Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » მეფე ერეკლეს გმირები
8:26 PM
მეფე ერეკლეს გმირები
გამორჩევით უყვარდათ მეფე ერეკლე ქართველებს. თუშ-ფშავ-ხევსურნი ხომ მთლად უნჯი ყმები იყვნენ. თედო რაზიკაშვილს ხალხში გაბნეული ლეგენდები ჩაუწერია. გვსურს მოგითხროთ ზოგი ლეგენდის შესახებ, რომელთა სახელებიც ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ შემოინახა.

თუში ბობღიაშვილი
ერთ მოხუცებულ თუშს, გვარად ბობღიაშვილს, თორმეტი ძე ერეკლეს ლაშქარში გაუგზავნია. თერთმეტი ძმა ომში დახოცილა. ნაბოლარაღა გადარჩენილა. შინ დაბრუნებულისთვის მამას უბრძანებია, – უკანვე წადი და ძმებს მიბაძეო. ისიც წასულა და ბრძოლის ველზე დაღუპულა.
უშვილძიროდ დარჩენილ ბობღიაშვილს უთქვამს, ცოლი უნდა მოვიყვანო – იქნებ სამშობლოს ერთი გმირი კიდევ დავუტოვოო. მართლაც, აისრულა წადილი და ორი ვაჟკაცი შესძინა საქართველოს.

ხიმიკაურის ხმალი
მეფე ერეკლეს დროს ხევსურეთში ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ყოფილა, ძაღლიკა ხიმიკაური. მასზე ლექსიც შეუთხზავთ:

ძაღლიკავ ხიმიკაურო, ლიქოკის
ზღურბლო, ზღუდეო,
ბევრს ააგლიჯე კალდიმი,
თეძოზე დაიკიდეო.
არ მოგრჩა გაუტეხელი, მტერს
ვისაც აეკიდეო.

ერეკლეს ხმლით თავგაჩეხილი კოხტა ბელადი სულს რომ ღაფავდა, მეფის მხარდამხარ შვიდი ხევსური იბრძოდა, მათ შორის ძაღლიკა ხიმიკაურიც. ლეკ-ოსმალომ სარდლის უბედურება რომ დაინახა, არწივდაქროლებული წეროს გუნდივით გაიფანტა. ამასობაში ქართველებს დამხმარე ჯარმაც მოუსწრო. "ხმალი ამ წუნკლებსო!"- შეუძახა ერეკლემ თავის ვაჟკაცებს. გამარჯვებით გამხნევებული ლაშქარი დაერია ლეკ-ოსმალებს და ბალახივით დაუწყო თიბვა. განსაკუთრებით ძაღლიკა ხიმიკაურს გამოუჩენია თავი. თითო შემოკვრით კაცს თურმე შუაზე სხეპდა. ერეკლეს გულში ჩავარდნია მისი ხმალი. ომის დროს რაღას ეტყოდა, მაგრამ მეორე დღეს დაიბარა, – ოღონდ ეგ ხმალი დამითმე და რაც გინდა, მთხოვეო.

- ბარევალ ე ხელნ დამჭრენ, ერეკლევ! – იუკადრისა ძაღლიკამ.
- ჩემს ხმალს მოგცემ, – უთხრა მეფემ, – სართი კიდევ სხვა იქნება.
- ვაი დედასა მტრისასა, ბატონიშვილო, ეგ ხო ჩემ მოკვლა იქნების?! მამკალ კიდეც, რაკი ხმალს გამამართომ!
ერეკლემაც იცოდა, რომ კარგი ვაჟკაცისთვის კარგი ხმალი მეორე სიცოცხლე იყო, მაგრამ რა ექნა, რომ თვითონაც ვაჟკაცი იყო და ხიმიკაურის ხმალი მეტისმეტად მოსწონდა…
ბოლოს დაუთმო ძაღლიკამ და სანაცვლოდ სხვა ხმალი და ერთი თოფი მიიღო, რომელიც ვაჟა-ფშაველას დროს ხევსურეთში, ხიმიკაურების ოჯახში ინახებოდა. ვაჟას თქმით, ამ თოფს ხევსურნი "ბატონიაანთეულ თოფს” ეძახდნენ.

მას შემდეგ, როცა კი ერეკლე ლაშქარს დაიბარებდა მთიდან, პირველად ხიმიკაურს მოიკითხავდა, მაგრამ განაწყენებული ხევსური სალაშქროდ გამზადებულებს აბარებდა: -უთხარით ერეკლე ბატონიშვილს, ავად არის-თქო ძაღლიკა…

ზემოთ მოთხრობილი ამბავი ვაჟა-ფშაველას ჩაუწერია 1902 წელს და საგაზეთოდ გაუმზადებია. ამავე წელს დაუწერია პოემა "ძაღლიკა ხიმიკაური”, რომლის ფინალშიც მეფე ხმალს პატრონს უბრუნებს. სიუჟეტი ასეთია: ერთხელ ერეკლე ომში დაიბარებს ძაღლიკას. განაწყენებული ვაჟკაცი ადგილიდან ფეხს არ იცვლის. სალაშქროდ გამზადებული ხევსურნი წინამძღოლს უხმობენ. ძაღლიკა მაინც არ მიდის. ბოლოს, ცოლი შეარცხვენს: რად გინდა ხმალი, თუ მოხმარების თავი აღარა გაქვს და აღარც გული გერჩისო! აღელდა ძაღლიკა, გაჰყვა ლაშქარს და მეფესთან გამოცხადდა. ერეკლეს წესად ჰქონდა – იარაღს უმოწმებდა თავის მებრძოლებს. ბოლოს, ძაღლიკასაც უწია ჯერმა. ხიმიკაურმა ქარქაშიდან ამოსწია სატევარი და… ყველა განცვიფრდა – ხის ხმლით წამოსულიყო ომში ხევსური. ერეკლეს წამით სახე შეეცვალა, მერე გაახსენდა ძველი ამბავი, გულიანად გადაიხარხარა, ხიმიკაურისეული ხმლის მოტანა ბრძანა და უთხრა:

მაინც იძაღლე, ძაღლიკავ,
წაიღე, გერტყას, შენია!
ვინაც წელზეით შემოგხსნას,
ის ღმერთს ნუმც დაურჩენია!"

გახარებული ხევსური მუხლებზე მოეხვია მეფეს, მერე კი კაფა და კაფა მტერი.
არსებობს ამბის სხვა ვარიანტიც, რომელიც 1937 წელს ჩაუწერია თელავის მუზეუმის დირექტორს ალექსანდრე მამულაშვილს: ასპინძის ომში ერთ თუშს, გვარად დილოიძეს, დიდი ვაჟკაცობა გამოუჩენია. მეფემ დილოიძე იხმო და ჯილდოდ მთელი წალკის ხეობა შეაძლია. თუში უკმაყოფილო დარჩა: მიწა-წყალი რომ მინდოდეს, განა ჩვენში მთა-ველი ცოტააო? – მიუგო მეფეს, – მე მეომარი ვარ, უმჯობესია, კარგი იარაღი მომცე, უფრო გამომადგებაო.

- რა იარაღი გიბოძოო? – ჰკითხა მეფემ.
იმავე ომში იბრძოდა ერთი სახელოვანი მეომარი ძაღლიკა ხიმიკაური. მისი გორდა ხმალი დილოიძეს ძალიან მოსწონებოდა. ამ ხმალზე შევარდნოდა გული. მეფემ ხიმიკაური დაიბარა და ხმალი სთხოვა. ძაღლიკა უარს როგორ ეტყოდა ერეკლეს! სამაგიეროდ, მეფემ თავისი ოქროსზარნიშიანი თოფი უბოძა. დილოიძე კმაყოფილი დარჩა, ხიმიკაური კი ნაწყენი.

დიდხანს არ გაუვლია, რომ მტერი ისევ შემოესია საქართველოს. მეფემ ისევ შეკრიბა ლაშქარი. დილოიძემ სიხარულით მიაშურა ბრძოლის ველს – დრო იყო, მტრის კისერზე გაესინჯა საყვარელი იარაღის ფხა, ძაღლიკა ხიმიკაური კი გაჯიუტდა: განა მე დიაც ვიყავ, მეფემ ხმალი რომ წამართვა და სხვას მისცაო?!
ბოლოს, საქმეში დედაკაცები ჩაერივნენ. ერთმა მათგანმა მანდილი მოიხსნა და ძაღლიკას მიმართა: თუ დიაც ხარ, აჰა, მანდილი დაიხურე და ჩვენთან დაჯექიო. ძალიან ეწყინა ხიმიკაურს და იძულებული გახდა, ომში წასვლაზე დათანხმებულიყო. იარეთ და დაგეწევითო, – უთხრა ხევსურებს. გამოთალა ხის ხმალი, ჩამოიკიდა წელზე და ჯარს წამოეწია.

მეფეს რომ წარუდგნენ, ერეკლეს ეუცხოვა ხის ხმლის დანახვა. ერთბაშად ვერ მიუხვდა ძაღლიკას, ჩაფიქრდა, მერე გულიანად გაიცინა, მხლებელს სამეფო ხმლის მოტანა უბრძანა და ხიმიკაურს გადასცა. ძაღლიკას შუბლზე ნაოჭები გაეშალა და მტერს მედგრად ეკვეთა.

ერეკლე და თუში
ერთი თუში დარაჯად მდგარა ერეკლეს სასახლეში. მწუხრის ბინდბუნდში სასახლისკენ მიმავალი მეფე ვერ უცნია და ვინ ხარო? – დაუძახია. მეფეს არ უპასუხია. თუში დასწევია და გვარიანი ლაწანი გაუდენია. ერეკლე აღშფოთებულა: -„რას შვრები, ბრიყვო, შენს მეფეს სცემო?!"შეშინებულ თუშს ენა ჩავარდნია ერეკლეს მხარზე ხელი მოუთათუნებია და უთქვამს: – ყოჩაღ, თუშო, მუდამ ეგრე ფხიზლად უდარაჯე მეფის სასახლესო…

კრწანისთან
თათრის ხელმწიფე დამუქრებია ერეკლეს, ან მომეც შენი ციხე-ქალაქნი თბილისისანი, ან არადა წამოვალ და სადილს შენს ქალაქში ვჭამო. მაგათ მარტო ჩემი მთიულნი მიხედავენო, – უთქვამს პატარა კახს და დამძახებელი გაუგზავნია თუშ-ფშავ-ხევსურეთს. მალე მეფეს მთელი ხევსურეთი მისდგომია კარს. აყვირებულან მთიელნი: -სად ასავ ჩვენ ნეფეივ? გვანახვიდეთავო. მოლაშქრენი განცვიფრებულან: – ერეკლე ჩვენს სანახავად რომ მოდის, შიშით ვქრებით, ესენი კი აქეთ ეძახიანო. გამოსულა ერეკლეც, ჯაჭვ-იარაღში ჩამჯდარ ხევსურებს მისალმებია: -”ჩემთ ხევსურთ გაუმარჯოსო!” "ჩვენს მეფე ერეკლეს გაუმარჯოსო!” – სალმითვე უპასუხიათ ხევსურებს. ერეკლეს თათრის მუქარა გადაუცია და უთქვამს:

მიშველეთ, ჩემნო ხევსურნო,
უნჯნი ყმანი ხართ ჩემნია,
ფულს მაგცემთ მაგოდენასა,
რო ვერ ზიდევდეს ცხენია.

ხევსურებს სწყენიათ: – განა ჩვენ ფულის გულისთვის ვომობთავო?! – და ერთხმად უთქვამთ: – შენნი უნჯნი ყმანი ვართ ხევსურნი, გაუწყრეს ჩვენი სალოცავი, ვინც თეთრი აიღოსო.

გასძღოლია მეფე ლაშქარს. სცემიან მტერს და ბოლოში გასულან. ერეკლეს ცხენდაცხენ უომია, შვიდჯერ აუვლ-ჩაუვლია თათრის ჯარში, ხმალი წაღმა-უკუღმა უქნევია. მეშვიდე ავლაზე ცხენს ერეკლეს ჯაჭვის სიმძიმისთვის ვეღარ გაუძლია და წაქცეულა (ჯაჭვის პერანგი შვიდი ფუთი ტყვიისგან ყოფილა ნაქსოვი). მისევიან ერეკლეს თათრები, მაგრამ ხევსურებს გადაურჩენიათ მეფე.

მეფეს უსაჩუქროდ მაინც არ გაუშვია ხევსურები - ზოგისთვის იარაღი მიუცია, ზოგისთვის – ფული. წასვლის წინ ხევსურებს დაუბარებიათ: "თუ კიდევ რა გაბედეს თათრებმა, საჩქაროდ დაგვიბარიდი, მაშინ სათათრეთშიაც აღარ დავაყენებთავო”.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1250 | დაამატა: balu | ტეგები: მეფე ერეკლეს გმირები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.