Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 12 » მდინარე მტკვარი
11:59 PM
მდინარე მტკვარი
ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
მტკვარი სათავეში ჯერ ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში მიედინება, შემდეგ განიერ ხეობაში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის, ქვაბულის განაპირას ისევ ვიწრო ხეობაში მიედინება, ფართო ხეობას ივითარებს დაჭაობებულ არტაანის ველზე. საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის ღრმა კანიონში მიედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 მ სიღრმისაა).

სოფელ ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება, მდინარის ორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შემდეგ ისევ ვიწროვდება, მტკვარი სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის მიედინება და ბორჯომის ხეობას აჩენს. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი, ჭალიანია, მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, ჩქერსა და ლუბრმას. ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა დაფარული.

სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის, აქ ხეობა ციცაბკალთებიანი, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი. მტკვარი აქ ზომიერად დაკლაკნილი და ალაგ-ალაგ დატოტვილია, წარმოქმნის პატარა კუნძულებს. თბილისში, მეტეხის ციხესთან, მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე).

თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი ტყითაა შემოსილი. ჭალაში მრავალი ნარიონალია.

მტკვარი ვაკის ტიპის მდინარეა საქართველოს ფარგლებს გარეთ — კიროვაბადის ვაკეზეც. ქალაქ მინგეჩაურთან კლდოვან სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას აჩენს. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. ქ. მინგეჩაურის ქვემოთ მტკვარი მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია, მდინარის გასწვრის მრავალი ნარიონალია. კალაპოტი ზედაპირში სუსტადაა ჩაჭრილი, რის გამოც წყალდიდობის დროს სანაპიროები წყლით იფარება.

წყალდიდობისაგან დასაცავად მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინურებს შორის, რომლის სიგრძე 560 კმ-ია. ქ. სალიანთან მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას კიროვის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ2.

მტკვრის მარჯვენა შენაკადებია: ფარავანი (სიგრძე 74 კმ), ბორჯომულა (სიგრძე 29 კმ), გუჯარეთისწყალი (სიგრძე 43 კმ), ძამა (სიგრძე 42 კმ), ტანა (სიგრძე 39 კმ), თეძამი (სიგრძე 51 კმ), ალგეთი (სიგრძე 108 კმ), ქცია-ხრამი (სიგრძე 201 კმ), აღსთაფა (სიგრძე 121 კმ), თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯაჩაი (სიგრძე 99 კმ), ტერტერი (სიგრძე 184 კმ), ხაჩინჩაი, არაქსი (სიგრძე 1072 კმ); მარცხენა : ფოცხოვისწყალი შენაკად ქვაბლიანით (სიგრძე 64 კმ), ლიახვი (სიგრძე 115 კმ), ქსანი (სიგრძე 84 კმ), არაგვი (სიგრძე 112 კმ), იორი (სიგრძე 320 კმ) და ალაზანი (სიგრძე 390 კმ);

მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით მტკვარს შერთვის ასევე თურიანჩაი და გოქჩაი.
ჰიდროლოგიური რეჟიმი
მტკვრის აუზი მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტებით ხასიათდება, რაც არსებით გავლენას ახდენს მდინარის რეჟიმზე. მტკვარი შერეული საზრდოობის მდინარეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა.

გაზაფხულის წყალდიდობა მარტის პირველ ნახევარში იწყება, მაისის დასაწყისში მაქსიმუმს აღწევს, ივნისის ბოლოს კი თავდება. ივლისს-აგვისტოში მტკვარზე წყალმცირობაა. შემოდგომაზე წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის. ხოლო ზამთრობით მდგრადი წყალმცირობა.

მტკვრის საშუალო წლიური ხარჯი ხერთვისთან 32,6 მ3/წმ, ლიკანთან 84,1 მ3/წმ, ძეგვთან 143 მ3/წმ, თბილისთან 205 მ3/წმ, მინგეჩაურთან 402 მ3/წმ, შესართავთან 580 მ3/წმ. მტკვარს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ3 წყალი შეაქვს.

მტკვრის ჩამონადენი წლის სეზონების მიხედვით ასეთია:გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 48,5%, ზაფხულში — 26,9%, შემოდგომაზე —13,7%, ზამთარში — 10,9%. ჩამონადენის განაწილება საზრდოობს კომპონენტების მიხედვით: მიწისქვეშა წყლები — 38,6%, თოვლის წყლები — 36,6%, წვიმის წყლები — 24,8%.

წყალდიდობის დროს მტკვარი დიდი რაოდენობის წყალს ატარებს, ცალკეულ წლებში კი კატასტროფული წყალდიდობა იცის: 1968 მტკვრის ხარჯი ხერვისთან 742 მ3/წმ იყო, ლიკანთან — 1520 მ3/წმ, ძეგვთან — 2170 მ3/წმ, თბილისთან — 2450 მ3/წმ, შესართავთან 2240 მ3/წმ, წყალდიდობა გამოიწვია უჩვეულო დათბობამ აპრილის შუა რიცხვებში, რასაც თოვლის ინტენსიური დნობა მოყვა. მას დაემატა ინტენსიური წვიმები. მინიმალური ხარჯი ზამთარში იცის, იშვიათად კი ზაფხულში.
მინიმალური ხარჯი ხერთვისთან 5,5 მ3/წმ (1941), თბილისთან 27,2 მ3/წმ (1954), შესართავთან — 60 მ3/წმ (1962). წყალდიდობის დროს მტკვარს დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა მოაქვს. მყარი ჩამონადენი შეადგენს თბილისთან 10 მლნ. ტ, შესართავთან 36 მლნ. ტ, რის გამოც მტკვრის დელტა ყოველწლიურად 100 მ-ით იზრდება.
დანიშნულება
მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის მრავალ შენაკადზეც. მტკვრის წყალს ფართოდ იყენებენ ფაბრიკებსა და ქარხნების ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.

მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე. მტკვარი მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას, სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს.

მტკვრის ნაპირებზეა ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები.
კატეგორია: ბუნება | ნანახია: 894 | დაამატა: balu | ტეგები: მდინარე მტკვარი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.