7:11 PM “მოლერი” ახალი ტიპის მფრინავ ავტომობილზე მუშაობს | |
ამერიკულმა კომპანია "მოლერ ინტერნეიშნლმა” გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ორი მსუბუქი სპორტული საფრენი აპარატის შემუშავების პირველი ეტაპი. ამ ორიდან, ერთი ერთადგილიანი მანქანაა, რომელსაც სახელად "სკაიქარ 100LS” უწოდეს, ხოლო მეორე – "სკაიქარ 200LS”, ორადგილიანია. ამ ორ მანქანას, ძრავების განლაგებაც განასხვავებს. კერძოდ, "სკაიქარ 100LS-ზე” ისინი მანქანის ცხვირსა და კუდშია განლაგებული, "სკაიქარ 200LS-ზე” კი – გვერდებზე. ამერიკული კომპანია თავის ორ ახალ მანქანას საფრენ აპარატებს უწოდებს, რადგან მათზე ლიცენზია აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ უნდა გასცეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ორივე მანქანა არის შთამომავალი "მოლერის” პირველი მფრინავი ავტომობილისა, რომელმაც ბაზარზე ფეხი სიძვირის, ზორბა გაბარიტებისა და კონსტრუქციის სირთულის გამო ვერ მოიკიდა. ორივე ახალი "სკაიქარი” წინამორბედზე მარტივიც იქნება, კომპაქტურიც და იაფიც. და მათს მართვაზე ლიცენზიის მიღებაც გაცილებით გამარტივდება. ორივე აპარატი ერთიდაიგივე ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათში კი თითო შიდაწვის და ელექტრული ძრავი შედის. შიდაწვის ძრავის სიმძლავრე 170 ცხენის ძალაა, ელექტრულისა კი – 85-145 ცხენის ძალა. ელექტროძრავი ინტენსიური მუშაობისას მაქსიმალურ სიმძლავრეს კი გამოიმუშავებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 30 წამი ჰყოფნის, ნომინალური სიმძლავრით მუშაობისას კი ეს დრო 90 წამამდე იზრდება. ელექტროძრავების დანიშნულება ერთია – საგანგებო სიტუაციებში, მათ აპარატის ფრენის უზრუნველყოფა ევალებათ. ორ "სკაიქარს” შორის განსხვავებაც ბევრია. მაგალითად, ვერტიკალური აფრენისას, ერთადგილიანს თავისი ორი ძრავი ჰქოფნის, მაგრამ ორადგილიანს ამ საქმეში ელექტროძრავების დამატებითი წყვილი ემსახურება, რომლებიც მანქანის წინა ნაწილშია მოთავსებული და მათთან დაკავშირებული ვენტილატორების დახმარებით, დამატებით ამწევ ძალას ქმნის. გარდა ამისა, მანქანები წონითაც განსხვავდება. კერძოდ, "სკაიქარ 100LS-ის” წონა 362 კილოგრამი უნდა იყოს, "სკაიქარ 200LS-ისა” კი – 600 კგ. ფრენის მაქსიმალური დრო პირველის შემთხვევაში 3.4 საათია (როცა ზღვის ზედაპირის სიახლოვეს, 210 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს), მეორეს შემთხვევაში კი – 3.7 საათი (იგივე სიმაღლეზე, სიჩქარე 176 კმ/სთ). მათი ფრენის სიშორეც განსხვავებულია: როცა ზღვის ზედაპირის სიახლოვეს, 250 კმ/სთ სიჩქარით ფრენენ და საწვავის მარაგი 38 ლიტრია, ერთადგილიანს 745 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, ორადგილიანს კი – 698 კილომეტრისა. რაც შეეხება მათს საგზაო შესაძლებლობებს, ასფალტზე გადაადგილებისას, ორივეს მაქსიმალური სიჩქარე 48 კმ/სთ-ია. დაბოლოს ხარჯი: ერთადგილიანს ზღვის დონის სიახლოვეს ფრენისას, საათში 28.5 ლიტრი საწვავი სჭირდება, ორადგილიანს კი – 28. "მოლერ ინტერნეიშნლი” ჯერ არ აკონკრეტებს ამ ორი საფრენი აპარატის შემუშავების და წარმოების დაწყების ვადებს, თუმცა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქარხნის ჩინეთში აშენებას გეგმავს. ამასთან, კომპანიის სპეციალისტები, ახალი კონცეპციების შემუშავებასა და კვლევასაც არ წყვეტენ. | |
|