Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 29 » მეცნიერები ტურინის სუდარაზე
2:47 PM
მეცნიერები ტურინის სუდარაზე
ისტორიული წყაროები მოწმობენ სუდარის არსებობას. ჯერ კიდევ მე-7 ს-ში ეპისკოპოსი ბროლიონის ტექსტიდან ვხვდებით, რომ მის ეპოქაში იცოდნენ სუდარის შესახებ, რომელსაც ინახავდა ეკლესია. მე-12 საუკუნეში იმპერატორი ემანუელ კომნენი უჩვენებდა სუდარას იერუსალიმის მეფე ამოსს. რობერტ დე კლარი, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე, მოგვითხრობს, რომ ვლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში სუდარას გამოასვენებდნენ პარასკევობით. მასზე „ნათლად ჩანდა უფლის სახე„. ბიზანტიური წყაროები მოწმობენ ნათებაზე სუდარისა. 1204 წ. ჯვაროსნებმა დაარბიეს ბიზანტია. სუდარა საუკუნენახევრის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა.


1355 წ. სუდარა გახდა საკუთრება გრაფ გოტფრიდ დერმანი I-სა. 1452 წ. 22 მარტს გაურკვეველი მიზეზების გამო გოტფრიდ I-ის შვილიშვილმა სუდარა გადასცა ლუდოვიკო სავოელის მეუღლეს. ამადეი მეცხრემ, ლუდოვიკოს ძემ ბრძანა შამბერისეულ ციხე-კოშკში ეკვდერის აგება სუდარის შესანახად. 1532 წ-ის 4 დეკემბერს ღამით ეკვდერში გაჩნდა ხანძარი. მონასტრის ორმა ძმამ და ერთმა მჭედელმა ძლივს მოახერხეს სუდარის ცეცხლის ალიდან გამოხსნა. კიდობანი, რომელშიც ინახებოდა იგი, ნაწილობრივ დადნა და გააფუჭა გადაკეცილი სუდარა. 1534 წ. იგი გადასცეს შამბერის მონაზვნებს, რათა გაემაგრებინათ დაზიანებული ადგილები.

1578 წ. სავოის ჰერცოგმა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ გადაიტანეს სუდარა თავიანთ ციხე-კოშკში, ტურინში, იტალიის ჩრდილო დასავლეთით. 1694 წ. ემანუელ ფილიბერტის მემკვიდრეებმა აღაგეს შავი მარმარილოს ეკვდერი, რომელიც მიუერთეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს. იქ გადაასვენეს სუდარა და დაასვენეს ტრაპეზე, გუმბათის ქვეშ. სუდარა სავოის ჰერცოგთა სასახლის საკუთრებაა. იგი ინახებოდა ვერცხლის ზანდუკში. ზანდუკს ჰქონდა სამი კლიტე. ერთი გასაღები სავოის ჰერცოგის შთამომავლის იყო, მეორე ტურინის მთავარეპისკოპოსის, მესამე კი ეკვდერში მომსახურერ სამღვდელოებას ჰქონდა. (დღეს სუდარას იცავს ტყვიაგაუმტარი შუშა და აპარატი, რომელიც ქმნის ყველა საჭირო პირობას სუდარის შესანახად).



მიუხედავად ზემოდ თქმულისა, მეცნიერები დიდხანს დაობდნენ სუდარის ასაკთან დაკავშირებით. 1978 წ გამოკვლევებს სათავეში ჩაუდგა ლაზერული ოპტიკის სპეციალისტი, აშშ-ს სამხედრო ძალების აკადემიის ფიზიკის დ-რი ჯონ ჯექსონი. 1987 წ რომის პაპმა ნება დართო ქსოვილიდან მოეჭრათ მცირე ნაწილი, რათა მეცნიერებს დაედგინათ ქსოვილის ასაკი რადიონახშირბადული მეთოდით, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ არქეოლოგები. გამოკვლევები ჩაატარეს ოქსფორდის, არიზონის და შვეიცარიის ინსტიტუტების ლაბორატორიებში. აქ აჩვენა, რომ სუდარა არის შექმნილი 1260-1390 წლებში. რატომ არის ეს მოსაზრება მცდარი? ჯერ ერთი ზემოდ თქმული ისტორიული ცნობები საპირისპიროს გვიჩვენებს, მეორეც სამივე ლაბორატორიაში კვლევის ერთნაირი მეთოდი ჰქონდათ. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა დიმიტრი კუზნეცოვმა განმარტა: „ჩვენ აღმოვაჩინეთ პროცესები, რომლებიც „ამატებენ" ნახშირბადს ქსოვილში, რაც დიდ ცდომილებას იწვევს ქსოვილის ასაკის დადგენაში. მაგ. ზედმეტი ნახშირბადი შეიძლება გაჩენილიყო ძლიერი გახურების გამო." რუს მეცნიერს მხარი აუბეს იტალიელებმაც.

სუდარა სამჯერ იყო ხანძარში მოხვედრილი, როგორც ავღნიშნეთ პირველი ხანძარი მოხდა 1532 წ. მეორე ხანძრის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, ამის შესახებ თავად სუდარა მოგვითხრობს. 1977 წ. რეი როჯერსმა, რომელიც „თერმული მოქმედებების" სპეციალისტი იყო, პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე ყურადღება შეაჩერა სუდარაზე შემორჩენილ ხანძრის ნაკვალებზე. მისმა კვლევებმა ცხადყო, რომ სუდარაზე გარდა შამბერის ხანძრის ანბეჭდებისა სხვა ხანძრის კვალიც ჩანს. ბოლო ხანძარი მოხდა 1997 წ. აპრილში საბედნიეროდ სუდარა არ დაზიანებულა. (არსებობს ვარაუდი, რომ ხანძრები სპეციალურად იყო გაჩენილი, რათა სუდარა განადგურებულიყო).

უნგრეთში არის მანუსკრიპტი, რომელიც თარიღდება 1190 წ-ით მასზე არის გამოსახულება ქრისტეს დასაფლავებისა და აღდგომისა. ნახატი შეიცავს ისეთ დეტალებს, რომლებიც მხატვარს შეეძლო ენახა მხოლოდ სუდარაზე.

1982 წ. პროფესორმა ვანგერმა შენიშნა 46 საერთო შტრიხი სუდარაზე აღბეჭდილ სახესა და წმ. სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში არსებულ მე-6 ს-ის მაცხოვრის მოზაიკას შორის. მანვე იპოვა 63 საერთო შტრიხი სუდარაზე აღბეჭდილ მაცხოვრის სახესა და მე-7 ს-ში გამოშვებულ იუსტინიანე მეორის (692-695) ოქროს მონეტაზე.

1898 წ. 26 მაისს ტურინში რელიგიურ ხელოვნების გამოფენასთან დაკავშირებით სუდარა გამოასვენეს ხალხის წინაშე. იტალიელმა არქეოლოგმა, ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ სუდარას გადაუღო პირველი ფოტო 50×60-ზე. სუდარა გამოისახა ფოტოგრაფიული ნეგატივის სახით, რომელიც არსებობდა 19 ს-ით ადრე იქამდე სანამ კაცობრიობამ გაიგო რა არის ფოტოგრაფია. ფირფიტაზე გამოისახა უფლის მთელი სხეული სახის ნეტარი იერით. ამ სურათის გამო პიას 30 წ. განმავლობაში არაერთი უსიამოვნება შეემთხვა. ზოგს ეს უბრალო სასწაული ეგონა, ზოგს კი დაზიანებული ფირფიტის შედეგი. მოგვიანებით ანატომ პათოლოგმა ივეს დელაგმა უცნაური ნეგატივები გამოიკვლია და დაადგინა, რომ ეს გვამის ანაბეჭდი იყო. მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს მაცხოვრის ჯვარცმული სხეულია, მაგრამ ეს მოსაზრება დელაგს ცრურწმენაში ჩაუთვლეს და ნაშრომი არ გამოუქვეყნეს.

1931 წლის 3 მაისს ფოტოგრაფმა ჯუზეპე ენრიმ მეორედ გადაუღო ფოტო სუდარას. მეცნიერების გასაკვირად ნეგატივზე კვლავ აისახა გვამის ანაბეჭდი. იმ დროისთვის ევროპის მრავალ ეკლესიებში ინახებოდა სუდარები ადამიანის სხეულის გამოსახულებით. ენრიმ მათაც გადაუღო სურათები, მაგრამ ნეგატივებზე გადასული გამოსახულება არ იკითხებოდა.

1973 წ. სუდარას შემოაკრიჭეს ძაფის ნაჭრები, რომლებიც ცნობილ ფეიქარ-ექსპერტს ჯილბერ რიზს გადასცეს. მისი გამოკვლების თანახმად წმ. სუდარის სიგრძე არის 4,1 მ-დან 4,36 მ-მდე. სიგანე 1,1მ. სუდარად გამოყენებულია სელის ტილო. იგი პალესტინელებისათვის დამახასიათებელი წესითაა დამზადებული. ძაფი თითისტარზეა დახვეული და ძველი წესისამებრ გათეთრებული. ნაქსოვია ნაძვისებურად. მის ბოჭკოებში შეინიშნება ბამბა. ეს გვიჩვენებს, რომ სუდარა დამზადებული იყო ახლო აღმოსავლეთში.

1993 წ. რებეკა ჯექსონმა გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ ტურინის სუდარად გამოყენებულია ტილო, რიმელიც თავდაპირველად იყო გადაფარებული იმ მაგიდაზე სადაც „საიდუმლო სერობა" გაიმართა. იუდეველები პასექისათვის იყენებენ მხოლოდ ახალ სუფრას. რებეკა ჯექსონის აზრით იოსებ არიმათიელი იყო წევრი ოფიციალური ებრაული დამკრძალავი საზოგადოების (CHEVRAH KIDUSHA) ამ გზით მას შეეძლო ფორმალურად მოეთხოვა უფლის სხეული პილატესაგან, მაგრამ არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა მზის ჩასვლამდე ეშოვა ასე ვთქვათ „კანონიკური" ტილო და გამოიყენა ის სუფრა, რომელიც საიდუმლო სერობისას მაგიდაზე იყო გადაფარებული. ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ სუდარა პასუხობს ყველა იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა ებრაული დასაფლავების რიტუალისათვის და აქვს ზუსტი ზომები, რათა გამოეყენებინათ გადასაფარაბლად პასექის მაგიდისთვის 13 კაცზე. (საპირისპიროა მოთხრობილი მარკოზის სახარებაში (15, 46) „მან (იოსებ არიმათიელმა) იყიდა ტილო, გარდამოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვანა სამარხში, რომელიც კლდეში იყო ნაკვეთი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე").

წმ. სუდარაზე არსებულ ადამიანის სხეულის ანაბეჭდის სიმაღლე დაახლოებით 178-80 სმ-ია წონა 75-80 კგ ასაკი 30-45 წ. იმიტომაა მიახლოებითი ზომები, რომ მაცხოვარს ფეხები მოკეცილი ქონდა მუხლებში, თავი ედო ქვის შემაღლებულ ბალიშზე. იერუსალიმის ახლოს აღმოჩენილი I ს-ის საფლავებში დასაფლავებული მამაკაცების საშუალო სიმაღლე 178 სმ-ია. სუდარის მფლობელი იუდაური წესითაა დაკრძალული. ცხედარს სუდარის ერთ ნახევარზე აწვენდნენ, მეორე ნახევარს თავის ზემოდ გადაატარებდნენ, ამის შემდეგ ტილოებს შემოახვევდნენ. ასევე იყო გახვეული ლაზარე რომელიც უფალმა მკვდრეთით აღადგინა.

1973 წ. შვეიცარიელ კრიმინოლოგს მაქს ფრეის ნება დართეს ლაბორატორიული ანალიზისათვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმ. სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავილის მტვერი. თავდაპირველად მან ვერ ამოიცნო ისინი, რადგანაც ასეთი მცენარეები არ ხარობენ ევროპაში. ფრეიმ 7-ჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წ. დაადგინა, რომ 58 ტიპის ყვავილის მტვრიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 – სამხრეთ-დასავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში. 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილებში, ევროპის ჩათვლით. დ-რ ფრეის აზრით სუდარა იმყოფებოდა პირდაპირ კონტაქტში გარემოცვასთან ძველ პალესტინაში, ძველი ედესის ტერიტორიაზე და კონსტანტინეპოლში. ეს ყოველივე ადასტურებს ინფორმაციას ტურინის სუდარის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ფრანგმა პროფ. ვანგერმა სუდარაზე სხეულის გარშემო იპოვა 28 სახეობის ყვავილის ანაბეჭი. 20 მათგანი ხარობს იერუსალიმში, ხოლო 8 იერუსალიმიდან 12 მილის შემოგარანში. ისინი იშლებიან მარტსა და აპრილში. ეს ზუსტად აღდგომის პერიოდს ემთხვევა. 1995 წ. ყოველივე ზემოდ თქმული დაადასტურა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორ ბოტანიკოსმა კოსმა დენინმა.

1931 წ. ფრენცის ფილასმა სუდარაზე თვალების არეში დააფიქსირა ორი ჭიკარტის მაგვარი საგანი. ეს მონეტებია. ებრაული ტრადიციით მიცვალებულს თვალებზე ადებდნენ მონეტებს, რათა არ გახელოდათ. მონეტები მოჭრილია იუდეის პრეფექტის პონტოელი პილატეს დროს 29-30 ან 30-31 წლებში. ამიტომ ამ მონეტებს „პილატეს ლეპტა" ეწოდებათ. მონეტებზე წარწერებში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები. სიტყვებში „ტიბერიუსში" და „იმპერატორში" ლათინური და ბერძნული ასოებია აღრეული. თავდაპირველად ეს მეცნიერებს აბსურდული ეგონათ, მაგრან კერძო კოლექციებში მოძიებულ მონეტებზე იგივე შეცდომები იპოვეს. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი ისაა, რომ მონეტების უმრავლესობა იჭრებოდა პროვინციებში და საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო. 1979 წ. გათხრებისას ერთ-ერთ ებრაულ საფლავში თავის ქალაში იპოვეს ორი მონეტა მოჭრილი 44-45 წლებში. მათზეც აღმოჩნდა იგივე გრამატიკული შეცდომები.

წმ. სუდარაზე აღბეჭდილი უფლის სხეული დაზიანებულია მათრახების ცემით, რომლებსაც ბოლოებში ჰქონდათ სიმძიმეები ძვლის ან ტყვიის სახით. რომაულ მათრახს „ფლაგრუმს" უწოდებენ. მას აკეთებდნენ მშრალი ტყავის ღვედებისაგან. ბიოლოგმა პოლ ჯოზეფ ვინიონმა სუდარის შესწავლისას აღადგინა ეს მათრახები. ისინი ერთმანეთისაგან 3 სმ-ით დაშორებულ 2-3 წვრილი ღვედებისაგან შედგებოდა და მოკლე ტარაზე იყო მიმაგრებული. ჯარისკაცები უფალს სცემდნენ 3 სახის მათრახით. სუდარაზე აღბეჭდილია არანაკლებ 98-100 დარტყმა, რომლებიც მთელი სიძლიერით არის მიყენებული. 59 დარტყმა მიყენებულია 3 წვერა მათრახით, 18 – 2 წვერიანით და 21 ერთ წვერა მათრახით. ებრაელთა კანონის მიხედვით მათრახების დარტყმის რაოდენობა არ უნდა გასცილებოდა 39-ს. ამ ზღვარს არ იცნობდნენ რომაელები, რადგანაც გვემა ყოველთვის წინ უსწრებდა ჯვარცმას, ისინი არ თვლიდნენ საჭიროდ სასიკვდილოდ განწირული ადამიანის დაზოგვას.

მაცხოვრის ჭრილობათა ფორმა გავს ციფრ „8", ვინაიდან კანი დაგლეჯილი იყო მათრახის ბურთულებისაგან. დარტყმები ყველაზე მეტად ამჩნევია მხრებს, ზურგს და წელს. რადგანაც დასჯილს აშიშვლებდნენ და აბამდნენ 70-სმ. სვეტზე, რის შედეგადაც მკერდი იყო დაფარული. ამასთანავე, დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ გულის მხარეს არ ურტყამდნენ, რათა გული არ გახეთქოდა. გასათვალისწინებელია, რომ ჯარისკაცებს პილატესაგან იესოს მოკვლა არ ჰქონდათ ნაბრძანები. ღვედები გვემის დროს გარს ერტყმოდნენ წვივებს, განსაკუთრებით მარცხენა ფეხისას. ისიც კი არის დადასტურებული, რომ ერთი ჯალათი მაღალი იყო, მეორე დაბალი და მარცხნივ და მარჯვნივ იდგნენ.

პირველი შეურაცხება უფლისა გაცილებით ადრე მოხდა, სინედრიონის მიერ დაკითხვის შემდეგ: „მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ხურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს" (მათე 26, 67). სუდარაზე სახის ანაბეჭდები ატარებენ კვალს სახეში გაწნული სილებისა და შემოკრული მუშტებისა.

კარლეტო კუნი აღწერს ეთნიკურ წარმომავლობას: გარდაცვლილი ეკუთვნის სემიტურ ტიპს. თმა გრძელია. წვერი მოკლე, ორივე შუაზეა გაყოფილი. ასეთი ვარცხნილობა ახასიათებდათ ანტიკური დროის ებრაელებს. ერთმა მეცნიერ ანთროპოლოგმა უთხრა ა.ლეგრანს, რომელიც ასევე სუდარას იკვლევდა, რომ მას არა აქვს არავითარი საფუძველი უარყოს სემიტური სახის ანაბეჭდი და რომ სუდარა ერთადერთი სანდო ძეგლია, რომლის მიხედვით შესაძლებელია ანროპოლოგიური შესწავლა ებრაელებისა განთესვამდე.

წმ. სუდარა გვიდასტურებს მაცხოვრის გოლგოთის გზაზე მსვლელობისას, დაცემის შედეგად მიღებულ დაზიანებებსაც. „ ხოლო მათ აღჰკიდეს ჯვარი და, ვითარცა დასჯილსა, რამეთუ ძელსა მისცა შეხებად იზმინდეს, ამისთვისცა თავადსა აჰკიდეს, და ვითარცა წარვლესრე, პოვეს სვიმონ კვირინელი…და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი." მაცხოვრის ორივე მუხლზე ჩანს წაქცევის კვალი. მარცხენა ფეხის მუხლი გაყვლეფილია კვლავწაქცევებისაგან. დაცემის შედეგად ჯვარი ძლიერ ტრამვას აყენებდა მარცხენა ბეჭზე. ცხვირის წვერის და მუხლების სისხლთან შერეულია მტვერი. საბოლოო ანალიზებმა აჩვენეს, რომ ეს მტვერი ერთნაირი სახეობისაა.

რომაელი ჯარისკაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3). უფალს გამსკდარი ჰქონდა წარბი, მარჯვენა ქუთუთო გახეული, ცხვირი და მარჯვენა ლოყა ძლიერ გასიებული. დარტყმები მიყენებულია სავარაუდოდ 4-5 სმ. სისქის ჯოხით. სუდარაზე აღბეჭდილი თავი დაფარულია სისხლის მდინარეებით. გვირგვინს ჰქონდა არა სალტის არამედ მიტრის ფორმა, რაც აღმოსავლეთში ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. ეკლის გვირგვინზე ყოველი დარტყმის შედეგად ეკლები თავს ესობოდნენ სულ უფრო ღრმად. აღნიშნულია 30 ღრმა ჭრილობა თავსა და თხემზე.

იმ დროისათვის ჯვარზე სიკვდილი ითვლებოდა ყველაზე მძიმედ და სამარცხვინოდ. ჯვარცმის წინ გვემის გამო სიკვდილმისჯილები განიცდიდნენ საზარელ წყურვილს. ბუზები და კოღოები ღრუბლად გროვდებოდნენ დაწყლულებულ სხეულზე. სისხლის სუნზე ძაღლები მიდიოდნენ და გლეჯდნენ მათ ფეხებს.

გასული საუკუნის 30-ან წლებში ჯუზეპე ენრის მიერ გადაღებულ ფოტო სურათზე დაკვირვებისას, სამხედრო ქირურგმა პიერ ბარბემ (იგი ათეისტი იყო და სუდარაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ აღიარა ღმერთის არსებობა) შენიშნა, რომ სამსჭვალები ხელის სახსრის ზედა ნაწილზეა მოთავსებული. რომაელმა ჯარისკაცებმა გამოცდილებით უკვე იცოდნენ თუ რა ადგილას უნდა მოხვედრილიყო სამსჭვალი, კერძოდ ხელის სახსრის ორ დიდ ძვალს შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო სხეულს ჯვარზე გაჩერება. თუმცა ეს აუტანელ ტკივილთან იყო დაკავშირებული. ჯვარზე აღსრულების სისასტიკე ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე თუ რა სახით აცვამდნენ ჯვარს. ჯვარზე გაკვრის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. პირველი ვერსიით ჯვარცმულს ხშირად კიდურებს უმაგრებდნენ თოკით. მეორე ვერსიით მარტო ხელებით აცვამდნენ ჯვარს. ამ დროს ხელები საოცრად დაჭიმული იყო და ჯვარცმულს უჭირდა ჰაერის ჩასუნთქვა. მესამე ვერსიით სიკვდილ მისჯილი ქვედა და ზედა კიდურებით იყო მიმსჭვალული. ხშირად ფეხების ქვემოთ საყრდენ ფიცარს აჭედებდნენ. მეოთხე ვარიანტი გულისხმობდა ჯვარცმას ყოველგვარი საყრდენის გარეშე. იმ დროს ჯვარცმისთვის გათვალისწინებული იყო მაღალი და დაბალი ჯვრები. ჯვრის სიმდაბლის გამო ჯვარცმულს ხშირად მხეცები გლეჯდნენ. მაცხოვრის ჯვარცმისთვის მაღალი ჯვარი შეარჩიეს, რათა ამ სასჯელისთვის ყველას ეცქირა მაღალი ადგილიდან და მაღალი ჯვრიდან.

მაცხოვრის მაჯიდან სისხლი ორი კუთხით მოედინებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯვარცმული მდგომარეობას იცვლიდა. სუდარაზე აღბეჭდილ ადამიანს ორივე ცერა თითი აქვს მოკეცილი. როცა სამსჭვალით მაჯა იხვრიტება ზიანდება მაჯაში გამავალი ცენტრალური ნერვი და თითი აღარ იშლება. 1968 წ. იერუსალიმის ახლოს იპოვეს სამარხი, რომელშიც 35 კაცი იყო დასაფლავებული. ერთ-ერთ გარდაცვლილს იოაქანაანი ერქვა. მას წვივები ჰქონდა გადამტვრეული, აქედან ჩანს, რომ ჯვარს უცვიათ. ლურსმანი ზედ ჯვრიდან შერჩენილი, ზეთისხილის ხის ნაფოტით ქუსლში ჰქონდა გაჩრილი. ლურსმანმა, რომელიც მას მკლავში ჩაასვეს მაჯასთან ახლოს დატოვა ადვილად გასარჩევი ნაკაწრი. ამ სამსჭვალის სიგრძე 11 სანტიმეტრია.

მაცხოვრის გარდაცვალების შესახებ არსებობს 2 თეორია: გაგუდვა და გულის გაჩერება სისხლის წნევის უეცარი დავარდნით. ანთროპოლ ანატომების აზრით ჯვარცმის დროს ადამიანს იმგვარი მდგომარეობა უკავია, რომ მის კუნთებს აღარ აქვს უნარი ფილტვები გააფართოოს. იმისთვის, რომ ადამიანმა ეს მოახერხოს, საჭიროა დაეყრდნოს ფეხებს, წამოიწიოს ოდნავ და ჰაერი ჩაისუნთქოს, მაგრამ წამოწევა შეუძლებელია, რადგან ორივე ფეხი მილურსმულია. ამიტომ ხან ერთი მხარი უნდა წამოსწიოს და ოდნავ ზევით აიწიოს, ხან მეორე, წმ. სუდარაზე ჩანს, რომ უფალს ორივე მხარი ჰქონდა გახეხილი ე.ი რაღაც საგანს ეხახუნებოდა ხანგრძლივად. გავიხსენოთ, სისხლის ნაკადი ორ კუთხად ჩამოდიოდა მაჯიდან, იმიტომ, რომ ხელი ტრიალებდა სამსჭვალის გარშემო.

ჯვარცმულის სიკვდილის დასაჩქარებლად მიღებული იყო წვივების გადამტვრევა, რის გარეშეც მათ უნდა ეტანჯათ კიდევ ორი დღე. ჯარისკაცებმა წვივები გადაუმტვრიეს ორ ავაზაკს. „ხოლო მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკვდარი იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი" (იოანე 19, 33). „…არამედ ჰურიათა მომადლებისათვის ლახურითა უგუმირეს გვერდსა და მკვდარსა მას გვამსა ჰგვემდესვე" (წმ. იოანე ოქროპირი). „…და მეყვსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი" (იოანე 19, 34). მეცხრამეტე საუკუნის უღმერთო კრიტიკოსები (შტრაუსი, ბაუერი, შლაიერმარხელი) უარყოფდნენ იოანე მოციქულის ამ მოწმობას. ამტკიცებდნენ, რომ სისხლი გვამში რჩება თხევად მდგომარეობაში არა უმეტეს 1 საათისა. მათი აზრით წყალი გამოეყოფა სისხლს მხოლოდ გვამის სრული გახრწნის შემდეგ ან იმ შემთხვევაში როცა სიკვდილი გამოწვეულია ტიფით ან წყალმანკით. რუსი მღვდელი ბუტკევიჩი თავის წიგნში „ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი" აღნიშნავდა, რომ შუბით განგმირვა მოხდა სიკვდილის შემდეგ ძალიან მალე. რომაელები შუბს იმგვარად უმიზნებდნენ, რომ გვერდიდან გულისაკენ მიდიოდა რაც გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა. დოქტორი ბარბე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუბმა გაიარა მეექვსე ნეკნი, განგმირა მეხუთე ნეკთაშორისი პლევრა და ფილტვი. შემდეგ პერიკარდიუმი, რომელშიც გულია მოთავსებული, როგორც პარკში და უწია გულის მარჯვენა წინაგულს. სიკვდილის შემდეგ სისხლი გროვდება წინაგულში. თუ შუბით განგმირვა მოხდებოდა მარცხენა მხრიდან, მაშინ შუბი გაივლიდა ფილტვებში, ის შეიკუმშებოდა და აღარ მისცემდა სისხლს გამოდენის საშუალებას. სისხლი გულიდან გამოვიდა „ფილტვის ღრუს" მეშვეობით, რომელის გვამში ღიად მოჩანს.

ებრაელები ხმარობდნენ დიდი რაოდენობით ნელსაცხებლებს, რომლითაც გარდაცვლილ სხეულს ფარავდნენ განბანვის შემდეგ. ამ შემთხვევაში დროის სიმცირის გამო ეს ჩვეულება ვერ აღასრულეს. გოლგოთის მთიდამ 50 ნაბიჯზე იოსებ არიმათიელს თავისთვის განმზადებული ჰქონდა საფლავი. პასექის მზადებისა და სიჩქარის გამო გადაწყვიტეს იქ დაესაფლავებინათ მაცხოვრის სხეული. განბანილი სხეული სუდარაზე არ დატოვებდა ისეთ კვალს როგორსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ნიკოდიმოსმა და იოსებ არიმათიელმა იუდეველთა ჩვეულებისამებრ იესოს სხეული ნელსაცხებლიანი ტილოებით შეგრაგნეს. ნელსაცხებელი იყო გრანულების სახით მურისა და ალოეს ნაზავი. ამ რაოდენობის არომატები შეაფერხებდნენ გვამის ხრწნას და შეაძლებინებდნენ შაბათის შემდეგ რიტუალის გაგრძელებას. შაბათის გამო ვაჭრობა აკრძალული იყო, ამიტომ მენელსაცხებლე დედანი კვირა დილით მივიდნენ, რათა დაემთავრებინათ დაკრძალვის რიტუალი.

„მოვიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა საფლავად და იხილნა ტილონი იგი მდებარენი, და სუდარა იგი, რომელი იყო თავსა მისსა არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თვისაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა"(იოანე 20, 6-7). ვინინის აზრით „სახვევი შემოკრული იყო სუდარაზე. ამრიგად ცალკე საგანგებოდ მოკეცილი სახვევი იყო ვიწრო ნაჭერი, რომელსაც ბოლოები განასკული ჰქონდა ე.ი სახვევი, რომელზეც გვესაუბრება იოანე მოციქული იყო გამიზნული ნიკაპის შესახვევად (ძველი იუდაური ტრადიციის თანახმად)" (იხ. ვინინი „წმ. სუდარა" გვ. 67). იოანე მოციქულმა ირწმუნა, ვინაიდან იხილა ტილოები იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი იყვნენ მისი მოძღვრის სხეულზე. თანაც მათზე იყო ის ანაბეჭდი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ.

სუდარა ნივთმტკიცებაა უფლის აღდგომისა. უფლის სხეული, რომ მოეპარათ, მას სიჩქარის გამო ტილოებთან ერთად მოიპარავდნენ. ვის შეეძლო ასეთი სიმარდით მოეცალა სხეულისთვის 5 მ-მდე ქსოვილი, რომელიც მიმხმარი იყო სხეულზე სისხლთან ერთად? როცა ამ დროს გარდაუვალი იქნებოდა ხახუნი და ახალი ლაქების წარმოქმნა.

მეცნიერები, წმ. სუდარაზე აღბეჭდილ სისხლის ლაქებზე ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ძველად მხატვრობაში ხშირად გამოყენებული ფერადი სუბსტანცია, რომელიც რკინის ოქსიდისაგან მზადდებოდა. 1980 წ. ორის შვალბერის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, სუდარაზე შემხმარ სისხლში აღმოჩნდა ისეთი რკინები, რომელსაც სისხლის ჰემოგლობინი შეიცავს. 1981 წ. ბოლნე და მასარო მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ სისხლი არის მეოთხე ჯგუფის.

უფლის სხეული საფლავში იმყოფებოდა არა უმცირეს 30 და არა უმეტეს 40 საათისა. მეცნიერთა აზრით ეს დრო სავსებით საკმარისია, რომ სხეულის ანაბეჭდი დარჩენილიყო სუდარაზე, რადგანაც ამ დროის გასვლის შემდეგ დაწყებული გვამის ხრწნა წაშლიდა მათ. მეცნიერთა დაკვირვებით 40 საათის გასვლის შემდეგ წმიდა სუდარაზე არსებულ გამოსახულებაში მიმდინარე პროცესები უეცრად წყდება.

სუდარაზე მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის გადასვლის შესახებ არსებობოს რამდენიმე ჰიპოტეზა:

I მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა ეგონათ პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო. გაჩნდა მოსაზრება თითქოს ლეონარდო და ვინჩის მიერ იყო სუდარა მოხატული მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილმა გამოკვლელებმა ცხადყო, რომ სუდარაზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება. რაც აღიარა თვით საბჭოთა ათეისტურმა ჟურნალმა 1984 წელს (№ 9).

II ვერსიით ქრისტეს სხეული განბანეს თხის რძით და რძემ სუდარაზე დატოვა სხეულის უხილავი ანაბეჭდი, რომელიც ხანძრის დროს გამომჟღავნდა.

III წინა სასიკვდილო აგონიის დროს სხეული დიდი რაოდენობით გამოყოფს ამიაკურ ორთქლს, ამასთანავე სუდარაზე არსებული ნელსაცხებლები შეიცავდნენ ალოეტინს, რამაც ხელი შეუწყო მაცხოვრის გამოსახულების აღბეჭვდას.

IV ვერსიას მეცნიერები უწოდებენ „ცეცხლოვან სხეულს". 1978 წ გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ სისხლის ლაქები გაჩნდა სუდარაზე უფრო ადრე ვიდრე სხეული გამოისახებოდა. სხეული ისეა გამქრალი, რომ სისხლის წვეთების ფორმა შეცვლილი არ არის. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის წვეთები კონტაქტში იმყოფებოდნენ სხეულთანაც და სუდარასთანაც. რეალური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ გამოსახულება გაჩნდა სასწაულის შედეგად. კონკრეტულად უფლის აღდგომისას. მეცნიერთა აზრით აღდგომა მოხდა ცეცხლოვანი სხეულით, ღვთაებრივი ძალით და ენერგიით და ამ სხეულმა დატოვა ხელთუქმნელი გამოსახულება სუდარაზე. ცეცხლის შეხებამ გამოიწვია ქიმიური ცვლილებები მის ბოჭკოებში და გამოიწვია მათი გამუქება, მაგრამ ეს ცეცხლი არ განივრცო ფიზიკის კანონის თანახმად. მეცნიერები ამ ცეცხლს უკავშირებენ მაცხოვრის საფლავზე გარდამომავალ „ზეციურ ცეცხლს". არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ზეციური ცეცხლი თავდაპირველად იწვევს მხოლოდ ფიტილის წვას და არ ემორჩილება ფიზიკის კანონებს. გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებს უხდებათ შეისწავლონ ისეთი მოვლენები, რომელთა გამეორებაც არ შეუძლიათ თავიანთ ლაბორატორიებში.

„სუდარაზე აღბეჭდილია გეთსიმანიის ტანჯვაც, გვემაც, ჯვარცმაც და მიუხედავად ამისა, მიცვალებული მაცხოვრის სახე ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიდიადეს და ღვთაებრივი ბუნება ვლინდება ჯვარცმულ ადამიანურ სხეულში." (ლოტი. „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს პორტრეტი" გვ. 39).
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 993 | დაამატა: balu | ტეგები: მეცნიერები ტურინის სუდარაზე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.