6:20 PM მინანქარზე მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკა განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული | |
ინანქარზე მუშაობა საქართველოში უძველესი დროიდანაა გავრცელებული. მას გამოიყენებდნენ არა მარტო სამკაულების დასამზადებლად, არამედ საეკლესიო ნივთებისა და ხატების შესამკობადაც. თუ როგორ ხდება ამ შრომატევადი სამუშაოს შესრულება, რა პირობების დაცვაა აუცილებელი და როგორ ვითარდებოდა ხელოვნების ეს დარგი საქართველოში, გვესაუბრება გალერეა "კამეას” დამაარსებელი, მხატვარი ბესარიონ დარჯანია. ბესარიონ დარჯანია: "საქართველოში მინანქარს უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ. ქრისტიანულ პერიოდში ის მხოლოდ ჩვენთან და ბიზანტიაში იყო გავრცელებული. საბჭოთა ხელისუფლება კი რატომღაც ძალიან ჩაგრავდა ქართველ ოსტატებს. საქართველოს გარდა ყველა რესპუბლიკაში (ჩეჩნეთი, აზერბაიჯანი, ინგუშეთი…) ხალხური შემოქმედების ოსტატებს ჰქონდათ უფლება, ემუშავათ ვერცხლზე. რადგან ჩვენში ეს ხელობა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული, ალბათ, კონკურენციის გამოც სურდათ, ჩაეხშოთ ქართველი ოსტატების შესაძლებლობა და ვერცხლზე მუშაობა აკრძალულ იქნა. ამის გამო ხდებოდა ამ ტექნოლოგიის მივიწყება. თუმცა 80-იანი წლებიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ კვლავ მოხდა მისი შესწავლა და გავრცელება. ძველად ეს ტექნოლოგია უფრო რთული შესასრულებელი იყო, ვიდრე დღეს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მინანქრის ყველა ფერს ლღობის სხვადასხვა ტემპერატურა ჰქონდა. მხატვარს ნიმუშის შექმნისას ფერების თანმიმდევრობა ლღობის ტემპერატურის მიხედვით უნდა გაეთვალა. მაშინ თერმომეტრი არ არსებობდა, ოსტატს გავარვარების ფერის მიხედვით უნდა გაერჩია ტემპერატურა, რაც დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვდა. ამასთან, ადრე ტიხრის მირჩილვა ხდებოდა. ჯერ დგებოდა მოზაიკის მსგავსად გამოსახულება და მერე ჩნდებოდა ფერი. ახლა გამარტივებულია მუშაობა, რადგან მინანქრის ყველა ფერი ერთ ტემპერატურაზე, 750-800°-ზე, იშვიათად 850°-ზე ლღვება. ოსტატს აღარ უწევს წვალება, ცალ-ცალკე ჩადოს ფერი. ის ერთდროულად დებს ყველა ფერს და ხდება მისი გამოწვა. ასევე, ტიხრის გამაგრებისათვის ოსტატებისა და მხატვრების უმრავლესობა აღარ რჩილავს ტიხარს ფირფიტაზე, ძირზე. არის სპეციალური წებოები, რომელიც მუშაობის დროს აფიქსირებს ტიხარს და ისე მჭიდროდ ეჭირება ფირფიტას, რომ თავად გამოდის შემაკავშირებელი. როგორ ხდება მინანქრის ნამუშევრის შექმნა? მინანქარი კეთდება ვერცხლზე, ოქროზე, სპილენძსა და ტომპაკზე (ვერცხლის და სპილენძის შენადნობი). ალუმინიზე, რკინასა და თითბერზე არ ემაგრება. ძალიან ლამაზია ქართული ორნამენტი. მომწონს და ვაფასებ სხვა ქვეყნის ორნამენტებს, მათ ღირსებას ვერ დავუკარგავ. უნდა შედგეს ესკიზი. ამზადებ იმ ზომის ფირფიტას. ზუსტად იმ ზომის უნდა დაიხატოს და ამ ნახატის მიხედვით მასზე ალაგებ ტიხრებს პინცეტით. ოსტატი მუშაობს ორი წვრილი პინცეტითა და წვრილთავიანი მაკრატლით. მოხრა ისეთ დეტალებს სჭირდება, რომ თითითა და ხელით ამას ვერ მოახერხებ. ზედაპირი უნდა გაიწმინდოს, გამოიხარშოს, დაამუშავო სხვადასხვა ნივთიერებებით, ირეცხება სპეციალურ გამოხდილ წყალში, არ უნდა შეგვეპაროს ხელის ცხიმიც კი. არ უნდა იყოს მტვერი. მნიშვნელოვანია ფერების შერჩევა. ვერცხლსა და სპილენძზე სხვანაირად ჩანს ერთი და იგივე ფერი, ამიტომ ოსტატი ამ მხრივ სათანადო ინფორმაციას უნდა ფლობდეს. ტიხრის დასამაგრებლად სპეციალური წებოს გარდა შეიძლება გამოყენებული იქნას კომშის კურკიდან გამოსული წებოვანი ნივთიერება. ტიხარი – ეს არის გაბრტყელებული, ძალიან წვრილი მავთული. სიმაღლე, მაქსიმუმ, 1მმ-ია. ფერის ჩადება სხვადასხვა სექციაში უწვრილესი ფუნჯით რამოდენიმეჯერ ხდება. ბევრი მინანქრის ერთად დადებაც არ შეიძლება, შეიძლება დასკდეს. ამიტომ ფენა – ფენა ხდება. ტიხარი მთლიანად უნდა ამოავსო, მერე ალმასის სპეციალური ქლიბით დაამუშავო, უნდა მოიხეხოს და გაპრიალდეს. გარდა ამისა, სხვა ბევრი ეტაპებია. რა პირობების დაცვაა აუცილებელი მუშაობის პირობებში? მუშაობის დროს აუცილებლად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ტექნიკა. მინანქარი რამდენადაც ლამაზია, იმდენად შხამიანია. ლღობისას გამოიყოფა მძიმე მეტალის ორთქლი. ფერი მიღებულია სხვადასხვა მეტალების ატომთა შემცველობით. როდესაც ოთხის ტემპერატურა 25-30°-ია, ღუმელიდან კი 850° წამიერად გამოვარდება, ის პირდაპირ სახეში გეცემა. ეს არის ტოქსიკური ნივთიერება. ამიტომ უნდა იყოს გაწოვა. გალღობისთვის 2-3 წუთია საჭირო. ამ დროსაც გიწევს ღუმელის კარის გაღება. ორთქლი კი ისევ გამოდის. მარტო რესპირატორის გამოყენება კი საკმარისი არ არის. ის აჩერებს მტვერსა და არა – ორთქლს. სიფრთხილეა საჭირო გაპრიალების დროსაც. მინანქარი შუშის მსგავსი ნივთიერებაა. მისი ზუმფარით გაპრიალებისას მსუბუქი მტვერი გამოიყოფა, რაც ჰაერში ტრიალდება და სუნთქვის დროს შეიწოვება ფილტვებში. გაპრიალების დროსაც საჭიროა გამწოვი. რად გინდა ისეთი სილამაზე და სამკაული, თუ ჯანმრთელობა გაიფუჭე, ან ვინმე დააზიანე. ამაზე ყოველთვის უნდა იფიქრო. განსაკუთრებით საფრთხილოა მინანქარზე მუშაობა გოგონებისთვის, ფეხმძიმეებისთვისა და გათხოვილი გოგონებისთვის. ბევრს არასწორად აქვს მოწყობილი სახელოსნო. ეს დანაშაულია. რადგან მტვერს ვერ ხედავ და ორთქლი არ იჩხვლიტება, არ წვავს, არ იკბინება და სუნი არ აქვს, ჰგონიათ, არაფერია. მაგრამ გაივლის დრო და თვეების, წლების შემდეგ ძალინ ცუდ შედეგს მიიღებენ. დღეს საქართველოში მინანქრზე მუშაობა გავრცელებულია. როგორ უნდა მოხდეს ხარისხის გარჩევა? გეთანხმებით, ვინც უმუშევარი დარჩა, ან დეკრეტში გავიდა, ყველამ მინანქრის გაკეთება დაიწყო. ამას კი ცოდნა, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა უნდა, ფერი რომ არ გადაიწვას. მარტო ტიხარი დააწებო, მინანქარი ჩაყარო, გააპრიალო და ბლინივით გამოაცხო, საკმარისი არ არის. ნაკეთობას რომ შევხედავ, ვხვდები, რამდენი ხნის ნასწავლი აქვს ოსტატს მინანქარზე მუშაობა, გაურბის თუ არა წვრილ დეტალებს, წვრილ ტიხარს. როგორი დამუშავებულია ზედაპირი, ესკიზის სირთულესაც მნიშვნელობა აქვს. ორნამენტი დახვეწილი და ლამაზი უნდა იყოს. ყველა საქმეს თავისი სპეციალისტი სჭირდება. ადამიანი შეიძლება ამ ტექოლოგიის შესახებ ბევრ ინფორაციას არ ფლობდეს, მაგრამ ფერები რომ ერთმანეთშია გადასული, ტიხარი აცაბაცა მიდის, ამას ხომ ხედავს?! ნამუშევარმა დახვეწილობით, სირთულით, ფერთა გამით უნდა მიგიზიდოს. მინანქრის დეტალებით, გარდა სამკაულებისა, ხატის შემკობა და დაწერაც ხდება. კარგია, თუ ოსტატი რელიგიური განხრით მუშაობს და მოძღვრისგან კურთხევა აქვს. ამ დროს გაკეთებულ ნივთს სხვა მადლი აქვს. თუ არის დღევანდელი ახალგაზრდობა დაინტერესებული ამ ტექნოლოგიის შესწავლით? ახალგაზრდობა დაინტერესებულია მინანქრის შესწავლით, მაგრამ ხშირად ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებს ვაწყდებით. ჩვენი გალერეა "კამეა” მეშვიდე წელია მუშაობს. აქვე შევასწავლით მინანქარზე მუშაობას. გვყავს მოწვეული პედაგოგი, ლევან კეცხოველი, რომელიც ისე ჯადოსნურად ასწავლის, რომ ბავშვები გაკვირვებულები რჩებიან. სწავლების დროს განგებ არ ვახანგრძლივებთ. კურსში, რომლის საფასური მინიმუმ 500 ლარია, 12 გაკვეთილი შედის. თანხაში შედის ვერცხლის მასალა, მინანქარი, ინსტრუმენტი. ამ პერიოდში მოსწავლეები 3-4 ნიმუშს ისე თამაშ-თამაშში ქმნიან, თვითონ უკვირთ შედეგი. 12 გაკვეთილში საშუალო აზროვნების ადამიანს, რომელიც მონდომებულია, ჰყავს კარგი პედაგოგი, აქვს ნაზი ხელი, შეუძლია შეისწავლოს ეს საქმე. | |
|