9:06 PM Leqsi Imeretze / ლექსი იმერეთზე | |
ბავშვურისმაგვარი განცვიფრებით, ქვებდანაოჭებულ ორღობესთან მზერას მაგებებენ ნარცისები, ყვითლად აღვივებენ მოგონებას _ ფერად ოცნებათა ნამოსახლარს... ეს ლექსიც ათასჯერ დაწერილა მელანშეურეველ წარმოსახვით... მარტის მზით სხეულებდაბერილი კვირტები ელიან უხვ მოსავალს. თუმცა მოწმენდილი არც ისეა, ისე გულღია და ახლოსაა ცა, არ მეჩვენება ნაცრისფერად. მშვიდად მოსეირნე ნაკადული მდინარევდება და ჰკარგავს რუებს, ჩემი იმერეთის გაზაფხული ჩასუნთქვისთანავე გაგაბრუებს. ************** შენ არ იცი, იქ ყვირილა რატომ ყვირის, ან გვირილა ძეძვში რატომ იმალება, არ გსმენია შორეული ხმა საყვირის, არც გინახავს შავი ოქროს ბრწყინვალება... სუროს ბაწრით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ. როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს, დამერწმუნე, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ, მერე მჯერა, ვერასოდეს დაივიწყებ. მაშ, წავიდეთ, მოდი, ვნახოთ, მოდინახე, იქ აკაკის ყრმობის წლები გავიხსენოთ და სხვიტორში წერეთლიანთ ოდის ახლოს, ლექსი ვთქვათ და სავანეში დავისვენოთ, შორს, ქორეთში, განა ქორებს უფრენიათ, ძვირფას ხალხის ნატერფალებს ველი არ შლის... იქ რამდენი ღამე თეთრად უთევია ოცნებებში გატაცებულ ბელიაშვილს. მწამს, ბაჯითში სიო შავ თმებს დაგიკოცნის, იტყვი, გული საგულეში აგარ მიძევს... იქ მზის ახლოს ოცნებების თეთრი კოშკი აუგია ერთ დროს რევაზ ჯაფარიძეს. მინდა ყველა საიდუმლო გაგიმხილო, ჩემი მხარის სიდიადეს არ კი ვჩემობ, არგვეთშიაც ხალიჩები დაგიფინო იაშვილის საოცნებო კაკლის ჩერო... მოვეფეროთ მგოსნის ხელით დარგულ ვარდებს, ვაქოთ ღამე დარიანი, მთვარიანი, საჩხერიდან ჭიათურის სადგურამდე მიგვაცილებს მუხრან მაჭავარიანი. იქ ჩემს რგანში, სადაც გრიგოლ აბაშიძეს ერთ დროს ფრთები აუშლია ასაფრენად. საშევარდნო ალიონზე გაიღვიძებს და მოიხვევს ცისფერ ნისლებს თავსაფრებად... მაშინ, კარგო, რას მიქვიან სინანული, ჩემს შუკაშიც შევხვდეთ ნიავს, ფრენით მიღლილს... იქ, ჩრდილებში, საგანგებოდ მიმალული კარს გაგვიღებს ჭერმზიანი ჩემი ქოხი. მაშინ შენაც მოსალხენად მკლავებს გაშლი, ვენაცვალე ჩემს იმერეთს ფუძემზიანს, ნავარძეთში ხომ მარიკა ბარათაშვილს მარჯნისფერი საპოვნელა უძებნია. ტყემლოვანში ტყემლის ძირას დავისვენებ, გვიმასპინძლებს მარიჯანის თბილი კერა, მერე, კარგო, სასოემბით გავიხსენოთ რაც გვიამბეს სერებმა და ბილიკებმა. ქვაციხეში აღმართს წამში ავივლით და ვიცი, მეტყვი, რა სამოთხე გადავლახეთ... ბესო ჟღენტის სახლის ლურჯი აივნიდან საქართველოს სილამაზეს დაგანახებ. ნისლის ბორნით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ, როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს, ხომ გითხარი, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ, მერე, კარგო, ვერასოდეს დაივიწყებ. მიწავ ჩემო შენი, მიწავ ჩემო, ვინც კი იცის გემო; როგორ დავიჯერო, - თავს არ შემოგევლოს! იმერეთო ქვემო, იმერეთო ზემო, - სიყვაროლო ჩემო, სიხარულო ჩემო... ძამა გურულებო, ჯიმა სამეგრელო, ძმაო ქართლ - კახეთო, მესხეთ - ჯავახეთო; მარნის ჩვენის ეშხი მტერსაც ჩავახეთქოთ, ოღონდ ჩვენს საქმეში ნაკლებ ჩავახედოთ. დიდგორისა ველო, - ახლა ცრემლისმგვრელო, კრწანისისა ველო, - დღესაც გულისმკვლელო... რაღა გავაგრძელო, მთელო საქართველო, - სასოებავ ჩვენო, - რა ვქნა, რა გიშველო! შენი მიწავ ჩემო, ვინც კი იცის გემო; როგორ დავიჯერო, - თავს არ შემოგევლოს! | |
|