8:03 PM მეორე მსოფლიო ომი | |
თარიღი 1 სექტემბერი, 1939 – 2 სექტემბერი, 1945 მდებარეობა ევროპა, წყნარი ოკეანე, ატლანტიკის ოკეანე, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთ, ხმელთაშუა ზღვა და აფრიკა შედეგი ანტი-ჰიტლერული კოალიციის გამარჯვება, გაეროს შექმნა, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფოებად ქცევა, NATO-სა და ვარშავის პაქტის შექმნა, ცივი ომის დაწყება. (#მეორე მსოფლიო ომის შედეგები პოლიტიკური ვითარება XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მათი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო ეთიოპიის (1936) და ალბანეთის (1939) დაპყრობა იტალიის მიერ. გერმანიაში ამ პერიოდში ძლიერდებოდა ნაცისტური პარტია, რომელმაც საბოლოო გამარჯვებას 1933 წლის არჩევნებში მიაღწია და პარტიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო „ვერსალის ზავის" წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა ე.წ. „გროსდოიჩე რაიხის" შექმნას და „საარსებო გარემოს" მოპოვებას აღმოსავლეთში. ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიის (1938) და სუდეტის მიწების (1938) მიერთებით ჰიტლერმა თავისი გეგმის პირველი ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად შეასრულა. ინგლისისა და საფრანგეთის დათმობითმა პოლიტიკამ ყოველივე ამას დიდად შეუწყო ხელი. მაშინაც კი, როცა გერმანიამ ჩეხეთი მთლიანად შეიერთა (1939 წლის მარტი) ინგლისი და საფრანგეთი მხოლოდ პროტესტის ნოტით დაკმაყოფილდნენ. ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ ლიტვამ გერმანიას დაუთმო მემელის მიწები, სლოვაკეთი დამოუკიდებელი დარჩა, თუმცა გერმანიის პატრონაჟის ქვეშ. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ამ ქვეყნების შემდეგ ჯერი პოლონეთზე მიდგებოდა. ამის საპირისპიროდ პოლონეთის, საფრანგეთის და ინგლისის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. 1939 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს „ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს„ (ე.წ. „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი"), რომლის დამატებით, საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო განსაზღვრული ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შემთხევევაში. პოლონეთი გერმანიასა და სსრკ-ს შორის უნდა გაყოფილიყო, ხოლო ბალტიის ქვეყნები და ფინეთი სსრკ-ის „ინტერესების სფეროდ" ცხადდებოდა. იაპონიის ექსპანსიური პოლიტიკა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ამ ქვეყნის უმთავრესი ინტერესი ჩინეთის რესპუბლიკა იყო, რომლის ჩრდილოეთი რეგიონი, მანჯურია, 1931 იაპონიის მიერ იქნა ანექსირებული და მანშუს პროტექტორატის სახელით მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საერთაშორისო პროტესტის გამო იაპონიამ დატოვა „ერთა ლიგა" 1933 წელს და 1936 წელს შეუერთდა „ანტიკომინტერნის პაქტს„. 1937 წელს დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ იაპონიას ინდოჩინეთის დაპყრობის საშუალება მისცა. ამის საპასუხოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იაპონიას ემბარგო დაადეს და შეუწყვიტეს ფინანსური დახმარება. 1940 წელს იაპონია შეუერთდა „ბერლინი-რომის პაქტს". ემბარგოს გამო იაპონიის ეკონომიკა რესურსების დიდ ნაკლებობას განიცდიდა და იმპერატორის სამხედრო წრე ერთადერთ გამოსავალს ამ კრიზისიდან აშშ-სა და ბრიტანეთის წინააღმდეგ ომში ხედავდა. ომის მიზნები [რედაქტირება] მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს" (გერმ. „Lebensraum") მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდნენ: კავშირი იტალიასა და იაპონიასთან; ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე.წ. „ებრაულ მსოფლიო შეთქმულების" წინააღმდეგ; ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს" მოპოვებისათვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება. გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. „გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება" წერდა ჰიტლერი თავის წიგნში „მაინ კამპფი". დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადასხვა ოლქებად რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და ბალტიისპირეთის ხალხები „საარსებოდ ვარგისად", ხოლო რუსები კი „დაბალ რასად" იქნენ შეფასებულნი. დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით, ე.წ. „შეიარაღებული გლეხებით" (გერმ. "Wehrbauern"). ნაცისტური ელიტის განზრახვით აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ, უნდა დარჩენილიყვნენ „გაუნათლებლები, მორჩილნი და გამრჯე" და ემუშავათ გერმანიისათვის. 1933 წლამდე ეს იდეები სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა ჰიტლერის პოლიტიკა სხვა არაფერი იყო თუ არა ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. 1936 წლის აგვისტოში მიღებული „ოთხწლიანი გეგმა" ითვალისწინებდა გერმანიის არმიის და ეკონომიკის საბრძოლო ვითარებისათვის მომზადებას ორი განსხვავებული ვარიანტისათვის: 1) 1941-1942 წ.წ. - გერმანიისათვის პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არახელსაყრელი ვარიანტი. 2) 1944-1945 წ.წ. - შედარებით ხელსაყრელი ვარიანტი. 1937 წლის 5 ნოემბერს ჰიტლერმა თავისი გეგმები დაწვრილებით და დაზუსტებით წარუდგინა ვერმახტის გენერალიტეტს (იხ. „ჰოსბახის პროტოკოლი"). ომის მიმდინარეობა გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე (1939 მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი „სს-ის" წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა. ომის პირველი გასროლა მოახდინა გერმანულმა სასწავლო გემმა „შლეზვიგ-ჰოლშტაინმა". პოლონური არმია რიცხობრივად თანაბარი იყო ვერმახტის, თუმცა ტექნიკური და საბრძოლო ტაქტიკის მხრივ დიდად ჩამორჩებოდა თავდამსხმელებს. პოლონეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებაზე, რომელებთანაც მას ე.წ. „გარანტიის პაქტი" ჰქონდა დადებული 1939 წლის 30 მარტს. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 3 სექტემბერს ულტიმატუმი წაუყენეს გერმანიას და მოსთხოვეს ჯარების დაუყოვნებლივი გამოყვანა პოლონეთის ტერიტორიიდან. „გარანტიის პაქტის" მიხედვით ინგლის-საფრანგეთს ულტიმატუმის შეუსრულებლობის პირობებში სამხედრო მოქმედებები უნდა დაეწყოთ არაუგვიანეს 15 დღისა. ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ისეთივე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ პოლონეთის მიმართ, როგორიც ეკავათ გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის და ავსტრიის ანშლუსის დროს. გერმანიაზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა რომ პოლონეთის ორივე მოკავშირემ - ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა. 17 სექტემბერს პოლონეთის იმედებს წერტილი დაესვა. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის შესაბამისად წითელმა არმიამ მოახდინა პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია. მიუხედავად ამ ძალადობრივი ფაქტისა ამჯერად ინგლისს და საფრანგეთს საბჭოთა კავშირისათვის ომი არ გამოუცხადებიათ. იმავე დღეს პოლონეთის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და რუმინეთს შეაფარა თავი. პოლონეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალი იყო. 28 სექტემბერს დაეცა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, რომელიც 18 სექტემბრის შემდეგ ვერმახტის ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა. 29 სექტემბერს გერმანელებმა აიღეს მოდინის ციხესიმაგრეც. 8 ოქტომბერს ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების თანახმად პოლონეთი სადემარკაციო ხაზის საშუალებით გაიყვეს გერმანიამ და სსრკ-მა. გერმანიამ არა მარტო ვერსალის ზავით დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, არამედ მესამე რაიხის შემადგენლობაში შევიდა თითქმის მთელი ცენტრალური პოლონეთი ქ. ლოძთან ერთად. პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიაზე დაარსებულ იქნა გენერალ-გუბერნია. პოლონეთის დაპყრობას საშინელი შედეგი მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. უფასო მუშახელის იძულებით სამუშაობზე დეპორტირება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. განსაკუთრებით დაზარალდა პოლონეთის ებრაული მოსახლეობა, რომელთა განადგურებაც გერმანული რასიზმის უმაღლეს მიზანს წარმოადგენდა. იდენტურ „გენოციდს" „კლასობრივი მტრების" წინააღმდეგ აღმოსავლეთ პოლონეთში აწარმოებდა სსრკ-ც. პოლონეთზე სწრაფი სამხედრო გამარჯვების შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი „ელვისებური ომი" - იგივე „ბლიცკრიგი" (გერმ. Blitzkrieg) და იგი გერმანიის სამხედრო ტაკქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა 1941 წლის მიწურულამდე. პოზიციური ომი დასავლეთ ფრონტზე (1939) 1939 წლის 3 სექტემბერს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას. ამ მიზეზით საფრანგეთმა 5 სექტემბერს დაიწყო შეზღუდული, უფრო სწორად სიმბოლური შეტევა ზაარის მხარეზე. გერმანელბმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიხიეს უკან, გამაგრებული „დასავლეთის კედლის" (სამხედრო სიმაგრათა ხაზი) უკან. ამის შემდეგ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ საარტილერიო გასროლებს, საომარ მოქმედებებს დასავლეთის ფრონტზე ადგილი არ ჰქონია. ომის ეს ფაზა ცნობილია „მჯდომარე ომის" სახელით. გერმანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროპაგანდისტულ „თავდასხმებს" საფრანგეთის არმიაზე. პლაკატებითა და მეგაფონებით „შეიარაღებული" ვერმახტის კარისკაცები მიმართავდნენ ფრანგებს: „რატომ იბრძვით?" ან „ჩვენ პირველები არ გავისვრით" და ა.შ. 27 სექტემბერს ჰიტლერმა უბრძანა სახმელეთო ჯარების უმაღლესი მთავარსარდლობას ("OKH") შეემუშავებინათ თავდასხმითი გეგმა, ე.წ. „ყვითელი შემთხვევა" (გერმ. „Fall Gelb"). 29 ოქტომბერს გეგმა უკვე მზად იყო. იგი მიზნად ისახავდა 2 არმიით ბელგიისა და ნიდერლანდების გავლით მოკავშირეთა ჯარებზე თავდასხმას და მათ განადგურებას მდ. სომის ჩრდილოეთით. საბოლოო ჯამში თავდასხმას ადგილი 1939 წელს არ ჰქონია. ცუდი ზამთრის პირობებისა და პოლონეთში მოსალოდნელზე მეტი დანაკარგების გამო ჰიტლერმა თავდასხმა ერთიანობაში 29-ჯერ გადადო. ფინეთ-საბჭოთა კავშირის ზამთრის ომი (1939-1940) 1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1.500 ტანკითა და 3.000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200.000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25.000-ს არ აღემატებოდა. ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. 1940 წლის 12 მარტს ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელი მოეწერა საზაო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც კარელიის ნაწილი და ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო (დღ. პეჩენგა) სსრკ-ს გადაეცა. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა. დანიისა და ნორვეგიის დაპყრობა (1940) 1939 წლის მიწურულში გერმანიის ეკონომიკამ დიდი ზარალი განიცადა ფრანგული რკინის მადნის მიწოდების შეწყვეტით. ნეიტრალური შვეციის მიერ გერმანიის რკინის მადნით უზრუნველყოფა საკმარისი არ იყო, იგი ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნის მხოლოდ 40% აკმაყოფილებდა. ასევე დიდ როლს გერმანიის ეკონომიკისთვის თამაშობდა ფინური ნიკელი, რომელიც შვეციის გავლით ნორვეგიის ქალაქ ნარვიკიდან მიეწოდებოდა გერმანიას. აქედან გამომგდინარე ნორვეგიას დიდი ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა მესამე რაიხისთვის. დიდი ბრიტანეთი ცდილობდა ეს სასიცოსხლოდ მნიშვნელოვანლი ეკონომიკური ძარღვი გადაეკეტა გერმანიისათვის. 1940 წლის 5 თებერვალს ფრანკო-ბრიტანულმა სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა 4 დივიზიის ნარვიკში გადასხმა. ბრიტების მიერ განძრახულმა თავდასხმამ ნორვეგიულ პორტზე აიძულა ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა ცალკე შტაბი შეექმნა ნორვეგიისათვის. 1 მარტს ჰიტლერმა საბოლოოდ დაამტკიცა ოპერაცია „ვეზერიუბუნგი"' (ქართ. „წვრთნა ვეზერზე", გერმ. "Weserübung"), რომელიც მიზნად ისახავდა დანიის დაპყრობას და მისი, როგორც სასტარტო პლაცდარმის გამოყენებას ნორვეგიის დასაპყრობად. მარტში უკვე ადგილი ჰქონდა ცალკეულ შეტაკებებს ბრიტანულ საზღვაო ძალებთან. 5 აპრილს მოკავშირეებმა დაიწყეს ნორვეგიის სანაპირო წყლების დანაღმვა (ოპერაცია „ვილფრიდი") და გეგმავდნენ დამატებით ჯარების ნორვეგიის ტერიტორიაზე გადასხმას. მეორე დღეს, 6 აპრილს გერმანულმა მხარემ დაიწყო ოპერაცია ვეზერიუბუნგის განხორციელება, რომლის დროსაც მობილიზირებულ იქნა თითქმის მთელი გერმანული ფლოტი და გაგზავნილ იქნა ნარვიკის მიმართულებით. 9 აპრილს ნარვიკში გადასხდა ვერმახტის სამთო ეგერთა დივიზია. ბრიტანელები გერმანული დესანტის ნორვეგიაში გადასხმას შეუძლებლად თვლიდნენ და იქ მხოლოდ არმიის პატარ კონტინგენტი ჰყავდათ. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო "ვერმახტს" დანიის უბრძოლველად დაპყრობის შემდგომ უკვე 10 აპრილისათვის თითქმის წინააღმდეგობის გაუწევლად აეღო ქალაქები სტავანგერი, ტრონდჰაიმი და ნარვიკი. 12 აპრილს ბრიტანეთმა სტრატეგიული მოსაზრებებით დაიკავა დანიური ფარერის კუნძულები. 13 აპრილს ოფოტ-ფიორდში ადგილი ჰქონდა მძიმე საზღვაო ბრძოლებს, რომლებშიც ინგლისურმა საზღვაო გამანადგურებლებმა და საბრძოლო გემმა „ვორსპაიტმა" (ინგ. "HMS Warspite") შეძლეს ჩაეძირათ ყველა გერმანული საზღვაო გამანადგურებლები, ხოლო უკან დახეული მსუბუქი კრეისერები და სატვირთო გემები მოკავშირეთა წყალქვეშა ნავების და „სამეფო საჰაერო ძალების" (ინგ. Royal Air Force - "RAF") მიერ იქნენ განადგურებულნი. 17 აპრილს „სამეფო ფლოტმა" მძლავრი ცეცხლი გაუხსნა „ვერმახტის" პოზიციებს და დაიწყო ჯარების გადასხმა ნორვეგიაში. 19 აპრილისთვის დასრულებულ იქნა ბრიტანელი ჯარისკაცების და პოლონური და უცხოთა ლეგიონის შენაერთების გადასხმა. ამასობაში ხელსაყრელი ამინდის გამო ვერმახტმა შეძლო გაემაგრებინა თავისი პოზიციები ფრონტზე. 2 მაისს ლუფტვაფეს პილოტებმა საპორტო ქალაქ ნამსოსთან ჩაძირეს ბრიტანული და ფრანგული საიერიშო ხომალდები. იმავე თვეში ჩერჩილმა მიიღო გადაწყვეტილება მოკავშირეთა ჯარების ევაკუაციისა ნორვეგიიდან. რისი მიზეზიც გერმანიის სამხედრო წარმატებები იყო საფრანგეთში. სანამ მოკავშირეთა 24.500 კაციანი არმია ნორვეგიას დატოვებდა მათ შეძლეს დროებით აეღოთ ნარვიკი და მისი პორტი გაანადგურეს. 10 მაისს ნორვეგიის არმიამ იარაღი დაყარა და ამით დასრულდა ოპერაცია „ვეზერიუბუნგი". ნორვეგია რაიხსკომისარიატად გადაკეთდა, თუმცა ჰიტლერის ნებით შეინარჩუნა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი და გერმანიის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. მომდევნო წლებში ნორვეგია ვერმახტის მიერ ძლიერ იქნა გამაგრებული, ელოდა რა ჰიტლერი მოკავშირეთა სავარაუდო დესანტს. 1942 წლის თებერვალში გერმანიამ ნორვეგიის სათავეში ვიდკუნ ქუისლინგის მარიონეტული მთავრობა დასვა. დასავლეთ ფრონტი (1940) დასვლეთ ფრონტი გერმანიის მხრიდან გამაგრაბული იყო „ზიგფრიდის" (გერმ. "Siegfried") , ხოლო საფრანგეთის მხრიდან "მაჟინოს" (ფრანგ. "Maginot") თავდაცვითი ხაზით. მაჟინოს 130 კმ-იანი თავდაცვითი ხაზის ბუნებრივ გაგრძელებას არდენები წარმოადგენდა და რაკი ის სატანკო შენაერთებისთვის ძნელად გადასალახავ ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენდა ამიტომ საფრანგეთის გენერალიტეტი ამ მხრიდან გერმანიის თავდასხმას არ ელოდა. დასავლეთის ფრონტის საბრძოლო გეგმა ვერმახტში გენერალ-ლეიტანანტ ერიხ ფონ მანშტაინის და მისი ხელქვეითების, პოლკოვნიკ გიუნთერ ბლუმენტრიტის და იმჟამინდელი მაიორის ჰენინგ ფონ ტრესკოს მიერ იქნა შემუსავებული. გეგმა მიზნად ისახავდა არდენების გავლით სწრაფ გარღვევას და ჩრდილოეთით მოტოვებული მოკავშირეთა ძალებისათვის ზურგიდან დარტყმას. სატანკო და მოტორიზირებული დივიზიების დიდი კონცენტრაციით უნდა გაჭრილიყო „ხვრელი არდენებში" და როგორც შემდგომში ჩერჩილმა თქვა „ნამგალისებური ჩაჭრით" მოკავშირეთა არმიები ლა მანშამდე ალყაში უნდა მოექციეათ. 1940 წლის 10 მაისს გერმანიის სამხედრო შენაერთებმა (სულ 7 არმია) დაიწყეს შეტევები ნეიტრალურ ქვეყნებზე: ბელგიაზე, ნიდერლანდებზე და ლუქსემბურგზე. 136 ვერმახტის დივიზიის წინააღმდეგ იდგა მოკავშირეთა 137 დივიზია. თავდასხმის პირველსავე დღეს ვერმახტის სადესანტო-პარაშუტისტთა ნაწილებმა აიღეს მანამდე აუღებლად მიჩნეული ბელგიური ფორტი ებენ-ემელი (ფრან. Eben-Emael). 14 მაისს გენერალ გუდერიანის ტანკებმა გადალახეს მდ. მაასი. ინგლისის „სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები" (ინგლ. Royal Air Force) ყოველნაირად ცდილობდა დაენგრია პონტონები მდინარეზე და ხელი შეეშალა ჯარების მაასის გადალახვისთვის, მაგრამ ეს თავდასხმები წარუმატებელი გამოდგა და ბრიტანელებმა თავიანთი თვითმფრინავების დიდი ნაწილი დაკარგეს. 17 მაისს ფრანგებმა როგორც იქნა დაიწყეს შეტევა. შარლ დე გოლის მე-4 სატანკო დივიზიამ შეტევა დაიწყო მონკორნეს მიმართულებით. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა შეტევა შეწყვეტილ იქნა ლუფტვაფეს „შტუკების" ძლიერი თავდასხმების გამო. იმავე დღეს, 17 მაისს ბრიუსელი უბრძოლველად დანებდა ვერმახტს. ნიდერლანდები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომშიც ნეიტრალურები იყვნენ, უფრო სუსტად იყვნენ საბრძოლველად მომზადებული, ვიდრე ბელგიელები. უნდა ითქვას რომ ვერმახტმა თითქმის უბრძოლველად დაიპყრო ქვეყანა. 14 მაისს როტერდამის დაბომბვის შემდეგ ნიდერლანდებმა კაპუტულაცია გამოაცხადა. მომდევნო დღეს მთავრობა და დედოფალი ვილჰელმინა ლონდონში გადავიდნენ ემიგრაციაში. არტურ ზაის-ინკვარტი დაინიშნა ნიდერლანდების რაიხსკომისარად. 19 მაისს გერმანიის მე-6 არმიამ მიაღწია მდ. შელდეს და აბევილამდე წაიწია წინ. ეს შეტევა იმდენად წრაფად იწნა განხორციელებული, რომ ფრანგული და ბრიტანული სამხედრო ნაწილები დიუნკერკთან ალყაში მოქცეულები აღმოჩნდნენ. 27 მაისს მოკავშირეებმა დაიწყეს ალყაში მოქცეული 7.500 ჯარისკაცის ევაკუაცია („ოპერაცია დინამო"). სახმელეთო ჯარების დაჯგუფება "A"-ს სატანკო დივიზიებმა შეტევა ჩვეულებრივ გააგრძელეს, სანამ გენერალ-პოლკოვნიკმა გერდ ფონ რუნდშტეტმა შეჩერების ბრძანება არ გასცა. ჰიტლერის 24 მაისის ბრძანება შეტევის შეჩერების თაობაზე ისტორიული კვლევის დღემდე სადაო საკითხია, ბრძანების გაცემის მიზეზებზე ერთიანი აზრი არ არსებობს. 4 ივნისს ევაკუაცია, რომლეშიც მონაწილეობა 900-მდე სატრანსპორტო გემმა მიიღო მონაწილეობა, დასრულებულ იქნა. მიუხედავად ლუფტვაფეს შეუწვეტელი ბომბარდირებისა ევაკუირებულ იქნა დაახ. 337.000 ჯარისკაცი, აქედან 110.000 საფრანგეთის არმიის. დღევანდელი გადასახედიდან ჰიტლერის ბრძანება შეტევის შეჩერების სესახებ მძიმე ტაქტიკური შეცდომა იყო, რადგან ინგლისის არმიამ ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა და შემდგომში ვერმახტის ექსპანსიას ბრიტანეთში წინ გადაეღობა. ბრიტანული არმიის ევაკუაციის შემდეგ საფრანგეთი თავდაცვისთვის ემზადებობდა. ბენელუქსის დაპყრობით ვერმახტმა დაასრულა ოპერაცია „ფალ გელბი" (ქართ. „ყვითელი შემთხვევა", გერმ. Fall Gelb) და დაიწყო ოპერაცია „ფალ როტი" (ქართ. „წითელი შემთხვევა", გერმ. Fall Rot). 5 ივნისს გერმანელებმა სეტევა დაიწყეს მდინარეების ესნისა და სომის რეგიონში. 9 ივნისს მე-6 ინფანტერიის დივიზიამ გადალახა მდ. სენა. 11 ივნისს მუსოლინიმ ომი გამოუცხადა მოკავშირეთა ქვეყნებს. 14 ივნისს ვერმახტის მე-18 არმიამ უბრძოლველად აიღო პარიზი. იმავდროულად სახმელეთო არმიათა დაჯგუფება "C"-მ გაარღვია მაჟინოს ხაზი და აიღო ციხესიმაგრე ვერდენი. 17 ივნისს ახლადჩამოყალიბებული მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა ანრი ფილიპ პეტენმა საფრანგეთის კაპიტულაცია გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა 1940 წლის 22 ივნისს კომპიენის ტყეში, ზუსტად იმ აგილზე სადაც 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ ხელი მოაწერა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების დოკუმენტს. ჰიტლერმა საამისაოდ მარშალ ფერდინან ფოშის ვაგონიც კი წამოაღებინა პარიზიდან. საომარი ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 25 ივნისის 01:35 საათზე. იმისათვის რომ საფრანგეთის ფლოტი გერმანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში ბრიტანელებმა 3 ივლისს დაბომბეს მერს-ელ-ქებირის პორტი, სადაც ფრანგული გემების ნაწილი იყო სტაციონირებული. ბლიცკრიგი დასავლეთ ფრონტზე 6 კვირა და 3 დრე გაგრძელდა, რომელმაც 135.000 მოკავშირეთა და 46.000 ვერმახტის ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი ორ ნაწილად იქნა გაყოფილი. ჩრდილოეთში (გერმანიის სფერო) სტაციონირებულ იქნენ ვერმახტის და ლუფტვაფეს ძალები ბრიტანეტზე ინვაზიის დასაწყებად. ატლანტის ოკეანის პორტებში და განსაკუთრებით ბრესტში შეიქმნა კრიეგსმარინეს წყალქვესა ნავების ბაზები. სახრეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ფრანგული კონტროლის ქვეშ დარჩა, რომელსაც პეტენის მარიონეტული მთავრობა განაგებდა ქალაქ ვიშიდან. საჰაერო ომი ინგლისისათვის (1940/41 ინგლისისათვის საჰაერო ომის მიზანი ბრიტანეთში შეჭრისთვის (ოპერაცია „ზეელიოვე") მზადება იყო, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა ლუფტვაფეს არაბრძოლისუნარიანი უნდა გაეხადა „სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები" ("RAF"). მიუხედავად ამისა ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ ინგლისი გერმანიის ასეთი აშკარა მუქარის გამო შეწყვეტდა ბრძოლას და ზავს ითხოვდა და შეჭრა საჭირო აღარ იქნებოდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბრიტანეთი მთელი ძალებით ემზადებოდა საჰაერო ბრძოლისათვის. მარტო ბრძოლის დაწყებიდან პირველ სამ თვეში ინგლისელებმა 1.400 საბრძოლო თვითმფრინავი დაამზადეს. „რაფ-ი" პილოტების ნაკლებობას განიცდიდა, რაც შევსებულ იქნა ბრიტანეთის თანამეგობრობის, ფრანგი, ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი მოხალისე მფრინავებით. ბრიტანელი მფრინავების თავგანწირულმა ბრძოლამ და დიდმა მატერიალურმა და ცოცხალმა დანაკარგებმა ორივე მხრიდან აიძულა ლუფტვაფე 1940 წლის ოქტომბრიდან შეემცირებინა ფართომასშტაბიანი ბომბარდირების აქციები და მთავარი აქცენტი ღამეულ თავდასხმებზე გადაეტანა. ლუფტვაფეს ხელმძღვანელობის და განსაკუთრებით ჰერმან გიორინგის ფატალური შეცდომა იყო ინგლისელთა რადარების უგულველყოფა და ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა „რაფ-ი" ამ თავდასხმებს არ დაუსუსტებია, ხოლო რადარის ტექნოლოგიის მიზანმიმართული გამოყენებით ინგლისელები ეფექტურად ანადგურებდნენ ლეფტვაფეს თვითმფრინავებს. გიორინგი საჰაერო ომში დამარცხებას პილოტთა სიმხდალეს აბრალებდა, რას სიმართლეს არანაირად არ შეესაბამებოდა და უფრო ის მიზანი ჰქონდა რომ ყურადრება მისი პერსონიდან და საკუთარი შეცდომებიდან სხვა საგანზე გადაეტანა. ლონდონისა და ინგლისის სხვა ქალაქების ბომბარდირებას 32.000 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა. ქალაქი ქოვენთრი თითქმის მთლიანად მიწასთან იქნა გასწორობული. ბალკანეთი (1940/41) ბენიტო მუსოლინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ბალკანეთის წინაარმდეგ. 1940 წლის 28 ოქრომბერს იტალია თავისი კოლონიის, ალბანეთის ტერიტორიიდან თავს დაესხა საბერძნეთს. მუსოლინიმ კავშირის დამყარება სცადა ბულგარეთთან, თუმცა ეს წინადადება უარყიფილ იქნა მეფე ბორის III-ის მიერ. საბერძნეთზე თავდასხმის გეგმას არ იცნობდა ჰიტლერიც, რომელიც ამ დროისათვის ბალკანეთზე ოპერაციის მომხრე არ იყო და ცდილობდა იტალიასთან ერთად ინგლისის ინვაზიის გეგმა განეხორციელებინა. დუჩეს მიზანი იყო საბერძნეთი ბლიცკრიგით დაეპყრო, თუმცა ეს გეგმა არ შედგა. უკვე 3 ნოემბერს ბერძნებმა დაიწყეს კონტრშეტევა მთელ ფრონტზე და აიძულეს იტალიელები თავდაცვით პოზიციაზე გადასულიყვნენ, 14 ნოემბრისთვის კი უკვე თითქმის ალბანეთის საზღვრებამდე უკან დაახევინეს. მოკავშირის გარდაუვალი მარცხი რომ აეცილებინა ჰიტლერმა ბრძანება გასცა ბალკანეთზე შეტევის - დაიწყო ოპერაცია „მარიტა" 1941 წლის დასაწყისში გერმანიამ სცადა მოლაპარაკების გზით გადაეჭრა კონფლიქტი. ჰიტლერმა იუგოსლავიას შეთავაზა შეერთებოდა ბერლინი-რომი-ტოკიოს პაქტს, თუმცა იგი ამ ეტაპზე უარყოფილ იქნა. გერმანიის მოკავშირეობაზე უარი განაცხადა საბერძნეთმაც, რომელიც წარმატებას წარმატებაზე აღწევდა იტალიის წინააღმდეგ ომში. 9 მარტის იტალიური არმიის შეტევა ბერძენთა პოზიციებზე ტოტალური კრახით დასრულდა. 27 მარტს იუგოსლავია დათანხმდა გერმანიის წინადადებას და მისი მოკავშირე გახდა, თუმცა ამას შედეგად მოყვა მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება, საპროტესტო დემონსტრაციები და პუტჩი პრინც-რეგენტ პაველის მთავრობის წინააღმდეგ. მოკავშირეობის ხელშეკრულება გაუქმებულ იქნა. ყოველივე ამის შემდეგ გერმანიიას მხოლოდ სამხედრო ინტერვენციის გზა დარჩა.6 აპრილს ვერმახტმა გადალახა იუგოსლავიის საზღვრები. პარალელურად ლუფტვაფე-მ დაიწყო ბელგრადის ფართომასშტაბიანი დაბომბვა. დანარჩენი უკვე დროის საკითხი იყო. 10 აპრილს გერმანელებმა აირეს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, 2 დღის შემდეგ 12 აპრილს ბელგრადმა იარაღი დაყარა ვერმახტის სატანკო არმიების წინაშე. 17 აპრილს ხელი მოეწერა იუგოსლავიის უსიტყვო კაპიტულაციას. 6 აპრილსვე დაიწყო ვერმახტის შეტევა საბერძნეთზე, სადაც წინააღმდეგობა გაცილებით დიდი იყო ვიდრე იუგოსლავიაში. განსაკეთრებით დიდი დანაკარგები ვერმახტმა ნახა მეტაქსას ხაზთან, რომელიც მთიან რეგიონში ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. 9 აპრილს გერმანელებმა აიღეს სალონიკი, რამაც აღმოსავლეთ მაკედონიაში სტაციონირებულ ბერძნულ სამხედრო შენაერთებს გზა მოუჭრა და მეტაქსას ხაზს გარღვევის საფრთხე დაემუქრა. ალბანეთის ფრონტიდან გადმოსროლილი ბერძნული ჯარები გერმანულ და იტალიურ ტანკებს და საჰაერო დაბომბვებს შეეწირნენ. 21 აპრილს 223.000 ბერძენმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა. საბერძნეთში სტაციონირებულმა ბრიტანულმა ჯარებმა თავდაცვითი ხაზი ააგეს თერმოპილებთან, რომელიც 24 აპრილს გადათელილ იქნა ვერმახტის მიერ. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ბრიტანეთის მხედართმთავრობამ სასწრაფომ ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო და 50.000 ბრიტანელი მებრძოლი ეგვიპტეში იქნა გადაყვანილი. 27 აპრილს ვერმახტის ჯარები შევიდნენ ათენში. 25 აპრილს გერმანიისა და მის მოკავშირეთა 593 სატრანსპორტო თვითმფრინავმა საჰაერო დესანტი გადასხა კრეტაზე (ოპერაცია „მერკური"). პარაშუტისტები მოწინააღმდეგისთვის ადვილ სამიზნეს წარმოადგენდნენ და დესანტმა დიდი დანაკლისი განიცადა. ასევე უშედეგოდ დასრულდა მათი ცდა აეღოთ რომელიმე ახლომდებარე აეროდრომი, რომლითაც დამხმარე ძალები შეძლებდნენ კუნძულზე გადმოსვლას. განსაკუთრებით კი არტილერია და ტანკები. მხოლოდ მას შემდეგ რაც ლუფტვაფემ საჰაერო ჰეგემონია მოიპოვა კრეტაზე და გაძლეირებული საზღვაო დესანტი გადმოსხდა კუნძულზე შესაძლებელი იქნა აეროდრომების აღება. მოკავშირეთა ჯარები (მათ შორის ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები) ერთი კვირის განმავლობაში იცავდნენ კრეტას, თუმც საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ 17.000 კაციანი კორპუსის ევაკუაცია მოეხდინათ. პირადი შემადგენლობის დიდი დანაკარგის გამო ჰიტლერმა შემდგომში ყოველთვის უარი განაცხადა შესაბამისი სახის საჰაერო სადესანტო ოპერაციებზე. რუსეთის კამპანია (1941-1945) თავდასხმის სამხედრო გეგმა ბალკანეთის ომმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღი 4 კვირით უკან გადაწია. მას ადგილი ჰქონდა 1941 წლის 22 ივნისს. ამ დაგვიანებამ და უჩვეულოდ ადრე დამდგარმა ზამთარმა ხელი შეუშალა გერმანელთა გეგმის ოპერატიულ განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავდა ზამთრის დადგომამდე „არხანგელსკ-ასტრახანის ხაზის" მიღწევას. ვერმახტის მთავარსარდლობის გამოთვლების თანახმად გეგმის ოპტიმალურად შესრულება შეიძლებოდა თუკი ჯარების ზურგიდან მომარაგება ფსკოვ-კიევ-ყირიმის გავლით შეუფერხებლად იწარმოებოდა. მიუხედავად ამისა ჰიტლერი მოითხოვდა მოსკოვის აღებას და ამით გეგმის ოპტიმალური ვარიანტიდან გადახვევას. სსრკ-ზე თავდასასხმელად ვერმახტს მზად ჰყავდა 3 არმიათა დაჯგუფება. არმიათა ჯგუფ „ჩრდილოეთს" (გერმ.: Die Heeresgruppe Nord), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ ლეები, უნდა აეღო ბალტიის ქვეყნები და შეტევა გაეგრძელებინა ლენინგრადის მიმართულებით. არმიათა ჯგუფ „ცენტრს" (გერმ.: Die Heeresgruppe Mitte), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ ბოკი, უნდა შეეტია დედაქალაქ მოსკოვისათვის და შესაბამისად ყველაზე ძლიერად იყო აღჭურვილი. არმიათა ჯგუფ „სამხრეთს" (გერმ.: Die Heeresgruppe Süd), მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ რუნდშტეტი, უნდა დაეპყრო უკრაინა. საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად მობილიზირებულ იქნენ გერმანიის სატელიტი ქვეყნების სამხედრო შენაერთებიც. დაგეგმილი იყო შეტევის განხორციელება დაპყრობილი ნორვეგიიდანაც, რომელიც მიზნად ისახავდა მურმანსკის აღებას და იქ მდებარე რკინიგზის ხაზის და პორტის ხელში ჩაგდებას. თავდასხმა 1941 წლის 22 ივნისის დილას ვერმახტის 149 დივიზიამ (მათ შორის ყველა გერმანული სატანკო სა მოტორიზებული ძალები) გადალახა სსრკ-ის საზღვრები. 2 დივიზია შეტევას აწარმოებდა ფინეთიდან, 8 სტაციონირებული იყო ნორვეგიაში, 1 – დანიაში, 38 დივიზია დასავლეთ ფრონტზე მოქმედებდა, 2 იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში და 7 - ბალკანეთზე. მიუხედავად ოპერატიული ინფორმაციისა წითელი არმიის საშუალო და დაბალი რანგის სარდლობა გერმანელთა თავდასხმას მოუმზადებელი შეხვდა. უამრავი საბჭოთა მებრძოლი სსრკ-ის საზღვრის გასწვრივ რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დანებდა მარშით მიმავალ ვერმახტის ჯარებს. ამის ერთადერთი ახსნა „პრევენციული დარტყმის თეზით" თუ შეიძლება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ისტორიკოსთა გარკვეული წრის მიერ გაზიარებული იქნა და რომელიც ჯერ კიდევ მესამე რაიხის იდეოლოგების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ეყრდნობა. ამ ინფორმაციის მიხედვით საბჭოთა კავშირი თვითონ ემზადებოდა გერმანიაზე თავდასახმელად. ის ფაქტი, მართლა აპირებდა თუ არა სსრკ გერმანიაზე თავდასხმას და მართლა იყო თუ არა წითელი არმია ასეთი ომისათვის, არ ამსუბუქებს ნაცისტური გერმანიის დანაშაულს ამ თავდასხმაში. სსრკ.ის წინააღმდეგ დაწყებული დაპყრობითი და გამანადგურებელი ხასიათის ომი იყო ჯერ კიდევ წლების წინ ჰიტლერის მიერ ფორმულირებული „აღმოსავლეთში საარსებო სფეროს" მოპოვების გეგმის დამასრულებელი ეტაპი. ამერიკის ჩაბმა ომში (1941) ამერიკის შეერთებული შტატები თავიდან ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა მიმდინარე კონფლიქტში. მოსახლეობის უმრავლესობის ანტისაომარი განწყობა ხელს უშლიდა პრზიდენტ რუზველტს პირდაპირ მიეღო მოანწილეობა ომში დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს მხარეზე. თუმცა ფარულად ამერიკა ყოველგვარ შესაძლებელ დახმარებას უწევდა ბრიტანეთს. 1941 წლის 11 მარტის კანონით ამერიკის კონგრესმა ეს დახმარება კანონიერი გახადა. ამის შემდეგ აშშ დიდი რაოდენობით საბრძოლო და სამეურნეო იარაღს აწვდიდა როგორც ბრიტანეთს, ისე საბჭოთა კავშირს. იაპონიის თავდასხმის შემდეგ აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტზე პერლ-ჰარბორში 1941 წლის 7 დეკემბერს, ამერიკა იძულებული გახდა მეორე დღეს, 8 დეკემბერს, ომი გამოეცხადებინა გერმანიისა და იაპონიისათვის. აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ პრიორიტეტი ევროპაზე გადაეტანათ და პირველ რიგში დაემარცხებინათ გერმანია („Germany first"). პირველი შეტაკეკბს ამერიკისა და გერმანიის ჯარებს შორის ადგილი ჰქონდათ 1942 წლის მიწურულს ჩრ. აფრიკაში. ბრძოლა ჩრდილოეთ აფრიკაში 1940-1943 მთავარი თემა: „აფრიკის კამპანია" იტალიელებმა ჩრდილოეთ აფრიკაში, ისევე როგორც ევროპაში, ბრიტანელთა წინააღმდეგ მთელი რიგი დამარცხებებისა იწვნიეს. 1940 წელს ლიბიაში წამოწყებული იტალიელთა შეტევა ტოტალური მარცხით დამთავრდა. გერმანელმა გენერალმა ერვინ რომელმა 1941 წლის თებერვალში მიიღო ბრძანება მოკავშირე იტალიელები დაეცვა. რომლის ხელქვეით მხოლოდ სუსტი შენაერთები იდგნენ. შეაფასა რა შექმნილი სიტუაცია, რომელი მივიდა იმ დასკვნამდე რომ ინგლისელთა შეტევის შემთხვევაში თავისი სუსტი ჯარებით თავდაცვას ვერ შეძლებდა. ამიტომ მან გადაწყვიტა თვითონ შეეტია მოწინააღმდეგისათვის და გამოეყენებინა მოულოდნელობის ეფექტი. 31 მარტს რომელმა შეტევა დაიწყო. მისი შეტევის მთავარი ძალა მიმართული იყო მერსა ბრეგას წინააღმდეგ, რომ შემდეგ კირენაიკასკენ გაჭრილიყო. რომლის ვარაუდი გამართლდა, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და გერმანელებმა ბენგაზიც კი აიღეს. 10 მარტისათვის „აფრიკის კორპუსი" აღმოსავლეთ ლიბიურ პორტ-ციხესიმაგრეს ტობრუკს მიადგა, რომელიც მცირე ხნით ადრე იტალიელებმა გაამაგრეს და შემდეგ თითქმის უბრძოლველად დატოვეს. მთელი 1 თვის განმავლობაში რომლის არმია უშედეგო იერიშს იერიშზე აწარმოებდა ტობრუკის წინააღმდეგ. 13 აპრილს რომელმა იერიში შეწყვიტა. ასევე შეწყვეტილ იქნა წინსვლაც, ვინაიდან გერმანული არმიის მომარაგება ზურგიდან შეფერხებებით მიმდინარეობდა. ორივე მებრძოლი მხარე პოზიციურ საომარ სიტუაციაზე გადავიდა. ნოემბერის დასაწყისში ბრიტანელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. 26 ნოემბერს ბრიტანელთა მეორე კონტიერიშის შემდეგ ტობრუკის გარნიზონმა მოახერხა ალყის გარღვევა. 7 დეკემბერს „აფრიკის კორპუსმა" დაიხია გაზალას თავდაცვით ხაზამდე. თუმც ეს უკანადახევა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1942 წლის იანვარში რომელმა კვლავ იერიში მიიტანა ტობრუკზე. 1942 წლის 26 მაისს მან დაიწყო ტობრუკზე შეტევა - კოდური სახელი „ოპერაცია თეზეუსი". მძიმე სატანკო ბრძოლების შემდეგ გერმანელებმა და მისმა მოკავშირეებმა შეძლეს 10 ივნისს აეღოთ ბირ ჰახეიმი, ხოლო 20 ივნისს აღებულ იქნა ტობრუკი. ამ წარმატებისათვის რომელს გენერალ-ფელდმარშალის სამხედრო წოდება მიენიჭა. რომლის შემდგომი მიზანი ეგვიპტეზე შეტევა იყო. გერმანელებს უნდა აეღოთ ალექსანდრია და სუეცის არხი. ამ მიზნებს წინ გადაეღობა ბრიტანელთა სარდალი ბერნარდ მონტგომერი. ელ ალამეინის მახლობლად ბრიტანელებმა თავდაცვის 65 კმ-იანი ხაზი ააგეს და გერმანელთა შეტევა შეაჩერეს. 23 ოქტომბერს მონტგომერის კონტშეტევა წამოიწყო. „აფრიკის კორპუსი" ბრიტებზე რიცხობრივად მცირე იყო და იძულებული გახდა უკან დაეხია. გერმანელთა სიტუაცია სრულიად უიმედო შეიქმნა მას შემდეგ რაც 8 ნოემბერს ამერიკელები გადმოსხდნენ კასაბლანკაში და ალჟირში („ოპერაცია ტორჩი") და გერმანელთა ზურგში მეორე ფრონტი გახსნენ. 13 ნოემბერს ქალაქი ტობრუკი ბრიტანელებმა აიღეს. 1943 წელს რომელს უკანდახევის მეტი სხვა გზა არ ჰქონდა. 23 იანვარს ბრიტებმა აიღეს ტრიპოლი. მარტ-აპრილში გერმანიისა და მის მოკავშირეთა ჯარები ალყაში აღმოჩდნენ („ტუნისის კამპანია"). გერმანელთა შეუპოვარი ბრძოლა მხოლოდ მარეთის ხაზზე გრძელდებოდა. 13 მაისს „აფრიკის კორპუსი" იძულებული გახდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა ომის დასასრული ევროპაში (1945) ჰიტლარის სიკვდილის შემდეგ გროსადმირალი კარლ დიონიცი 1 მაისისს ფიურერის ანდერძისამებრ გერმანიის რაიხსპრეზიდენტი გახდა. დიონიცს სურდა გერმანელი მეომრები დასავლელ მოკავშირეებს ჩაბარებოდნენ ტყვედ, რათა თავი დაეხსნათ სსრკ-ის შურისძიებისაგან. ამისათვის მან გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ბრძოლა გრძელდებოდა. 2 მაისს დიონიცმა თავისი შტაბი ჯერ კიდევ გერმანელთა ხელში მყოფ ქალაქ ფლენსბურგში განათავსა და შეადგინა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რაიხის ფინანსთა მინისტრი გრაფი შვერინ ფონ კროზიგკი. 4 მაისს ნორვეგიაში ბრიტანელთა წინააღმდეგ მებრძოლმა „ვერმახტის" შენაერთებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდათ „კრიგსმარინეს" ახლად დანიშნული მეთაური გენერალ-ადმირალი ჰანს-გეორგ ფონ ფრიდებურგი კაპიტულაცია გამოაცხადეს. 7 მაისს გენერალ-პოლკოვნიკმა ალფრედ იოდლმა რეიმსში ხელი მოაწერა დასავლელი მოკავშირეების წინაშე გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციას. მომდევნო დღეს ბერლინ-კარლსჰორტში იგივე გააკეთა ოღონდ ამჯერად სსრკ-ის წინაშე გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტეკმა. 9 მაისს გერმანიის სრული კაპიტულაცია ძალაში შევიდა. მიუხედავად კაპიტულაცია გერმანელთა ხელში იყო ფრანგული ქალაქები: ბრესტი, ლა-როშელი, ლორიანი და სენ-ნაზერი, ასევე ავსტრიის ნაწილი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი და ბოჰემია. ამ უკანასკნელიდან 2 მილიონმა ჯარისკაცმა გაასწრო წითელი არმიის მოსვლას და დასავლელ მოკავშირეებს ჩაბარდა ტყვედ. მეორე მსოფლიო ომის მესამე პერიოდი (1942 წლის 19 ნოემბერი - 1943 დეკემბერი) III პერიოდი ხასიათდება საომარ მოქმედებათა მასშტაბებისა და დაძაბულობის ზრდით. ფაშისტური გერმანიის მესვეურები ყველა საშუალებით ცდილობდნენ გამარჯვების მიღწევას სსრკ-ზე. ფაშისტური დიქტატურის რეჟიმმა უკიდურესობამდე გააძლიერა ექსპლუატაცია, რეპრესიები და ძარცვა ოკუპირებული ქვეყნების რესურსების მაქსიმალური გამოყენების მიზნით. ფაშისტური გერმანიისათვის მუშაობდა თითქმის მთელი ევროპის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. 1942 ნოემბერში 267 დივიზიიდან და 5 ბრიგადიდან, რომელიც გერმანიას ჰყავდა, 192 დივიზია (71%) და 5 ბრიგადა მოქმედებდა წითელი არმიის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სსრკ-გერმანიის ფრონტზე იბრძოდა გერმანიის სატელიტთა 66 დივიზია და 13 ბრიგადა. ამ პერიოდშიც მეორე მსოფლიო ომის მთავარ ფრონტად კვლავ სსრკ-გერმანიის ფრონტი რჩებოდა. 1942 წლის 19 ნოემბერს დაიწყო საბჭოთა ჯარების კონტრშეტევა სტალინგრადთან (სტალინგრადის ბრძოლა 1942-1943). 1943 წელს კურსკთან ბრძოლებში (კურსკის ბრძოლა 1943)ფაშისტური გერმანიის ჯარების განადგურების შედეგად მოხდა ძირითადი გარდატეხა მეორე მსოფლიო ომის მსველობაში. ფაშისტური გერმანია იძულებული გახდა გადასულიყო სტრატეგიულ თავდაცვაზე. საბჭოთა არმიამ დაიწყო ფართო შეტევა მთელ ფრონტზე. 1943 ზაფხულსა და შემოდგომაზე გაათავისუფლეს დონბასი და მარცხენა ნაპირის უკრაინა, გადალახეს დნეპრი და დაიწყო ბელორუსიის გათავისუფლება. 1942 შემოდგომიდან ერთგვარად გააქტიურდა დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის სამხედრო მოქმედება. 1942 ოქრომბრის ბოლოს დაიწყო ინგლისის მე-8 არმიის (სარდალი გენერალი მონტგომერი) შეტევა ჩრდილოეთ აფრიკაში. ელ-ალამაინის ბრძოლაში (1942 წლის 23 ოქტომბერი-4 ნოემბერი) გამარჯვების შემდეგ ინგლისის ჯარები 3 თვის განმავლობაში უტევდნენ გენერალ-ფელდმარშალ რომლის ჯარებს აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწცრივ და გავიდნენ ტუნისის სამხრეთ საზღვართან. 1942 წლის 8 ნოემბერს დაიწყო ამერიკა-ინგლისის საექსპედიციო ძალების (150 ათ.) გადასხმა საფრანგეთის ჩრდილოეთ აფრიკაში. მალე მოკავშირეებმა დაიკავეს მაროკო, ალჟირი, შევიდნენ ტუნისში. 1943 ზაფხულში მოკავშირეთა ჯარებმა დაიკავეს კუნძული სიცილია. სექტემბერს გადასხეს საზღვაო დესანტები აპენინის ნახევარ კუნძულზე (იტალიის კამპანია 1943-1945). საბჭოთა არმიის გამარჯვებები ხელს უწყობდა ევროპის ხალხთა ანტიფაშისტური ბრძოლის აღმავლობას. ომის III პერიოდში მოხდა არსებითი ცვლილებები წყნარ ოკეანესა და აზიაში მებრძოლ მხარეთა ძალთა თანაფარდობაში. 1943 განმავლობაში ამერიკის ჯარები გადასხდნენ ახალ გვინეაზე, განდევნეს იაპონელები ალეუტის კუნძულებიდან, საგრძნობი ზარალი მიაყენეს იაპონიის სამხედრო და სავაჭრო ფლოტს. მეორე მსოფლიო ომის მეოთხე პერიოდი (1944 წლის 1 იანვარი - 1945 წლის 8 მაისი) ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები გაპირობებული იყო ანტიფაშისტური კოალიციის სამხედრო და ეკონომიური ძლიერების ზრდით, საბჭოთა შეიარაღებელი ძალების სულ უფრო მძლავრი დარტყმით და ევროპაში მოკავშირეთა მოქმედების აქტივიზაციით. ყირიმის კონფერენცია 1944 დასაწყისში 315 დივიზიისა და 10 ბრიგადიდან, რომელიც ფაშისტურ გერმანიას ჰყავდა, 198 დივიზია და 6 ბრიგადა სსრკ-გერმანიის ფრონტზე იბრძოდა. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობამ ცხადყო, რომ სსრკ-ს საკუთარი ძალებით შეეძლო ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მოპოვება და ევროპის გათავისუფლება ფაშისტური უღლისაგან. 1944 ზაფხულისათვის საერთაშორისო და სამხედრო ვითარება ისეთი იყო, რომ მე-2 ფრონტის გახსნის შემდგომ დაყოვნებას შედეგად მოჰყვებოდა მთელი ევროპის გათავისუფლება სსრკ-ის ძალებით. ასეთმა პერსპექტივამ აიძულა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები დაეჩქარებინათ შეჭრა დასავლეთ ევროპაში ლა-მანშის მხრიდან. მოკავშირეებს ძალთა აბსოლუტური უპირატესობა გააჩნდათ. 2 წლის სამზადისის შემდეგ, 1944 წლის 6 ივნისს დაიწყო ნორმანდიის სადესანტო ოპერაცია. 1944 წლის 19 აგვისტოს პარიზში დაიწყო აჯანყება. მოკავშირეთა ჯარების მისვლის მომენტისათვის დედაქალაქი უკვე ფრანგი პატრიოტების ხელში იყო. უდიდესი შეტევითი ოპერაციებით აღინიშნა 1944 ზაფხული და შემოდგომა. 1944 ბელორუსიის ოპერაციის შედეგად გათავისუფლდა ბელორუსია და ლიტვის სსრ მნიშვნელოვანი ნაწილი. საბჭოთა ჯარებმა პოლონეთის I არმიის ნაწილებთან ერთად დაიწყეს პოლონეთის გათავისუფლება. რუმინეთის მშრომელებმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით 1944 წლის 23 აგვისტოს დაამხეს ი. ანტონესკუს სამხედრო-ფაშისტური დიქტატურა, 9 სექტემბერს აჯანყების შედეგად ბულგარეთში დაემხო მონარქისტული ფაშისტური რეჟიმი და შეიქმნა სამამულო ფრონტის მთავრობა, რომელმაც ომი გამოუცხადა გერმანიას. 29 აგვისტოს დაიწყო სლოვაკიის შეიარაღებული აჯანყება ფაშისტური დამპყრობთა წინააღმდეგ. საბჭოთა ჯარებმა 20 სექტემბერს დაიწყეს ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლება. ამავე დროს იუგოსლავიის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ნაწილებმა საბჭოთა არმიის აქტიური მონაწილეობით 20 ოქტომბერს გაათავისუფლეს ბელგრადი. 1944 გერმანიის დამპყრობთაგან გათავისუფლდა ნორვეგიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის რაიონი. 1945 დასაწყისისათვის ფაშისტური გერმანია ეკონომიური და სამხედრო რესურსები გამოიფიტა. 1944 შუა ხანიდან ნედლეულის ძირითადი წყაროების დაკარგვის გამო სწრაფად ეცემოდა სამხედრო წარმოება. მიუხედავად ამისა, ფაშისტების მმართველ ხროვას ანტიჰიტლერულ კოალიციაში განხეთქილების იმედი ჰქონდა და ომის გაჭიანურებას ცდილობდა. 1944 წლის 16 დეკემბერს ფაშისტურმა ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა არდენში. ინგლის-ამერიკის მთავრობებმა საბჭოთა მთავრობას სთხოვეს აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევის დაჩქარება. ვისლა-ოდერის ოპერაციის მსვლელობაში საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს გერმანიის ფაშისტთა დაჯგუფება ვისლასა და ოდერს შორის, გაანადგურეს 35 დივიზია და მძიმე ზარალი მიაყენეს 25 დივიზიას. აღმოსავლეთ პრუსიის ოპერაციის (1945)დროს განადგურდა გერმანელთა 25 დივიზია და მძიმე ზარალი განიცადა 12 დივიზიამ. საბჭოთა ჯარებმა იერიშით აიღეს კენიგსბერგი. 1945 წლის თებერვალ-აპრილის I ნახევარში გაანადგურეს მტრის მსხვილი დაჯგუფებები აღმოსავლეთ პომერანიასა და სილეზიაში, გაათავისუფლეს ბალტიის ზღვის სანაპირო დანციგიდან ოდერამდე. გერმანიის წინააღმდეგ მოქმედების კოორდინაციისათვის და ევროპაში ომის შემდეგ წესრიგის დამყარების საკითხებთან დაკავშირებით 1945 წლის 4-11 თებერვალს იალტაში შედგა სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელთა კონფერენცია (ყირიმის კონფერენცია 1945). ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგობის უკანასკნელი ცენტრი ბერლინი იყო. 16 აპრილს დაიწყო გრანდიოზული ბერლინის ოპერაცია (1945). ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ (30 აპრილი) ადმირალ დენიცის მეთაურობით შეიქმნა მთავრობა, რომელიც წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას ცდილობდა. 6-11 მაისს საბჭოთა არმიებმა ჩაატარეს პრაღის ოპერაცია (1945). ფართო ფრონტით შეტევის შედეგად საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნების გათავისუფლება. 4 მაისს ხელმოწერილ იქნა აქტი გერმანელთა ჯარების დანებების შესახებ ნიდერლანდში, ჩრდილოეთ-დასავლეთ გერმანიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და დანიაში. 5 მაისს დანებდნენ ფაშისტური ჯარები სამხრეთ და დასავლეთ ავსტრიაში, ბავარიაში, ტიროლში და სხვა რაიონებში. 8 მაისს, შუაღამისას საბჭოთა ჯარების მიერ დაკავებული კარლსჰორსტის გარეუბანში გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ფელდმარშალ ვ. კაიტელის მეთაურობით ხელი მოაწერეს აქტს ფაშისტური გერმანიის შეიარეღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის შესახებ. უსიტყვო კაპიტულაცია საბჭოთა მთავრობის დავალებით მიიღო საბჭოთა კავშირის მარშალმა გ. ჟუკოვმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის მეხუთე პერიოდი (9 მაისი - 2 სექტემბერი 1945) აგრესიულ სახელმწიფოთა კოალიციიდან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა, 1945 მაისში ბრძოლას მხოლოდ იაპონია განაგრძობდა. 17 ივლისიდან - 2 აგვისტომდე შედგა სსრკ-ის (დელეგაციის მეთაური ი. სტალინი), აშშ-ის (დელეგაციის მეთაური ჰ. ტრუმენი) და დიდი ბრიტანეთის (დელეგაციის მეთაური უ. ჩერჩილი, 28 ივლისიდან - კ. ეტლი) მთავრობათა მეთაურების პოტსდამის კონფერენცია 1945 (1945), მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის დემილიტარიზაციის , დენაციფიკაციისა და დემოკრატიული გარდაქმნის შესახებ. დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ჩინეთის მთავრობებმა წაუყენეს იაპონიას კაპიტულაციის კონკრეტული პირობები, რომლებიც იაპონიის მთავრობამ უარყო, სსრკ-მა, რომელმაც 1945 აპრილში მოახდინა სსრკ-იაპონიის ნეიტრალიტეტის შესახებ პაქტის დენონსირება, დაადასტურა მზადყოფნა ჩაბმულიყო ომში იაპონიის წინააღმდეგ. 6 აგვისტოსა და 9 აგვისტოს აშშ-მა ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რის შედეგადაც დაიხოცა და დასახიჩრდა 1/4 მლნ-მდე მშვიდობიანი მცხოვრები. 8 აგვისტოს სსრკ-მა ომი გამოუცხადა იაპონიას. 9 აგვისტოს საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს საომარი მოქმედება მანჯურიაში განლაგებული იაპონელთა კვანტუნის არმიის (1,2 მლნ. კაცი) წინააღმდეგ. 10 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაება მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაც. საბჭოთა ჯარებმა სწრაფი შეტევით მოკლე დროში გაანადგურეს კვანტუნის არმია და გაათავისუფლეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ჩინეთის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეა, კუნძული სახალინი და კურილის კინძულები. გათავისუფლებული მანჯურია ეკონომიკურად ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რაიონი, გადაიქცა ჩინეთის რევ. ძალების საიმედო სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმად. სსრკ-ის ომში ჩაბმამ და კვანტუნის არმიის განადგურებამ დააჩქარა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაცია, რომლითაც 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომის შედეგები მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ბედზე. გერმანია, იტალია და იაპონია გამოეთიშნენ მსოფლიოს, როგორც ძლიერი სახელმწიფოები. ევროპაში გადამწყვეტი როლი აშშ-ს და მსოფლიოში ახლად გაბატონებულ სსრკ-ს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც 1940 გერმანიამ საფრანგეთი დაიპყრო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უძლური იყო დაემარცხებინა გერმანია. ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ - 27 მლნ., გერმანია - 5,25 მლნ., პოლონეთი - 4,5-6 მლნ., იუგოსლავია - 1,7 მლნ., იაპონია - 1,8 მლნ., აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ომს თან სდევდა საშინელი ნგრევა. განადგურდა ათიათასობით ქალაქი და სოფელი, უბედურება თავს დაატყდა ათეულობით მლნ. ადამიანს. ამ ომში საბოლოოდ განადგურდა ფაშიზმი, როგორც საერთაშორისო იმპერიალიზმის დამკვრელი ძალა. ომმა ცხადყო სოციალიზმისა და სსრკ-ის, მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს უძლეველობა. ანტიჰიტლერული კოალიცია გადამწყვეტმა გამარჯვებამ ხელი შეუწყო რევოლუციურ გარდაქმნებს მსოფლიოს მრავალ ქვეყნებში. მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა გაადვილა და დააჩქარა მთელ რიგ ქვეყნებში სახალხო-დემოკრატიული და სოციალისტური რევოლუციების გამარჯვებას. სოციალიზმის გზას დაადგა ევროპის ქვეყნები (100 მლნ. კაცი). კაპიტალისტურ სისტემას ჩამოსცილდა აზიის სახელმწიფოები (1 მლნ. კაცი), სოციალიზმი იქცა მსოფლიო სისტემად. კაპიტალისტურ ქვეყნებში დაჩქარდა ხალხის მასების გარევოლუციურების პროცესი, გაიზარდა კომუნისტური და მუშათა პარტიების გავლენა, მსოფლიო კომუნისტური და მუშათა მოძრაობა ავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. სსრკ-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში. მეორე მსოფლიო ომი წარმოადგენს უდიდეს ეტაპს სამხედრო ხელოვნების განვითარების ისტორიაში. | |
|