ სიმღერას ,,აკვნის სიმღერის’’ სახელითაც მოიხსენიებენ. ,,ნანინა’’ დედათა სიმღერაა. მას აქვს პოეტური ტექსტი, მელოდია და შესრულების საკუთარი მანერა. ,,ნანინას’’ ძირითადი დანიშნულებაა, დაამშვიდოს ბავშვი. დედის სიმღერამ, აუღელვებელმა მელოდიამ, რწევამ რული უნდა მოჰგვაროს ბავშვს, რაც მერე ძილში გადადის. სიტყვიერი ტექსტი ,,ნანინასი,’’ ბუნებრივია, სულ პატარა ბავშვისთვის გაუგებარია. შესაბამისად, სათქმელს ამ ეტაპზე მხოლოდ დედისთვის აქვს მნიშვნელობა. აკვნის სიმღერების ტექსტში უპირატესად გამოხატულია ყრმის სიყვარულით აღსავსე დედის ემოცია: ფიქრი, ოცნება და იმედი. დედა შვილს ღიღინით ესაუბრება. მისი ხმამაღალი ფიქრები ხშირად მწყობრიც არ არის, რადგან შვილთან დიალოგი იმპროვიზირებულია. ტრადიციულ ფრაზას შეიძლება ახალი მიებას, რომელიც იმ მომენტში გააჩინა ფიქრმა და ემოციამ. აკვნის სიმღერის რაჭაში ჩაწერილი ნიმუში ასეთია: იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო, მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო, მანანოები მოდიან, იავნანინაო, ძილი მოაქვთ გუდითაო, იავნანინაო. ამას ჩემს ყმაწვილს მივუტან, იავნანინაო, თვალებს გავუვსებ ძილითაო, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო. ,,ნანინას’’ აუცილებელ შინაარსობრივ ნაწილებში იგულისხმება დედის თხოვნა – დაიძინოს ყრმამ, ბავშვის ქება, ან დალოცვა მომავლის პერსპექტივის დასახვით, დედის ,,თავსშემოვლებისათვის’’ მზადყოფნა და ისევ დაძინების თხოვნა. ყრმათა დასაძინებელ სიმღერებს უძველესი დროიდან იცნობს მთელი მსოფლიო. ზოგიერთმა ხალხმა ადრეულ საუკუნეებში მოახერხა ამ სიმღერების დაფიქსირება, როცა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მათ დაკარგული მითიური აზროვნების ნიმუშები. საქართველოში, სამწუხაროდ, XIX საუკუნეზე ადრე ჩაწერილი ტექსტი არ მოგვეპოვება, თუმცა ზოგან მაინც შემორჩენილია ,,ნანინას’’ სიძველის კვალი, კერძოდ, მინიშნება ძილის სულიერად წარმოდგენის შესახებ. გვაქვს ისეთი ტექსტები, რომელიც ჯერ ლექსად არც ჩამოყალიბებულა. აკვნის სხვა სიმღერებშიც გვხვდება ყრმისაგან ცხოველებისა და ფრინველების გაძევების მაგალითები. აკვნის სიმღერებს მრავალმხრივი პრაქტიკული დანიშნულება აქვთ: სასიამოვნო მელოდიის მოსმენა ხელს უწყობს ბავშვის სმენის განვითარებას, კეთილმყოფელ გავლენას ახდენს მის გუნება-განწყობაზე. შვილისთვის სიმღერა კი აკმაყოფილებს ქალის დედობრივ ინსტინქტს, აბედნიერებს მას შვილთან გამაერთიანებელი კონტაქტით. ,,ნანინამ’’ საუკუნეთა მანძილზე ცვლილებები განიცადა: დაკარგა ძველი აზროვნების ნიშნები, გარდაიქმნა ახალი მოტივებით, მაგრამ უცვლელი დარჩა მისი დანიშნულება. იგი სჭირდებათ დედასაც და შვილსაც. ,,იავნანა’’ უძველესი საწესო სიმღერაა. თუმცა მან თავისი ხასიათი დაკარგა და ბავშვების დასაძინებელ სიმღერად იქცა. საყურადღებოა, რომ ძველად ამ ტექსტს უმთავრესად ინფექციური დაავადებებისაგან ბავშვის განსაკურნავად მღეროდნენ. იგი სრულდება რიტუალის თანხლებით და მოიცავს რამდენიმე არსებით დეტალს: ,,ბატონების’’ მიღება და სიხარულის გამოხატვა; განსაკუთრებით ზრუნვა მათი გულის მოსაგებად; მათი სტუმრობის პერიოდში მხიარული ფერების ჩაცმა და ცეკვა-სიმღერა, ალერსიანი ურთიერთობები. ,,იავნანას’’ ტექსტში ნახსენები რიცხვი ,,შვიდი’’ დაკავშირებული ჩანს ყველაზე გავრცელებულ შვიდ სახადთან (,,ბატონებთან’’), რომელიც ჩვენმა და, საერთოდ, ძველმა ხალხებმა იციან. ესენია: წითელა, ხუნაგი (დიფთერია), ქუნთრუშა, ყივანახველა, ჩუტყვავილა, ყბაყურა და ყვავილი. ,,იავნანა’’ სრულდება მშვიდი, მელოდიური მუსიკის თანხლებით. ბავშვის საწოლი ოთახი სუფთა და სურნელოვანი უნდა იყოს (აკრძალულია ტირილი, ხმაური და სხვა უსიამოვნო ემოციები). ,,იავნანას’’ ტექსტი ვრცელია და ორი აზრობრივი მონაკვეთისგან შედგება. პირველში მოთხრობილია ,,ბატონების’’ მიღებაზე, მეორეში კი – შვიდ და-ძმაზე, რომლებიც შვიდ სოფელს შეესევიან, დაბანაკდებიან და მოილხენენ. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში "იავნანას” მოტივებზე შექმნეს ლექსები რ. ერისთავმა, ა. წერეთელმა, ი. ჭავჭავაძემ, გ. ტაბიძემ და სხვა. "იავნანას” მელოდიას დამუშავებული სახით ვხვდებით ნ. ავალიშვილის, მ. ბალანჩივაძისა და სხვათა შემოქმედებაში. | |
|