Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » ლორე – საქართველო სომხეთში
12:56 PM
ლორე – საქართველო სომხეთში
შეგვიძლია, ისტორიის სახელმძღვანელო გადავშალოთ და ამოვიკითხოთ, რო­გორ შემოუერთა 1118 წელს დავით აღმაშენებელმა დღევანდელი ლორეს პრო­ვინცია საქართველოს.

განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო, ეს მხარე საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. 1177 წელს კი ლორე მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკა­ნასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპა­სალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს მხარგრძელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო.

მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა, აშენდა სასახლეები, ეკ­ლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესი­მაგრის ფუნქციაღა შერჩა, XVI-XVIII საუკუნეებში კი საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა. ლორე მელიქიშვილთა ისტორიული მა­მული იყო, რომელთაც სასახლე და საძვალე ახტალაში ჰქონდათ.



ახპატი

ამჟამად ლორე სომხეთის ტერიტორიაა, მაგრამ იქ შემორჩენილ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებსა და საფლავებს ქართველთა ნაკვალევი მკვეთ­რად აჩნია. ეს მხარე სომხეთში ჩასული ტურისტების ინტერესში ხშირად ხვდება, რამდგან რამდენიმე მონასტერი იუნესკოს კულტურული მემკვიდ­რეობის დაცვის ძეგლთა ნუსხაშია შესული, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთ საინფორმაციო დაფაზე არ შეგხვდებათ ცნობა იმის შესახებ, რომ ეს ქართუ­ლი კულტურის ნაწილია.

ამის ხსენება ცოტა კურიოზულად შეიძლება მოგეჩვენოთ, ჩვენი მეზობლების აზროვნების ტენდენციიდან გამომდინარე, და არ მინდა ეს სტატია "სომხური რადიოს” ანეკდოტებს დაემსგავსოს, ანდა ვინმეს უზნეობაში გავეჯიბროთ. ჩვენი მიზანი ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორ­მირებაა, რადგან როცა სიტყვები "ახტალა” და "ალავერდი” გვესმის, ჩვენი უმრავლესობა კახეთს წარმოიდგენს, მაშინ როცა ახლანდელი სომხეთის ტე­რიტორიაზე მდებარე ახტალის სამონასტრო კომპლექსის დაარსება ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. გორგასლისდროინდელი ეკ­ლესიის კვალი აღარ არსებობს, მაგრამ ვიცით, რომ მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა. მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სო­მეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში დაბრუნდა. იქიდან მოყოლებული, ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920-იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკ­ვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

რამდენიმე დღის წინ ლორეში ექსპედიცია მოაწყო ქართველი გეოგრაფების ჯგუფმა, რომელთა ინტერესში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და, ასევე, ამ მხარის ბუნებრივი გარემოს ნახვა შედიოდა – მადნეულის კარიერებით და მდინარე დებედას ნაპირებზე განლაგებული ვულკანური პლა­ტოებით.

როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი ამბობს, ეს რეგიონი კარგად არის შესწავლილი როგორც გეოგრაფიულად, ასევე ისტორიულად, მაგრამ ისტორიული ჰერეთისა და ტაო-კლარჯეთისაგან განსხვავებით, ქართველი ვიზიტორები თუ პილიგრიმები ამ მხარისადმი ინტერესს არ გამოხატავენ, რის გამოც, პოლიტიკურად დაკარგული ლორე ინფორმაციულადაც სულ უფ­რო შორდება ქართულ რეალობას.

გიორგი დვალაშვილი, პროფესორი: "ადგილობრივი მოსახლეობისგანაც დავაზუსტეთ, რომ კომუნისტების დროსაც კი ახტალის მონასტერში ღვთისმ­შობლის შობის დღესასწაულზე, 21 სექტემბერს, უამრავი ქართველი ჩადიოდა ღამისთევით. დღეს სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია. ლორეს შესა­ხებ ქართულ ენაზე პოპულარული გამოცემები და გზამკვლევები თითქმის არ არსებობს. ჩვენ რამდენიმე ტურისტულ-გეოგრაფიული გზამკვლევი გა­ვაკეთეთ კაბადოკიისა და ტაო-კლარჯეთის შესახებ. ვფიქრობთ, მსგავსი რამ ლორეს შესახებაც უნდა გაკეთდეს. ახტალის მონასტერი თბილისიდან 90 კმ-ში მდებარეობს, სადახლოს გამშვები პუნქტის გადალახვა კი რამდენიმეწუთიანი პროცედურაა. ახტალის მონასტერში ყველაზე კარგადაა შემონა­ხული ფრესკები, წარწერები და საფლავები. მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე ბაზილიკაცაა, სადაც ძალიან ბევრი ქართული საფლავია. სამწუხა­როდ, ეკალ-ბარდებს გადაუვლია ზედ და წარწერებიც ნადგურდება.

ამავე რეგიონშია ახპატის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი. ეს მე-X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია, აქაც მრავლადაა ქართული წარწერა საფლავის ქვებზე, ხოლო საინფორმაციო დაფაზე წაიკითხავთ, რომ ეს რეგიონი თურქ-სელჩუკებისა­გან ქართველმა ორბელიანებმა გაათავისუფლესო. საკმაოდ მრავალრიცხოვანია ქართული სასაფლაო სანაჰინში, რომელიც ასევე იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და ახპატთან ახლოს მდებარეობს. ამ ქართულ საფლავებს სპეციალისტების მიერ დამოუკიდებელი კვლევა სჭირდება.”

ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის, შეგხვდებათ ქობაირის მონასტერშიც, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად). გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორეს კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუ­ახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხა­ნად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები.

პროფესორ გიორგი დვალაშვილის თქმით, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ის, რომ საკურთხეველზე, სადაც ქართული ფრესკა და წარწერაა შემორჩე­ნილი, ხის გადახურვა გაუკეთებიათ, რაც მას განადგურებისაგან იცავს.

"თუკი აქ ქართველი მომლოცველი მივა, არ არის გამორიცხული, სამომავლოდ, ამ მიტოვებულ საფლავებს პარაკლისიც გადაუხადონ. რამდენიმე წლის წინ ასე იყო მიტოვებული ჰერეთიც, ბოლო წლებში კი იქ 6 მაისს, ქურმუხობას უამრავი ქართველი ჩადის და იმ ადგილებში ქართული სიტყვა კვლავ ისმის,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

ქალაქ ალავედრში თაღოვან ხიდს დღესაც თამარის ხიდს უწოდებენ. "სომხურ რადიოს” ნუ ვითამაშებთ, უბრალოდ, ვიცოდეთ, წინაპართა ხსოვნას ნუ დავკარგავთ. ხოლო როგორც საქართველოს კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ გვითხრა, წელს მზადდება პაკეტი საქართველოსა და სომხეთის კულტურის სამინისტროებს შორის, რომელიც სომხე­თის ჩრდილოეთ რაიონსა და საქართველოში არსებული ქართული და სომხური ძეგლების შესწავლას გულისხმობს. სამეცნიერო დონეზე ყველამ კარ­გად ვიცით, რა რას წარმოადგენს და იმედია, ეს მოლაპარაკებები ადგილებზე სახელდების საშუალებასაც მოგვცემს.
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 1060 | დაამატა: balu | ტეგები: ლორე – საქართველო სომხეთში | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.