Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 28 » მეცნიერება და სამყარო ანტიკურ ხანაში
7:22 PM
მეცნიერება და სამყარო ანტიკურ ხანაში
არისტოტელე მიიჩნევდა, რომ თალესი იყო ბუნებისმეტყველების ფუძემდებელი.

თალესმა, სავარაუდოდ, იმოგზაურა ბაბილონსა და ეგვიპტეში. ასევე სავარაუდოა, რომ ის იცნობდა ამ ცივილიზაციებში დაგროვილ ცოდნას ბუნებრივ მოვლენებზე. თალესის მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო ძველ საბერძნეთში ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბება. თალესმა საფუძველი დაუდო მილეთურ ფილოსოფიის სკოლას. ძველ საბერძნეთში ბუნებისმეტყველებისადმი ჩამოყალიბდა მეცნიერული მიდგომის საფუძველი. კერძოდ, ძველი ბერძნები ახდენდნენ დაკვირვებული მოვლენების სისტემატიზაციას, ცდილობდნენ დაედგინათ მოვლენის მიზეზი და შეექმნათ მოვლენის აღმწერი ზოგადი მოდელი. ძველი ბერძნების დასკვნები დაფუძნებული იყო საღ აზრზე, დაკვირვებებსა და არგუმენტებზე. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყარო შემეცნებადია და მასში მოქმედებს გარკვეული უნივერსალური წესები, რომელთა შესწავლა შეიძლება.

თალესი თვლიდა, რომ ყველაფერი შედგება წყლისგან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თალესმა წყალი აირჩია ძირითად ელემენტად იმის გამო, რომ ის შეიძლება იყოს მყარ მდგომარეობაში (ყინული), თხევადში და აირადში (ორთქლი). რადგან წყალს შეუძლია იყოს მყარიც, თხევადიც და აირიც, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის სხეულის შემადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ თალესის მოსაზრება სხეულთა შედგენილობის შესახებ მთლად ზუსტი არ არის, მნიშვნელოვანია ერთი რამ: თალესი თვლიდა, რომ საგნებს, ხილული ბუნების გარდა, აქვთ შინაგანი ბუნება (შედგენილობა), რომელიც არ ჩანს. ასეთი მიდგომა არსებობს კლასიკურ მეცნიერებაში. მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს სისტემების ისეთი მახასიათებლებიც, რომლებიც ერთი შეხედვით არ დაიკვირვება.

თალესი, გარდა იმისა, რომ ცდილობდა სამყაროს ბუნების შეცნობას, თავის საზოგადოებაში გამოირჩეოდა იმითაც, რომ მას შეეძლო თავისი ცოდნა გამოეყენებინა პრაქტიკული მიზნებისთვისაც. მაგალითად, თალესს შეეძლო რჩევები მიეცა მოგზაურებისთვის ნავიგაციასთან დაკავშირებით, დაედგინა გემების მდებარეობა ზღვაში. ეს მნიშვნელოვანი იყო მილეთელებისთვის, რადგან მილეთი იმ დროს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი გახლდათ.

ფილოსოფოსებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ თალესისა და სოკრატეს მოღვაწეობის პერიოდებს შორის, პრესოკრატელებს – სოკრატემდელ ფილოსოფოსებს უწოდებენ.

ერთ-ერთი სოკრატემდელი ფილოსოფოსი იყო ანაქსიმანდრე. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ დედამიწას აქვს ცილინდრის ფორმა და ის არაფერს ეყრდნობა . ანაქსიმანდრე თვლიდა, რომ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დაშორებას დედამიწის ცენტრიდან და არ არსებობს ერთგანზომილებიანი გამორჩეული მიმართულება (ზევით ან მხოლოდ ქვევით). დადასტურებულია, რომ რასაც ჩვენ ვუწოდებთ ზევით ანდა ქვევით მოძრაობას, ეს არის მოძრაობა დედამიწის ცენტრიდან ან დედამიწის ცენტრისკენ. ანაქსიმანდრემ მილეთელებს გააცნო ბაბილონური ხელსაწყო გნომონი (ნახ.2). გნომონი არის დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად აღმართული ჯოხი. გნომონის ჩრდილის მდებარეობისა და მისი სიგრძის მიხედვით შეიძლება დადგინდეს მზის მდებარეობა, აითვალოს დრო. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, თალესმა გნომონის საშუალებით გაზომა პირამიდის სიმაღლე. თალესი დაელოდა მომენტს, როდესაც გნომონის ჩრდილის ზომა გაუტოლდა გნომონის ზომას და ამ დროს გაზომა პირამიდის ჩრდილის ზომა. ეს სიდიდე ემთხვეოდა პირამიდის სიმაღლეს.



ნახ.2

ანაქსიმენე თვლიდა, რომ ყველაფერი შედგება ჰაერისგან. მას მიაჩნდა, რომ ჰაერი შემკვრივებისას იქცევა სითხედ, ხოლო კიდევ უფრო მეტად შემკვრივებისას – მყარ სხეულად. ანაქსიმენეს მსჯელობა ეყრდნობოდა იგივე მიდგომას, რასაც, სავარაუდოდ, თალესის მსჯელობა. ამ მიდგომის მიხედვით, ყველა საგანი შედგებოდა ერთგვაროვანი სუბსტანციისგან და ამ სუბსტანციას შეეძლო სხვადასხვა პირობებში ყოფილიყო სითხეც, აირიც და მყარიც. საინტერესოა, რომ ანაქსიმენეს მიხედვით ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა განისაზღვრებოდა იმით, თუ რამდენად შემკვრივებული იყო იგი. მართლაც, ის, თუ რომელ აგრეგატულ მდგომარეობაშია ნივთიერება, განისაზღვრება იმით, თუ რამდენად დიდია ნივთიერების მოლეკულებს შორის ურთიერთქმედება – რამდენად ახლოს არიან მოლეკულები ერთმანეთთან.

ჰერაკლიტე ეფესოელი თვლიდა, რომ სამყაროში ყველაფერი გამუდმებით იცვლება. ჰერაკლიტეს ეკუთვნის გამოთქმა: ჩვენ ვერ შევალთ ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ, რადგან პირველი ნაბიჯიდან მეორე ნაბიჯამდე ჩვენც შევიცვლებით და მდინარეც. ანუ მეორე ნაბიჯის ჩადგმისას მდინარეში ჩვენ უკვე სხვანაირები ვართ და შევდივართ სხვანაირ (სხვა) მდინარეში. როგორც აღვნიშნეთ, მეცნიერული მიდგომა გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს უნივერსალური (დროში უვლელი) წესები, რომლებიც აღწერენ სამყაროს – მასში მიმდინარე პროცესებს. ჰერაკლიტეს აზრით, გამუდმებით ცვალებად სამყაროში არსებობდა უცვლელი ლოგოსი. სავარაუდოდ, ჰერაკლიტეს ლოგოსი განიხილებოდა როგორც უცვლელი პრინციპები, წესები, რომელთა საშუალებითაც უნდა აღიწერებოდეს სამყარო. ჰერაკლიტეს ყველაფრის საწყისად მიაჩნდა ცეცხლი.

ჰერაკლიტე ეფესოელი თვლიდა, რომ ჩვენი შეგრძნებები კი გვაწვდიან ინფორმაციას საგნებსა და მოვლენებზე, მაგრამ შეგრძნება ვერ იქნება კარგი დამხმარე ადამიანისთვის, რომელსაც არ შეუძლია სწორად აზროვნება, სწორი დასკვნების გაკეთება. ამ მიდგომიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი სწორი დასკვნის გასაკეთებლად. სწორი დასკვნის გასაკეთებლად საჭიროა ინფორმაციის ანალიზი – ანალიზი, რომელიც ეფუძნება საღ აზრს. ჰერაკლიტეს აზრით, ბუნებას აქვს ფარული თვისებები, რიმელთა შესწავლა საჭიროა. "ბუნებას უყვარს დაფარვა და ჩვენ უნდა შევეცადოთ გავიგოთ, რას მალავს ბუნება”, – ეს მიდგომა მნიშვნელოვანია მეცნიერების განვითარებისთვის – მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებები, შეგრძნებებით მიღებული ინფორმაცია ვერ იძლევა სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას. ერთი მხრივ, ინფორმაცია ანალიზის გარეშე შეიძლება არ იყოს საკმარისი სწორი დასკვნის გასაკეთებლად და, მეორე მხრივ, არ არსებობს ინფორმაციის უნივერსალური და უპირატესი წყარო (მხედველობა, სმენა სხვა შეგრძნებები). სწორი დასკვნების გასაკეთებლად შეიძლება საჭირო გახდეს მეტი ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა გზით.

პარმენიდე ელეელი თვლიდა, რომ ყველაფერი მუდმივია, ხოლო ცვალებადობა მხოლოდ ილუზიაა. პარმენიდე ყოფდა საგნებს იმად, რაც არის (არის, რაღაც) და რაც არ არის (არ არის, არაფერი). "რაღაც” ვერასდროს ვერ გახდება არაფერი და არაფრისგან ვერასდროს წარმოიქმნება "რაღაც”. ანუ რაც არის, ის მუდმივად იყო და იქნება. პარმენიდე მიიჩნევდა, რომ ჩვენი შეგრძნებები გვატყუებს და მათგან მიღებულ ინფორმაციას არ უნდა ვენდოთ. პარმენიდეს მიდგომა საინტერესოა იმით, რომ ის გულისხმობს მუდმივობას. ბუნებაში მართლაც არის სისტემის მახასიათებლები, რომლებიც არ იცვლება დროთა განმავლობაში. არაფრისგან მართლაც ვერ გაჩნდება რაღაც და რაღაც ვერ გაქრება უკვალოდ (შენახვის კანონები). პარმენიდე მართალია იმაში, რომ ჩვენი შეგრძნებები გვატყუებს -მაგალითად, ოპტიკური ილუზიები (მირაჟები), სარკეში ჩვენი თავი გავეჩვენება ჩვენ პირდაპირ მდგომი, სხეულებს აღვიქვამთ მყარად ერთგვაროვნად და ვერ აღვიქვამთ მოლეკულებს და სიცარიელეს მოლეკულებს შორის. ჩვენი შეგრძნებები გვატყუებს ზოგიერთ შემთხვევაში და არა ყოველთვის, ანუ საჭიროა არა შეგრძნებებით მიღებული ყველა ინფორმაციის უარყოფა, არამედ ინფორმაციის სხვა წყაროს მონახვაც.

გარდა მონისტური მიდგომისა, რომელიც გულისხმობს, რომ საგნები შედგება ერთი სუბსტანციისგან (წყალი თალესისთვის, ჰაერი ანაქსიმანდრესთვის და არსი პარმენიდესთვის), არსებობდა პლურალისტური მიდგომა, რომელიც გულისხმობდა, რომ საგნები შედგება სხვადასხვა კომპონენტისგან და ამ კომპონენტების პროპორციები და ურთიერთგანლაგება განსაზღვრავს საგნების ბუნებას.

ემპიდოკლე თვლიდა, რომ ყველაფრის საწყისია ოთხი ელემენტი – ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა. ემპიდოკლე მიიჩნევდა, რომ ამ ელემენტების კომბინაცია (პროპორციები, ურთიერთგანლაგება) იცვლება (ჰერაკლიტეს ცვალებადობა), მაგრამ თვითონ ეს ელემენტები ცალ-ცალკე არ იცვლება (პარმენიდეს უცვლელობის პრინციპი). ემპიდოკლე თვლიდა, რომ არ არსებობს რაიმეს დაბადება ან სიკვდილი. არსებობს სააგნების ურთიერთგარდაქმნა – საწყისი ელემენტების კომბინაციის ცვლილება. ემპიდოკლეს აზრით, ელემენტებს ერთმანეთთან აკავებდა სიყვარულის/მეგობრობის ძალა. გარკვეული დროის შემდეგ ამ ძალას სძლევდა უთანხმოების ძალა, ელემენტები განცალკევდებოდნენ და შემდეგ კვლავ შეკავშირდებოდნენ. ემპიდოკლე მიიჩნევდა, რომ საწყის ეტაპზე ადამიანის სხეულის ნაწილები იყვნენ განცალკევებულები და სხეულთა ნაწილების შემთხვევითი ურთიერთქმედების შემდეგ ადამიანმა მიიღო ის სახე, რომელიც მას აქვს.

საინტერესოა, რომ, ემპიდოკლეს აზრით, საგნები შედგება არა ერთი, არამედ რამდენიმე ელემენტისგან და ამ ელემენტების პროპორციები განსაზღვრავს საგნის თვისებებს. ასევე საგულისხმოა, რომ ემპიდოკლე ფიქრობდა საგნების შემადგენელ ელემენტებს შორის ურთიერთქმედების არსებობაზე. ემპიდოკლემ ცვლილების პროცესი დააკავშირა გარდაქმნასთან და არა გაჩენა-გაქრობასთან. ემპიდოკლეს აზრით, ადამიანი წარმოიქმნა განცალკევებული სხეულის ნაწილების ქაოსური ურთიერთქმედების შემდეგ. სამყაროს დღევანდელი სახე მართლაც არის ქაოსურად მოძრავი ნაწილაკების ურთიერთქმედებისაშედეგი.

ემპიდოკლესგან განსხვავებით, ანაქსაგორა მიიჩნევდა, რომ ძირითადი ელემენტების ურთიერთკავშირს განსაზღვრავდა არა სიყვარული და უთანხმოება, არამედ გონება. ანაქსაგორას მიაჩნდა, რომ საგნების ბუნებას განსაზღვრავდა არა შემთხვევითობა, არამედ კანონზომიერება. მართლაც, კლასიკურ ფიზიკაში ყველაფერი აღიწერება განსაზღვრული კანონებით და ნებისმიერი მოვლენა შეიძლება აბსოლუტურად ზუსტად აღიწეროს, მაგრამ კვანტური ფიზიკა გამორიცხავს სრულ განსაზღვრულობას ბუნებაში.

დემოკრიტე და სხვა ატომისტები თვლიდნენ, რომ საგნები შედგება ატომებისგან – განუყოფელი ნაწილაკებისგან. ატომებს აქვთ სხვადასხვა ფორმა, მოძრაობენ და ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. ატომების ურთიერთგანლაგება განსაზღვრავს საგნის მახასიათებლებს. თავად ატომების შეგრძნება ან დანახვა შეუძლებელია.

ანტიკურ საბერძნეთში ატომისტების თეორია არ იქნა მიღებული. არისტოტელე მიიჩნევდა, რომ თუ ატომებს შორის არის სიცარიელე, გარემო ვერ გაუწევს წინააღმდეგობას მასში მოძრავ სხეულს და სხეული უსასრულო სიჩქარით იმოძრავებს. ასევე არისტოტელე თვლიდა, რომ თუ ატომებს აქვს ფორმა და ზომა, მაშინ ისინი ვერ იქნებიან დაუყოფელნი, ხოლო თუ ატომები წარმოადგენენ მათემატიკურ წერტილებს ნულოვანი ზომით, მათი ერთობლიობა ვერ მოგვცემს არანულოვანი ზომის საგანს.

არისტოტელეს აზრით, ადამიანს აქვს ბუნებრივი თვისება – სურვილი, იცოდეს (ცნობისმოყვარეობა). არისტოტელე სოკრატეს წინამორბედებს უწოდებდა "ფიზიკოებს” – ფილოსოფოსებს, რომლებიც სწავლობდნენ ბუნებას. მაგრამ არისტოტელეს მიაჩნდა, რომ მათი მეთოდები არ იყო სრულყოფილი. არისოტოტელეს აზრით, სოკრატემ და პლატონმა შემოიტანეს კვლევის სწორი მეთოდები, მაგრამ მათ არჩიეს ეკვლიათ სოციალური საკითხები და არა ბუნებისმეტყველება.

პლატონს მიაჩნდა, რომ ჩვენი სამყარო არის მხოლოდ "იდეათა” ანარეკლი (რეალური სამყაროსი), არისტოტელე კი თვლიდა, რომ "რეალური” სამყარო არის სწორედ ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და საჭიროა მისი შესწავლა.

არისტოტელეს მიაჩნდა, რომ საგნები შედგება ერთგვაროვანი ელემენტისგან, მაგრამ ეს ელემენტი არ არის არც ერთი ცნობილი ელემენტთაგანი. არისტოტელე ამ ელემენტს მატერიას ("რაღაცას”) უწოდებდა. არისტოტელეს მატერიის შესწავლა მნიშვნელოვნად არ მიაჩნდა. ის თვლიდა, რომ მთავარია შევისწავლოთ, როგორ არის მატერია განლაგებული საგანში, რატომ წარმოიქმნება მოცემული ფორმის საგნები. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ საგნის ფორმა და მატერია ურთიერთკავშირშია. არისტოტელეს მიდგომის თანახმად, საგნის ფორმა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მატერია არ იცვლება – მატერია იცვლის ფორმას. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ მთავარია შევისწავლოთ საგნების თვისებრივი ბუნება. ის თვლიდა, რომ ნებისმიერი სისტემა მოძრაობს პოტენციური მდგომარეობიდან აქტუალური მდგომარეობისკენ. მაგალითად, წყალი გაცხელებამდე პოტენციურად ცხელია და აუცილებლად შესრულდება ისეთი მოქმედებები, რომ წყალი გახდეს ცხელი (პოტენციურად ცხელიდან გახდეს ნამდვილად – აქტუალურად ცხელი).

არისტოტელეს აზრით, ჭეშმარიტი ცოდნა იყო ცოდნა მიზეზის შესახებ. არისტოტელე გამოყოფდა ორი ტიპის ცოდნას – მიზეზის ცოდნა და კეთების ცოდნა (ხელობა, ხელოვნება). არისტოტელე თვლიდა, რომ საგნის (სისტემის) არსებობას განაპირობებდა ოთხი მიზეზი – ეფექტური მიზეზი (საგნის შემქმნელი), ფორმალური მიზეზი (საგნის ფორმა), მატერიალური მიზეზი (საგნის შედგენილობა), საბოლოო მიზეზი (საგნის დანიშნულება). არისტოტელეს აზრით, ბუნებაში ყველაფერი ხდებოდა რაღაც დანიშნულებით. ის თვლიდა, რომ ბუნებრივ სხეულებს აქვთ შინაგანი თვისება, იმოძრაონ თავისი საბოლოო დანიშნულებისკენ. ხელოვნურ საგნებს თავისი დანიშნულებისკენ ამოძრავებს გარე ფაქტორი. არისტოტელე ცოცხალ ბუნებაზე დაკვირვებებს იყენებდა, რათა აეხსნა არაცოცხალ ბუნებაში მიმდინარე პროცესები. თანამედროვე მეცნიერება არაცოცხალ ბუნებაზე დაკვირვებებს იყენებს, რათა ახსნას ცოცხალი ბუნების თვისებები.

არისტოტელე იყო მაკედონელი (ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი). ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ ათენში გაძლიერდა ანტიმაკედონიური განწყობა. უსაფრთხოების მიზნით არისტოტელემ დატოვა ათენი. მისივე თქმით, მან დაიცვა ათენელები კიდევ ერთი დანაშაულისგან ფილოსოფიის წინაშე.

არისტოტელე ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მოძრაობა საგნის ბუნებაა, მაგრამ მართალია, როდესაც ამბობს, რომ მექანიკურ სისტემებს მართლაც აქვთ "შინაგანი” მექანიკური მახასიათებლები. არისტოტელეს საბოლოო მიზანი მიაჩნდა მოვლენების წარმმართველ მთავარ მიზეზად. ეს დებულება ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება მიზეზ-შედეგობრივ კავშირს (საბოლოო მიზანი განსაზღვრავს საწყის მოქმედებას), მაგრამ ფიზიკურ სისტემებში პროცესს მართლაც აქვს მიმართულება, სისტემამ "იცის”, როგორია მისი მოდევნო მდგომარეობა (მაგ. სისტემა მიდის პოტენციური ენერგიის მინიმუმისკენ, ქვა ვარდება ანუ მოძრაობს იქით, საითაც მისი ენერგია მცირდება). ასევე ცოცხალ ბუნებაში საბოლოო მიზანი განსაზღვრავს მოქმედებას (განწყობის თეორია ფსიქოლოგიაში, ფროიდის ქვეცნობიერი, რომელიც ადამიანს "ამოძრავებს” სურვილების დაკმაყოფილებისკენ).

ეგვიპტეში პტოლემეოსთა მმართველობის დამკვიდრების შემდეგ, ალექსანდრიაში ყალიბდებოდა კულტურული და საეცნიერო ცენტრები. პტოლემეოსები აფინანსებდნენ სწავლულებს. ამ სწავლულთაგან ერთ-ერთი გახლდათ არქიმედე. ის იყო სიცილიიდან, ქალაქ სირაკუზიდან.

არქიმედემ ჩამოაყალიბა ბერკეტის წესი . მან განახორციელა მნიშვნელოვანი გეომეტრიული გამოთვლები.

არქიმედეს ერთ-ერთი გამოგონებაა წყლის საქაჩი ხრახნი (ნახ.4). მან ასევე ჩამოაყალიბა წესი, რომელიც აღწერდა სხეულთა ცურვას სითხეში.



ნახ.4

გადმოცემის თანახმად, არქიმედემ შექმნა სამხედრო დანიშნულების მექანიზმები – გემების შესარყეველი მექანიზმი (ნახ.5). ასევე, გადმოცემის თანახმად, რომაელთა იერიშის დროს არქიმედემ სირაკუზასთან განლაგებული რომაელთა გემები დაწვა პარაბოლური სარკეების გამოყენებით (ნახ.6).



ნახ.5



ნახ.6

სირაკუზის ალყის დროს რომაელმა მეთაურმა გასცა ბრძანება, რომ არქიმედე (ცნობილი მათემატიკოსი) ცოცხლად შეეპყროთ, მაგრამ, არქიმედესთვის სამწუხაროდ, რომაელმა სამხედროებმა ეს ბრძანება ვერ (არ) შეასრულეს.

არქიმედეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბუნებისმეტყველის მიერ მიღებული ცოდნა, სამყაროში მიმდინარე მოვლენების აღმწერი კანონების დადგენა შეიძლება გამოყენებულ იქნას პრაქტიკული მიზნების განსახორციელებლად.

რომაელები ცოდნას პრაგმატულად უდგებოდნენ. ისინი იყენებდნენ ცოდნას პრაქტიკული მიზნებისთვის. რომის იმპერიაში განვითარებული იყო გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, ჰიდრავლიკა, რომაულ შენობებში იყო გათბობის სისტემები. რომაულ საზოგადოებაშიც, ბერძნული საზოგადოების მსგავსად, იყვნენ ფილოსოფოსები, რომლებიც დაკავებული იყვნენ სამყაროს შემეცნებით.

ლუკრეციუსის მიგნებები:

- არაფრისგან არაფერი წარმოიქმნება

- არაფერი ქრება

- ყველაფერი შედგება თვალით უხილავი ნაწილაკებისგან

- უხილავ ნაწილაკებს შორის სიცარიელეა

- ძირითადი ნაწილები დაუყოფელია და უცვლელი

- სამყარო უსასრულოა

- შემოსაზღვრული სამყარო შეიკუმშებოდა

- ყველაფერი წარმოიქმნა ქაოსისგან, ქაოსური მოძრაობისა და დაჯახებების შემდეგ დაიწყო წარმოქმნა სხეულებმა

- ატომები მოძრაობენ და ურთიერთქმედებენ

- ამომგდები ძალა

- სხვადასხვა ფერის კომბინაცია
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1167 | დაამატა: balu | ტეგები: მეცნიერება და სამყარო ანტიკურ ხანაშ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.