11:57 PM მდინარე რიონი | |
რიონი სოფელ ვარციხესთან უხვევს დასავლეთისკენ და ამ მიმართულებით მიედინება შესართავამდე. განსაკუთრებით განიერია ჭალა ვარციხიდან სოფელ ბაშამდე. აქ ის დატოტვილია, წარმოშობს მრავალ კულძულს, რომელთა ნაწილი წყალდიდობის დროს იტბორება. სოფელ ბაშს ქვემოთ რიონი ნაკლებ დატოტვილია, სოფელ საჯავახოს ქვემოთ კალაპოტი რამდენადმე ღრმავდება, ინტენსიურად იკლაკნება. სოფელ ჯაპანასთან წარმოქმნის ნამდინარევი ტბებს (ნარიონალებს). ქვემო დინებაში მოქცეულია ხელოვნურ ჯებირებსა და მიწაყრილებს შორის, რაც იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთის ძლიერი ქარების დროს ხდება წყლის მოდენა და რიონი არა თუ ვერ ერთვის ზღვას, მასზე საწინააღმდეგო დინებაც კი ვითარდება, რაც შესართავიდან რამდენიმე კმ-ზე ვრცელდება, მდინარე გუბდება და ნაპირიდან გადმოდის. რიონის მთავარი შენაკადებია მარჯვენა: საკაურა, ლუხუნი, რიცეულა, ლაჯანური, გუბისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური, ცივი; მარცხენა: ჭანჭახი, ღარულა, ჯეჯორა, ლეხიდარი, ყვირილა, ხანისწყალი, სულორი, ყუმური, ხევისწყალი. რიონის აუზი ლანდშაფტების მრავალფეროვნებით ხასიათდება. ეს არსებით გავლენას ახდენს მის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე. იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულზეა, რაც გამოწვეულია სეზონური თოვლისა და მყინვარების დნობით, აგრეთვე წვიმებით. წყალდიდობა ზემო დინებაში იწყება აპრილის დასაწყისში, შუაწელში — მარტის პირველ ნახევარში, ხოლო ქვემოთ — თებერვლის ბოლოს. წყალდიდობის მაქსიმუმი ზემო დინებაში შუა ივნისშია, შუაწელში — მაისის ბოლო დეკადაში, ქვემოთ — მაისის დასაწყისში. წყალდიდობა გრძელდება აგვისტოს ბოლომდე. სექტემბრის ბოლოს იწყება თავსხმა წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა, რომელიც მაქსიმუმს ოქტომბერ-ივნისში აღწევს. ყველაზე დაბალი დონეა ზამთარში (დეკემბერ-თებერვალში). მაგრამ ქვემოთ დინებაში იგი ირღვევა წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნებით. რიონის საშუალო წლიური ხარჯი გლოლასთან 27,3 მ³/წმ, ქუთაისთან 134 მ³/წმ, საქოჩიკიძესთან — 406 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი გლოლასთან 345 მ³/წმ, ქუთაისთან — 1440 მ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 3000 მ³/წმ, მინიმალური ხარჯი გლოლასთან — 16 მ³/წმ, ქუთაისთან — 22,0 მ ³/წმ, საქოჩაკიძესთან — 34,0 მ³/წმ. რიონის ჩამონადენი წყლის სეზონების მიხედვით: გაზაფხულზე წლის ჩამონადენის 38,8%, ზაფხულში - 28,5%, შემოდგომაზე — 18,4%, ზამთარში — 14,3%. ჩამონადენის განაწილება საზრდოობის კომპონენტების მიხედვით ასეთია: მიწისქვეშა წყლებისა — 34,7%, წვიმისა — 32,5%, თოვლისა — 28,2%, მყინვარული წყლებისა — 4,6%. რიონს შავ ზღვაში წლიურად 12,9 კმ³ წყალი და დიდი რაოდენობით მყარი ჩამონადენი შეაქვს. მყარი ჩამონადენის საშუალო წლიური ოდენობა იზრდება სათავიდან შესართავისაკენ: სოფელ ღებთან იგი შეადგენს 96 ათ. ტ, ხიდიკართან — 2,2 მლნ. ტ, სოფელ ნამოხვანთან — 4,9 მლნ. ტ, საქოჩაკიძესთან — 6,9 მლნ. ტ. რიონზე იცის ყინულნაპირისი, ძგიფი, თოში, ყინულსვლა. ზემო და შუა დინებაში, განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში, ზოგან წარმოიქმნდება ყინულსაფარი. რიონის წყალი ხასიათდება საშუალო მარილიანობით (150-300 მგ/ლ) და იონური შემადგენლობის მიხედვით ჰიდროკარბონატულ კლასს მიეკუთვნება. მდინარეზე აგებულია ჰიდროელსადგურები: რიონჰესი, გუმათჰესი I, გუმათჰესი II, ვარციხეჰესი. ჰესები აგებულია შენაკადებზეც: ლაჯანურჰესი, შაორჰესი, ტყიბულჰესი. რიონი და მისი შენაკადები გამოყენებულია სარწყავად (მაშველისა და აჯამეთის არხები), აგრეთვე ყოფილი ფაბრიკებისა და ქარხნების წყალმომარაგებისათვის. რიონის ნაპირას გაშენებულია ქალაქები: ონი, ამბროლაური, ქუთაისი, სამტრედია, ფოთი. მდინარის ძველი სახელწოდება ფასისი მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ფასისად მოიხსენიება მდინარე რიონის ნაწილი ყვირილას შესართავამდე, ასევე მდინარეების: ყვირილასა და ძირულას მონაკვეთები. ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს შორის. ძველი ბერძნები ფასისს ევროპისა და აზიის საზღვრად მიიჩნევდნენ. ძველ მსოფლიოში ფასისი და კოლხიდა (კოლხეთი) ხშირად ერთ ცნებად აღიქმებოდა. რომაელთა ძლიერების ხანაში ფასისი მათი სამფლობელოების ჩრდილოეთი ზღვარი იყო. ძველი ბერძნულ მითოლოგიაში ფასისი და კოლხეთი იასონისა და არგონავტთა მოქმედების არეალია. | |
|