9:46 PM Leqsebi Gazafxulze / ლექსები გაზაფხულზე | |
გაზაფხული ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები; მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები? 28 იანვარი, 1861 წ. პეტერბურგი. ილია ჭავჭავაძე ––––––––– გაზაფხულს ია ამოდის გაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთის პირად ბუ გულსაკლავად ჰკიოდეს; ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა ჩემებრივ გული სტკიოდეს?! მითამ სუყველას ბოლო აქვს, ზღვანიც-კი დაშრებიანო; მაშ ჩემის გულის დამჭრელნი რატომ არ გასწყდებიანო?! ვაჟა ფშაველა (1886 წ.) –––––––––– მარტს მობრძანდი, მარტო, დროისით, თოვლჭყაპუნა და წყლიანო, ჭკუაზე თხელო, სულელო, ხანდისხან ქარისხლიანო, ზე- ქვერე ავადმყოფივით ღრუბლიანო და მზიანო, არც გაზაფხულო, ზამთარო, არც თუ ნათელადღიანო! შენ უკან დაგედევნება მერცხალი ჭიკჭიკენისა, გაზაფხულისა მორბედი, დამატკბობელი სმენისა, გულის ჭირთ უკუგამყრელი, მკურნალი დამპალ სენისა, მუდამ ერთ ხმაზე მგალობი, მოყვარე დედაენისა. შიო მღვიმელი 1887 წ. –––––––––– ია და ბავშვი ნუ შემახებ პაწაწა ხელს, ნუ, ნუ-მეთქი, ჩემო კარგო, ის არა სჯობს, გავიზარდო და ბაღნარი მოგიქარგო?! ჯერ შენსავით პატარა ვარ, გამახარებს შენი ცქერა! ახლოს დაჯექ, გამაგონე მხიარული შენი მღერა! ლიდია მეგრელიძე –––––––––– გაზაფხულო ლამაზო ჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლებო, ტყეში მარწყვის საკრეფად როდის წავალთ, ბავშვებო? ჰა, ზამთარი მიდის და... თოვლი დნება ნელ-ნელა. აი, თავი ამოჰყო ბუჩქის ძირას ენძელამ. საწყალ თოვლის ბაბუას დავუშინოთ გუნდები; გაზაფხულო, ლამაზო, მალე დაგვიბრუნდები? ნოდარ დუმბაძე –––––––––– გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა გაზაფხულზე, რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს. ანანურთან არაგვის წყალს დავლევ, გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს, ციხისძირთან შემეყრება გველი, ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს. მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი, მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას, ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ, რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს... გოდერძი ჩოხელი –––––––––– გაზაფხულის საღამო გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. ტერენტი გრანელი –––––––––– გაზაფხული ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან და ყვავილები მოფინა ხეებს, მზით გაალული პატარა კალთა გადააფარა სუსხიან ტყეებს. ცეცხლანთებული როცა მოკეცა ელვების ფარჩა და გაქრა წამსვე ცისარტყელებით მოქარგა ზეცა ჭექა-ქუხილის სიმღერით სავსე. ველზე ყვავილთა ზვირთებში ვუმზერ როდესაც დილამ გაჰფანტა ნისლი, ანთებულ ცისკრის ლურჯ აბრეშუმზე იისფერ სხივებს შორიდან ისვრის. ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან და ყვავილები მოჰფინა ხეებს, მზით გაალული პატარა კალთა გადააფარა სუსხიან ტყეებს. პაოლო იაშვილი –––––––––– მერცხლის სიმღერა ჭიკ-ჭიკ ჭიკ-ჭიკ ჭიკ-ჭიკით გადმოვლახე სერები, ვიცი, გაგეხარდებათ., ვიცი, მომეფერებით. მეც იმიტომ მიყვარXართ, სხვაში რომ არ გეცვლებით, თქვენთან მიდნა დავჩეკო პაწაინა მერცხლები. მაკრატელა კუდი მაქვს, გულისპირი 0 მიტკალის, ხომ ძალიან კარგი ვარ, გულახდილად მითხარით! გურამ კლდიაშვილი | |
|